24 ნოემბერი, კვირა, 2024

როდის გაიხსნება სკოლები?!

spot_img

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქართველოს მთავრობას მოუწევს, არის საგანმანათლებლო დაწესებულებების, პირველ რიგში კი, დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით: ჩვენი განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს, იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ სამედიცინო პროტოკოლი სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ მასწავლებლები გაივლიან რეგულარულად ტესტირებას. ასე რომ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ სკოლებში იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო.

რაც შეეხება სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელების გეგმას, ჯერჯერობით, უცვლელად რჩება და 1 თებერვალს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის, სკოლები მუშაობას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ, ხოლო დიდი ქალაქების – თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლები 1 მარტიდან გადავლენ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების რეჟიმზე, თუმცა, მათი გახსნა, პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან.

ჩვენ გვაქვს მკაფიო კრიტერიუმი. კერძოდ, შვიდი დღის განმავლობაში ინფიცირების 4%-იანი მაჩვენებელი, ანუ, თუ 1 მარტამდე ინფიცირების 7-დღიანი მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას და უფრო ადრე გახსნასაც. მკაფიოდ არის განსაზღვრული ეს კრიტერიუმი, რომელიც მომდინარეობს ჯანდაცვის სფეროდან და ცხადია, დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან.

პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას, მაგრამ, კიდევ გავიმეორებ, რომ 4%-ზე თუ ჩამოვა 7-დღიანი მაჩვენებელი, საშუალება გვექნება, რომ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გავაგრძელოთ. – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები