საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროსთან, სოფო გორგოძესთან ერთად, გამოცდების დაწყებამდე, 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი მოინახულა.
ვიზიტის ფარგლებში, ცენტრი მედიის წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს. მათ შესაძლებლობა მიეცათ, ადგილზე გაცნობოდნენ, თუ როგორ იქნება მოწყობილი საგამოცდო სექტორები 2021 წლის გამოცდებისათვის და რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ როგორც გამოსაცდელებს, ასევე საგამოცდო პროცესში ჩართულ პირებს.
მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, საგამოცდო ცენტრებში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეგულაცია და ცენტრები აბიტურიენტების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია. მისი თქმით, წელს, კორონავირუსით ინფიცირების მიზეზით, არც ერთი გამოსაცდელი პირი – აბიტურიენტი, სტუდენტი, მაგისტრანტობის მაძიებელი თუ მასწავლებელი – არ დარჩება გამოცდების მიღმა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათ, საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით, ჩაუტარებს გამოცდას შესაბამის საგანში, არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა.
„სამწუხაროდ, უკვე გვაქვს ასეთი შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტებმა შეგვატყობინეს, რომ აქვთ კოვიდ-19 და ისინი არ გამოცხადდებიან პირველ გამოცდებზე, მაგრამ შესაძლებლობა ექნებათ, ორ კვირაში ჩააბარონ.“ – ამბობს სოფიო გორგოძე.
2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება. საქართველოს მასშტაბით, გახსნილი იქნება 25 საგამოცდო ცენტრი, მათ შორის, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
2020 წლის მსგავსად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე და თითოეული სამუშაო მაგიდა, წინა მხრიდან, აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით. ამასთან, მაგიდებს შორის დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.
შარშანდელი გამოცდებისგან განსხვავებით, წელს, აბიტურიენტებს პირბადეების ტარება მოეთხოვებათ. სოფიო გორგოძე ამბობს, რომ: „როგორც ჩანს, შარშან, ეპიდსიტუაციის მიხედვით მიიღო ჯანდაცვის უწყებამ გადაწყვეტილება და წელსაც, ვხედავთ, რომ ეპიდსიტუაცია განსხვავებულია, შესაბამისად, ალბათ, საჭირო იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ვალდებული ვართ ექიმების და სპეციალისტების რეკომენდაციებს დავემორჩილოთ.“
შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ცენტრები კონდიცირების სისტემით სრულად არის აღჭურვილი და წელსაც უზრუნველყოფილია სპეციალური სივრცეები იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც ადგილზე აღენიშნებათ ტემპერატურა.
2021 წელს დამატებითი საგამოცდო სესიები ჩატარდება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კოვიდ ინფექციის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან. თითოეულ საგამოცდო საგანში, დამატებით, შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია, გამოცდის თარიღიდან არაუგვიანეს 14 დღისა.
საგამოცდო პროცესი, ერთიანი ეროვნული გამოცდებით, პირველ ივლისს დაიწყება.
გამოცდების ცენტრის დირექტორი ახსენებს აპლიკანტებს, რომ: „საგამოცდო ბარათზე მითითებულია, დილის სესიაზე მოდის აბიტურიენტი თუ შუადღის. თუ დილის სესიაა, რეგისტრაცია 8 საათზე იწყება და თუ შუადღის – 2 საათზე. გთხოვთ, ნუ გათვლით გამოცდის დაწყების დროს მოსვლას იმიტომ, რომ დაგაგვიანდებათ. ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურები გვაქვს გასავლელი, კოვიდთან დაკავშირებული, ამისთვის გვჭირდება რეგისტრაციის დრო, სანამ გამოცდა დაიწყება. ძალიან გთხოვთ, რეგისტრაციის დაწყებისას მობრძანდეთ, რომ არ დაიგვიანოთ და ერთი წელი არ დაკარგოთ.“