22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

როგორც არასდროს, ერთიანობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია

spot_img

გვესაუბრება პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი

 

✅ ბატონო გიორგი, როგორ აფასებთ საქართველოში შექმნილ დღევანდელ ეპიდვითარებას?
♻️ საქართველოში ძალიან მძიმე ეპიდვითარებაა. ვირუსის გავრცელება იმდენად სწრაფად ხდება, ეპიდემიის მართვა უკონტროლოა. ვერ ხერხდება კლასტერების დადგენა. წითელი ხაზი საქართველომ პრაქტიკულად უკვე გადალახა.
ხელისუფლებას ქვეყანაში კარანტინის გამოცხადებისკენ ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოდან მოვუწოდებდი. ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, მეორე ტალღის გამოწვევა თავისთავად მოსალოდნელი იყო. ხალხი დაიღალა ვირუსის გავრცელების პირველი ტალღის დროს, დაივიწყა მისი არსებობა და დროზე ადრე, ყველამ ერთად, „ავიშვით“. განსაკუთრებით ეს მოხდა ზაფხულში და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. იყო შეხვედრები, ქეიფები, ქორწილები, „კოვიდ ფართები“… და ა.შ. მეცნიერული გათვლებით, კალკულაციით, მეორე ტალღის დაწყება მოსალოდნელი იყო ოქტომბრის ბოლოს, თუმცა ეს გაცილებით ადრე მოხდა (პრაქტიკულად 24 აგვისტოდან).
ზოგადად, ვირუსული ინფექცია არ არის „ჭკვიანი“, ის ძალიან პრიმიტიულად მოქმედებს. თუ მას გამრავლების საშუალებას მისცემ – გამრავლდება, თუ შეუშლი ხელს – გამრავლებას შეწყვეტს. შესაბამისად, კოვიდი ვირუსული ინფექციაა და ის წერტილოვანი ზომები, რომელიც მის შესაჩერებლად საქართველოშია მიღებული არასაკმარისია. თუ   ჩავიკეტებით და ყველანი თვითიზოლაციაში გადავალთ, ვირუსის გადაცემა შეწყდება და ორ-სამ კვირაში ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვირუსი აქტიურად გამრავლდება და მთელ ქვეყანას მოიცავს.
✅ რას უნდა ველოდოთ, თუ არ ჩაიკეტა ქვეყანა და არ გადავედით თვითიზოლაციაში?
♻️ ვირუსს თავისი ტრაექტორია აქვს, უნდა დააინფიციროს ადამიანების მაქსიმალურად დიდი რაოდენობა და მიაღწიოს პიკს. ის გამრავლდება მანამ, ვიდრე „ხედავს“ ვინმე არაინფიცირებულს. პრაქტიკულად ის ეძებს ადმიანს, რათა შეაღწიოს მის ორგანიზმში და მოკლას იგი. კიდევ ერთხელ ვამბობ – ვირუსი „უჭკუოა“, მარტივად ფიქრობს, როგორ დაიპყროს ადამიანის ორგანიზმი. თუ დროულად არ მივიღებთ შესაბამის ზომებს, ვირუსი არ გაჩერდება, გამრავლდება და მოსახლეობის 70 პროცენტს დააინფიცირებს, რაც სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს.
✅ თქვენ ამბობთ, რომ კოვიდ-19 უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე აქამდე იყო, თუმცა უკვე ძალიან ბევრ პაციენტში ვირუსი თითქმის უსიმპტომოა, რას გულისხმობთ მის სიძლიერეში?
♻️ ჩვენ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით ვირუსის შესახებ. ჯერ მხოლოდ ვარაუდებია. ვიცით, რომ კოვიდი ვერაგი ვირუსია, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება. ვირუსი გაძლიერდა, ნიშნავს იმას, რომ შეცვალა სტრატეგია, განიცადა მუტაცია. აქამდე თუ მისი მიზანი იყო დაინფიცირებული ადამიანის სიკვდილი, ახლა მისი უმთავრესი ამოცანა დიდი რაოდენობის დაინფიცირებაა. ამას ადასტურებს დღევანდელი სტატისტიკა, ვრცელდება მარტივად, მაგრამ ნაკლებად მომაკვდინებელია (მაგ.: თუ რეანიმაციაში მოხვედრილი 10 ადამიანიდან 7 იღუპებოდა, ახლა ეს ციფრები საპირისპიროდ შეიცვალა), მაგრამ საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ახალი სტრატეგიით ვირუსი ძალიან ფართო მასებზე გადის და რეანიმაციაში მოხვედრილ ადამიანთა რაოდენობაც შესაბამისად საკმაოდ დიდია.
ფაქტია, რომ ვირუსი აგრესიული აღარ არის, თუმცა მსოფლიოში სხვადასხვა ტიპის ვირუსების ცირკულაციაა. ამათგან ნაწილი აგრესიულია და შესაბამისად, მაღალია სიკვდილიანობა, ნაწილი კი – ნაკლებ აგრესიული. ნებისმიერი ვირუსი გადის მუტაციას და ეს ნორმალური პროცესია. თუ რა იქნება ორი თვის შემდეგ არავინ იცის, მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. ფაქტია, დღეის მდგომარეობით, ვირუსი უფრო ბევრ პოპულაციაში ჯდება და შესაბამისად, 90 პროცენტი ადამიანების საერთოდ უსიმპტომოა, თუმცა მაინც გადამდები. მაგრამ იმ ათი პროცენტიდან, რომელთაც გამოხატული სიმპტომები აღენიშნებათ, 3-5 პროცენტს რეანიმაციული მკურნალობა ესაჭიროება. მაგალითისთვის, ადრე თუ გვყავდა 1000 ინფიცირებული 100 საავადმყოფოში და აქედან 70 გარდაცვლილი, ახლა გვყავს 50 000 კოვიდინფიცირებული 5000 ჰოსპიტალში და 250 გარდაცვლილი.
✅ რაში ხედავთ გამოსავალს, რა უნდა გაკეთდეს ვირუსთან საბრძოლველად, გვაქვს ამის რესურსი?
♻️ ვირუსი ძალიან ცვალებადია. ის, რაც სამი თვის წინ კარგად მუშაობდა, დღეს არაეფექტურია. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ვირუსთან საბრძოლველად, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, ერთ დღეში ან ერთ საათშიც კი. მეორე, ალბათობა იმისა, რომ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების დროს შეცდომას დაუშვებ, ძალიან დიდია და მისაღები. არ უნდა ეშინოდეს გადაწყვეტილების მიმღებს იმის, რომ ეს ყველაფერი უკან დაუბრუნდება. მესამე, როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეების მხრიდან მიმღებლობა იმისა, რომ შეცდომები იქნება, უნდა იყოს ძალიან დიდი. სახელმწიფოს სწრაფ გადაწყვეტილებებს არ უნდა მოჰყვეს საზოგადოების დიდი კრიტიკა, ამის გამო არ უნდა დავჭამოთ ერთმანეთი. შეიძლება შეცდომებიც დაუშვან, მაგრამ სხვანაირად წინ ვერ წავალთ. ვითარება გახდება სრულებით უმართავი და ვირუსი მოედება მთელ ქვეყანას, რაც გამოიწვევს, დღეში, 100-ობით ადამიანის გარდაცვალებას.
პანდემიის პირველი ტალღის დროს გაგვიმართლა, რომ პოლიციამ ძალიან კარგად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა. ჯანდაცვის საყოველთაო რეფორმის შედეგად, ძალიან ბევრი რეანიმაციული საწოლები გაჩნდა ქვეყანაში. მეორე ტალღა შეიძლება უფრო იოლად გადავიტანოთ, თუ ჩვენ ეფექტურად გამოვიყენებთ არსებულ რეანიმაციულ საწოლებს.
✅ არის თუ არა საჭირო საყოველთაო ტესტირება?
♻️ ტესტები, რომელიც მსოფლიოში გვაქვს, სამწუხაროდ, არც ერთი 100%-იანი სიზუსტის არ არის. სწრაფი ტესტების ალბათობა 50-60%-ია. PSR ტესტში კი, ბევრი შეცდომის ალბათობაა. საყოველთაო ტესტირებამ საქართველოში აზრი დაკარგა იმიტომ, რომ ჩვენ უკვე გადავლახეთ წითელი ხაზი.
ძალიან მარტივად გეტყვით – საქართველოში ყველა ადამიანს უნდა შევხედოთ, როგორც პოტენციურ კოვიდ ინფიცირებულს. შესაბამისად, ამაზე უნდა ავაგოთ ყველა თავდაცვითი მექანიზმი. თუ ყველა მკაცრად დაიცავს იზოლაციის და თვითიზოლაციის წესებს და არსებულ რეკომენæაციებს, ვირუსის შეჩერებას აუცილებლად შევძლებთ.
აი, სად გვაქვს ჩვენ პრობლემა. თუ სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ყველა ადამიანი არის პოტენციური კოვიდპოზიტიური, შესაბამისად, ყველა რეგულაცია ამის მიხედვით ამოქმედდება. ჩვენ ვიცით, რაც სჭირდება ვირუსს. კოვიდი 24 დღეში მიდის! ამიტომ დავკეტოთ ქვეყანა, გადავიდეთ ყველანი თვითიზოლაციაში და 24 დღეში ვირუსის გადაცემა შეწყდება. 24 დღის შემდეგ კი, ისევ აგრესიულად დავუბრუნდეთ პირველ სტრატეგიას, როცა კლასტერებს ვებრძოდით. ახლა კლასტერი აღარ გვყავს და როცა კლასტერი იკარგება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეპიდემია გენერიზებულია.
თქვენი შეფასებით, როგორ უმკლავდება პანდემიას ქართული საგანმანათლებლო სისტემა? დისტანციური სწავლების მიმართ საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას არ კარგავს.
ვინაიდან სხვადასხვა უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორი ვარ და ვასწავლი, მაქვს ურთიერთობა უცხოელ კოლეგებთან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. როცა ვირუსის პირველი ტალღის დროს, განათლების სისტემა შეფასდა, ყველანი ერთხმად ვამბობდით, რომ სწავლის დონე მთელ მსოფლიოში საგრძნობლად დავარდა. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც განათლების სისტემა და ტექნოლოგიები გამართულია. ყველა სასწავლო დონეზე – სკოლებში, კოლეჯებში, უნივერსიტეტებში ჩვენ სერიოზული ჩავარდნა გვაქვს მსოფლიოს მასშტაბით. უნდა ითქვას, რომ 2020 წელი, ეს არის განათლების ეპიდემია და სრული კრახის დასაწყისი. თუ, რა თქმა უნდა, დროულად არ შევაჩერეთ ვირუსის მძვინვარება.
ხარისხიანი განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები, მართალია, ძალიან დაზარალდნენ, მაგრამ არის მეორე მხარე. ბევრი ქვეყანა მოემზადა მეორე ტალღისთვის, კეთდებოდა კალკულაციები და უყურებდნენ რისკებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოსცა რეკომენდაცია, რომ ბავშვები სკოლაში წასულიყვნენ, რადგან მათი დაინფიცირების რისკი უფრო ნაკლებია. მაგრამ ამ რეკომენდაციებში იყო მთავარი მითითება – ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა ყოფილიყო სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული. ასევე უნდა ჩატარებულიყო მასწავლებლების რეგულარული ტესტირება. სასწავლო დაწესებულებებში ვირუსის ყველაზე დიდი გავრცელების ადგილი სველი წერტილებია – ტუალეტები (რომელიც უნდა იყოს დიდი, მუდმივად სუფთავდებოდეს, ჰქონდეს ვენტილაცია და, რაც მთავარია, იყოს ყველა ჰიგიენური საშუალება) და სასადილო. თუ ეს ორი ადგილი სასწავლო დაწესებულებაში სათანადოდ მოწესრიგებული არ არის, მაშინ ასეთი სკოლა საერთოდ უნდა დაიხუროს. აქ უკვე საუბარიც აღარ არის ინტერნეტიზაციასა და სათანადო ტექნიკით აღჭურვაზე. ნაჩქარევმა და არასტრატეგიულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. ჯანმრთელობა აუცილებლად პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ. ქვეყანაში შექმნილი მწვავე ეპიდომიëლოგიური ვითარების ფონზე, სკოლების და უნივესიტეტების გახსნის სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რადგან ამისთვის მზად არ ვართ.
✅ შესაძლებელია თუ არა საქართველოში მოხდეს რეინფიცირება და მოსალოდნელია თუ არა მესამე ტალღა?
♻️ ამ საკითხს ვუყურებ გლობალურად. იმ ქვეყნებში, სადაც პირველი ტალღა ძალიან ძლიერი იყო (იტალია, საფრანგეთი, აშშ…) წამოვიდა არამეცნიერული სიგნალები, რომ რაღაც ხდებოდა, თუმცა, ამ დროს, რეინფიცირებას ყურადღებას არავინ აქცევდა, რადგან ეპიდვითარება უმძიმესი იყო. 12 ოქტომბერს, ლონდონში, ჟურნალ „ლანცეტში“, დაიბეჭდა პირველი მეცნიერულად დამტკიცებული კვლევა 2 რეინფიცირების შესახებ. ეს იყო პირველი სიგნალი, რომ რეინფიცირება შესაძლებელია. მანამდე მეც არ მჯეროდა, მეგონა, თუ ერთხელ მოიხდიდი ვირუსს, ამით ყველაფერი დამთავრდებოდა. სამწუხაროდ, რეინფიცირების შესახებ, 12 ოქტომბრის შემდეგ წამოვიდა უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნიდან (საფრანგეთი, შვეიცარია, ჰოლანდია, აშშ, კორეა და ა.შ.). ევროკავშირის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა დაბეჭდეს პროტოკოლი – როგორ უნდა გამოვლინდეს რეინფიცირება და რეკომენდაციები, სადაც წერია, რომ რეინფიცირება ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა არსად წერია, რომ არ არის შესაძლებელი. ვინაიდან ვირუსი ახალია და ჯერ მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით, ამიტომ მხოლოდ მეორე ტალღის დროს დავინახეთ რეინფიცირებული ადამიანები.
ვინაიდან საქართველოში, პრაქტიკულად, პირველი ტალღა არ გვქონია, რეინფიცირების საშიშროება მეორე ტალღის დროს არ არის, მაგრამ ეს საშიშროება შეიძლება მესამე ტალღის დროს იყოს, რომელიც გარდაუვალია. ჩვენ ასევე გვაქვს კვლევები, რომელიც გვეუბნენა, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ანტიგენი 5-6 თვის განმავლობაში რჩება, 5 თვის შემდეგ კი, თქვენ იმუნიტეტს კარგავთ.
მეცნიერულად კოვიდინფიცირებულად ითვლება ადამიანი 14-დან 24 დღემდე. სიმპტომების გამოვლენიდან 24 დღე უნდა დავთვალოთ, ვაკონტროლოთ ტემპერატურა, ჟანგბადის რაოდენობა ორგანიზმში და სუნთქვა. ამ ვირუსის სისასტიკე ის არის, რომ სწრაფი გართულება ახასიათებს, უსიმპტომო პაციენტებშიც კი. 24 დღე კოვიდპაციენტი მაქსიმალურად ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. 24 დღის შემდეგ თქვენ ხართ იმუნური და დაცული 5-6 თვე. მოხდება თუ არა რეინფიცირება, ეს არავინ იცის. მცირე კვლევების თანახმად, პოსტკოვიდური რეინფიცირების დროს მდგომარეობა უფრო კრიტიკულია. ასე რომ, თუ კოვიდი გადაიტანეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „კოვიდ ფართი“ უნდა მოაწყოთ.
✅ დამეთანხმებით, ალბათ, რომ კოვიდ ინფიცირების მოლოდინი ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე. არსებული სტრესული სიტუაციიდან გამომდინარე, როგორი შეძლება იყოს პოსტკოვიდური ეტაპი?
♻️ იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც უსიმპტომო კოვიდ პაციენტები არიან ან მათ ორგანიზმში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, უჩნდებათ პოსტკოვიდური სიმპტომები. ზოგადად, ყველაზე დიდი ჩავარდნა გვაქვს მენტალურ ჯანმრთელობაში, რომელიც ერთ-ერთი რთული საკითხია. აშშ-ში უკვე დაიწყეს პოსტკოვიდური კლინიკების გახსნა. იმ ქვეყნებში, სადაც პირველი ტალღა უმძიმესი იყო, პოსტკოვიდური კლინიკების გახსნის საკითხი დადგა. ვფიქრობ, საქართველოშიც უნდა ვიფიქროთ მსგავსი კლინიკების გახსნაზე, სადაც ძირითადი დატვირთვა მენტალურ ჯანმრთელობაზე იქნება. ამას ისიც ემატება, რომ იმ ადამიანებსაც, ვისაც არ გადაუტანია კოვიდი, უვითარდებათ ზოგადი დეპრესიული ფონი. „ლოკდაუნის“ პერიოდში, როცა ადამიანი არ არის ინფიცირებული, მაგრამ აქვს შიში და უყურებს ძალიან დიდ სიკვდილიანობას, თავისთავად ფსიქოლოგიურად იძაბება და ის მცირე მენტალური პრობლემები, რომელიც მანამდეც არსებობდა, რა თქმა უნდა, მძაფრდება. ვფიქრობ, მომავალში ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს პოსტკოვიდურ პაციენტებთან ძალიან დიდი სამუშაო ექნებათ ჩასატარებელი.
✅ მსოფლიო ვაქცინის მოლოდინშია, რეალურად, ახლო მომავალში, არის თუ არა შესაძლებელი კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცება?
♻️ ვაქცინების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ვარ და მიხარია, რომ ერთადერთი ქართველი ვარ, რომელმაც თებერვლის თვეში, 8 ადამიანთან ერთად, მონაწილეობა მივიღე ახალი ვაქცინის (პნევნოკოკური ვაქცინა) დამტკიცებაში. ჩემთვის დიდი მიღწევაა ასეთ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობა. მე, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის მომხრე ვარ და იმედი მაქვს ეფექტური ვაქცინა მალე გვექნება. ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ბაზარზე ნაჩქარევი ვაქცინის გამოჩენა. თუ ნაჩქარევი ვაქცინა მოსახლეობის სიკდილიანობას გამოიწვევს, საზოგადოების დიდი ნაწილი არა თუ კოვიდვაქცინას, სხვა ვაქცინებსაც უნდობლობას გამოუცხადებს.
ადამიანებისთვის ფუჭი იმედების მიცემის წინააღმდეგი ვარ. როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, რომ ეს ვაქცინა ეფექტურია, მაშინ მე ვიქნები პირველი, რომელიც მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ გაიკეთონ ახალი ვაქცინა. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, მსოფლიო ფარმა კომპანიების მხრიდან, მხოლოდ ფინანსური მანიპულაცია ხდება. რუსული, ჩინური, მედენა და ფაიზერი ყველა ახალი ტიპის ვაქცინაა, რომელიც ჯერ არ არის დატესტილი.
დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, ეფექტური ვაქცინა არ გვაქვს!
✅ რას ურჩევთ მასწავლებლებს?
♻️ პედაგოგები ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდíენ, ერთი მხრივ, კოვიდ ინფექციის შიში აქვთ, ხოლო მეორე მხრივ – სწავლის ახალ მეთოდში არსებული ხარვეზების წარმოქმნის. პრობლემას გლობალურად უნდა შევხედოთ და თვალი გავუსწოროთ. ჩემს კოლეგებს, მასწავლებლებს ვურჩევ, ხშირად შეხვდნენ ერთმანეთს დისტანციურად, დაეხმარონ ახალი გამოცდილებებისა და ცოდნის გაზიარებაში, რაც მათ განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთს წინააღმდეგობების დაძლევაში დაეხმარონ. შიში და პრობლემა სირცხვილი არ არის. მთავარია, ეს პრობლემა არ დავმალოთ და მივცეთ უფლება სხვას, დაგვეხმაროს წინსვლაში. როგორც არასდროს, ერთიანობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
✅ რა არის თქვენი მთავარი რეკომენდაციები, როგორ დავიცვათ თავი ახალი ვირუსისგან?
♻️ ძალიან რთულია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, არ ვინერვიულოთ, რადგან ნერვული სისტემა არის სწორედ ის, რომელიც ჭამს ჩვენს იმუნურ სისტემას. თუ როგორ, ამას მარტივად გეტყვით – კოვიდი ახალი ვირუსია, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი არ იცნობს, თუმცა ორგანიზმმა იცის, რომ ეს ძალიან ცუდი და საშიში ვირუსია, ამიტომ, როცა ის ჩვენს სხეულში შემოდის, ჩვენს ორგანიზმს აქვს საშინელი რეაქცია. იმის მაგივრად, რომ ესროლოს ერთი „თოფი“, ის ვირუსს „ატომურ ბომბს“ ესვრის, რის შედეგადაც ნადგურდება ორგანიზმში არსებული კარგი უჯრედები და იმუნური სისტემა. რამდენიმე თვე გავიდა და ბოლომდე ჯერ კიდევ არ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ არ ვიცით კოვიდის გრძელვადიანი შედეგები. ვიცით ის, რომ კოვიდი ურტყამს იქ, სადაც ჩვენი იმუნური სისტემა არ მუშაობს და დაუცველია. ამიტომაც არის კოვიდი განსაკუთრებით საშიში ონკო და ყოფილი ონკოპაციენტებისთვის, სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისა და ხანდაზმულებისთვის. კოვიდის დროს ადამიანი თანხლებითი დაავადებით კვდება, რადგან კოვიდი აძლიერებს ამ დაავადებას.
ჩემი რჩევა იქნება, პირველ რიგში, გააძლიეროთ იმუნიტეტი, ნაკლებად ინერვიულოთ, რაც შეიძლება ბევრი, 30-40 წუთი მაინც, იარეთ ფეხით, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე – პირბადით (პირბადე გამოიყენეთ ქირურგიული). უნდა მიირთვათ ჯანსაღი პროდუქტი – ხილი და ბოსტნეული, ცოცხალი სახით. ყოველდღიურად, მინიმუმ, 5 დასახელების სხვადასხვა ჯანსაღი პროდუქტი. მაგალითად – კიტრი, პომიდორი, ხახვი, ვაშლი, ფორთოხალი. კვების რაციონში შეამცირეთ მარილის და შაქრის მოხმარება, მიიღეთ D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა. სვით ბევრი სითხე/წყალი. დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია. ხშირად გაანიავეთ ოთახები, რადგან ჩაკეტილ სივრცეში, ყოველ 10 წუთში, დაინფიცირების რისკი იზრდება. რეგულარულად დაიბანეთ ხელები, შეამცირეთ თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება. უყურეთ რაც შეიძლება მეტ პოზიტიურ გადაცემას, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
ესაუბრა მაკა ყიფიანი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები