ახალ სასწავლო წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 32 სკოლაც კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში შეხვდა. თანაც, გურიის რეგიონშიც და ამ მუნიციპალიტეტში ვირუსი ზედ სასწავლო წლის დაწყების წინ, სექტემბერში, გამოვლინდა. ჯერჯერობით ამას ჩოხატაურში მასობრივი პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა ორ სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო — მაღალმთიანი ზოტისა და ჩხაკაურას სკოლებში ვირუსი მასწავლებლებს აღმოაჩნდათ. ამასთან, ერთ-ერთ სკოლაში მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების გამო, პირველივე დღიდან, ერთბაშად ოთხი მოსწავლე თვითიზოლაციაშია და ასევე დისტანციურად შეუდგა სწავლას იმის მიუხედავად, რომ მომდევნო დღეებში ტემპერატურა აღარ ჰქონიათ. ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე იმედოვნებს, რომ ზოტისა და ჩხაკაურას სკოლებში, 28 სექტემბრიდან, სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ამ ვირუსსაც მომზადებული შეხვდა და ზოგადად, სასწავლო წელსაც.
— როგორ შეხვდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ახალ სასწავლო წელს, ხომ არ ყოფილა რაიმე პრობლემა?
— ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სულ 32 სკოლა გვაქვს — 31 საჯარო და 1 — კერძო. 15 სექტემბერს ყველა მათგანმა დაიწყო სწავლა, ოღონდ ორ სოფელში ეს დისტანციურად მოხდა. ესენია მაღალმთიანი სოფლების — ზოტისა და ჩხაკაურას სკოლები, სადაც თითო-თითო პედაგოგს აღმოაჩნდა კორონავირუსი. მათ, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, უკვე ითხოვეს, რომ 28 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი ისევ საკლასო ოთახებში გაგრძელდეს. ორივე სკოლის ყველა პედაგოგს ჩაუტარდა ტესტირება და, საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს ეს ვირუსი არ აღმოაჩნდა. ამიტომ, დიდი ალბათობით, ზოტშიც და ჩხაკაურაშიც 28 სექტემბერს მართლაც დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს.
სხვა სკოლებს რაც შეეხებათ, 15 სექტემბერს ყველა მათგანმა ჩვეულებრივად, ყოველგვარი შეფერხებისა და დაბრკოლების გარეშე, დაიწყო სასწავლო პროცესი, რაიმე განსაკუთრებული შეფერხება და პრობლემა არ გვქონია. მხოლოდ ერთ სკოლაში იყო შემთხვევა, როცა პირველივე დღეს 4 მოსწავლეს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა. სკოლა შესაბამისი წესების დაცვით მოიქცა — მაშინვე გადაიყვანეს სანიტარიულ ოთახში, გამოიძახეს მშობლები, სამედიცინო სამსახური და ისინი, ყველა პროცედურის დაცვით, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არიან. თუმცა მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა და ბავშვები თავს ნორმალურად გრძნობენ, მერე ტემპერატურაც აღარ დაფიქსირებულა და ტესტის აღების საჭიროებაც არ დამდგარა. ისინი დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანეს და ჯერაც ასე რჩებიან, მაგრამ, ალბათ, ცოტა ხანში შემოუერთდებიან სკოლას. დირექცია ოჯახის ექიმთან ყოველდღიურ კომუნიკაციაშია, თავად სკოლასაც აქვს ექიმის შტატი, სადაც სპეციალობით ექიმი მუშაობს და ამ პროცესს აქტიურად ადევნებენ თვალყურს.
— თუ მაინც დისტანციურად სწავლობენ და არ დადიან სკოლაში, იქნებ ტესტიც ჩატარებოდათ ყოველგვარი შემთხვევითობის გამოსარიცხად!
— ვერ გეტყვით, ამას ჩვენ არ ვწყვეტთ, მაგრამ რაკი მეორე დღეს ტემპერატურა აღარ ჰქონდათ, არ მიიჩნიეს საჭიროდ ტესტის ჩატარება. ამაზე გვქონდა კონსულტაცია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთანაც და ოჯახის ექიმთანაც. სკოლამ განახორციელა ის ვალდებულებები, რაც მას კანონით ევალებოდა. როგორც გითხარით, ის ბავშვები ამჟამად დისტანციურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში.
— სხვა სკოლებშიც ხომ არ ყოფილა პრობლემები ამ კუთხით?
— არა, სხვაგან არაფერი ყოფილა. ყველა იმ მასწავლებელს, რომელიც ბოლო 12 დღის განმავლობაში ნამყოფი იყო ე.წ. „წითელ ზონაში“, ასეთი კი, უპირველესად, აჭარა იყო, ჩავუტარეთ ტესტირება და თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ მაშინ აღმოჩნდა ის ორი შემთხვევაც. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ სასწავლო პროცესის დაწყებამდე მოხდა მასწავლებელთა შემოწმება და ეს პროცესი არ გაგვეპარა. არადა, ორივე მათგანი თავს მშვენივრად გრძნობდა, არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. ამასთან, მადლობა გადავუხადე ორივე სკოლის დირექციასაც, რადგან მასწავლებლები ყველა პროცედურის დაცვით იმყოფებოდნენ სკოლაში, ანუ ეკეთათ პირბადეები. ზოტელი პედაგოგი ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სკოლაში, მაგრამ იქ პირბადე არ მოუხსნია, აი, მეორე შემთხვევაზე კი ცოტა ვნერვიულობდი — პირბადე მათაც ეკეთათ, მაგრამ თათბირი ჩაატარეს, ფართი კი შედარებით პატარაა და 25 მასწავლებელი დისტანციაზე ვერ განლაგდებოდა. ამიტომ, საბოლოო პასუხის მიღებამდე, საკმაოდ ვინერვიულე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ პირბადეებმა გადაგვარჩინა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ყველამ, უპირველესად კი მასწავლებელმა, შეასრულოს ის რეგულაციები, რაც შენობაში ყოფნის დროსაა საჭირო. მადლობა ღმერთს და მადლობა მათ, რომ ეს რეგულაციები დაიცვეს, თორემ ბევრი პედაგოგი გვეყოლებოდა დაინფიცირებული.
— სულ რამდენი ტესტი ჩატარდა რაიონში?
— თავდაპირველად — 55, იმ მასწავლებლებთან, რომლებიც აჭარაში იმყოფებოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვირუსის მატება ქუთაისშიც დაიწყო, ჯანდაცვამ იქ ნამყოფებსაც აუღო ტესტები. საბედნიეროდ, ორის მეტს არ აღმოაჩნდა ვირუსი. ისინიც თავს კარგად გრძნობენ და დაავადება რთულად არ მიმდინარეობს, სისტემატურად ვეკონტაქტებით. ორივე მათგანი ბათუმს უკავშირდება, ერთი — იმ ქორწილს. ამჟამად ორივე მათგანი საჩხერეშია. თავად სოფლებშიც ჩატარდა შემოწმება და, საბედნიეროდ, იქაც თითო სოფელში მხოლოდ თითო მაცხოვრებელს დაუდასტურდა ვირუსი — ერთ შემთხვევაში ეს ჩვენი მასწავლებლის კარის მეზობელია, მეორე შემთხვევაში — მასწავლებლის მეუღლე. ერთი სიტყვით, სულზე მივუსწარით და დროულად ჩავატარეთ ტესტირება, თორემ ვირუსი სოფლებშიც მალე გავრცელდებოდა.
თუმცა, ამის მიუხედავად, ძალიან კი ვფრთხილობთ და ვცდილობთ, რაიმე პროცედურა არ დაირღვეს. ამ ორმა შემთხვევამ სხვა სკოლები კი გაანერვიულა, მაგრამ, გამოაფხიზლა კიდეც და ცდილობენ, ყველა რეკომენდაცია ზუსტად დაიცვან. ბავშვების თერმოსკრინინგი ორჯერ ხორციელდება — პირველად, როცა სკოლის ტრანსპორტში ადიან, მძღოლი უმოწმებთ სიცხეს (ყველა მათგანს აქვს ეს აპარატი), მეორედ კი უკვე სკოლაში შესვლისას უზომავენ ტემპერატურას.
მთელი ზაფხულის განმავლობაში ვმუშაობდით იმისთვის, რომ სანიტარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად მოწესრიგებულიყო — მძღოლებსაც კი ჩავუტარეთ ტრენინგები, როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვებთან ურთიერთობისას, დავურიგეთ თერმოსკრინინგის აპარატები, სკოლებს გადავეცით დეზობარიერები, სადეზინფექციო სითხეები თავისი კონტეინერებით, სიცხის საზომი აპარატები და სხვა, რაშიც ძალიან დაგვეხმარა ადგილობრივი ხელისუფლება, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. საბედნიეროდ, ჩვენი შრომა დაფასდა და ყველა სკოლა სტანდარტებთან შესაბამისობაშია. ეს დაადასტურა კიდეც მონიტორინგმა. ყველამ დადებითი შეფასება მიიღო. მიხარია, რომ ამ შრომამ შედეგი გამოიღო, ოღონდ თვითკმაყოფილებას არ მივცემივართ, რომ არაფერი გამოგვეპაროს, თითქმის ყოველდღე გავდივართ სკოლებში შემოწმებებზე და ვაკვირდებით ამ პროცესს. ღვთის წყალობით, ჯერჯერობით, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც იმდენად მონატრებული ჰყავდათ ერთმანეთი, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა არ გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმში. ცხადია, ყველას ურჩევნია, იყვნენ საკლასო ოთახში ერთმანეთის პირისპირ, იყოს ცოცხალი ურთიერთობა და არა — დისტანციური.
— ქვენობნის სკოლაში რა მდგომარეობაა, იქ ხომ არაფერი გამოვლენილა?
— საბედნიეროდ, იქაც არაფერი არ ყოფილა. ქვენობანი იყო პირველი სოფელი ჩვენს მუნიციპალიტეტში, სადაც ვირუსი დაფიქსირდა, აღმოაჩნდა ბათუმიდან ჩამოსულ სტუდენტს და მისგან მეზობლის ჩვილ ბავშვს გადაედო, სკოლაში კი არაფერი გამოვლენილა. იქაც ჩატარდა მოსახლეობის მასობრივი ტესტირება, მაგრამ იმ ორის გარდა, სხვა შემთხვევა არ გამოვლენილა.
ერთი სიტყვით, ფრთხილად თუ ვიქნებით და ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით დავიცავთ, ვფიქრობ, მწვავე პრობლემები არ გვექნება. ამაში მშობლების როლიც უდიდესია, თუმცა ამ კუთხით უფრო გვიჭირს, რადგან ბევრი მათგანი ბათუმში მუშაობს. სკოლების დირექციას ასეთ მშობლებთანაც აქვს კომუნიკაცია, რათა ყველამ ერთად დავიცვათ თავი. ვიმეორებ — მშობლის როლი უდიდესია, მხოლოდ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებელი და საგანმანათლებლო სისტემა ვირუსს ვერ მოერევა, ყველამ ერთად ხელიხელჩაკიდებულმა ჩვენზე დაკისრებული მოვალეობა და პასუხისმგებლობა პირნათლად უნდა შევასრულოთ.
— საჭიროება რომ ყოფილიყო, დისტანციური სწავლებისთვის რამდენად იყავით მზად?
— განათლების სამინისტრო ამისთვისაც ემზადებოდა. გვაქვს სათანადო პროგრამა, რომელშიც გარკვეული ცვლილებები შევიდა, როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმაში. რაც მთავარია, ყველა სკოლაში მომზადდა ისეთი მასწავლებელი, ვინც დისტანციური სწავლებისას რაიმე ხარვეზის შემთხვევაში მშობელს დაეხმარებოდა, რომ ბავშვი პრობლემის გარეშე ჩართულიყო სასწავლო პროცესში. იმედია, არ დაგვჭირდება დისტანციურზე გადასვლა, მაგრამ ამისთვისაც მზად ვართ.
— თქვენი აზრი როგორია დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებით? საზოგადოების გარკვეული ფენა ფიქრობს, რომ აჯობებს, სამსახურების ნაწილი საერთოდ დისტანციურზე თუ გადავა.
— არის თემები, სადაც დისტანციური პლატფორმის გამოყენება აუცილებელია და მიზანშეწონილი. რა თქმა უნდა, ორივე მოდელი უნდა არსებობდეს. როგორც ცოცხალი ურთიერთობაა, აუცილებელი, ასევე საჭიროა დისტანციური მოდელი, უფრო სწრაფად ვამყარებთ ერთმანეთთან ურთიერთობას. ჩვენ შემთხვევაში, გვაქვს სკოლები, რომლებიც დაბიდან 40 კილომეტრითაა დაშორებული და ამ პლატფორმის გამოყენება სასწრაფო საკითხების განსახილველად უფრო მადგება, ვიდრე — ცოცხალი ურთიერთობა.
— ასეთი შორეული და მთიანი რეგიონების სკოლები ტექნიკურად არიან მზად მსგავსი ურთიერთობისთვის?
— ინტერნეტი ყველა სკოლაში გვაქვს, თუმცა არის რამდენიმე სოფელი, სადაც თავად ინტერნეტის დაფარვის ზონაა ნაკლები და სიძნელეები ამან შეგვიქმნა. მაგალითად, გაგვიჭირდა ზემოსურების, შუასერების, ჩხაკაურას სკოლებში, რადგან იმ სოფლებში ინტერნეტი არ იჭერს კარგად, მაგრამ თავად სკოლებში ეს პრობლემა მოგვარებულია. ამიტომ მათთან გაგვიჭირდა მაშინ, როცა დისტანციურად ვმუშაობდით, შენობაში შესვლა არ შეგვეძლო და სახლებში იყვნენ, თუმცა სკოლებში რომ შევიდნენ, ეს პრობლემაც მოგვარდა. სამაგიეროდ, იმ პერიოდში შეგვეშველა ტელესკოლა, რაც ძალიან კარგი პლატფორმა იყო სწორედ ჩვენნაირი მაღალმთიანი სკოლებისთვის.
— ინვენტარის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მხრივ ხომ არ ყოფილა სიძნელეები?
— აბსოლუტურად უზრუნველყოფილია ყველა სკოლა. ამდენი სახელმძღვანელო, ალბათ, არც კი გვქონია. თუ მაინც ბავშვს დააკლდება რაღაც ხარვეზის გამო — ვთქვათ, ბაზაში არასწორად იყო აღრიცხული, ამისთვისაც მზად ვართ, ადგილზე გვაქვს მარაგი. სკოლებში ყველა ინვენტარი გადაცემულია, გაახლებულია, კომპიუტერებიც დარიგებულია და შეიძლება ითქვას, ამ კუთხით ფორმაში ვართ.
— მუნიციპალიტეტში რამდენადაა დანერგილი სწავლების ისეთი თანამედროვე მეთოდი, როგორიცაა ვიდეოთეკები, რაც დასავლეთში, კარგა ხანია, ჩვეულებრივი ამბავია?
— სულ რამდენიმე დღის წინ მწვრთნელთა შეხვედრა გვქონდა, გიფსის პროგრამაში ჩავერთეთ, რომლის მონაწილეც ვართ, და პირველი ონლაინლექციაც მოვისმინეთ. ეს შესანიშნავი პლატფორმაა.
— დღეს გარდამავალ ეტაპზე ვართ, როცა უშუალოდ ჩვენ ვამკვიდრებთ ცხოვრებაში თანამედროვე სკოლის მოდელს. ამასთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნა ხომ არ გექნებათ? იქნებ ხედავთ რამეს, რისი გაკეთებაც უკეთ შეიძლება?
— პანდემიამ ხელი თუ შეგვიშალა, ეგრეთ წოდებული ქოუჩების ადგილზე მისვლა, რომლებმაც უნდა გადაამზადონ კადრები, ძალიან გაძნელდება. ვფიქრობ, ახალი სკოლის მოდელის შემთხვევაში ცოცხალი ურთიერთობა, სკოლებში მისვლა და მასწავლებლებთან უშუალო კონტაქტი აუცილებელი იქნება. იმედია, ეს დიდხანს არ გაგრძელდება და ამ პროცესს ხელს არ შეუშლის.
— ახალი სკოლის მოდელი რესურსცენტრების როლის გაზრდასაც ითვალისწინებს. მაინც — რა კუთხით?
— სწორედ ამ კუთხითაც მიმდინარეობს ამ პროცესებში ჩვენი ჩართვა, ანუ რაც ევალებათ ქოუჩებს, მათთან ერთად ჩვენც გვქონდეს სრული ინფორმაცია და ყველანაირი შესაძლებლობა, დავეხმაროთ ახალ სკოლებს. რესურსცენტრების როლი ამ კუთხით გაიზრდება, შემდეგ კი, ალბათ, პროცესები დაგვანახვებს მომავალ საჭიროებას, როცა ყველაფერი დალაგდება.
— ანუ საქმე იქით მიდის, რომ რესურსცენტრი იყოს ადგილზე პროცესების წარმმართველი?
— უფრო ხელისშემწყობი — ვფიქრობ, ასე შეიძლება ითქვას.
— დაბოლოს სპორტი, როგორც ახალი სკოლის მოდელის და ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტი. ამ კუთხით სერიოზული პრობლემები აქვთ თბილისის დიდ სკოლებსაც კი, რომლებსაც არა აქვთ სპორტული დარბაზები… ამ მხრივ რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში — არის თუ არა საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინვენტარი, გყავთ თუ არა სპორტის გადამზადებული პედაგოგები, რამდენად აქტიურია სპორტული ცხოვრება სკოლებში?
— სკოლებს, სადაც კი გვქონდა სპორტული დარბაზი, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ყველას ჩაუტარა რეაბილიტაცია, როცა ჯერ კიდევ მის უფლებამოსილებაში შედიოდა ამის მოწესრიგება. მახსოვს, რამდენიმე წლის განმავლობაში ეს მათი მთავარი პრიორიტეტი იყო და მაშინ მთლიანად დაფარეს ჩვენი ზონა.
სამწუხაროდ, ყველგან არაა დახურული სპორტული დარბაზი. რამდენიმე სოფელში მოეწყო ღია ბაზა, სადაც სავალალო მდგომარეობა იყო. თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი სოფლებიც, სადაც სპორტული ბაზის პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას. ძირითადად, ეს პატარა სკოლებია, რომელთა შენობებშიც თავის დროზეც არ იყო გათვალისწინებული დახურული სპორტული დარბაზი.
გვყავს სპორტის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაში ჩართული კადრებიც და ძალიან აქტიური პედაგოგებიც. გურიის მასშტაბით, სპორტულ ოლიმპიადებში რამდენჯერმე გავსულვართ პირველ ადგილზე სხვადასხვა სახეობებში. თუ არ ვცდები, სამჯერ ვიყავით რეგიონული გათამაშების გამარჯვებულები და ფინალურ ეტაპებშიც ვმონაწილეობდით, საქართველოს მასშტაბით. მართალია, ფინალში არასოდეს მოგვიგია, მაგრამ რეგიონულ დონეზე გვაქვს წარმატებები.
ესაუბრა ირაკლი თავაძე