რუსუდან ტყემალაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი
დღეს გესაუბრებით უცხოური ენის გამოცდის სტრუქტურაზე, ფორმატზე და მოგცემთ გარკვეულ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ, უფრო წარმატებით ჩააბაროთ ეს გამოცდა.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, როგორია ტესტის სტრუქტურა. ჩვენი ტესტის სტრუქტურა არ შეცვლილა, როგორიც იყო შარშან, ისეთივეა წელს — არის 8-დავალებიანი ტესტი, სადაც გვაქვს: 2 — მოსმენის დავალება, 4 — წაკითხულის გააზრების, რომელშიც შედის, ინტეგრირებულად, გრამატიკის და ლექსიკის გამოცდა და 2 — წერის დავალება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ოთხივე ენაში, ეს არის: ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული, სტრუქტურა ზუსტად იდენტურია და ტესტები ერთმანეთს ტყუპისცალივით ჰგავს. ამიტომ, რაზეც ამ წერილში ვისაუბრებთ, არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ერთ ენას — ინგლისურს — ეკუთვნოდეს.
ზოგადი რეკომენდაცია — სანამ გამოცდაზე გახვალთ, უნდა ძალიან კარგად გაეცნოთ ტესტის სტრუქტურას, უნდა იცოდეთ რამდენი დავალებაა, როგორ ფასდება თითოეული, როგორი სახის დავალებებია, ანუ ინსტრუქციებია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ იცოდეთ დავალების სახე, ინსტრუქცია, რადგან გამოცდაზე ამაში დრო არ უნდა დახარჯოთ. ამის საშუალებას მოგცემთ კრებული, რომელიც ძალიან გულისყურით და დეტალურად მოამზადა ჩვენმა ჯგუფმა და რომელიც განთავსებულია ცენტრის საიტზე. კრებულში ძალიან კარგი სავარჯიშოებია თქვენთვის, ასევე არის ტესტის ნიმუში. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ეს კრებული კარგად დაამუშაოთ.
უცხოური ენის ტესტი არ არის ხანგრძლივი, ორსაათ-ნახევარი გრძელდება, არ არის გრძელი ტესტი, ადეკვატურია დრო და შინაარსი, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ ძალიან ყურადღებით, რომ დროს არ გადააჭარბოთ, შეღავათი, ამ შემთხვევაში, არ გექნებათ. ვწუხვარ, მაგრამ ფაქტია და ეს არის ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი წესი, რომ, როგორც კი ამოიწურება დრო, მაშინვე ჩამოგართმევენ შეფასების ფურცელს, ამიტომ ყურადღებით იყავით, მიადევნეთ თვალი დროს და როდესაც სახლში ნიმუშებზე ვარჯიშობთ, აუცილებლად გედოთ საათი და გაითვალისწინეთ დრო.
ჩვენი ტესტის დონე ცნობილია, რომ არის B1, ეს არის ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ენის ცოდნის დონეების საშუალო დონე. რასაკვირველია, ამ ტესტის შედგენისას, დავეყრდენით (ეს ყოველთვის ასე იყო) განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს. ხშირად გვეკითხებიან — თუ მე ეს ტესტი ჩავაბარე, ეს ნიშნავს, რომ მაქვს B1 დონე? რასაკვირველია — არა. ეს ტესტია ამ სირთულის, მაგრამ თუ თქვენ უბრალოდ გადალახავთ ან საშუალო ქულას მიიღებთ, რა თქმა უნდა, B1-ს არ ფლობთ. B1-ს ფლობენ მხოლოდ ის აბიტურიენტები, ვინც ძალიან მაღალ ქულას მიიღებენ.
რაც შეეხება ცალკეული დავალებების რეკომენდაციებს, როდესაც ამ რეკომენდაციებზე ვმუშაობდით, გავითვალისწინეთ თქვენი შეკითხვები, ღია კარის დღეებზე დასმული, ასევე ის შეცდომები, რომელსაც უშვებთ ამ ტესტში. ამის გათვალისწინებით მინდა მოგაწოდოთ თქვენთვის სასარგებლო რეკომენდაციები.
ჩვენი ტესტი იწყება მოსმენის დავალებით. მოსმენის ორი დავალებაა, ორივე შემთხვევაში დახურული სახის, უნდა აღნიშნოთ სწორი პასუხი, რაც, ერთი მხრივ, იოლი საქმეა, მაგრამ მეორე მხრივ, მოსმენა არ არის მაინც და მაინც იოლი უნარი ენობრივი. ამიტომაც, ძალიან გთხოვთ, მოსმენისას გაითვალისწინოთ სამი რამ — ერთდროულად, უსმენთ ტექსტს, ეკრანზე უყურებთ დავალებებს და კითხულობთ. რაღაცნაირად გაერთიანებულია სამი უნარი ენობრივი, თუმცა, მთლიანი დატვირთვა მაინც მოსმენაზე გადადის. პირველი დავალება არის 5 პატარა ტექსტი, თითოეული, დაახლოებით, ერთი წუთი გრძელდება და თქვენ უნდა უპასუხოთ ორ შეკითხვას. როგორც ვთქვი, მიადევნეთ თვალყური, როგორც ეკრანზე რა ხდება, ასევე რა გესმით. თუ, დავუშვათ, ისე მოხდა, რომ რაღაც ვერ გაიგეთ, დიდხანს ნუ გაჩერდებით ამ საკითხზე, რადგან, როგორც კი თქვენ რაიმე საკითხზე გაჩერდებით, შემდეგი წავა, მოსმენა მაინც გრძელდება და თქვენ გაგიჭირდებათ, მიადევნოთ თვალყური. ნუ შეშინდებით, ეს არ არის რთული დავალება, განსაკუთრებით პირველი, თქვენ გაქვთ საშუალება, ეს დავალება და ყველა, ორივე მოსმენის დავალება, ორჯერ მოისმინოთ. ჩვენ მიერ ძალიან კარგად არის გათვალისწინებული პაუზები, ისეთი ინტერვალები, რომლებიც დაგეხმარებათ წინასწარ წაიკითხოთ მოსმენის დავალება, რომ კარგად გაიაზროთ. როგორც გითხარით, არის მეორე მოსმენა, ასე რომ, ძალიან მშვიდად შეხვდით მოსმენის დავალებას.
ძალიან ხშირად გვეკითხებიან, როგორია ჩანაწერის ხარისხი. მინდა ვთქვა სრულიად სანდოდ, რომ ხარისხი ძალიან კარგია. ჩვენ უცხოელებს ვიწვევთ ჩვენს პატარა ჩამწერ სტუდიაში, იქვე ვიწერთ, ვამონტაჟებთ და სრულად ვიცავთ იმ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც სჭირდება მოსმენის დავალებას. თუ თქვენ მოუსმენთ ჩვენს მოსმენის დავალებას (კრებულში გვაქვს ჩადებული სავრჯიშოებიც და ტესტიც, ასევე შარშანდელი ნიმუშები, 6 ტესტი დევს ჩვენს საიტზე, ძალიან მდიდარი მასალაა), დარწმუნდებით, რომ ძალიან კარგი, უნაკლო ხარისხია. მეორე მხრივ, თუ თქვენს ოთახში ცუდი აკუსტიკაა ან რაღაცამ შეგიშალათ ხელი მოსმენაში, წელს გვექნება იმის საშუალება, რომ თავიდანვე (და არა ტესტის შუაში) იყოს პატარა ტესტი ქართულად და თუ რაიმე ხარვეზია, უთხრათ თქვენს დამკვირვებელს, რომ ცუდად ისმის და ტექნიკოსი მაშინვე დაარეგულირებს. თუმცა, არ მინდა ამით შეგაშინოთ, ეს ალბათ არ მოხდება, მაგრამ მაინც გქონდეთ ეს ინფორმაცია.
მოსმენის მეორე დავალება არის გრძელი ტექსტი, დაახლოებით, 2-2.5 წუთი გრძელდება და უფრო რთულია, რადგან თქვენ იმ 8 დავალებას უნდა მიყვეთ, წაიკითხოთ, თან ამას ყველაფერს უნდა უსმინოთ და სწორი პასუხი მონიშნოთ. სამი არჩევითი პასუხია, არა ოთხი, საქმეს ესეც გიიოლებთ და ისიც, რომ უნდა მონიშნოთ და არ დაწეროთ, რაც თქვენთვის შედარებით იოლია ტექნიკურად. საერთოდ, ჩვენი ტესტი ძალიან ახლოსაა კარგ საერთაშორისო ტესტების სტანდარტთან უცხოურ ენაში, რადგანაც დაბალანსებულად გვაქვს მოცემული სამი უნარ-ჩვევა, სამი უნარი ენობრივი, ეს არის: მოსმენა, წაკითხულის გააზრება და ბოლოს — ორი წერა. გვეკითხებიან, ხომ არ დაემატება ლაპარაკი, მინდა დაგამშვიდოთ, რომ ლაპარაკი, ჯერჯერობით, ჩვენს ტესტს არ დაემატება, რადგან ეს ტექნიკურად ძალიან რთულად შესასრულებელია და სანამ ამას დავამატებდეთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარებთ. ასე რომ, ეს გამოვრიცხოთ და ამაზე საუბარი აღარ იყოს.
შემდეგ ოთხ დავალებას — მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე — ჩვენ ვაერთიანებთ, ასე ვთქვათ, ერთ ჯამში ვყრით, ერთი ქუდის ქვეშ — წაკითხულის გააზრება. ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, როდესაც ადამიანი ტექსტს კითხულობს, კარგად გაიგოს რა არის ძირითადი აზრი, რა არის დეტალები და ფაქტები, სწორედ ამაზეა შეკითხვები ორიენტირებული. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ არასოდეს არც ერთი დავალება საიდანღაც არ გადმოგვაქვს და არ ვსვამთ ტესტში. ერთ დავალებას — ტექსტს უკეთდება, დაახლოებით, 40 რედაქტირება, ჩვენ მიერ და ასევე უცხოელი კონსულტანტების მიერ. ეს ძალიან შრომატევადი პროცესია, გათვლილია ყოველი სიტყვა, ყოველი შეკითხვა და ყოველთვის ვითვალისწინებთ მოთხოვნის დონეს და თქვენს შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა, მოთხოვნის პროგრამას, ასე ვთქვათ.
დავუბრუნდები ამ ოთხ დავალებას, პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე არის სუფთა წაკითხულის გააზრება. გირჩევთ, ძალიან სწრაფად გადაათვალიეროთ ტექსტი, მერე დაუბრუნდეთ შეკითხვებს და უკვე გაითვალისწინოთ რა წერია შეკითხვაში და ზუსტად ის ინფორმაცია მოძებნოთ ტექსტში, რასაც შეკითხვა ითხოვს — პასუხი შეკითხვაზე ან რომელ აბზაცშია მოცემული ესა თუ ის დავალება.
რაც შეეხება მეხუთე დავალებას, ეს არის ლექსიკის დავალება — თითოეული სიტყვის ცოდნა, რომელსაც ჩვენ ვამოწმებთ, აუცილებლად უკავშირდება კონტექსტს, კონტექსტუალურად არის აუცილებელი მისი გაგება და არა ლექსიკურად, როგორც ლექსიკონშია განმარტებული სიტყვის მნიშვნელობა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კონტექსტი. ამიტომაც ჩვენ ამ დავალებაზე ვამბობთ, რომ ეს არის ლექსიკა კონტექსტის გავლით, ანუ კითხვის უნარის გავლით და ყოველი სიტყვა, რომელიც გამოტანილია, თქვენ უნდა ჩასვათ გამოტოვებულ ადგილას. ესეც დახურული სახის კითხვაა, ტექნიკურად მარტივი გასაკეთებელია, მაგრამ ვიმეორებ, რომ სიტყვის მნიშვნელობის გარდა, კარგად უნდა გაეცნოთ მოცემულ კონტექსტს.
შემდეგია მეექვსე დავალება, რომელსაც ჩვენ ასე ვუწოდებთ, — გრამატიკა კონტექსტში და არა იზოლირებულად გრამატიკული წესების ცოდნა. ოთხივე უცხოურ ენაში ძალიან მნიშვნელოვანია წინდებული, კავშირი, არტიკლი… მოგეხსენებათ, რომ ეს ევროპული ენებისთვის დამახასიათებელი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტებია და ამიტომაც ჩვენ სუფთად გრამატიკულ ცოდნას ვამოწმებთ, ისევ და ისევ, კონტექსტუალურად, აი, ამ „პატარა სიტყვების“ ცოდნით — ნაცვალსახელი, კავშირი, არტიკლი…, რომლებიც ოთხივე ენაში შეიძლება ოდნავ განსხვავებული იყოს. ეს პატარა სიტყვები პასუხების ფურცელში უკვე უნდა დაწეროთ და არა— ჩასვათ. ეს ოდნავ უფრო რთულია, რადგან დაწერის დროს ადამიანი ხშირად უშვებს ორთოგრაფიულ შეცდომას. მაგალითად, თუ თქვენ კავშირს „and“ ინგლისურში დაწერთ e-თი და არა a-თი, რაც არ უნდა ამტკიცოთ აპელაციაზე, რომ მე სწორად მეწერაო, შეცდომად ჩაგეთვლებათ და ეს დავალება განწირული იქნება, რომ 0 ქულით შეფასდეს.
რაზეც აქამდე ვისაუბრე, ყველაფერი ფასდებოდა 1 ქულით — მოსმენა, სწორი პასუხი — 1 ქულა, წაკითხულის გააზრება, სწორი პასუხი — 1 ქულა. გადავიდეთ შედარებით რთულ დავალებებზე, რომლებთან დაკავშირებითაც, მინდა კარგი რეკომენდაციები მოგცეთ და თუ თქვენ ამას გაითვალისწინებთ, ნამდვილად უკეთესი შედეგი გექნებათ და უფრო მაღალ ქულას მიიღებთ.
პირველ რიგში, წერილი — მეშვიდე დავალება. ეს არის პატარა წერის დავალება, მოცემულია კიდეც პასუხების ფურცელზე ის ადგილი, სადაც უნდა ჩაწეროთ, მეტს ვერ დაწერთ, ცხადია და ეს თავის თავში აერთიანებს ორ უნარს ენობრივს — პირველ რიგში, წერილი გაუგზავნოთ ადამიანს და წერილის შესაბამისი ინფორმაცია ჩადოთ, რაც მოგეთხოვებათ დავალებაში; მეორე უნარი — წერილი უნდა დაწეროთ სწორი გრამატიკული სტრუქტურებით და სწორი ლექსიკით (ისე რანაირი წერის უნარია). ამიტომაც, გთხოვთ, ძალიან ყურადღებით წაიკითხოთ ის შეკითხვები, რაზეც შემდეგ პასუხები უნდა გასცეთ, უფრო სწორად, დასვათ შეკითხვა, რა ინფორმაციაც არ არის მოცემული, იმის მოპოვება წერილის საშუალებით. ძალიან სასარგებლო დავალებაა, მინდა გითხრათ, რომ ცხოვრებაში ნამდვილად გამოგადგებათ.
აქვე მინდა შევნიშნო ერთი რამ, თქვენ უბრალოდ ტესტს არ აბარებთ და ქულებს არ იღებთ, თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც აქვთ სურვილი და პრეტენზია, ისწავლონ უმაღლეს სასწავლებელში, ანუ აკადემიურ სივრცეში მიიღონ განათლება. ამ შემთხვევაში, სრულიად აუცილებელია, რომ დააკმაყოფილოთ ის მოთხოვნები, რომელსაც აკადემიური განათლება უყენებს ადამიანებს. აი, ასე იფიქრეთ, რომ ამ წერილის კარგად დაწერა დაგეხმარებათ სწავლაშიც, სწავლის დროს წერილის გაგზავნაშიც, პრატიკულად შეხედეთ ამ ამბავს. ხშირად გვეკითხებიან კითხვა დავწერო თუ ირიბ თქმაში, — რომელიც გინდათ, მთავარია, სწორი იყოს. მარტო კითხვების ჩამონათვალი ძალიან ცუდია, ეს არ არის წერილი, უნდა განავრცოთ ლექსიკურად. გულახდილად გეტყვით, ვისაც ირიბ თქმაში ექნება ჩამოყალიბებული, მას უკვე პრეტენზია მაღალ ქულაზე ექნება, რადგან უბრალოდ კი არ გადმოწერა და კითხვა კი არ დაწერა, არამედ ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრება და გადაიყვანა ირიბ თქმაში.
რაც შეეხება თემას, ამ შემთხვევაში მაქვს ექვსი რეკომენდაცია და კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ:
⇒ პირველი რეკომენდაცია თემასთან დაკავშირებით — ძალიან გთხოვთ, კარგად წაიკითხეთ სათაური, თქვენ პასუხობთ ამ სათაურს და არა ზოგადად სახლიდან მოტანილ ცოდნას წერთ. სათაურის მიხედვით უნდა აირჩიოთ, ეთანხმებით თუ არა და შემდეგ ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრი. გამოიყენეთ ფრაზები: ვეთანხმები, მომწონს, ვფიქრობ, ჩემი აზრია… პირველ რიგში, თქვენი პიროვნული დამოკიდებულება ჩამოაყალიბეთ.
⇒ მეორე — ხშირად გვეკითხებიან ღია კარის დღეებზე, დაწერონ თუ არა არგუმენტები და კონტრარგუმენტები. ჩვენი თემა ამას არ ითვალისწინებს, არსად დავალებაში არ წერია — დაიცავი ორივე პოზიცია. თქვენ უნდა დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ და ისე განავითაროთ ეს თემა. თუმცა, თუ ორივე დაწერეთ და ეს ძალიან გინდათ, ქულა არ დაგაკლდებათ, მაგრამ ძალიან გაგეწელებათ თემის სიდიდე.
მთავარი რეკომენდაცია — ნუ გამოიყენებთ უხვად დაზეპირებულ ფრაზებს. ხანდახან არის ნაწერები, რომელიც სავსეა დაზეპირებული ფრაზებით, მაგრამ არაფერს არ იძლევა შინაარსობრივად, ანდა სავსეა მაღალფარდოვანი სიტყვებით, მაგრამ ჩვენ ვერ ვიგებთ ამ ადამიანის დამოკიდებულებას საკითხის მიმართ. გაბედულად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, ეს დაზეპირებული ფრაზა და მაღალფარდოვანი სიტყვა ღირებულია მხოლოდ მაშინ, თუ თქვენს საკუთარ კონტექსტში, გარემოში ჩასვამთ, სხვა შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის წერის უნარი, მხოლოდ დაზეპირებული ფრაზების წერის უნარია, რაც ჩვენთვის მიუღებელია. მინდა გითხრათ, რომ დაზეპირებული, მაღალფარდოვანი სიტყვებით ნაწერში თქვენ შეიძლება 0-იც კი მიიღოთ; თუ თქვენს დაზეპირებულ თემაში ფრაგმენტულად მაინც არის ნახსენები ერთი-ორი თემა, რაზედაც უნდა გესაუბრათ, მაინც დაბალ ქულას მიიღებთ, ეს კარგად უნდა გაიაზროთ.
⇒ მესამე რეკომენდაცია — სხვის სახელსა და გვარს ნუ მიუთითებთ, ასეთი ნაწერი არ შეფასდება.
⇒ მეოთხე რეკომენდაცია — დაიცავით მოცემული სიტყვების რაოდენობა, შეგიძლიათ ოდნავ გადააჭარბოთ, მაგრამ ბევრი წერა კარგ წერას არ ნიშნავს. ჩვენ ვამოწმებთ უნარს, რომ ადამიანმა მოცემული სიტყვების რაოდენობაში გამოხატოს საკუთარი აზრი და არა უსასრულოდ წერით. ასე რომ, ფრთხილად იყავით ამასთან დაკავშირებით.
⇒ მეხუთე რეკომენდაცია — სახლში ვარჯიშისას, გქონდეთ ასეთი ჩვევა, თემას რომ დაწერთ, მასწავლებელი შეგისწორებთ, შემდეგ ის შესწორებული გადაწერეთ, ისევ გაუკეთეთ რედაქტირება, დაამატეთ რაღაც, გამოაკელით, ისევ გადაწერეთ. რამდენიმე გადაწერა (თვითრედაქტირება ჰქვია ამას) ძალიან სასარგებლოა და საბოლოოდ სახლში მუშაობის დროს კარგ თემამდე მიგიყვანთ და წერის უნარსაც განივითარებთ.
⇒ დაბოლოს, მეექვსე — ჩემი და ჩვენი ჯგუფის საერთო რეკომენდაციაა, წინასწარ გაეცნოთ შეფასების სქემას და იცოდეთ რა კრიტერიუმებით ხდება თქვენი შეფასება. შეაფასეთ ხოლმე თქვენი თავი ჩვენს კრებულში მოცემული შეფასების სქემით. ამგვარად, წინასწარ გექნებათ იმის მოლოდინი, მეტ-ნაკლებად, რა ქულა შეიძლება მიიღოთ.
გისურვებთ წარმატებას ამ ზაფხულს!