მედიცინის ყველა მიმართულება — არაგადამდები დაავადებები, ქირურგია, ტრავმატოლოგია, ნევროლოგია, მეან-გინეკოლოგია, სპორტის მედიცინა და სხვა — მკურნალობის მყარი რეზულტატიურობისათვის, რეაბილიტაციის სხვადასხვა ფორმებს იყენებს. სწორედ რეაბილიტაციაა მყარი გამოჯანმრთელების, შრომისუნარიანობის აღდგენის, რეციდივის პრევენციის და ინვალიდიზაციის მინიმალიზაციის საფუძველი. აქედან გამომდინარე, რეაბილიტაცია ჯანმრთელობის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, განვითარებადი და პერსპექტიული დარგია.
აირჩიე სპორტის უნივერსიტეტი (186) და გახდი ჩემპიონი!
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (186) აბიტურიენტებს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს. პროგრამის კონკურენტული უპირატესობების შესახებ და თუ როგორ პასუხობს სპორტის უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამა თანამედროვე დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს, ვესაუბრეთ უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს, ქეთევან ბერიძეს.
⇒ მოსახლეობის დიდ ნაწილს, მათ შორის, სპორტსმენებს, სხვადასხვა მიზნით, ესაჭიროება სარეაბილიტაციო მომსახურება, რომლის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტისთვის. როგორ პასუხობს ამ გამოწვევას სპორტის უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამა?
⇒ საქართველოში რეაბილიტაციის დარგის განვითარებაში სპორტის უნივერსიტეტს დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან ჩვენს ქვეყანაში სწორედ აქ, 2003 წელს, გაიხსნა რეაბილიტაციის პირველი ფაკულტეტი, თუმცა, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალობით სწავლება 1970 წლიდან მიმდინარეობდა. ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობდნენ საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
დღეისათვის, სპორტის უნივერსიტეტში წარმატებით ხორციელდება სწავლება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის აკრედიტირებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობით, მეცნიერებაზე და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ განათლებას დარგში უზრუნველყოფენ წამყვანი მეცნიერები, პრაქტიკოსი პროფესორ-მასწავლებლები და ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენი კურსდამთავრებულების დიდი უმრავლესობის დასაქმება სპეციალობით და არაერთი მათგანის წარმატებული მოღვაწეობა უცხოეთში, ვფიქრობ, პირდაპირი მანიშნებელია იმისა, რომ პროგრამა უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრის მომზადებას და პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
⇒ რამდენად გამოიყენება პროგრამებში მედიცინა-რეაბილიტაციის სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდები/მიდგომები და რამდენად ექნებათ კურსდამთავრებულებს ჩამოყალიბებული პრაქტიკული უნარ-ჩვევები?
⇒ სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს, ბაზრის მოთხოვნების, ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლების რეკომენდაციების გათვალისწინებით შედგენილ, საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს.
უნივერსიტეტში მოქმედი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში, სწავლება ხორციელდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკისა და დარგში უახლესი კვლევების საფუძველზე. სწავლის პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ზოგადი, საბაზისო და ძირითადი სპეციალობების ფართო სპექტრის/მიმართულებების თეორიულ სწავლებას; ამასთან, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, აირჩიონ მათთვის საინტერესო კურსები; უნივერსიტეტში დანერგილი სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდები სტუდენტებს არა მხოლოდ ღრმა სისტემურ ცოდნას აძლევს, არამედ დარგისათვის უმნიშვნელოვანეს უნარებს უყალიბებს. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული სამეცნიერო-კვლევით პროცესში. რაც შეეხება პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას — ძირითადი სპეციალობის კურსები მოიცავს პრაქტიკული უნარების შესწავლას სიმულაციების ცენტრში და შესაბამის კლინიკურ-სარეაბილიტაციო ბაზებზე; დამამთავრებელ კურსზე ერთი სემესტრი მთლიანად ეთმობა პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება/განმტკიცებას, სწავლების საფეხურის შესაბამისად. სტუდენტთა ცოდნის გაღრმავებას ემსახურება ჩვენი პარტნიორი, ISO სერტიფიკატის მქონე, სხვადასხვა სამედიცინო-სარეაბილიტაციო კლინიკები, მაღალი საერთაშორისო რეიტინგის წამყვანი კვლევითი ცენტრები.
სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, სწავლების სხვადასხვა ეტაპზე, ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში, სტაჟირება გაიარონ ევროპის წამყვან კლინიკებში.
⇒ სტუდენტებისთვის გაცვლით პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა განსაკუთრებით მიმზიდველია. შეგიძლიათ, უფრო დეტალურად გვიამბოთ, როგორ უნდა ჩაერთოს სტუდენტი გაცვლით პროგრამებში, რა არის ამისთვის საჭირო?
⇒ უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს. პირველკურსელი სტუდენტები კონკურსს ეთიშებიან აკადემიური მოსწრების, ანუ GPA-ს გამო, რადგან მათ მიერ გავლილი საგნების რაოდენობა ვერ გვაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას მათ აკადემიურ მოსწრებაზე. მეოთხეკურსელების შემთხვევაში კი, კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვა უკავშირდება საბაკალავრო ნაშრომსა და პრაქტიკას, რომელსაც ისინი სწავლის ბოლო სემესტრში გადიან.
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს სტუდენტი, რომლის GPA 2.5-ზე დაბალია. კონკურსის ფარგლებში, მან უნდა წარადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი, თუ რატომ სურს კონკრეტულ პროგრამაში მონაწილეობა და როგორ გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას ჩვენს უნივერსიტეტში. ამ საფეხურის გავლის შემდეგ, მათ უტარდებათ ტესტი ინგლისური ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად და გასაუბრება. საბოლოოდ, ჯამდება თითოეული კომპონენტი და რანჟირების სათავეში მყოფი სტუდენტები პარტნიორ უნივერსიტეტებს წარედგინება.
გაცვლითი პროგრამა მოიცავს 1 სასწავლო სემესტრს და სრულად ფინანსდება Erasmus+-ის სასწავლო გრანტით, რომელიც მოიცავს მგზავრობის საფასურს — დაახლოებით 350 ევროს ოდენობით და სტიპენდიას — 800-900 ევროს. გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებს, სასწავლო შეთანხმების მიხედვით, საზღვარგარეთ მიღებული კრედიტებს უღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
⇒ სად შეიძლება დასაქმდეს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის კურსდამთავრებული?
⇒ რეაბილიტაცია ერთ-ერთი მაღალმოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი დარგია, რომელსაც პანდემიის მძიმე პერიოდშიც კი არ შეუჩერებია მუშაობა. მეტიც, საქსტატის მონაცემებით, 2019-2020 წლებში, გაიზარდა ამ სფეროში დასაქმებულთა პროცენტული მაჩვენებელი და ეს არც არის გასაკვირი; დღეს შეუძლებელია დავასახელოთ მედიცინის რომელიმე მიმართულება, სადაც არ არის საჭირო სარეაბილიტაციო ჩარევა — იქნება პედიატრია, თერაპია, ნევროლოგია, გასტროენტეროლოგია, ტრავმატოლოგია-ორთოპედია, ქირურგია, გინეკოლოგია, გერონტოლოგია, სპორტული მედიცინა თუ სხვა; ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების არეალი საკმაოდ ფართოა და ვრცელდება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასა და მიმართულებაზე. პროგრამის დასრულების შემდეგ, მათ შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ ჯანდაცვის სისტემის სტაციონარული და ამბულატორიული ტიპის ყველა რგოლში, მრავალპროფილურ და სპეციალიზებულ სარეაბილიტაციო კლინიკებში, სპორტულ გუნდებში, სპორტულ სკოლებსა და კლუბებში, საკურორტო და ველნეს-ცენტრებში, სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სტრუქტურების სამედიცინო სარეაბილიტაციო სამსახურში, სხვადასხვა დონის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.