წერილი ჩემს შვილიშვილს
გამარჯობა მეგობარო. წინა დღეებში შევთანხმდით, რომ საზაფხულო არდადეგებისათვის გამოგიგზავნიდი საკითხავი წიგნების ჩამონათვალს. საზღვარგარეთის ლიტერატურიდან: ჟიულ ვერნი – „საიდუმლო კუნძული“, ერნსტ ჰემინგუეი – „მოხუცი და ზღვა“, პროსპერ მერიმე – „მატეო ფალკონე“, ანა ფრანკი – „ანა ფრანკის დღიური“, ო’ჰენრი – „უკანასკნელი ფოთოლი“; ქართული ლიტერატურიდან: ალექსანდრე ყაზბეგი – „ელისო“, კონდრატე თათარაშვილი – „მამლუქი“, გურამ დოჩანაშვილი – „ბაქანი“, რეზო ჭეიშვილი – „ქალაქში დინოზავრები დადიან“, გია ხოფერია – „მესამე მსოფლიო ომი“, როსტომ ჩხეიძე – „არსენა და მისი ეპოსი“. წიგნების ჩამონათვალი შედარებით მეტია წასაკითხთა რაოდენობაზე. ასარჩევად, წიგნების სია, იმიტომ შევადგინე, რომ დასახელებულთაგან უმჯობესია შენი სურვილის მიხედვით, ინდივიდუალურად აირჩიო რამდენი და რომელი წიგნის გაცნობის სურვილიც გექნება.
შენ მიტომ უნდა აირჩიო, რომ ყოველი ადამიანი ინდივიდია და ინდივიდზე მორგებული ლიტერატურა უფრო სიამოვნებით იკითხება ხოლმე. უმჯობესია ერთი ქართველის, ხოლო მეორე უცხოელი ავტორისა იყოს. შენი არჩევანი თანაკლასელების არჩევანს, ალბათ, არ დაემთხვევა, სხვადასხვა ნაწარმოებებს წაიკითხავთ და ვფიქრობ, ეს კარგი იქნება იმითაც, რომ სკოლაში დაბრუნების შემდეგ ერთმანეთს მოუყვებით თქვენ მიერ წაკითხული ლიტერატურის შესახებ და ინტერესს გავუღვივებთ ჯერ კიდევ წაუკითხავი წიგნების ავტორების მიმართ. სხვადასხვა ნაწარმოებების ერთმანეთში გაცნობით უფრო მრავალფეროვანი და შინაარსიანი გახდება წაკითხული წიგნების ირგვლივ გამართული საუბრები.
არჩევისათვის გამოიყენე კომპიუტერი, ბიბლიოთეკა, ნახე შემოთავაზებული წიგნების ანოტაცია, შეეკითხე შენს მშობლებს, მასწავლებლებს, ვისაც გნებავს და გადმომიგზავნე საგაზაფხულო არდადეგებზე საკითხავად არჩეული წიგნის ავტორის სახელი და გვარი, მისი ნაწარმოების სათაური. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, თუკი გნებავს, თან მოაყოლე წინადადებები: ხომ არ დავამატოთ რაიმე? ხომ არ შევცვალოთ ჩამონათვალი? და კიდევ სხვა, რასაც კი საჭიროდ მიიჩნევ. შემდეგ კი აზრები გავცვალოთ და ჩამოვყალიბდეთ მომავალ საკითხებზე. მანამ კი, სარეკომენდაციოდ, შესათანხმებლად მინდა რამდენიმე წინადადება შემოგთავაზო:
- სანამ წიგნის კითხვას დაიწყებდე, მანამ გაეცანი ავტორს. მგონი სჯობს, რომ დაინტერესდე მისი ბიოგრაფიით, იქნებ უფრო გაითავისო მწერლის მიერ შექმნილი ამბავი, რომლის შენამდე მოტანას მრავალი ფიქრი უძღოდა წინ. მის სურათებსაც თუ დააკვირდები უფრო კარგი იქნება, რადგან მწერლის სახე ბევრ რამეს ამბობს ავტორზე. ისედაც ხომ უნდა იცნობდე სახეზე ვისი ნაწარმოები წაიკითხე ან ცოცხალი ავტორებიდან, ამ დასვენების ჟამს, შეიძლება ვინმე შეგხვდეს ქუჩაში და მადლობა ხომ უნდა გადაუხადო სიამოვნების მონიჭებისათვის.
- წიგნის წაკითხვის შემდეგ კომპიუტერში აკრიბე ნაწარმოების მოკლე შინაარსი, როდის რა გარემოების გამო შეიქმნა შენ მიერ წაკითხული ნაწარმოები, ზოგადად, აღწერე რას ეხებოდა, რისი თქმა სურდა ავტორს.
- მთლიანობაში რა მოგეწონა ამ ნაწარმოებიდან და რატომ? თუ არა და, რატომ?
- მოკლედ დაახასიათე პერსონაჟები, რომელთაც მიიქციეს შენი ყურადღება, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი და ახსენი რატომ.
- ძალიან მადლობელი დავრჩები თუ შენს ჩანაწერებში ყურადღებას გაამახვილებ შემდეგზე – წიგნში ასახული მოვლენა, თუნდაც შეუმჩნეველი დეტალები, ეხმიანება თუ არა ჩვენს დღევანდელობას, შენს, ჩვენს განცდებს; გაკეთილშობილდა ეპოქა, ადამიანი თუ უკუსვლა განვიცადეთ დროთა მანძილზე, ჩვენ და ჩვენ გვერდით მყოფებმა.
- ვფიქრობ, კარგი იქნება თუ, წიგნის წაკითხვისას, ამოიწერ ფრაზებს ან რამდენიმე წინადადებას, რომელიც ძალიან მოგეწონება, რადგანაც, ზოგჯერ, ნაწარმოებში ჩადებული აზრის გარდა, ასევე საყურადღებოა მწერლის მიერ ოსტატურად შექმნილი ფრაზები, რომელიც მთელ სამყაროს იტევს ხოლმე. ეს ფრაზები შეგიძლია მხოლოდ შენთვის შეინახო, ცალკე, სხვისთვის გაუზიარებლად.
- კიდევ ერთი, თუ დრო გეყოფა, მოიძიე წაკითხული წიგნის ირგვლივ ნებისმიერი ინფორმაცია, რისი შესაძლებლობაც გექნება. ვთქვათ ამ ნაწარმოების მიხედვით, შესაძლებელია კინოფილმი იყოს გადაღებული. შეადარე ფილმის რეჟისურა წიგნთან, ან შესაძლებელია წიგნში გადმოცემულ ამბავთან დაკავშირებულ გარემოებებზე ფერწერული თუ მუსიკალური ნაწარმოებებია შექმნილი, შეესატყვისება თუ არა წიგნიდან მიღებულ შენს წარმოდგენებს, რომელი უფრო კარგად აღწერს ამა თუ იმ მოვლენას…
- უმეტესწილად ადამიანებს, როგორც სოციალურ არსებებს, ასეთი თვისება აქვთ, რაიმეს გაცნობის, წაკითხვის შემდეგ, უჩნდებათ სურვილი, მის შესახებ მოუყვეს, აზრი გაუზიაროს, შთაბეჭდილებაზე ესაუბროს ახლობლებს და შენც სცადე ეს ოჯახის წევრებთან ან თუნდაც სხვა ახლობელ ადამიანებთან. წიგნი ხომ მენტალობას უყალიბებს ადამიანებს და ვინ იცის, იქნებ, მის ირგვლივ, გმირებსა თუ ამბებზე საუბრისას, კიდევ შეიძინო სულიერი მეგობრები, შინაც და გარეთ.
- ყოველი წიგნის კითხვისას ან დასრულების შემდეგ, შენი მოსაზრებები აკრიბე კომპიუტერში და თუკი წაკითხვისთანავე ელფოსტის საშუალებით გამიზიარებ ამ მოსაზრებებს, მეც მოხარული ვიქნები.
- ეს უკვე თხოვნაა შენ მიმართ, თუკი გაითვალისწინებ, დაიწყე გაცნობილი მხატვრული ლიტერატურის სკივრის, პორტფოლიოს შექმნა, რომელშიც თავს მოუყრი არა მარტო წელს წაკითხული ნაწარმოების შესახებ შენს შეხედულებებსა და სხვა მის ირგვლივ მოპოვებულ მასალებს, არამედ ამას სკოლის დამთავრებამდე გააგრძელებ (შესაძლებელია შემდგომაც). ამით შექმნი შენი პირადი ისტორიის რაღაც მნიშვნელოვან ნაწილს. ათეული წლების შემდეგ, როდესაც გადახედავ ნამუშევრებს, აღმოაჩენ თუ როგორ იხვეწებოდი, როგორ მდიდრდებოდა, ფართოვდებოდა სამყარო ამ წიგნების მეშვეობით და რამდენად უძლური იქნებოდი მათ გარეშე; რამდენი უხილავი მეგობარი შეგიძენია ცხოვრების მეგზურად და საერთოდ, რამდენად ამაყი იქნები ამ სიმდიდრის პატრონი. დამიჯერე, წლების შემდგომ, ამაზე დიდ საჩუქარს შენს თავს იშვიათად თუ გაუკეთებ. თუკი დაინტერესდები, არდადეგების შემდეგ, მეც გაგესაუბრები ჩემ მიერ, წლების მანძილზე, წიგნების მეშვეობით შეძენილი უხილავი მეგობრების შესახებ.
- საბოლოოდ კი, როდესაც დამთავრდება არდადეგები, მოკლედ გამიზიარე შენი მოსაზრებები იმ ნაწარმოების შესახებ, რომელსაც გაეცანი. მესაუბრე ნაწარმოების ირგვლივ, ამბები გადმოეცი ისე როგორადაც ჩათვლი საჭიროდ.
- თუ სურვილი გაგიჩნდება, ნაწარმოების შესახებ შთაბეჭდილება გადმომეცი როგორც გინდა-თქო, რას ვგულისხმობდი? იმას, რომ რას და როგორ გრძნობასა და განწყობას დაბადებს მხატვრული ტექსტი შენს სულში, გადმოეცი თუნდაც შენი ან სხვა ავტორის რომელიმე ნახატით, მუსიკით, ლექსით, სიმღერით, ვიდეოკლიპითა და სხვ.
კიდევ ერთს გეტყვი, საზაფხულო არდადეგების დროს, მეც ავირჩევ საკითხავ ლიტერატურას, გავეცნობი, გავიაზრებ ყოველივეს, მოკლე ჩანაწერს გავაკეთებ, გადმოგიგზავნი და შემდეგ, არდადეგების ბოლოს, შეხვედრისას, წაკითხულის შესახებ მოსაზრებები გავცვალოთ.
მეც, შენთან ერთად, მინდა განვითარება
პატივისცემით, შენი მეგობარი თამაზ ცხადაძე
tamaztskhadadze@gmail.com