თეონა ლოდია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის წარმომადგენელი
შევეცდები, გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელიც, ვფიქრობ, დაგეხმარებათ ზოგადი უნარების ტესტის შესახებ ზუსტი წარმოდგენის შექმნაში. დავიწყოთ იმით, თუ რას ნიშნავს ზოგადი უნარები. ტერმინით „ზოგადი უნარები“ აღინიშნება ინფორმაციის ადეკვატურად აღქმის, ლოგიკური მსჯელობის, მოვლენათა შორის არსებითი მიმართებების წვდომის უნარი. ნებისმიერი ინტელექტუალური საქმიანობის წარმატება ზოგად უნარებზეა დამოკიდებული. ის განსხვავდება სპეციფიკური უნარებისაგან, როგორებიც არის, მაგალითად, მუსიკალური ნიჭი, ხატვასა თუ შემოქმედების ამა თუ იმ სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა უნარი.
ზოგადი უნარები ვლინდება აზროვნების უნივერსალური ოპერაციების, ანალიზის სინთეზის, აბსტრაგირების, განზოგადების სახით და ის ადამიანს წლების განმავლობაში უვითარდება. ზოგად უნარებს ავითარებს კითხვა, მეცადინეობა, მეცნიერებასა თუ კულტურასთან ზიარება, ადამიანებთან ურთიერთობა, შემოქმედებითი საქმიანობა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბიტურიენტები, წლების განმავლობაში, ემზადებიან ზოგადი უნარების ტესტისთვის და აქვე დავძენ, რომ არაერთი კვლევით დადასტურდა, რომ მხოლოდ ბოლო წელს რეპეტიტორთან დახარჯული დრო, ზოგადი უნარების გამოცდისთვის მოსამზადებლად, ხშირ შემთხვევაში, არ არის შედეგიანი. საკმარისია, აბიტურიენტმა იცოდეს ზოგადი უნარების ტესტის სტრუქტურა და დავალების ამოხსნის პრინციპები. სწორედ ამ პრინციპების შესახებ გესაუბრებით დღეს.
რას ამოწმებს ზოგადი უნარების ტესტი? ზოგადი უნარების ტესტი ამოწმებს სხვადასხვა სახით მოცემული ინფორმაციის გაგებისა და გააზრების უნარებს. ზოგადი უნარების ტესტი შექმნილია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით. დღემდე, არაერთ ქვეყანაში, ამ ტიპის ტესტით ხდება აბიტურიენტთა შერჩევა. ეს ქვეყნებია, მაგალითად: აშშ, ისრაელი, შვედეთი.
არაერთი კვლევით არის დადასტურებული, ასევე, ზოგადი უნარების ტესტის პროგნოსტული ღირებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტები, რომლებიც მაღალ ქულებს იღებენ ზოგადი უნარების ტესტში, წარმატებულები არიან შემდგომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დროს, ასევე, პროფესიული საქმიანობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი უნარების ტესტი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით შეიქმნა, ტესტში არ შეგხვდებათ არც ერთი დავალება, რომელიც უცხოური ლიტერატურიდან არის ნათარგმნი. ტესტს ქმნიან ქართველი ექსპერტები და თითოეული დავალება არა ერთგზის არის გამოცდილი ექსპერტულად, ასევე საცდელი ტესტირების გზით დადგენილია თითოეული დავალების სტატისტიკური მახასიათებლები.
ტესტში შეგხვდებათ სხვადასხვა სირთულის დავალებები, რომლებიც დალაგებულია პრინციპით — მარტივიდან რთულისკენ. ზოგადი უნარების ტესტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მისი დაძლევა არ მოითხოვს რაიმე ტიპის სპეციფიკურ საგნობრივ ცოდნას, შესაბამისად, ის თანაბარ პირობებში აყენებს სხვადასხვა სოციოკულტურულ გარემოში მცხოვრებ აბიტურიენტებს.
მეცნიერული კვლევებით დადგენილია ზოგადი უნარების გამოვლენის რამდენიმე სფერო, მათ შორის, მთავარია ვერბალური (ენობრივი) კომპეტენცია და მათემატიკური უნარები. ზოგადი უნარების ტესტიც სწორედ ამ ორ უნარს ეფუძნება და, შესაბამისად, ტესტის სტრუქტურა მოიცავს ორ ნაწილს — ვერბალურ, ანუ ენობრივ ნაწილს და მათემატიკურ ნაწილს. განვიხილოთ ცალ-ცალკე თითოეული მათგანი:
ვერბალური ნაწილის დავალებები რამდენიმე ბლოკისგან შედგება: პირველია ლოგიკა, შემდეგ — წინადადებების შევსება და წაკითხულის გააზრება, რომელსაც მოსდევს ანალოგიის ტიპის დავალებები. განვიხილოთ ცალ-ცალკე თითოეული მათგანი.
ლოგიკის ბლოკის დავალებების მიზანია, შეამოწმოს რამდენად შეუძლია აბიტურიენტს ლოგიკური მსჯელობა. ამ ტიპის დავალებათა მეშვეობით მოწმდება: არსებული მონაცემების (წანამძღვრების) საფუძველზე დასკვნის სწორად გამოტანის უნარი, ასევე, არსებული მონაცემების საფუძველზე გამოთქმული ვარაუდის კრიტიკულად შეფასების უნარი.
თქვენ ხედავთ ლოგიკის ბლოკის ერთ-ერთ დავალებას:
დავალების პირობაში მოცემულია ორი წანამძღვარი, ორი პირობა. აბიტურიენტს ევალება, ამ წანამძღვრების გათვალისწინებით, გამოიტანოს სწორი დასკვნა და, მოცემული 5 შესაძლო პასუხიდან, შეარჩიოს ერთი სწორი ვერსია.
ლოგიკის ბლოკის დავალებებში შეგხვდებათ დავალებები, რომლებშიც აქცენტი გაკეთებულია ობიექტებს შორის მიმართებებზე. ეს მიმართებები, შეიძლება, იყოს სივრცითი — მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ… ან სხვა ტიპის — მსუბუქი, მძიმე, მაღალი, დაბალი…
თქვენ ხედავთ დავალებას, რომლის პირობაშიც სწორედ ამგვარი მიმართებებია აღწერილი..აბიტურიენტს ევალება, შექმნას გარკვეული მოდელი და, შესაძლო პასუხების ვერსიებიდან, აარჩიოს შეკითხვის შესაბამისი სწორი ვერსია.
ლოგიკის ბლოკის დავალებებში, ასევე, შეხვდებით ისეთ დავალებებს, სადაც პირობაში მოცემულია კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავებული გარკვეული ვარაუდი. აბიტურიენტის ამოცანაა, ეს ვარაუდი კრიტიკულად შეაფასოს.
ამ შემთხვევაში, წარმოდგენილია დავალება, რომლის პირობაშიც მოცემულია ვარაუდი. აბიტურიენტს ევალება, შესაძლო პასუხების ვერსიებიდან, შეარჩიოს ის პასუხი, რომელიც წარმოდგენილი ვარაუდის ეჭვქვეშ დასაყენებლად გამოდგება.
ლოგიკის ბლოკს მოსდევს წინადადების შევსების ბლოკის დავალებები. ამ ბლოკის დავალებათა მიზანია, შეამოწმოს რამდენად შეუძლია აბიტურიენტს წინადადების ნაწილებს ან წინადადებებს შორის ლოგიკური კავშირების წვდომა. წინადადების შევსების ბლოკის დავალებაში მოცემულია პირობა, რომელშიც წარმოდგენილია ერთი ან რამდენიმე წინადადება, რომლებშიც გამოტოვებულია ადგილი. გამოტოვებული ადგილი აღნიშნულია ხაზებით. პასუხების შესაძლო ვერსიებში მოცემულია ამ გამოტოვებულ ადგილებში ჩასასმელი წინადადებების ნაწილების სხვადასხვა ვერსია.
აბიტურიენტის ამოცანაა, ჩასვას თითოეული ნაწილი, თითოეული ვერსია გამოტოვებულ ადგილას ისე, რომ მიიღოს ლოგიკურად გამართული წინადადება.
წინადადების შევსების ბლოკს მოსდევს წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებები.
ამ ნაწილის მიზანია, შეაფასოს: რამდენად შეუძლია აბიტურიენტს წაკითხული ტექსტის ადეკვატურად გაგება-გააზრება, ტექსტის მონაკვეთებს შორის ლოგიკური კავშირის ამოცნობა, მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა, ძირითადი დასკვნის გამოტანა, მთავარი აზრის გამოტანა ტექსტიდან.
თქვენ ხედავთ ნაწყვეტს, ამონარიდს ტექსტიდან, ერთ-ერთ აბზაცს და წარმოგიდგენთ დავალებებს, რომლებიც ეყრდნობა ამ აბზაცს. დავალებაში მოცემულია ამონარიდი აბზაციდან, ამ შემთხვევაში, ვარაუდი და, ასევე, ორი ინფორმაცია.
აბიტურიენტის მიზანია, დაადგინოს, რამდენად გამოდგება ეს ორი ინფორმაცია წარმოდგენილი ვარაუდის გასამყარებლად.
წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებათა ბლოკში, ასევე, შეგხვდებათ დავალებები, სადაც მოცემულია დამატებითი ინფორმაცია.
ამ ინფორმაციას ტექსტში ვერ შეხვდებით. აბიტურიენტის ამოცანაა, დააკავშიროს ეს ინფორმაცია ტექსტში მოცემულ ინფორმაციასთან და, შეკითხვის შესაბამისად, გასცეს სწორი პასუხი.
გადავიდეთ ანალოგიის ტიპის დავალებებზე. ამ ტიპის დავალებების მიზანია, შეამოწმოს რამდენად შეუძლია აბიტურიენტს სიტყვების, ფრაზების მნიშვნელობების წვდომა, კონტექსტის შესაბამისად, ასევე, რამდენად შეუძლია სიტყვათა მნიშვნელობებს შორის არსებითი კავშირების, მიმართებების წვდომა და რამდენად აქვს მას მსგავს მიმართებათა გამოვლენის უნარი.
თქვენ ხედავთ დავალებას, რომელშიც წარმოდგენილია ფრაზა კონკრეტული აბზაციდან. აბიტურიენტის ამოცანაა, მიხვდეს ამ კონკრეტული ფრაზის მნიშვნელობას და, პასუხების შესაძლო ვერსიებიდან, შეარჩიოს სწორი პასუხი.
დაბოლოს, ანალოგიის ტიპის დავალება, რომლის პირობაში წარმოდგენილია ორი სიტყვა, სიტყვათა წყვილი, რომელთა მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება.
აბიტურიენტის ამოცანაა, დაადგინოს ამ სიტყვებს შორის მიმართება და, შესაძლო პასუხების ვერსიებს შორის, იპოვოს ანალოგიური სიტყვები, რომელთა შორისაც არის ანალოგიური მიმართება.
გადავიდეთ მათემატიკურ ნაწილზე. მათემატიკური ნაწილის მიზანია, დაადგინოს: რამდენად შეუძლია აბიტურიენტს რაოდენობრივი პრობლემების გადაჭრა, რიცხვებით და მათემატიკური ცნებებით ოპერირება, სხვადასხვა სახით მოცემული ინფორმაციის (გრაფიკის, ცხრილის, დიაგრამის…) გაგება-გაანალიზება.
მათემატიკურ ნაწილში შეხვდებით დავალებათა რამდენიმე ბლოკს: პირველია რაოდენობრივი შედარება, შემდეგში — ამოცანები, მონაცემთა საკმარისობა და მონაცემთა ანალიზი.
თქვენ ხედავთ რაოდენობრივი შედარების დავალებას, პირობაში მოცემულია მათემატიკური ამოცანა და წარმოდგენილია რაოდენობები. აბიტურიენტის ამოცანაა, შეადაროს ეს რაოდენობები ერთმანეთს და, პასუხების შესაძლო 4 ვერსიიდან, შეარჩიოს სწორი ვერსია.
თქვენ ხედავთ ამოცანების ბლოკის დავალების ნიმუშს:
როგორც ხედავთ, ამგვარი ტიპის დავალებებს ხშირად შეხვედრიხართ სკოლაში. ეს არის ჩვეულებრივი მათემატიკური ამოცანა, რომლის ამოხსნისას თქვენ გჭირდებათ ელემენტარული მათემატიკური ცნებებით ოპერირება.
აქვე მინდა დავამატო, რომ მათემატიკურ ნაწილში დაგჭირდებათ გარკვეული ფორმულები და ყველა ეს ფორმულა, რომელიც შესაძლოა დაგჭირდეთ მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას, მოცემულია თავად ტესტში.
ახლა ხედავთ მონაცემთა საკმარისობის დავალებას:
დავალების პირობაში მოცემულია 2 პირობა და, დავალების შესაბამისად, დასმულია შეკითხვა. აბიტურიენტის ამოცანაა, დაადგინოს, რამდენად არის შესაძლებელი, ამ პირობების გათვალისწინებით, მოცემულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ანუ რამდენად არის საკმარისი წარმოდგენილი პირობები დავალების პირობაში მოცემულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად.
დაბოლოს, ხედავთ მონაცემთა ანალიზის ბლოკის დავალების ნიმუშს:
როგორც ხედავთ, აქ დიაგრამის სახითაა წარმოდგენილი გარკვეული ინფორმაცია. აბიტურიენტს ევალება, გაიგოს დიაგრამის, ცხრილის ან გრაფიკის სახით წარმოდგენილი ინფორმაცია, გააანალიზოს და უპასუხოს რამდენიმე შეკითხვას, რომლებიც მონაცემთა ანალიზის დავალების პირობას მოსდევს.
ბოლოს რამდენიმე კომენტარი ტესტის შესრულების ტექნიკურ მხარეებთან დაკავშირებით. ტექსტში შეგხვდებათ 80 დავალება, აქედან 40 არის ვერბალური ნაწილის, 40 — მათემატიკური ნაწილის. დავალებები ერთმანეთისგან სირთულის მიხედვით განსხვავდება — ტესტის პირველ ნაწილში შედარებით მარტივი დავალებებია, ხოლო მეორე ნაწილში — შედარებით რთული. თქვენი ამოცანაა, სწორად გაანაწილოთ დრო. დიდ დროს ნუ დახარჯავთ ერთ დავალებაზე, ნუ შეჩერდებით. თუკი მიხვდებით, რომ ეს დავალება თქვენთვის რთულია, გადადით შემდეგზე.
თუკი დარწმუნდებით, რომ დავალება სწორად ამოხსენით, მაშინვე გადაიტანეთ პასუხების ფურცელზე. დრო ორად არის გაყოფილი, სულ 3 საათი და 10 წუთი გაქვთ — ვერბალურ ნაწილზე სამუშაოდ გეძლევათ 1 საათი და 15 წუთი, ხოლო მათემატიკურ ნაწილზე სამუშაოდ — 1 საათი და 35 წუთი. თუ თქვენ ვერბალურ ნაწილზე მუშაობა ადრე დაასრულეთ, დროის ამოწურვამდე, მათემატიკურ ნაწილზე გადასვლის უფლება არ გაქვთ.
სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა ზოგადი უნარების ტესტის შესახებ. ვფიქრობ, მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ წარმატებით დაძლიოთ ზოგადი უნარების გამოცდა. წარმატებებს გისურვებთ!