2018-2019 სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სკოლის გამოსაშვები (ე.წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.
* იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა.
* მოსწავლეები, რომლებიც წინა წლებში ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.
მინისტრის განცხადებით, უწყებაში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ქვეყანაში 40–ათასზე მეტ ახალგაზრდას საშუალო სკოლის ატესტატი არ აქვს. ესენი არიან პირები, რომლებიც სხვადასხვა წელს CAT-ის გამოცდებში ჩაიჭრნენ. სამინისტრო გეგმავს აღნიშნულ ახალგაზარდებს პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირების საშუალება მისცეს.
„ჩვენი ამოცანაა, ამ ახალგაზარდებს ყველანაირად დავეხმაროთ, რომ როგორმე მოხვდნენ პროფესიაში. ამ კუთხით მათ უკვე გაუჩნდებათ არჩევანი პროფესიულ პროგრამებზე ჩააბარონ და პროფესია ჰქონდეთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მარტიდან დაიწყება და ყოველთვე ახალი პროგრამები დაემატება, იქნება მოკლე გადამზადების პროგრამები, რომ რაც შეიძლება მეტ, ასობით და ათასობით ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ. ისინი ამ წლების განმავლობაში იყვნენ რეალურად სისტემიდან ამოვარდნილები, გვინდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დარეგისტრირდნენ, გაიარონ ეს პროგრამები და რაც მთავარია დასაქმდნენ ბაზარზე“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.
რაც შეეხება პროცედურებს, ინსტრუქცია სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული და თუ პირს სკოლის პროგრამა გავლილი აქვს, პროფესიულ პროგრამაზე დარეგისტრირების შესძლებლობა მიეცემა.
* კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.
* ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
* სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც. ეროვნულ დონეზე საგამოცდო რეგისტრაციის ვადები გამოცხადდება დადგენილი წესით.