ვინ და როგორ უნდა დარეგისტრირდეს პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, როგორ მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილი პირველ ეტაპზე უნდა დაარეგისტრიროს, როგორია რეგისტრაციის პროცედურები – საუბრობენ თამარ ისაკაძელიკა ქურციკიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მულტიდისციპლინური გუნდის კოორდინატორი და ლიკა ქურციკიძე, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი.
ლიკა ქურციკიძე: დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ და ამ თემასთან დაკავშირებულ ბევრ სხვა საკითხსაც შევეხებით. როგორც უკვე ვიცით, 6 მარტიდან 20 მარტამდე, მიმდინარეობს პირველკლასელთა რეგისტრაცია და პირველი ეტაპი განსაკუთრებული ეტაპია, რადგან ეთმობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რეგისტრაციას. მივყვეთ პროცედურებს, რომ მშობლებისთვისაც და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვისაც ნათელი იყოს როგორია რეგისტრაციის პროცედურები. მშობლის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, შვილი პირველ ეტაპზე უნდა დაარეგისტრიროს? როგორ შეიძლება ეს ამოიცნოს? რა შემთხვევები შეიძლება იყოს?
თამარ ისაკაძე: დავიწყოთ იქიდან, რომ ხარისხიანი ინკლუზიური განათლება ნიშნავს ყველა მოსწავლის ხელშეწყობას სწავლების პროცესში და ეს ხელშეწყობა ზუსტად ადრეული რეგისტრაციის პროცესშივე თვალსაჩინო ხდება. შესაძლებელია, ბავშვს ჰქონდეს წინასწარი რაიმე ტიპის საჭიროება და მშობელი ამის შესახებ ინფორმირებული იყოს, მაგალითად, დიაგნოსტირებული იყოს ან რაიმე შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდეს. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ მშობელმა ადრეულ ეტაპზე დაარეგისტრიროს ბავშვი, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე. თუკი მას აქვს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია, რომ მის შვილს, გამომდინარე, მაგალითად, კოგნიტური პრობლემებიდან ან მეტყველების სირთულეებიდან, ან ქცევითი და ემოციური სირთულეებიდან, შესაძლოა, შეექმნას პრობლემები სწავლაში, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, რომ მშობელმა მისთვის სასურველი სკოლა შეარჩიოს. უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს სკოლა შეიძლება იყოს სახლთან ახლოს ან ისეთი, როგორიც მას სურს. პირველ რიგში, ამ ადრეული რეგისტრაციის პრიორიტეტი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვისთვის იყოს ხელშეწყობილი მარტივი რეგისტრაცია სკოლაში და, ასევე, სანამ ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ხელი შეეწყოს, ერთი მხრივ, სკოლის მომზადებას და მეორე მხრივ, თვითონ ბავშვისა და ოჯახის მომზადებას, რომ მსგავსი გამოწვევების წინაშე მყოფი ბავშვი თუ მშობელი სათანადოდ შეხვდეს სკოლაში ტრანზიციას.
ლ.ქ.: ამ საკითხსაც მინდა, აუცილებლად შევეხოთ – რას ნიშნავს სკოლისთვის მომზადება. მანამდე, კიდევ ერთხელ რომ შევაჯეროთ, თუ მე ვარ მშობელი და მაქვს გარკვეული ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჩემს შვილს სკოლაში გაუძნელდეს სწავლა, შესაძლებელია, დავარეგისტრირო პირველ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, მაქვს თუ არა რაიმე ოფიციალური დიაგნოზი ან დასკვნა ბავშვზე?
თ.ი.: კი, ბატონო. წინა წლების პრაქტიკას რომ გადავხედოთ, პრინციპში, შეგვიძლია ვთქვათ, უმეტესწილად, პირველივე ეტაპზე, ისეთი საჭიროების მქონე ბავშვები რეგისტრირდებიან, რომლებიც, მაგალითად, სარგებლობდნენ ადრეული განვითარების პროგრამებით, ანუ ჰქონდათ, სხვადასხვა ფსიქოლოგებისგან ან სპეციალისტებისგან, მაგალითად, განვითარების ეტაპების დაყოვნების საჭიროება. შეიძლება ეს არ იყოს გამოხატული რაიმე ტიპის დიაგნოზით, მაგრამ იყოს ერთგვარი მდგომარეობა, რომელიც დინამიკაში დაკვირვებას და გარკვეულ ხელშეწყობას საჭიროებს სწავლების პროცესში.
მეორე შემთხვევაში, შეიძლება, მშობელს სულაც არ ჰქონდეს ასეთი ტიპის შეფასება, მაგრამ ჰქონდეს გარკვეული დასაბუთებული ვარაუდი. რეალურად, პირველკლასელთა სკოლაში ადაპტაციის საკითხი ისედაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც, შეგუების პროცესში, გარკვეულ გამკლავების გზებს, მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს. აქ, რა თქმა უნდა, ლაპარაკია, უმრავლესობასთან შედარებით, უფრო მეტად გამოხატულ სირთულეებზე, რომელიც დასაბუთებული, გონივრული ეჭვის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გახდეს გარკვეული საგანმანათლებლო საჭიროების მიზეზი.
თუმცა, აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ ეს რეგისტრაცია საკმარისი არ არის. ამის შემდეგ სკოლა გადმოაგზავნის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მულტიდისციპლინური გუნდის შესაბამის წევრთან, შევსებულ მომართვის ფორმას, განცხადებას და სხვა საჭირო დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც, მულტიდისციპლინური გუნდი მომავალი პირველკლასელის შეფასებას ახდენს.
ლ.ქ.: ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა, დავაზუსტო. მშობლებს ძალიან ბევრი შეკითხვა აქვთ ხოლმე ამ თემის ირგვლივ – რას ნიშნავს ეს შეფასება? ვინ არის მულტიდისციპლინური გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც უნდა შეაფასოს? თვითონ მშობელი უნდა იყოს თუ არა შვილის შეფასების პროცესში ჩართული? როგორ მიმდინარეობს შეფასების პროცესი? ნებისმიერ ადამიანს, როდესაც ესმის სიტყვა „შეფასება“, შეიძლება ძალიან ბევრნაირი წარმოდგენა შეექმნას. ცოტა უფრო მკაფიოდ რომ დავანახოთ მშობლებს, თუნდაც მასწავლებლებს, რას ნიშნავს მოსწავლის შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ და რაზე აკეთებს გუნდის წევრი, შეფასების დროს, აქცენტს?
თ.ი.: საქართველოში, ამ ეტაპზე, მულტიდისციპლინური გუნდის სულ 52 წევრია. მათ შორის არიან ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტი, სპეცმასწავლებელი. რატომ ჰქვია მულტიდისციპლინური გუნდი? იმიტომ, რომ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს აერთიანებს და ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონული პრინციპით მუშაობენ, მათ შორის, რა თქმა უნდა, თბილისშიც. ეს არის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა, ქართულ ნორმებზე ადაპტირებული, დავალებებისა და ტესტების გამოყენებას. ეს ფორმალიზებული ტესტები აფასებს ინტელექტუალურ და კოგნიტურ უნარებს, ასევე, დაკვირვებით და ინტერვიუს საფუძველზე, ტარდება სხვადასხვა აქტივობები – ბავშვთან თუ მშობელთან ინტერვიუ და სხვადასხვა საჭიროებებისა და ძლიერი მხარეების გამოვლენა; კოგნიტური და აკადემიური უნარების მიხედვით, მათ შორის, ქცევის, ემოციის მიხედვით ინტერესების გამოვლენა; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტად ამ შეფასების შედეგად, დგინდება ნამდვილად აქვს თუ არა მომავალ პირველკლასელს, ამ შემთხვევაში, საგანმანათლებლო საჭიროება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია იმიტომ, რომ მშობელი აუცილებლად უნდა იყოს მობილიზებული პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესის ადრეულ ეტაპზე და არ გაუშვას ეს დრო ხელიდან, ზუსტად მარტში დაარეგისტრიროს შვილი. მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს რეგისტრაცია არ ნიშნავს უპირობო ჩარიცხვას შერჩეულ სკოლაში. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ამ ინფორმაციის გადამოწმება ხდება. ამიტომაც არის, რომ ბავშვი შეიძლება უბრალოდ გონივრული ეჭვის საფუძველზეც დარეგისტრირდეს, მაგრამ შემდეგ მოხდება შეფასება და მომზადდება დასკვნა, რომელიც ან დაადასტურებს სპციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას ან არ დაადასტურებს.
ლ.ქ.: თუ არ დაუდასტურდება (მშობელს უნდა ჰქონდეს, გარკვეულწილად, ამის მოლოდინიც) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ეს იმას ნიშნავს, რომ რეგისტრაცია უქმდება და მშობელს მოუწევს, რომ რეგისტრაციის შემდგომ ეტაპებზე დაარეგისტრიროს შვილი.
თ.ი.: შემდეგი ეტაპი, მეორე ეტაპი არის ტიპური და სტანდარტული, მესამე უკვე საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპია. მშობელი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს ამ შესაძლებლობებს და ბავშვი არ დარჩება განათლების პროცესის მიღმა. უბრალოდ, ეს დასკვნა ჩვენ მოგვცემს წინასწარ ინფორმაციას იმის შესახებ, მიიღებს თუ არა ის დამატებით მხარდაჭერას, ადამიანური თუ მატერიალური რესურსის სახით.
ლ.ქ.: და დროსაც მოსამზადებლად… მინდა, რომ ამ მომზადების ნაწილზე უფრო ბოლოსკენ გადავიდეთ. მანამდე, კიდევ ერთხელ, მინდა დავაზუსტო მშობლის ჩართულობა და თანამონაწილეობა შეფასებასთან დაკავშირებით – იგი ვალდებულია, დაესწროს შვილის შეფასებას, სასურველია, რომ დაესწროს თუ სურვილის მიხედვით შეუძლია გადაწყვიტოს.
თ.ი.: პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ შეფასების დასკვნის შემდეგ, მულტიდისციპლინური გუნდი, ასევე, განსაზღვრავს საჭირო სპეციალისტების ჩართულობას. ეს, შეიძლება, იყოს სპეცმასწავლებელი, ასისტენტი, მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი ან ჟესტური ენის სპეციალისტი, მობილობა-ორიენტაციის ტრენერი თუ ა.შ. არსებობს ჩამონათვალი დამხმარე სპეციალისტების, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების და სპეცმასწავლებლის. სამომავლოდ, გუნდის გადაწყვეტილებით, განისაზღვრება, ვთქვათ, პრიორიტეტულია თუ არა, რომ ესა თუ ის სპეციალისტი მუშაობდეს საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან. თუმცა, სპეციალური მასწავლებელი უპირობოდ ყოველთვის მუშაობს, დამატებით განისაზღვრება ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალისტები.
რაც შეეხება მშობლის ჩართულობას შეფასების პროცესში, პირველ რიგში, ვთქვათ, რომ ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერ ერთი, ინფორმაციის სრულყოფილად მიღების მიზნით. მშობელი ყველაზე უკეთ იცნობს ბავშვს და სხვადასხვა ფუნქციურ თუ ემოციურ უნარებზე, ქცევით თავისებურებებზე, ასევე, ინტერესებზე სწორედ ის არის ინფორმაციის მომწოდებელი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ავლენს ამა თუ იმ ქცევას ბავშვი სხვადასხვა გარემოში, იმავე, ვთქვათ, ადაპტაციასთან დაკავშირებით, რა ექნება სკოლას გასათვალისწინებელი, ასევე, საჭიროებების კუთხით. ყველანაირ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ოქროს ფასი აქვს და მნიშვნელოვანია მისი გათვალისწინება სკოლის მიერ.
მულტიდისციპლინური გუნდი ერთგვარი მედიატორია, ასე ვთქვათ, შუამავალი, გარდა იმისა, რომ თავის ფუნქციას ასრულებს (პირველადი შეხება პირველკლასელთან მას აქვს), ზუსტად ის აგზავნის შემდეგ ამ დასკვნას სკოლაში. ამიტომ, უპირობოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია იყოს სანდო, ობიექტური, მრავალმხრივ აღწერდეს ბავშვის მრავალფეროვნებას.
ლ.ქ.: ვფიქრობ, პირველი ეტაპის პროცესი, საყოველთაო რეგისტრაციამდე, მეტნაკლებად ცხადი გახდება მშობლებისთვის. ჩვენი საუბრის ბოლო ნაწილი მინდა, მის მნიშვნელობაზე საუბარს დავუთმოთ. შემთხვევითი არ არის ალბათ ის მოცემულობა, რაც გვაქვს, რომ გაცილებით ადრე ხდება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაცია, ვიდრე ყოველი შემდგომი ეტაპი. გამოდის, რომ სკოლას, ახლავე, სანამ სასწავლო წელი დასრულდება და მომავალი წლის სექტემბერში ახალ პირველკლასელებს მიიღებს, აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ჰყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე, ვინც პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა და დადასტურდა, აქვს შეფასება, სადაც აღწერილია ამ კონკრეტული მოსწავლის ძლიერი მხარეები, საჭიროებები. ასევე, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნაში მითითებულია თუ რა ტიპის მომსახურება დასჭირდება ამ კონკრეტულ მოსწავლეს. ფაქტობრივად, უკვე შედგა პირველი კომუნიკაცია სკოლასა და მშობელს შორის. აი, ეს გამოცდილება და ეს ინფორმაცია რაში უნდა გამოიყენოს სკოლამ? როცა სკოლაზე ვსაუბრობ, ძალიან ზოგადად ვამბობ, მაგრამ ალბათ სჯობს, აქცენტი გავაკეთოთ ადმინისტრაციაზე, პედაგოგებზე (ვინც მომავალი პედაგოგები იქნებიან), ცხადია, სპეციალურ მასწავლებლებზეც.
თ.ი.: თქვენს შეკითხვაში ბევრი პასუხიც იყო და მოდი, ჩავუღრმავდეთ რა იყო აქედან პასუხი. პირველ რიგში ის, რომ ინკლუზიური განათლების განვითარებისთვის და, ზოგადად, ხარისხიანი განათლებისთვის ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი, რომ წინასწარ დაიჭირო თადარიგი და ეს იყოს იმის წინაპირობა, რომ ადრეული რეგისტრაცია მომხდარიყო პირველ ეტაპზე. რატომ იყო ასე? ეს შემთხვევითი არ არის, ეს წინასწარ დაგეგმილი პროცესია და როდესაც სკოლაში მიდის დასკვნა, სკოლას თვალსაჩინო წარმოდგენა ექმნება იმის შესახებ რა ტიპის ღონისძიებების გატარება სჭირდება მას. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ამ დასკვნაში სკოლამ პოზიტიური მხარეები დაინახოს, მაგალითად, ბავშვის ინტერესები, ძლიერი მხარეები… არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ დიაგნოზზე იმიტომ, რომ დიაგნოზი ერთი სიტყვისგან შედგება, ჩვენ კი გვაინტერესებს პიროვნული ნიშნები, ხასიათის თავისებურებები, ქცევა, ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების გზები და ა.შ. (ეს ჩამონათვალი ძალიან დიდი და მრავალფეროვანია). არ არსებობს ორი, ერთი და იმავე დიაგნოზის მქონე, ბავშვი, რომლებსაც ერთი და იგივე მიდგომა სჭირდება. სწორედ ამ განსხვავებების მოძიებისთვის, მშობელთან კონტაქტისთვის, კომუნიკაციისთვის იწყება კარგი ეტაპი – ტრანზიციის ეტაპი.
ტრანზიციის ეტაპს ყველა ბავშვი გადის, ზოგადად, ვინც წელს მიდის პირველ კლასში, უბრალოდ, არსებობს გარკვეული საჭიროების მქონე ბავშვები, რომლებიც შეიძლება მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენდნენ. ამ შემთხვევაში, მშობლებსაც აქვთ ხოლმე გარკვეული შფოთვა, როგორ გაუმკლავდება შვილი სკოლაში არსებულ საჭიროებებს, რა დახვდება იქ, როგორი გარემო, როგორი განრიგი ექნება, რომელი სპეციალისტები იმუშავებენ მასთან, ვინ იქნება მასწავლებელი – ზუსტად ამ კითხვებთან არ უნდა დავტოვოთ მარტო მშობელი ამ ტრანზიციის ეტაპზე.
ჩვენ გვაქვს უკვე, აპრილიდან სექტემბრამდე, საკმაოდ მოცულობითი პერიოდი, რომ მშობელმა აუცილებლად გამოხატოს ინიციატივა ტრანზიციის პროცესის განხორციელებისთვის. მხოლოდ მულტიდისციპლინური გუნდის შეფასება არ არის საკმარისი ბავშვის გასაცნობად. ადმინისტრაციის დავალებით, ასე ვთქვათ, თუ მონიტორინგის ქვეშ, მომავალი მასწავლებლები, სპეცმასწავლებლები და სხვა სპეციალისტები უკვე იწყებენ მშობელთან კომუნიკაციას, ბავშვის გაცნობას. ეს პროცესიც, როგორ მოხდება ბავშვის გაცნობა, კარგად უნდა დაიგეგმოს, ძალიან მნიშვნელოვანია, განხორციელდეს წინასწარი ვიზიტები, ბავშვი გაეცნოს თავის საკლასო ოთახს, სკოლაში არსებულ სხვადასხვა სივრცეს, იქნება ეს ბუფეტი, სპორტდარბაზი თუ სხვ. და გარკვეული წარმოდგენა შეექმნას წარმოსახვაში, როდესაც სექტემბერში აქ მოვა, რას გააკეთებს და ეს გარკვეული მოლოდინი მისთვის უკვე საინტერესო იქნება. აქ ბევრი აქტივობების მოფიქრება შეიძლება და ეს სპეციალურ მასწავლებლებზე, ფსიქოლოგებსა და მასწავლებლებზეცაა დამოკიდებული. ვთქვათ, რომელიმე სპეცმასწავლებელმა მისცეს დავალება, რომ დახატოს სკოლა, ვიღაცამ მისცეს დავალება, რომ, მაგალითად, მოამზადოს რაღაც ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ წარადგენდა ბავშვი თავს პირველ დღეებში.
ლ.ქ.: დაუსრულებლად შეიძლება ალბათ იმაზე საუბარი, თუ რა არის ტრანზიციის პროცესი და რას ნიშნავს უმტკივნეულო ტრანზიცია. დღეს, სამწუხაროდ, ამას ვერ ჩავუღრმავდებით, კიდევ ერთხელ, ერთი წინადადებით მინდა შევაჯერო ის ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი, რომელიც შენს საუბარში იკვეთებოდა, რომ ადრეულ რეგისტრაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის სკოლისთვის მომზადების და შემდგომში მისთვის სკოლასთან ადაპტაციის გაიოლების საქმეში. და ეს მნიშვნელოვანი დრო, რაც სკოლას აქვს, გააზრებულად იყოს გამოყენებული.
თ.ი.: მოდი, ვთხოვოთ სკოლებს, არ დაკარგონ ეს პერიოდი იმიტომ, რომ ბევრი სასიკეთო რამის გაკეთება შეიძლება ამ პერიოდში, რასაც ჰქვია ბავშვის უმტკივნეულო ტრანზიციის ხელშეწყობა. მხოლოდ რეგისტრაცია არ არის მთავარი, მთავარია, ამ რეგისტრაციისა და ჩარიცხვის შედეგად, როგორ განვითარდება მოვლენები მოსწავლისთვის, მომავალი პირველკლასელისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნისთვის.
ლ.ქ.: დასასრულ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის სიტყვები, რაც თქვი – ვთხოვოთ სკოლებს, არ დაკარგონ დრო. ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციის გაზიარებისთვის.