∇ რა საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველო რუსულენოვან იმიგრანტებს და რა ალტერნატივები არსებობს ქვეყანაში განათლების სისტემის შეთავაზებების მიღმა?
2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულმა აგრესიამ მნიშვნელოვნად შეცვალა არა მხოლოდ რეგიონის პოლიტიკა და სოციალურ-ეკონომიკური სტატისტიკა, არამედ მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი. საინტერესოა ომის გავლენის შესწავლა განათლების მიმართულებით – როგორ შეიცვალა რუსული და უკრაინულენოვანი საგანმანათლებლო ინსტიტუციების რუკა და სპეციფიკა საქართველოში და როგორია საჯარო და კერძო ავტორიზებულ სკოლებში მოსწავლეთა დემოგრაფიული ცვლილებების დინამიკა, 2020 წლიდან დღემდე. სწორედ ამ მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად განახორციელა კვლევა და გამოსცა ანგარიში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით (ავტორები: ნათია გორგაძე, შალვა ტაბატაძე, თამარ ანთაძე). ანგარიშში ასახულია მნიშვნელოვანი მიგნებები: რა საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველო რუსულენოვან იმიგრანტებს და რა ალტერნატივები არსებობს ქვეყანაში განათლების სისტემის შეთავაზებების მიღმა? რა ტიპის გამოწვევები არსებობს რუსულენოვან საჯარო და კერძო ავტორიზებულ სკოლებში საქართველოს განათლების სისტემაში წარმოქმნილ სიახლეებთან ადაპტირებისა და ხარისხიანი სწავლების განხორციელების თვალსაზრისით და როგორია სისტემის რეაგირებისა და მზაობის მექანიზმები არსებული საჭიროებების საპასუხოდ? რა მოლოდინები, აღქმები და დამოკიდებულებები აქვთ იმიგრანტ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საქართველოში, ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობებთან და სპეციფიკასთან დაკავშირებით?
კვლევის მიხედვით, რუსულ-უკრაინულენოვანი განათლების გამოწვევები საქართველოში საკმაოდ სერიოზულ სახეს იძენს და მათგან, პირველ რიგში, სახელდება საქართველოში იმიგრირებული სასკოლო ასაკის ბავშვებისა და მოზარდების დიდი ნაწილის ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მიღმა აღმოჩენა.
უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოში არსებობს ისეთი არაავტორიზებული სკოლები, რომელთა შესახებ მონაცემები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ოფიციალურად ხელმისაწვდომი არ არის. ასეთი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი საკუთარ საქმიანობას რუსეთის საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნების შესაბამისად წარმართავს. თუმცა, ჩვენი განათლების სისტემა მათ „ვერ ხედავს“ და, შესაბამისად, ვერ ფლობს ინფორმაციას დაწესებულებების სასწავლო გეგმის ეროვნულ მიზნებსა და ხედვებთან თანხვედრის შესახებ.
კვლევის ფარგლებში, ვლინდება ახალდაარსებული კერძო სკოლების კლასტერი, რომელიც იმიგრირებულ რუსულენოვან მოსწავლეებს აერთიანებს და მათ რუსეთის ფედერაციის სასწავლო გეგმის შესაბამის სწავლებას სთავაზობს. კვლევამ გამოავლინა 16-მდე არაავტორიზებული სკოლა ან საგანმანათლებლო ცენტრი, რომელთა შორის 12, რუსეთში არსებულ სერტიფიცირებულ სკოლასთან პარტნიორობის საშუალებით, მოსწავლეებს რუსული საატესტატო გამოცდების ჩაბარებას სთავაზობს. სავარაუდოდ, კვლევის ფარგლებში გამოვლენილი სკოლების ჩამონათვალი არასრულია, რადგან მხოლოდ მკვლევართა მიერ შესწავლილ ალტერნატიულ საინფორმაციო წყაროებს ეყრდნობა და არა ოფიციალურ მონაცემებს. ოფიციალური მონაცემების მოპოვება ვერ მოხერხდა, რადგან სკოლები ქართული საგანმანათლებლო სისტემის ნაწილს არ წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ იდენტიფიცირებული საგანმანათლებლო ინსტიტუციების გარკვეული ნაწილი საქართველოს განათლების სისტემასთან სინქრონიზაციის სურვილს გამოთქვამს, ავტორიზაციის მოპოვების საშუალებით, თუმცა, მნიშვნელოვანი ნაწილი ამ საკითხს არ განიხილავს.
2022 წელს, საქართველოში, იმიგრანტთა ტალღის ყველაზე დიდი წილი მოდიოდა რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეებზე და მათი სრული მოცულობის 35, 12 და 7 პროცენტს შეადგენდა. კვლევის თანახმად, რუსეთიდან იმიგრირებული სასკოლო ასაკის მოსწავლეთა რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება რუსეთის მოქალაქე იმ მოზარდების რაოდენობას, რომლებიც საქართველოს განათლების სისტემის ბაზაში არიან რეგისტრირებული. ბელარუსიდან იმიგრირებულ მოსწავლეთა რაოდენობა 2-ჯერ და უფრო მეტია, შესაბამისად, აღრიცხულ პირთა რაოდენობაზე, ხოლო რაც შეეხება 2022 წელს უკრაინიდან ქვეყანაში იმიგრირებულ მოსწავლეთა რაოდენობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 1000-ით ნაკლებ მოსწავლეს აღრიცხავს. მთლიანობაში, 2022 წელს, ქვეყანაში შემოსული 6-დან 18 წლის ასაკამდე რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეობის მქონე 4000-ზე მეტი პირი არ არის მოქცეული საქართველოს განათლების სისტემის ფარგლებში.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი ნათია გორგოძე აღნიშნავს, რომ რუსულენოვანი განათლების მიმართ ინტერესი მკვეთრად გაზრდილია და, ამასთანავე, იმ მოსწავლეების რაოდენობაც, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა (4000 მოზარდი), გაცილებით მეტია, ვიდრე იმ მოსწავლეებისა, რომელსაც განათლების სისტემა ხედავს. „რაც იმას ნიშნავს, რომ, დაახლოებით, ნახევარზე მეტი მოსწავლე ალტერნატიულ განათლებას იღებს საქართველოში, ანუ განათლებას იღებენ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელსაც ვერ ხედავს ჩვენი განათლების სისტემა – ისინი არ არიან აკრედიტებული და მეტიც, არამც თუ მხოლოდ აკრედიტებული არ არიან, არამედ, ისიც უცნობია ჩვენთვის, თუ როგორ მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროცესი ამ სკოლებში. ამ კვლევამ ზუსტად ის გამოავლინა, რომ, მეტწილად, სკოლები რუსეთის ფედერაციის სისტემის ქვეშ არიან და ამ სისტემის შესაბამისად ფუნქციონირებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეალურად ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ისწავლება სკოლებში“.
შალვა ტაბატაძე აღნიშნავს, რომ კვლევის ფარგლებში გამოკვეთილი რუსულენოვანი მოსწავლეების (რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის) ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში გაზრდილი რაოდენობის ნაწილი რუსულენოვან სექტორებსა და სკოლებში (როგორც კერძო, ისე საჯარო) ნაწილდება, თუმცა, „ამავე დროს, გამოიკვეთა, რომ არის არაფორმალური ნაწილი, სადაც მოსწავლეების დიდი ნაწილი არ არის რეგისტრირებული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში და მათი რაოდენობა 4 ათასამდეა, მათ შორის კი, 3000 რუსეთის მოქალაქეა. ეს არის 2022 წლის მონაცემები, რომელიც არ ფიქსირდება არც კერძო და არც საჯარო სკოლებში. რაც შეეხება ფორმალურ ნაწილს, აქაც მკვეთრი ზრდაა, მაგალითად, 2016-2017 წელს, დაახლოებით, 12 ათასამდე მოსწავლე გვყავდა რუსულენოვან სექტორებსა და სკოლებში, დღეს მათი რიცხვი 17 ათასს აჭარბებს. მათ შორის, ყველაზე მეტი რაოდენობა, სწორედ რუსეთის მოქალაქე მოსწავლეა“.
ცნობილია, რომ საქართველოში, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, შემოსული უკრაინელი მოსწავლეების საჭიროების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ თბილისის ორ სკოლასა და ბათუმის ერთ სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორის ფუნქციონირება უზრუნველყო/განაახლა. 2022-2023 წლებში, უკრაინულენოვან სკოლებში, პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, სულ, 1,486 მოსწავლე სწავლობდა, საიდანაც 896 აჭარაში, ხოლო თბილისში – 590 იყო აღრიცხული. მოსწავლეები სამ სკოლაში არიან განაწილებული: აჭარაში, ქალაქ ბათუმის 20 სკოლაში, თბილისში – სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის №41 საჯარო სკოლასა და სსიპ ქალაქ თბილისის №220 საჯარო სკოლაში. ამავდროულად, უკრაინულ სექტორზე სწავლობს რუსეთის 1 მოქალაქე თბილისის 41-ე სკოლის მეშვიდე კლასში და აგრეთვე საქართველოს 10 მოქალაქე, საიდანაც 1 ბათუმის სკოლის მესამე კლასში სწავლობს, 2 – მეექვსე, 2 – მეშვიდე, 1 – მერვე და 2 – მეათე კლასში; თბილისის 220-ე სკოლის მესამე და მეოთხე კლასში კიდევ თითო-თითო, საქართველოს მოქალაქეობის მქონე, მოსწავლე სწავლობს. 2021-2022 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლამდე, უკრაინის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეების რაოდენობა, უკრაინულენოვან სკოლებში, 1 102 მოსწავლით გაიზარდა.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქე მოსწავლეთა რაოდენობას, გაორმაგებულია საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში; მათი რაოდენობა მაღალია, ასევე, არაფორმალური (სკოლები ქართული ავტორიზაციის გარეშე) განათლების სექტორში. უფრო კონკრეტულად, საჯარო და კერძო ავტორიზებულ სკოლებში რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეების რაოდენობა, 2022-2023 სასწავლო წელს, 3 642-ს შეადგენს, ხოლო ამავე წელს სისტემაში ახალშემოსული რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეთა რაოდენობა 2 040-ია. გაზრდილია, ასევე, ბელარუსის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეთა რაოდენობაც – ერთ წელიწადში 279 მოსწავლე დაემატა. ისინი, ვინც არაავტორიზებულ სკოლებში სწავლობენ, ოფიციალურად არ არიან აღრიცხულნი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბაზებში. საქსტატის მონაცემების მიხედვით, რუსეთიდან იმიგრირებული სასკოლო ასაკის მოსწავლეების რაოდენობა, 2022 წელს, 4 515-ს შეადგენდა, ხოლო ბელარუსის მოქალაქეობის მქონეთა – 878-ს. უკანასკნელ წლებში, რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების მიგრაციის კვალდაკვალ, გაზრდილია რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობაც და ბოლო ოთხწლიან პერიოდში ამ პროცესმა 50%-იან ზრდას მიაღწია. რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა 3/4 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო დანარჩენი – 3 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელთაგან ნახევარზე მეტი სწორედ რუსეთის მოქალაქეობის მქონეა. საკმაოდ გაზრდილია უკრაინის და ბელარუსის მოქალაქე მოსწავლეების ხვედრითი წილიც რუსულენოვან სკოლებში. რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მოსწავლეები, ომის შედეგად არსებული მიგრაციის ადგილად, თბილისსა და აჭარის რეგიონს ირჩევენ. სხვა რეგიონებში რუსულენოვანი სკოლის მოსწავლეების სტატისტიკის ზრდა ისეთი მკაფიობით არ ხასიათდება, როგორც თბილისსა და აჭარის რეგიონში.
კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მიგრირებულ რუსეთის მოქალაქე ბავშვებს განათლების მიღების რამდენიმე შესაძლებლობა აქვთ:
(ა) განათლების მიღება რუსულენოვან საჯარო სკოლებში;
(ბ) განათლების მიღება რუსულენოვან კერძო სკოლებში;
(გ) განათლების მიღება ინგლისურენოვანი კერძო სკოლების პროგრამებზე;
(დ) განათლების მიღება ქართულენოვან საჯარო სკოლებში;
(ე) ქართულენოვან კერძო სკოლებში რუსულენოვანი კლასების დამატება, ავტორიზებული ადგილების ფარგლებში;
(ვ) ავტორიზებულ ქართულენოვან კერძო სკოლებში არაოფიციალური რუსული კლასების გახსნა, არაფორმალური განათლების ქოლგის ქვეშ;
(ზ) „საოჯახო სკოლის“ ტიპის არაფორმალური ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებენ რუსეთის საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში;
(თ) არაფორმალური განათლების ცენტრები – რეალურად, სკოლები სარეპეტიტორო ცენტრების საფარქვეშ, რომლებიც ფუნქციონირებენ რუსეთის კანონმდებლობის ქვეშ. უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ფორმალურ მიბმას რუსეთის საჯარო საგანმანთლებლო დაწესებულებებზე და ონლაინ სწავლების განხორციელებასა და ონლაინ გამოცდების ჩაბარებას შესაბამისი ფორმალური განათლების დასადასტურებლად;
(ი) სკოლამდელი და სასკოლო მოზარდების ცენტრები, რომლებიც არ საჭიროებენ ლიცენზიას და/ან ავტორიზაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. რუსეთიდან და ბელარუსიდან მიგრირებული მოსწავლეების, დაახლოებით, 50% არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებად კერძო და საჯარო ავტორიზებულ სკოლებში, ხოლო 50% – არაფორმალური განათლების ცენტრებში, რომლებიც ოპერირებენ რუსული კანონმდებლობის საფარქვეშ და შესაბამისი რეგულაციებით აძლევენ რუსეთის საგანანმანათლებლო კანონმდებლობით დისტანციურ განათლებას მოსწავლეებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიდგომა ორიენტირებულია იმაზე, რომ არაავტორიზებული არაფორმალური განათლების ცენტრები ფორმალური განათლების ჩარჩოებში არ მოაქციოს. საგულისხმოა, რომ ამ წელს მსგავსი ტიპის არაფორმალური განათლების სასწავლო ცენტრს, პრეცედენტულად, უარი ეთქვა ავტორიზაციაზე.
კვლევის ანგარიში, რუსულ-უკრაინულენოვან განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს შორის, დასახელდა: აცდენა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასა და რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის საგანმანათლებლო სისტემებს შორის; კერძო და საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიღების არასაკმარისი შესაძლებლობები; არასაკმარისი და შეუსაბამო ინფრასტრუქტურა; კადრებისა და სასწავლო რესურსების ნაკლებობა; მშობლიური ენის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები; ომის ფონზე, ორენოვანი სწავლების განმახორციელებელ სკოლებში, სხვადასხვაენოვან სექტორზე მოსწავლეებს შორის უთანხმოებები და გართულებული ურთიერთობები, რაც განსაკუთრებით მწვავედ ქართველ და რუსულენოვან მოსწავლეებს შორის ვლინდება და ა.შ. „პრაქტიკულად, ყველა ალტერნატიული საგანმანათლებლო დაწესებულება პოზიციონირებს, როგორც დემოკრატიული, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშემწყობი ინსტიტუცია. რუსეთის განათლების მკაცრად ფორმალიზებული სისტემისგან განსხვავებით, საოჯახო სკოლები და საგანმანათლებლო ცენტრები მოსწავლეების მხოლოდ განმავითარებელ შეფასებას, თავისუფალ 9 საგაკვეთილო ბადეს, პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლის მიდგომებს და არაფორმალური, რემედიაციული და დამატებითი განვითარების მდიდარ შესაძლებლობებს სთავაზობენ,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
ყურადსაღებია ანგარიშში მოხვედრილი ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც ქართული ენის სწავლებას უკავშირდება. „ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სკოლებისა და მოსწავლეებისათვის, როგორც მოსწავლის მიღებისა და კონკრეტულ კლასში განაწილების, ასევე სწავლის განხორციელების პროცესშიც“. ამის გარდა, სერიოზულ გამოწვევად რჩება მოსწავლეებს შორის ურთიერთობები, რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებზე.
♦ გართულებულია, სკოლის დონეზე, სექტორებს შორის თანამშრომლობა და საერთო ღონისძიებებში სხვადასხვა სექტორების მოსწავლეების შერეულ ჯგუფებად მონაწილეობა. არაფორმალური თუ ფორმალური განათლების ფარგლებში დაგეგმილი ინიციატივები და ღონისძიებები, რომელიც მთელი სკოლის ჩართულობას გულისხმობს, ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეების ერთმანეთთან დაკავშირებას.
♦ მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის ენა ინგლისურია, იმისდა მიუხედავად, ფლობენ თუ არა რუსულენოვანი სექტორის მოსწავლეები ქართულ ენას. ეს ტენდენცია იკვეთება რუსულენოვან განათლებაში ჩართულ ქართველი ეროვნების მოსწავლეებთან მიმართებითაც, თუ ისინი სათანადოდ ვერ ფლობენ ქართულს.
♦ იკვეთება რუსული სექტორის მოსწავლეების მცდელობა, თავი აარიდონ ქართულენოვანი სექტორის მოსწავლეებთან ურთიერთობას; იკვეთება, ასევე, სექტორის, როგორც „ერთად დგომის“ მცდელობები უთანხმოებების თავიდან ასაცილებლად ან გასამკლავებლად.
♦ მასწავლებლების დიდი ნაწილი ვერ ფლობს ინტერკულტურული გარემოს შექმნის, მრავალფეროვნების მართვის და სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეებსა თუ სექტორებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის საჭირო ცოდნასა და კომპეტენციებს.
♦ მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები არ საუბრობენ იმ სირთულეებზე, რომელიც მრავალფეროვნების მართვისა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობების კუთხით არსებობს კლასსა და სკოლაში. თუმცა, მოსწავლეები ღიად საუბრობენ იმ ინციდენტების, უთანხმოებისა თუ დაპირისპირებების შესახებ, რომელთაც ეთნიკური და ენობრივი განსხვავებები განაპირობებს.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, რუსეთის მოქალაქე მოსწავლეებისა და მათი მშობლების მნიშვნელოვანი ნაწილი სკოლის შემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს უკავშირებენ და რუსეთში დაბრუნებაზე ნაკლებად ფიქრობენ. უკრაინის მოქალაქე მოსწავლეები და მშობლები კი ქართულ სკოლაში სწავლას დროებით მოვლენად განიხილავენ და საკუთარი თუ შვილების უმაღლეს განათლებას, მეტი სიხშირით, უკრაინას უკავშირებენ. ისინი სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას ელოდებიან.
მოსწავლეები, რომლებიც საქართველოში გეგმავენ უმაღლესი განათლების მიღებას, განსაკუთრებით არიან დაინტერესებული შესაბამისი ცოდნის მიღებითა და ქართული ენის სათანადოდ სწავლით. კვლევამ გამოავლინა რეპეტიტორებთან მომზადების ინტენსიური პრაქტიკა, ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნების შესაბამის საგნებში, განსაკუთრებით კი – ქართულ ენაში. ამავდროულად, არსებობს ერთგვარი უიმედობაც, რომ ისინი ვერ შეძლებენ ეროვნული გამოცდების მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ქართული ენის არასაკმარის დონეზე ფლობის გამო. გამოსავლად მოსწავლეების ნაწილი სხვა (მეზობელ) ქვეყნებში ჩაბარებას და მობილობას განიხილავს.
ანგარიშში შეთავაზებულ რეკომენდაციებს შორის ყურადღება გამახვილებულია არაფორმალური განათლების ცენტრების, რუსეთში ავტორიზებული ონლაინ სკოლების, რუსეთის საგანმანათლებლო სისტემასთან აფილირებული ცენტრების საქმიანობის მონიტორინგის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტების შემუშავებასა და ამუშავებაზე, ასევე, ქართული ენის სწავლების ხელშეწყობაზე – არსებულ გამოცდილებასა და რესურსებზე დაყრდნობით, ქართულის, როგორ უცხო ენის სტანდარტისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება და ალტერნატიულ, არჩევით საგნად შეთავაზება იმიგრირებული მოსწავლეებისთვის; მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციების დონეთა განსაზღვრა და შესაბამისი რეალისტური პროგრამის უზრუნველყოფა, მდგრადი ენობრივი მიზნების მისაღწევად.