ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის
ქიმიის მასწავლებელი
ირმა ჭაფოძე
ბიოლოგიის მასწავლებელი
მაყვალა ხარაიშვილი
„სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას – ეს ერთ-ერთი პრინციპია, რომელსაც ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმა და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას“.
სწავლა არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების შეძენის პროცესი, რომელიც მოიცავს ახალი ინფორმაციის, კონცეფციების გაცნობას, გაგებასა და გამოყენებას, შესაბამისად, სწავლა იწვევს აზროვნების, აღქმისა და ქცევის ცვლილებას.
სწავლისადმი ინტერესს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს:
♦ ცნობისმოყვარეობა, ახლის შესწავლისა და გაგების სურვილი;
♦ შინაგანი მოტივაცია, სწავლის პროცესისგან მიღებული სიამოვნება და წარმატების მიღწევის პოზიტიური შეგრძნება;
♦ გარე ფაქტორები – ჯილდო, აღიარება და შექება, რომლებიც საგრძნობლად ზრდის სწავლის მოტივაციას, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებული გარეგანი მოტივაცია თითქმის შეუძლებელს ხდის მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას;
♦ ინტერაქტიული სასწავლო პროცესი, სადაც ყველა მოსწავლე აქტიურად ერთვება საგაკვეთილო პროცესში და არ რჩება პასიური ან გარიყული;
♦ პრაქტიკული სავარჯიშოები. შეძენილი ცოდნის საფუძველზე აქტივობების დამოუკიდებლად შესრულება, რომელიც მოიცავს კეთებით სწავლას, პრობლემის გადაჭრასა და კრიტიკულ აზროვნებას;
♦ მხარდამჭერი და კეთილგანწყობილი მასწავლებლები;
♦ მშობლები, რომლებიც აქტიურად ერთვებიან შვილების განათლებაში და თანამშრომლობენ მასწავლებლებთან;
♦ სასწავლო გარემო, სადაც გათვალისწინებულია მოსწავლეთა არჩევანი და ინტერესები;
♦ მოსწავლის თვითრწმენა, რომელიც მნიშვნელოვანი მოტივია სწავლისადმი პოზიტიური განწყობის შესაქმნელად. იმისთვის, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ის დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში და ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს დასახული მიზნის მიღწევაში.
სამწუხაროდ, ძალიან ხშირად სწავლა იძულებითი პროცესია, რომელიც არ არის დაფუძნებული მოსწავლის შინაგან ცნობისმოყვარეობაზე.
სავარაუდო მიზეზები:
♦ გარე ზეწოლა: მშობლებისა და მასწავლებლების ზეწოლა აკადემიური წარმატებულობისაკენ, რომელმაც სწავლა შეიძლება გახადოს სავალდებულო და არასასიამოვნო;
♦ ქულები და შეფასება: ქულებსა და შეფასებებზე ზედმეტად ფოკუსირება, რომელიც მოსწავლეებში სტრესისა და შფოთვის დონეს ზრდის. ამ დროს მათ პრიორიტეტად მიაჩნიათ დამახსოვრება და დავალების ჩაბარება, ვიდრე სასწავლო მასალის სიღრმისეული წვდომა და გააზრება;
♦ რელევანტურობის ნაკლებობა: როდესაც მოსწავლეები ვერ ხედავენ სწავლის შესაბამისობას მათ ცხოვრებასთან ან სამომავლო მიზნებთან, მათ შეიძლება აღიქვან სწავლა, როგორც იძულებითი აქტივობა;
♦ სასწავლო გარემო: ნეგატიური სასწავლო გარემო, სწავლების მოძველებული მეთოდები ან რესურსების ნაკლებობა, იწვევს მომაბეზრებელი სწავლის განცდას.
მიზეზი კიდევ ბევრი შეიძლება იყოს.
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოსწავლეთა ინტერესი და სწავლის ხარისხი საგრძნობლად შესუსტდა.
არსებული პრობლემის გამომწვევი ფაქტორების შესასწავლად ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებმა ჩავატარეთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. ჩვენი მიზანი იყო, აღმოგვეჩინა და გაგვერკვია რეალური მიზეზები, თუ რა იწვევდა საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოსწავლეთა დაბალ მოტივაციას და მოგვეძებნა ალტერნატიული გზები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ინტერესისა და ჩართულობის ასამაღლებლად.
სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ამიტომ სამიზნე ჯგუფში შეირჩა მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და სხვა საგნების მასწავლებლები, რომლებიც ამ კლასებს ასწავლიან. თითოეულმა მათგანმა გამოხატა ინტერესი და მზაობა აქტიურად ჩართულიყვნენ კვლევის პროცესში.
კვლევის პროცესში გამოვიყენეთ რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდების კომბინაცია.
კვლევის შედეგების გაანალიზებისას გამოიკვეთა, რომ საბაზო საფეხურის მოსწავლეებს STEM საგნების გაგება ძალიან უჭირთ:
♦ აბსტრაქტული ცნებებისა და ფორმულების გამო, რომლებიც მათი აღქმით რთულია;
♦ ეს საგნები არ უკავშირდება მათ ინტერესებსა და სამომავლო პროფესიას;
♦ არ იცნობენ და შესაბამისად არ იყენებენ სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს;
♦ აქვთ ნაკლები თვითრწმენა და ნეგატიური საგანმანათლებლო გამოცდილება;
♦ სკოლას არ აქვს სათანადო რესურსები ექსპერიმენტების ჩასატარებლად ან პრაქტიკული სასწავლო გამოცდილების შესაძენად, რომელიც აფერხებს მოსწავლეთა ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას ამ საგნების მიმართ.
კვლევის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება იყო და დაგეგმილი ინტერვენციებიც ამ მიზანს ემსახურებოდა, რათა სკოლაში მოტივაციური სასწავლო გარემოს მოდელი დაგვენერგა.
განხორციელებული ინტერვენციები
2023-24 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლების ინიციატივით, საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის შეიქმნა კლუბი სახელწოდებით „ჟანგბადი“.
სამუშაო შეხვედრები:
- ქიმიის მასწავლებლის პრეზენტაცია – „ადამიანის გავლენა გარემოზე“;
- მოსწავლეების მიერ პოსტერის შექმნა და პრეზენტაციის გამართვა გარემოს დაბინძურების უარყოფით ასპექტებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე;
- ქიმიისა და ბიოლოგიის ინტეგრირებული სასწავლო პროექტი გარემოსდაცვით საკითხებზე, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მოსწავლეებს დაენახათ, თუ როგორ უკავშირდება სხვადასხვა მოვლენა ერთმანეთს.
პროექტის სახელწოდება: „სკოლის ბუნებრივი გარემოს დაცვა“
- ინტერაქტიული თამაშის/ქვიზის შესრულება სახელწოდებით – „ჰაერის დაბინძურების პრობლემა“
https://wordwall.net/resource/68881175;
- სკოლის ახლომდებარე სკვერის დასუფთავება და დეკორატიული ნარგავების გაშენება;
- ბიოლოგიური ექსპერიმენტები:
♦ მცენარის (ნიახური, ნემსიწვერა) ღეროზე დაკვირვება სახატავი საღებავის გამოყენებით;
♦ ლობიოს გაღივებულ თესლზე დაკვირვება-თესლი, აღმონაცენი, ახალგაზრდა მცენარე, ყვავილი, ნაყოფი;
♦ ნამარხი ორგანიზმების (ლოკოკინას ნიჟარა) შეგროვება და მასზე დაკვირვება;
- ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტი: წითელი კომბოსტოს ინდიკატორის გამოყენებით ექსპერიმენტის ჩატარება-მიწისა და წვიმის წყლის მჟავიანობის აღმოჩენა;
- ინტერაქტიული თამაშები: „ვინ უფრო მეტს გაივლის“, „იქსები და ნულები“, „მესამე ზედმეტია“, „ქიმიური ლოტო“ და სხვ.
- 2024 წლის 22 მარტს, სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლების ორგანიზებით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო-საგანმანათლებლო ვიზიტი განხორციელდა.
საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ქუთაისის ზოოლოგიის მუზეუმი მოინახულეს. მათ დაათვალიერეს მუზეუმში განთავსებული იშვიათი ექსპონატები, გაეცნენ უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველების აგებულებას, სხვადასხვა ანომალიებს და სხვ. შემდეგ ისინი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის ლაბორატორიას ეწვივნენ:
♦ მოსწავლეები, პირველ რიგში, გაეცნენ უსაფრთხოების პროტოკოლს;
♦ დააკვირდნენ ჩატარებულ ექსპერიმენტებს;
♦ ბოლოს კი, პრაქტიკის ინსტრუქტორის ასისტირებით, თავადაც ჩაერთნენ მხიარულ ექსპერიმენტებში;
♦ მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება იმის შესახებ, რაც საკლასო ოთახში თეორიულად ისწავლეს, ამან უფრო გაზარდა მათი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ;
- ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტი: წყალბადის ზეჟანგის გავლენა თესლის აღმოცენებაზე.
კლუბის წევრების აქტიური ჩართულობით განხორციელდა ექსპერიმენტი, რომელშიც ნაჩვენები იყო თესლის გაღვივების პროცესზე ზემოქმედება. წყალსა და სამი სახის კონცენტრაციის ხსნარში მოთავსდა საკვლევი ნიმუში (სიმინდისა და ლობიოს თესლები), შეიფუთა და სპეციალურ ადგილას განთავსდა. რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დაკვირვება მცენარეთა აღმოცენების განვითარების ეტაპებზე და წყალბადის პეროქსიდის ზემოქმედებაზე სხვადასხვა კონცენტრაციისას.
- 22 აპრილს დედამიწის დღის აღნიშვნა. საინფორმაციო შეხვედრა კლუბის წევრებთან, მოსწავლეების აქტიური ჩართულობით თემატური ნახატებისა და პლაკატების შექმნა.
სხვადასხვა მოტივაციური ფაქტორების კომბინირებამ შეიძლება მართლაც შექმნას დინამიური სასწავლო გარემო, რომელიც გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა აქვს:
♦ სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებას;
♦ საგნობრივი კურიკულუმის განახლებას;
♦ არაფორმალური განათლების გაძლიერებას;
♦ ინტერაქტიულ სავარჯიშოებს;
♦ მშობლების ჩართულობას;
♦ ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებას, მოსწავლეთა თვითრწმენის ამაღლებას საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.
რატომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა?
♦ მოტივირებული მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართულნი სწავლის პროცესში, აქტიურად მონაწილეობენ საგაკვეთილო აქტივობებში, სვამენ კითხვებს და ეძებენ დამატებით რესურსებს ცოდნის გასაღრმავებლად;
♦ უმჯობესდება მათი აკადემიური მოსწრება;
♦ მოტივირებული მოსწავლეები უფრო მეტად უძლებენ გამოწვევებსა და წარუმატებლობას. ისინი დაბრკოლებებს აღიქვამენ, როგორც სწავლისა და ზრდის შესაძლებლობას და არა როგორც დანებების მიზეზს;
♦ პოზიტიური სასწავლო გამოცდილება იწვევს სწავლის სიყვარულს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
♦ უზნაძის განწყობის თეორიის თანახმად, პოზიტიური სასწავლო გარემო და სწავლის მნიშვნელობის გააზრება იწვევს შემეცნებით მოთხოვნილებას. მოთხოვნილებისა და სიტუაციის თანხვედრის შედეგად მოსწავლეს უჩნდება განწყობა, რომელიც განსაზღვრავს მის ემოციურ დამოკიდებულებას სწავლისადმი;
♦ მოტივაცია დიდ როლს ასრულებს პიროვნულ განვითარებაში. ის ხელს უწყობს ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: მიზნების დასახვა, დროის მენეჯმენტი და თვითდისციპლინა;
♦ მოტივირებული მოსწავლეები ხშირად განიცდიან წარმატების მიღწევის პოზიტიურ შეგრძნებას, რაც მნიშვნელოვანია პიროვნების ფსიქიკური კეთილდღეობისთვის.
მოსწავლეთა მოტივაცის შესანარჩუნებლად საჭიროა მუდმივი მცდელობა, მიზანმიმართული და თანმიმდევრული მუშაობა.
საერთო ჯამში, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა არა მხოლოდ
მათ აკადემიურ მოსწრებას უწყობს ხელს, არამედ პიროვნულ განვითარებასა და საერთო კეთილდღეობას.
⤵️⤵️⤵️