შობა-ახალი წელი განსაკუთრებული პერიოდია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის, ყველა დიდი სიხარულით ელოდება. ახალი წლის თარიღს, საქართველოში, ხშირად ცვლიდნენ — მეოთხე საუკუნეში 6 აგვისტოს აღნიშნავდნენ, მეშვიდე საუკუნიდან მეცხრე საუკუნის დამდეგამდე — სექტემბერში, შემდგომ კი, მარტში გადაიტანეს. მეთოთხმეტე საუკუნიდან ახალი წლის თარიღი, ევროპული კალენდრის მიხედვით, იანვარში დაწესდა.
საქართველოში ახალ წელთან ბევრი წარმართული ტრადიცია იყო დაკავშირებული, მაგალითად: „ბასილას“, „ჩიჩილაკის“ და სხვა კულტები. ჩიჩილაკის კულტი, განსაკუთრებით, გურიასა და სამეგრელოში იყო გავრცელებული. იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ეს მორთულობა მცირე დეტალებით განსხვავდება ერთმანეთისგან. ცნობილია, რომ ჩიჩილაკს თხილის ტოტებისგან თლიან, რადგან თხილი, კაკალთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე მოსავლიან მცენარედ ითვლებოდა. გრძელ თეთრწვერიან ჩიჩილაკს ძვირფასი სამკაულებით, ტკბილეულით და ხილით რთავდნენ, რაც ბარაქისა და ულევი სიტკბოების სიმბოლოდ აღიქმებოდა. ჩიჩილაკს „ბასილას წვერსაც“ ეძახიან და იგი წმინდა ბასილი დიდის სახელს უკავშირდება. ახალ წელსაც, საქართველოში, ხშირად, „ბასილის დღეს“ უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს.
კიდევ ერთი საინტერესო ტრადიციაა დაკავშირებული წმინდა ბასილის სახელთან. ძველ საქართველოში, სანამ ქრისტიანობა დამკვიდრდებოდა, ახალი წლის აღნიშვნა დაკავშირებული იყო მზის ღვთაებასთან. ქართული საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო პურისაგან გამომცხვარი „ბასილას“ ქანდაკება. როგორც ცნობილია, თავდაპირველად, ბასილა არა წმ. ბასილის, არამედ წარმართული ხანის მზის ღვთაების ქანდაკება იყო, ბასილას კვერები კი — მასთან დაკავშირებული ღვთაებები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები, შორეულ წარსულში, შვიდ მნათობთა სახით სცემდნენ თაყვანს. მხოლოდ III საუკუნის შემდეგ, ქრისტიანულმა ეკლესიამ ახალი წლის დღესასწაული წმ. ბასილის ხსოვნას დაუკავშირა და, ამ დროიდან, ქართულ საახალწლო სუფრაზე მდებარე მზის ღვთაების ქანდაკებას „ბასილა“ ეწოდა.
საქართველოს ყველა კუთხე საკუთარი დამახასიათებელი კულტურით გამოირჩევა, არც საახალწლო ტრადიციებია გამონაკლისი: მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საახალწლო ტრადიცია ყველა კუთხეში საერთო იყო, რიტუალები თითქმის ყველგან განსხვავდებოდა.
ძველ თბილისში, თბილისელები, ახალი წლის ღამეს, სახლის კარებს ღიას ტოვებდნენ. ფიქრობდნენ, რომ ახალ წელს ქუჩებში ბედნიერება დადიოდა და კარი დაკეტილი თუ დახვდებოდა, იმ სახლს გვერდს აუვლიდა.
ტკბილეულით სავსე სუფრას ტაბლაზე შლიდნენ. ოჯახის დიასახლისი ტაბლის ოთხ კუთხეში სანთლებს ანთებდა (სანთლებს საკუთარი ხელით ამზადებდა). როგორც კი ახალი წელი მოვიდოდა, ოჯახის უფროსი ტაბლას ხელში აიღებდა და მთელ სახლს შემოივლიდა. თბილისელები ფიქრობდნენ, რომ ამ დროს მათ მფარველი ანგელოზი დაჰყვებოდა, რომელსაც ოჯახისთვის სიკეთე და სიმდიდრე მოჰქონდა.
აღმოსავლეთ საქართველოში, ახალი წლის წინა დღეს, ოჯახში აუცილებლად მოიტანდნენ წყაროს უმძრახ წყალს და ეზოში მოასხამდნენ. მეკვლე ოჯახის უფროსი ან მოწვეული სტუმარი იყო, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ ოჯახში ხელდამშვენებული შედიოდა, მიჰქონდა: დედას პურები, ყველი, ხორცი, ღვინო, გოზინაყი, ხილი, ჩურჩხელა და მარცვლეული. ზოგჯერ ცოცხალი ქათამიც მიჰყავდა. გადააბიჯებდა თუ არა მეკვლე ზღურბლს, მიმოაბნევდა ხორბლის, სიმინდის ან ქერის მარცვალს, რათა ახალი წელი ხვავიანი და ბარაქიანი ყოფილიყო.
ქართლში ახალ წელს აცხობდნენ წმინდა ბასილის ქანდაკებას. ასევე აცხობდნენ ბედის კვერს ოჯახის წევრებისთვის და შინაური ცხოველებისთვის. ორ-ორ ბედის კვერს — ოჯახის წევრებისთვის და თითო-თითოს — შინაური ცხოველებისთვის.
გამთენიისას ოჯახის უფროსი მამაკაცი ღორის თავთან ბედის კვერებს დებდა თეფშზე და ასევე თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს მიუწყობდა გვერდზე. თეფშის ერთ კიდეში თაფლის სანთელს აანთებდა.
კახეთში, მეკვლეს სახლში შემოსვლისას, ხორბალს ან სიმინდს გადაუყრიდნენ — ბევრი მაძღარი კრუხ-წიწილა გვეყოლებაო. აქვე ასეთი მესტვირული საახალწლო სიმღერა ისმოდა:
„ხელში ორ ჭიქას ავიღებ, ვილოცებოდე ღვინითა,
ყველა კარგად დაესწარით მრავალ ახალწელს დილითა,
ნათლიმამა თან მოგდევდეს, თაფლი მოქონდეს ქილითა;
ხურჯინიც სავსე ეკიდოს, ჩურჩხელებით და ხილითა…
თქვენი კოდები ყოფილა სავსე და — წმინდა ფქვილითა;
თქვენი ქვევრები ყოფილა სავსე და — წითელ ღვინითა;
თქვენი ფარეხი ყოფილა სავსე და — ცხვრითა, ბინითა…
თქვენი მტერი წაქცეულა, ვეღარა ძღება ძილითა…!“
კახეთში ახალ წელს ჩამიჩიან პურებს აცხობენ ისე, რომ ოჯახის ყოველს წევრს თითო პური შეხვდეს. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ჭამს. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადის და სახლს სამჯერ შემოუვლის. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავს და საგანგებოდ მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას თითო ლუკმას აჭმევს.
იმერეთში, ახალი წლის დადგომამდე, ოჯახის უფროსი, ხორაგით სავსე ხონჩით, სახლს სამჯერ წაღმა შემოუვლიდა. მას ხელში ლანგარი ეჭირა, რომელზეც ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ლობიანი ღერღილის პური და ტკბილი კვერები ეწყო. ამის შემდეგ ოჯახის უფროსი სახლში, ოჯახის ყველაზე ხნიერ წევრთან ერთად, შევიდოდა. ხნიერი წევრი კერიაში ნაკვერჩხალს რამდენჯერმე დაჰკრავდა ჯოხს და ცეცხლიდან ნაპერწკლები იყრებოდა. ოჯახის უხუცესი თან ლოცულობდა: „როგორი უხვიც არის ეს ნაპერწკლები, ისე გვამრავლე და გაგვახარეო“.
საახალწლოდ რამდენიმე ჩიჩილაკი მზადდებოდა, ერთ-ერთი მარნისთვის იყო განკუთვნილი. ახალი წლის დილას შინაური მეკვლე წყაროდან წყალს მოიტანდა. ოჯახის წევრები პირს დაიბანდნენ და, ისევ მეკვლეს წინამძღოლობით, მარნისკენ წავიდოდნენ. მიჰქონდათ სანოვაგით სავსე გობი, ორშიმო და ჩიჩილაკი. მეკვლე ჩიჩილაკს საახალწლო ჭურის გვერდით დაასობდა. მარანს ახალ წელს მიულოცავდა, შემდეგ საახალწლო ჭურს მოხდიდა, ღვინოს გასინჯავდნენ და დოქებს აავსებდნენ.
საინგილოში წითელ მამალს კლავენ ახალ წელს. სუფრას კი, ახალი წლის დადგომამდე მიუსხდებიან. აკეთებენ ქათმის წვნიანსა და ფლავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის მეკვლე, რომელიც უნდა იყოს ნათესავი და ბედისგან დაუჩაგრავი. ვიდრე მეკვლე არ ეწვევათ, სახლში არავის მიიღებენ.
თუშეთში ახალ წელს „წელწდობას“ უწოდებენ. ახალი წლის აღსანიშნავად არაყს ხდიდნენ და ლუდს ადუღებდნენ. ოჯახის ყველა წევრის სახელზე ცხვებოდა სათავნო და ბედის კვერები სხვადასხვა გამოსახულებით. აცხობდნენ ერთ დიდ კვერს — „ქრისტეს საგზალს“, ქალებისთვის — მრგვალ კვერს, ხოლო კაცებისთვის — „ბაცუკაცს“. კვერებს შინაური ცხოველებისთვისაც აცხობდნენ: ხარისთვის განკუთვნილ კვერს რქები ჰქონდა, ძროხისთვის განკუთვნილს — ძუძუები, ცხენის კვერს ნალის ფორმა ჰქონდა. ყველა სახის კვერს ლანგარზე აწყობდნენ მატყლთან, მარილთან, ყველთან და ერბოსთან ერთად.
ახალი წლის დადგომამდე თუშ ქალებს აუცილებლად უნდა დაებრუნებინათ, თუკი რამ ჰქონდათ განათხოვრებული; იმარაგებდნენ ტკბილეულს და აცხობდნენ სამეკვლეო კვერს, რომელსაც „ხარის გოგას“ ეძახდნენ. აქ მეკვლედ ისეთ კაცს იწვევდნენ, რომელსაც კეთილი გული, კარგი ფეხი და დიდი გამოცდილება ჰქონდა. სანამ მეკვლე არ მოვიდოდა სუფრასთან არავინ ჯდებოდა. ზუსტად თორმეტ საათზე მეკვლე ოჯახში შემობრძანდებოდა, ოჯახის უფროსი კი მას სამეკვლეო კვერს მიართმევდა. მეკვლე მას კერიასთან დააგორებდა ისე, რომ კვერი წაღმა დამდგარიყო, რათა ახალ წელს ოჯახის ბედი სულ წაღმა დატრიალებულიყო. ხდებოდა ისეც, რომ მეკვლეობას თუშები მეცხვარის ძაღლს ანდობდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ მასაც „კარგი კვალი“ ჰქონდა.
დილით ადრე ოჯახის უფროსის ჯერი დგებოდა. იგი უნდა გასულიყო გარეთ, შემოეტანა თოვლი და სახლში მიმოებნია. ოჯახის უფროსის დალოცვის შემდგომ, საახალწლო მხიარულება იწყებოდა.
ფშავ-ხევსურეთში, ახალი წლის ღამეს, ხევისბერი და მისი დამხმარეები სალოცავში წაიღებდნენ ქადებს, ერბოიან პურებს და სანთლებს. ასევე მიჰყავდათ დასაკლავი ცხოველი. ხევისბერი დალოცავდა ყველა ოჯახს და გვარს. დაკლავდნენ ცხვარს, თოვლის გუნდებს ცხვრის სისხლში ამოავლებდნენ და სალოცავის კედელს ესროდნენ.
ახალგაზრდა ბიჭები ქუდებს ნაბდის ქვეშ დებდნენ. ვინც მალულად ქუდს აიღებდა, სწორედ ის იყო მთელი სოფლის მეკვლე. დალოცვის შემდეგ სოფელში დღესასწაული იწყებოდა. იხარშებოდა ლუდი და ხინკალი.
ფშავში ხმიადის გამოცხობით იწყება ახალი წლის დილა. ხმიადს მაგიდაზე თაფლიან და ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებენ. ოჯახის ერთი წევრი წყალზე მიდის და თან მიაქვს ყველი და პური. ჩააგდებს წყალში და სამჯერ იტყვის: „წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო“. წამოიღებს წყალს, ხმიადებით სავსე სუფრაზე დადებს და დაილოცება. მხოლოდ ამის შემდეგ მიუსხდებიან ოჯახის წევრები სუფრას, დიასახლისი მათ თაფლს და ხილს შეაჭმევს და ერთმანეთს ეტყვიან: „ეგრემც ტკბილად დამიბერდიო“. გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგებიან.
ხევსურეთში ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო.
ოჯახის მეკვლეები ხატებში ათენებენ ახალი წლის ღამეს. გათენებისას ხუცესი გარეთ გამოდის, თოვლი შეაქვს სალოცავში, მეკვლეებს თავზე აყრის და დალოცავს: „ესრ თეთრად აყვავდით! წელიმც კაისა გამოგეცვლებისთ, პურიან-წულიანი, სახელსარგებლიანი, მშვიდობისა და კარგად ყოფნისა!…“
გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს „კალანდა“ ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.
სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი, ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ხილი და სხვ. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით უმასპინძლდება.
გურიაში, კალანდის წინადღით, მოჰქონდათ „ცხემლის“ (რცხილის) შეშა, რომელსაც თხილის ჯოხებსაც მოაყოლებდნენ ჩიჩილაკისთვის. ამ ჯოხებს ღადარში აცხელებდნენ და კარგად ალესილი დანით ისე თლიდნენ, რომ ბურბუშელა ჯოხზევე რჩებოდა და ეხვეოდა. შემდეგ ჯვრიან დასადგმელს უკეთებდნენ, წვერში ჯვარედინად თხილის ჯოხებს ჩაურჭობდნენ და რთავდნენ სუროს ტოტებით, ვაშლებით, საჩიჩილაკე ხაჭაპურებით, ტკბილეულითა და ვერცხლის ფულებით. აქვე ასეთი წესი სრულდებოდა: ოთხ ხაჭაპურს გიდელში ჩააწყობდნენ და გოგონას გაატანდნენ მარანში. იქიდან ვაჟი უნდა გამოსულიყო ღვინიანი დოქით და გოგონას შეხვედროდა. მათ შორის მოჩვენებითი ბრძოლა გაიმართებოდა დოქისა თუ ხაჭაპურის წასართმევად და მარანში შესატანად. თუ ბიჭი იმარჯვებდა, მაშინ ყურძნის უხვი მოსავალი იყო მოსალოდნელი, ხოლო თუ გოგონა იყოჩაღებდა — აბრეშუმის.
ახალ წელს, მამლის ყივილზე, მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან. მარანში შესვლისას, ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. ადესას ღვინით დალოცავს ქვეყანას და მშვიდობის სადღეგრძელოს იტყვის.
ლეჩხუმში ოჯახის მეკვლე ბაბუა იყო ხოლმე. ახალი წლის დადგომისას ბაბუა, უმცროს ვაჟთან ერთად, ვენახში გადიოდა. ჯერ თვითონ ლოცავდა ზვრებს, შემდეგ უმცროს ვაჟს ალოცვინებდა. ზვრებში ღვინოს აპკურებდნენ. მერე მივიდოდნენ ბეღელთან, ნალიასთან, ჭურებთან, ბოლოს სახლში შევიდოდნენ და გვარს ლოცავდნენ.
ახალ წელს, ნაშუადღევს, ოჯახის უფროსი მამაკაცი ზურგზე მოიკიდებდა მეორე მამაკაცს და ვენახისკენ გასწევდა. თან მიჰქონდა ტაბლა, რომელზეც ეწყო ღვინიანი ჭიქა, ღორის შემწვარი ხორცი, ანთებული სანთელი და ხორბლის ერთ-ერთი ჯიშის — ზანდურის თავთავების კონა. ვენახში შესვლისას იგი იძახდა: „ღუზ, ღუზ, ღუზ!“ შემდეგ კაცს ჩამოსვამდა, თავთავების კონას სარზე ჩამოაცვამდა, ტაბლას წაღმა შეატრიალებდა, მერე ღვინით დაილოცებოდნენ და მიტანილ სანოვაგეს შეექცეოდნენ.
სამეგრელოში ყველაზე დიდ დღესასწაულად კალანდა — ახალი წელი ითვლებოდა. შინ, გამოსაჩენ ადგილას, დადგამდნენ ბროწეულით, ხილით, ტკბილეულით, ძვირფასი ნივთებით, აბრეშუმის ძაფით, სუროსა და დაფნის ტოტებით მორთულ ჩიჩილაკს. აცხობდნენ ბასილას და ღვეზელს, რომელშიც კვერცხის გულს დებდნენ. დილით ადრე სოფელში თოფის სროლა ატყდებოდა. ოჯახის უფროსი სანოვაგით სავსე ხონჩას აიღებდა, სახლს ლოცვით სამჯერ შემოუვლიდა, ღომის მარცვლებს აბნევდა და ღმერთს გამარჯვებას, ჯანმრთელობასა და კარგ მოსავალს სთხოვდა. შემდეგ შინ შევიდოდა და ყველას მიულოცავდა.
ახალ წელს სტუმრის მოტაცებაც იცოდნენ. ამ ჩვეულებაში მთელი უბანი მონაწილეობდა. გაიმართებოდა მხიარული გაწევ-გამოწევა, სიცილი და ხუმრობა. მოტაცებულ სტუმარს ასაჩუქრებდნენ, პატივს სცემდნენ და მეორე დღემდე არ გაუშვებდნენ.
ახალი წლის საღამოს ეწყობოდა „ტყაპობა“ — ახალგაზრდა ქალები და ვაჟები ერთმანეთს სიმინდის ცომით თხუპნიდნენ. ამ მხიარულ შეჯიბრებაში ვინც მოუთხუპნავი გადარჩებოდა, იმ წელიწადს გამარჯვებული და ბედნიერი იქნებოდა.
აფხაზეთში ახალ წელს ხიჩხუამას ეძახდნენ. მთელი ოჯახი საგვარეულო სახლში იკრიბებოდა, საგანგებოდ იხსნებოდა ქვევრი, ცხვებოდა თაფლიანი და ნიგვზიანი ქადები, აფხაზურა პურები. ოჯახის უფროსი, საკლავის დაკვლის შემდეგ, დაკლული საქონლის ღვიძლით, ფილტვითა და თირკმლით ხელში მიდიოდა სალოცავში, ასხურებდა ღვინოს, მერე კი ოჯახში დაბრუნებული ახალ წელს ულოცავდა ახლობლებს.
აჭარაში, ახალი წლის ღამეს, მთელი ოჯახი სუფრასთან იკრიბებოდა. ოჯახის უფროსის ნებართვით, ყველას უმცროსი ვაჟი ულოცავდა ახალ წელს. დიასახლისი ირგვლივ უმძრახ წყალს მოაპკურებდა, შემდეგ კი გახსნიდა წინასწარ მომზადებულ ყაურმას. სუფრაზე ეწყო აჭარული ხაჭაპურები, ჰალვა, ხარჩო, ბურმე — თაფლიანი და ნიგვზიანი ნამცხვარი, სანთლის არაყი. ქალებს აუცილებლად უნდა სცმოდათ წითელი კაბა და გულზე ჰკიდებოდათ ბებიის ნაჩუქარი ჯვარი. დაილოცებოდნენ აჭარლები და ისვრიდნენ თოფს, ნიშნად იმისა, რომ ოჯახი ხარობდა და სიცოცხლე გრძელდებოდა. ახალგაზრდები თითქმის გათენებამდე დადიოდნენ სოფელში და ყველა ოჯახს ახალი წლის დადგომას ქრისტიანული სიმღერით ულოცავდნენ:
„შემოვდგი ფეხი, გილოცავთ,
გწყალობდეთ წმინდა ბასილი,
იმისი მადლით იყავით
პურით და ღვინით ავსილი.“
მასპინძლები საჩუქრებს აძლევდნენ მომლოცველებს.
რაჭაში, ახალი წლის წინა საღამოს, ოჯახის უფროსი „სამკლოვიარო გერგვს“ აკეთებდა. ამისთვის ცხრა ვაზს თითო რქას შეაჭრიდა, მათ ერთმანეთს შეაგრეხდა, მორკალავდა და შუაში ჯვრად თხილის დაჩიჩილაკებულ ჯოხებს ჩაუყენებდა. ამ ჯოხებს გარეთ გამოშვერილ წვეროებზე ვაშლებს წამოაცვამდნენ, ბაძგის მწვანე ტოტებით მორთავდნენ და ზედ საახალწლო განატეხს დაადებდნენ.
„გფარავდეთ მრავალძალის წმინდა გიორგი! შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ხოტევი და ნიკორწმინდა! აგარა და უღეში, ღმერთმა მოგცეთ ნუგეში“, — ამ სიტყვებით ლოცავდა რაჭაში მეფეხე ოჯახს. თუ წინა წელს მის ფეხს ოჯახი კარგად დასცდიდა, მას კიდევ სამი წლით ირჩევდნენ. ამ სამი წლის განმავლობაში მეკვლე ოჯახს პირველი მიულოცავდა ახალი წლის დადგომას ღვინის დოქით, მოხარშული ლორით, შემწვარი წიწილით, ვაშლში ჩარჭობილი ხურდა ფულით, ჩიჩილაკითა და სანთლით ხელში; დალოცავდა ოჯახს, საბძელს, ნალიას, მერე კი იწყებოდა ლხინი. რაჭულ საახალწლო სუფრას ამშვენებდა ლობიანები, ღვინო, ლორი, თაფლი, კაკალი, ტყლაპი, ჩირი და ვაშლი.
ზემო რაჭაში, საახალწლოდ, ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს — ახალი წლისთვის, მეორეს — ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს — „კერია-ბერიას“, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას „მაკვრიელი“ ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით „შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის“. შემდეგ წყლის მოსატანად წავა, მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი, ოჯახის ყველა წევრს „კერია-ბერიას“ უნაწილებენ.
სვანეთში განსაკუთრებით ერიდებოდნენ ახალი წლის წინა დღეებში სტუმრად სიარულს, კლავდნენ საახალწლოდ გასუქებულ ღორს, რომელსაც მეისარაი ერქვა, აცხობდნენ პურებს ჯვრების გამოსახულებით და ტკბილ კვერებს. როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, მეფეხეს ღამე გარეთ უნდა გაეთია, რათა ოჯახში განწმენდილი შესულიყო და კარგი ფეხი შეეტანა. ოჯახის უფროსს აქაც თავისი საქმე ჰქონდა: ალიონზე უნდა ამდგარიყო, საქონლისთვის მიეხედა, მერე კი სანთლებით ხელში შესულიყო შინ და ოჯახი დაელოცა.
ახალ წელს ოჯახის უფროსი კაცი, ერთი ქალი და ერთი კაცი, სისხამ დილაზე, ჩუმად ადგებოდნენ, სანოვაგით სავსე გიდელს წაიღებდნენ, ყველაზე გამორჩეულ ხარს წაიყვანდნენ და წყალს დაალევინებდნენ, უკან დაბრუნებისას თან წყალი მოჰქონდათ. კალოზე თოვლის ზვინს დადგამდნენ, შუაში ნაძვის ხეს ჩაურჭობდნენ, გარს შემოუვლიდნენ და მერე სახლში შედიოდნენ. კაცი იძახდა: „კარი გამიღეთ, ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს!“ შევიდოდა სახლში, შეიყვანდა ხარსაც, სამჯერ შემოუვლიდა კერას, შემდეგ აიღებდა ხელში ბედის პურს, რომელზეც ელაგა: თაფლი, ხორცი, ყველი, ფული და ყველას მიულოცავდა ახალ წელს.
ახალწლის ღამეს, სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარზე დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ).“
ხევსა და მთიულეთში ახალი წელი ხევისბერების სარიტუალო მსვლელობით იწყებოდა — ისინი დროშას ააბრძანებდნენ წმინდა გიორგის ხატში. როგორც კი ზარები ახალი წლის დადგომას აუწყებდნენ, ტაძრიდან გამოსული ხევისბერები ჯერ ერთმანეთს, მერე კი თემს მიულოცავდნენ ახალ წელს, მშვიდობასა და ბარაქას უსურვებდნენ. ამის შემდეგ წმინდა გიორგისა და მთავარდიდმოწამის სახელის სადიდებლად იკვლებოდა საკლავი და იწყებოდა ზეიმი.
სამცხე-ჯავახეთში ოჯახის დიასახლისი უმძრახ წყალს ეზოში, სასიმინდესა და ნალიაში ასხურებდა; საახალწლო სუფრაზე, გარდა ტკბილეულისა, ეწყო კარაქი, ხავიწიანი კვერები, კარტოფილის ხინკალი და ღვინო. ოჯახის თითოეული წევრის სახელზე ცხვებოდა საბედო, ბანის, სამეკვლეო და ხარის ქედის კვერები, რომლებსაც ოჯახის უფროსი ყრიდა ერდოდან და თან ლოცვასაც აყოლებდა.
31 დეკემბერს, მზის ჩასვლისას, ოჯახის უფროსი მამაკაცი, ხელში რკინის ჯოხით, სახლს სამჯერ შემოუვლიდა, თან ფუძის ანგელოზს სთხოვდა მისი ოჯახი ეშმაკის გზიდან აეცდინა. საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. შემდეგ აცხობდნენ: „ხარის ქედის“ მრგვალ კვერებს, ცხვრის „ბუჟუნას“, რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, „ბედის პური“ ცხვებოდა დიდი და შიგ ატანდნენ თეთრ აბაზიანს.
შემდეგ დიასახლისი აცხობდა „ბანის პურებს“ და „ქათამ-წიწილას“ პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის ნისკარტებს უკეთებდნენ. აცხობდნენ სამეურნეო იარაღების ბედის კვერებს: ცელს, გუთანს, ძროხის ძუძუებს, პურის ორმოს, ქერისას და დიკისას.
ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა.
მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით: „ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი.“
მეკვლე სახლში შესვლის დროს ასეთ ლექსს წარმოთქვამდა:
„ახალ წელიწადს, წლის თავსა გიკვლევ ვაზისა ქითამცა,
შენიმცა სახლი ავსილა ტყავ-კაბა-ზარბაზითამცა;
ცხენზედაც შაგისხდებიან მშვილდისრიანნი, ხმლითამცა,
კარზედამც მოგადგებიან ცხენ-ჯორ-ამაფრაშითამცა;
ტახდზედამც დაგიდგებიან თავ-ოქრო-გვირგვინითამცა,
მტერი სულ დაგიბმრავდების ეშმაკი ხმალით — ცითამცა
მოკეთე ღმერთმა გიმრავლოს, მოყვარე მრავალ გზითამცა;
პურ-ღვინო დაულეველი, ვით მონადირე წყლითამცა;
სიცოცხლე გახარებული, მოუწყინარი დღითამცა;
ასრე დასტკბი ამ ქვეყანას, ვით თაფლი ფუტკრის სკითამცა,
უხვადაც მოგეცემოდეთ თვალ-მარგალიტი ზღვითამცა.“
მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა