საზოგადოებრივ კოლეჯს, რომლის სტუდენტებსაც დღეს გაგაცნობთ, პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის 140 წელი შეუსრულდა. მისი ისტორია სათავეს იღებს მე-19 საუკუნის სამოცდაათიან წლებში, „ოლღას საბებიო სკოლიდან“ (1875-1878 წწ.), რომელიც მე-20 საუკუნის ორმოციან წლებში „მეორე სამედიცინო სასწავლებლად“ გადაკეთდა, ხოლო 2011 წელს ეწოდა საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ (ბერძნული სიტყვაა და ქართულად ყველა სენის სარგო წამალს ნიშნავს). აქ, ახლახან, წარმატებით დასრულდა რეავტორიზაციის პროცესი და კოლეჯი 5 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აგრძელებს სწავლებას: საექთნო საქმე (V დონე); ფარმაცია (სააფთიაქო, V დონე); აღმზრდელი (სკოლამდელი განათლება, V დონე); ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა (III დონე) და კბილის სატექნიკო საქმე (IV დონე). ამ პროფესიებს დღეისათვის კოლეჯის 500-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება, მათგან ყველაზე მეტი – 160 სტუდენტი საექთნო საქმეზე სწავლობს და ეს არ არის შემთხვევითი – ახალმა სტანდარტებმა, ამ სფეროში გატარებულმა რეფორმებმა, დასაქმების მაღალმა მაჩვენებელმა, დიდწილად, განაპირობა ადამიანების პროფესიული განათლებით დაინტერესება; დიდი როლი შეასრულა სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მთელი რიგი პროფესიული პროგრამების განხორციელებისათვის, მაგრამ, რაც შეეხება საექთნო საქმეს, ჩემი აზრით, ამ არჩევანს პიროვნულად გამორჩეული ადამიანები აკეთებენ, ალტრუისტები, რომელთათვის სხვისი კეთილდღეობისათვის უანგარო ზრუნვა შინაგანი მოთხოვნილებაა. ამაში „პანაცეას“ სტუდენტებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნეს.
შორენა მაისურაძისთვის საექთნო საქმით დაინტერესება კოვიდ-19-ის გამო ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა. და ექიმი ჰყავს, მედიცინის მიმართ გულგრილი არც თავად ყოფილა, მაგრამ სხვა არჩევანი გააკეთა – 2008-ში თსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა, ჟურნალისტის კვალიფიკაციით. ბევრი მცდელობის მიუხედავად, მუშაობა ვერსად ვერ დაიწყო. „ექთნობა პანდემიის პერიოდში გადავწყვიტე. მაშინ მივხვდი, რა მნიშვნელოვანი, შეუცვლელი პროფესიაა და რაოდენ საპასუხისმგებლო ფიგურაა, სწორედ ექთანი, ავადმყოფობის მართვაში. ამ კოლეჯში მეგობრების რჩევით მოვედი, ისინი უკვე სხვადასხვა კლინიკებში მუშაობენ. „პანაცეა“ არ დაუმთავრებიათ, მაგრამ ჰყავთ ჩვენი კოლეჯის კურსდამთავრებული კოლეგები, გამორჩეულად კვალიფიციურები და დაფასებულები. მეც მათ რჩევას დავუჯერე და არ ვნანობ, არაჩვეულებრივი გარემოა, ყოველმხრივ ხელს გვიწყობენ, პირველი კურსი ონლაინ გავიარეთ, მაგრამ ერთი ლექციაც არ გამიცდენია, ისეთი საინტერესო ლექციები გვქონდა“.
შორენას ავნევის საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული, სწორედ აქედან დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ეს სოფელი აღარ არსებობს, რუს ჯარისკაცებს, ჯერ მათთვის სასურველი ნივთები გამოჰქონდათ სახლებიდან, მერე კი ცეცხლს უკიდებდნენ და წვავდნენ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი ახლა ნასოფლარადაა ქცეული. მისმა ოჯახმა უვნებლად დააღწია თავი საშიშროებას და თბილისში გააგრძელა ცხოვრება, შორენამ უმაღლესი განათლება მიიღო, 4 შვილს ზრდის და ახალ პროფესიასაც ეუფლება, II კურსის სტუდენტია. წელიწად-ნახევრის განმავლობაში სხვადასხვა კლინიკაში, სხვადასხვა სფეროში გაივლის პრაქტიკას. ახლა ამერიკულ ჰოსპიტალშია, სადაც კომპლექსურ ცოდნას და გამოცდილებას მიიღებს, მერე კი, შეიძლება, უმაღლეს სამედიცინო განათლებაზეც იფიქროს, ოღონდ, ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით. შორენა, ზოგადად, იმ ადამიანების რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც მრავალმხრივი ინტერესებითა და ახალი ცოდნის შეძენის სურვილით გამოირჩევიან – სანამ ექთნობას გადაწყვეტდა, გლდანის კოლეჯში საბანკო საქმე უსწავლია. „მაშინ მივხვდი, რომ ბევრ რამეს ვიკლებთ, როცა სკოლიდან პირდაპირ უნივერსიტეტში ვაბარებთ. აქ ვერ იღებ იმ უნარ-ჩვევებს, რასაც პროფესიულ სასწავლებელში. იქაც და „პანაცეაშიც“ მთლიანად პროფესიულ სტუდენტზეა მორგებული სასწავლო გარემო, უზრუნველყოფილი ხარ ყველა საჭირო რესურსით, ადმინისტრაციისა და პედაგოგებისთვის სტუდენტის პიროვნულ განვითარებასა თუ კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა ყოველდღიურად ხელშესახებად საგრძნობია, ხელს გიწყობენ და გეხმარებიან სამსახურის დაწყებაში; ექთნებზე დიდი მოთხოვნილებაა ყველა საავადმყოფოში, ჩვენც გვთავაზობენ ექთნის დამხმარე პოზიციაზე მუშაობას, რა თქმა უნდა ანაზღაურებით. ზოგი თანხმდება სწავლის პარალელურად მუშაობას, ზოგი – არა, მეც მათ შორის ვარ, მირჩევნია ეს სამი წელი მაქსიმალურად მხოლოდ სწავლისთვის გამოვიყენო, რადგან ძალიან სერიოზულად ვუყურებ ჩემს მომავალ პროფესიას, ადამიანის მოვლა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკმაოდ რთული, საპასუხისმგებლო საქმეა და ვაპირებ კიდეც ამ პროფესიით მუშაობას, მაგრამ მხოლოდ სწავლის დასრულების შემდეგ“.
შორენას კიდევ ერთი გატაცება და ინტერესის სფერო პოლიტიკაა. ეს არცაა გასაკვირი, მას და მისნაირი გამოცდილების მქონეთ გაცილებით დიდი მიზეზი აქვთ პოლიტიკისადმი ინტერესის. პირველად პროფესიას არ ღალატობს და ხშირად ბლოგებსაც წერს.
ირაკლი თოდუა და შორენა ჯგუფელები არიან. ირაკლის სამედიცინო-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული ფსიქოთერაპევტის სპეციალობით, თუმცა პროფესიით არც მას უმუშავია, ამბობს, რომ იმ წლებში, ფსიქოთერაპია უცხო ხილი იყო და ინტერესი ამ დარგისადმი თითქმის არავის ჰქონდა, ახლა ვითარება რადიკალურად შეცვლილია.
როცა ირაკლის ასაკი გავიგე, მივხვდი, რომ სიცოცხლის განმავლობაში სწავლა პროფესიული განათლების მართლაც დიდი უპირატესობაა. ვიდრე საექთნო საქმის შესწავლას გადაწყვეტდა, სამკურნალო მასაჟის და აკუპუნქტურის კურსები გაიარა; როგორც საუკეთესო მსმენელი, ჩინეთში გააგზავნეს 3-თვიან კურსებზე, სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, წარმატებით დაასრულა, სერტიფიკატიც აიღო და მუშაობს კიდეც ამ განხრით. ექთნობა კი თურმე იმიტომ აირჩია, რომ „თუ გულის ძახილს მოუსმენ და აღმოაჩენ, რომ სხვისი დახმარების დიდი სურვილი გაქვს და ამის გაკეთება გაბედნიერებს კიდეც, ჩათვალე, რომ საქმე სანახევროდ გაკეთებულია. მეც ასე მივაგენი ჩემს მოწოდებას. მასაჟისტ-რეაბილიტოლოგისთვის საექთნო საქმის შესწავლა ნამდვილად დამატებითი, აუცილებელი პირობაა, რომ მაღალკვალიფიციური პროფესიონალი გავხდე. გამიმართლა, რომ ჩვენს პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს და მასაჟისტის კურსებიც ჩინურმა მხარემ დააფინანსა. წელიწად-ნახევარი გვაქვს იმისთვის, რომ თეორიული ცოდნა პრაქტიკით გავამყაროთ. პრაქტიკას ამერიკულ ჰოსპიტალში გავდივართ. პირველად აღმოვჩნდი რეანიმაციაში, რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ ამაზე უკეთეს პრაქტიკას სად მიიღებ. ძალიან საინტერესო იქნება სასწრაფო და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში პრაქტიკაც, ჩვენ ხომ როტაციის პრინციპით მოვიცავთ ყველა სფეროს. ახლა კარდიოლოგიურში ვართ, მერე სხვაგან გადავინაცვლებთ და ა.შ.“
ირაკლის აზრით, სამივე პროფესია, რაც მას ყოველთვის აინტერესებდა და ამიტომაც შეისწავლა, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა; ფსიქოთერაპია ძალიან ეხმარება ადამიანებთან ურთიერთობაში, მსუბუქი მასაჟებით კი მცირედი შვება არაერთ ავადმყოფს მოჰგვარა. ამბობს, რომ მათი მადლიერება ყოველგვარ დაღლას ავიწყებს და ახალი ძალებით ავსებს.
„პროფესიული განათლება, მართლაც, უმოკლესი გზაა დასაქმებისთვის. მეც შემომთავაზეს ექთნის დამხმარის პოზიციაზე მუშაობა, მაგრამ უარი ვთქვი. ორი პაციენტი მყავს, რომელთაც სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდებათ, შესაბამისად – დიდი დროც; პარალელურად, პრაქტიკა ამერიკულ ჰოსპიტალში და სისტემატური ვარჯიში – მედიცინა დაძაბული და მძიმე სფეროა, ექთანი ჯანმრთელი და ფიზიკურად ძლიერი უნდა იყოს, რომ ასეთ დატვირთვას გაუძლოს, ამიტომაც ყოველდღიური ვარჯიში ჩემი დღის რეჟიმის განუყოფელი ნაწილია.
ზოდიაქოს ნიშნით სასწორი ვარ, ბევრი საქმის ერთდროულად კეთება შემიძლია, მეუბნებიან ერთი რომელიმე აირჩიე, ბედნიერებასაც ის მოგიტანს და სიმდიდრესაცო“.
სინამდვილეში კი – ირაკლის სამივე პროფესია ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, მეოთხეც – მუსიკოსობა (ნიჭიერთა ათწლედი აქვს დამთავრებული, კოლეჯის ბენდში დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს), ადამიანისთვის ესთეტიკური სიამოვნების მინიჭება ფიზიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობაა.
შემთხვევით არაფერი ხდება. შორენამ და ირაკლიმ გულის ძახილით აირჩიეს ეს კეთილშობილური პროფესია. წინ სტუდენტობის წელიწად-ნახევარია. ეს ხანაც დასრულდება და დაიწყება რუტინული, რთული ყოველდღიურობა იმისათვის, რომ შვება მოჰგვარონ ადამიანებს, „სარგო წამლად“ გამოადგნენ თითოეულ პაციენტს.