რექტორები ონლაინ სწავლების პრობლემებსა და უპირატესობებზე
ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდვითარების გამო, უნივერსიტეტებმა ახალი სასწავლო წელი კვლავ დისტანციურ ფორმატში დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლებას თავისი უპირატესობა აქვს, სტუდენტების უმეტესობას, ასევე პროფესორ-მაწავლებლებს, გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ამ მეთოდით ხარისხიან განათლებას ვერ იღებს, ეს მხოლოდ აუდიტორიაში სწავლების დროსაა შესაძლებელი. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ონლაინ სწავლება მოსახერხებელი და კომფორტულია, ხარჯების შემცირების, დროის დაზოგვის კარგი საშუალებაა და კიდევ ბევრი უპირატესობა აქვს.
გასული წლის გამოცდილებიდან, რა პრობლემებთან თუ უპირატესობასთანაა დაკავშირებული ონლაინ სწავლება, რა სიახლეებს სთავაზობენ უნივერსიტეტები სტუდენტებს, რამდენად მომზადებული არიან ახალი სასწავლო წლისთვის — ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრებიან საქართველოს კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები.
როლანდ კოპალიანი
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფაქტობრივად, 2021 წლის აპრილიდან მიმდინარეობს მზადება 2021-2022 სასწავლო წლის ორგანიზებულად დასაწყებად. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილ იყო და პერიოდულად იხილებოდა ბრძანების პროექტი „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების საფეხურების მიხედვით 2021-2022 სასწავლო წლის განრიგის დამტკიცების შესახებ“. ბრძანების პროექტის განხილვაში აქტიურად იყვნენ ჩართული ფაკულტეტის დეკანები და სამსახურის უფროსები. შედგა სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო ცხრილები სწავლა/სწავლების საფეხურების მიხედვით. სწავლის დაწყების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 20 სექტემბერი. აღსანიშნავია, რომ ამა წლის 4 ოქტომბრამდე უნივერსიტეტში სწავლება წარიმართება On-Line (ონ-ლაინ) პლატფორმაზე (Microsoft teams, moodle); მედიცინის ფაკულტეტზე განსაზღვრულია სწავლების შერეული ფორმა.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა ნაწილს არ მოსწონს ონლაინ სწავლება, რადგან ფიქრობენ, რომ ვერ იღებენ იმ ხარისხის განათლებას, როგორსაც — ლექცია-პრაქტიკუმებზე, აუდიტორიაში დასწრების დროს. სტუდენტთა ამ მოსაზრებას იზიარებს როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ისე აკადემიური პერსონალი. ამ თვალსაზრისით, 2020-2021 სასწავლო წელს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი გამოიყენა პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის, კერძოდ:
e პანდემიის გამოცხადებისთანავე უნივერსიტეტში ონლაინ სწავლებაზე გადასვლისათვის დავიწყეთ საჭიროებების კვლევა, სწავლების პროცესის დისტანციურ ფორმატში გადაყვანისთვის; შევისწავლეთ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მზადყოფნა ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით, რამდენად ხელმისწვდომი იყო მათთვის ელექტრონული რესურსები. მასწავლებელთა გარკვეული რაოდენობა მზად არ აღმოჩნდა შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებისა და სასწავლო კურსის ინტერნეტის მეშვეობით სწავლებისათვის;
e უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციის-ENQA-ს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები. ადმინისტრაციის ძალისხმევით, აწსუ-ში მომზადდა და ვებგვერდზე განთავსდა, საინფორმაციო ვიდეორგოლები, რომლებიც სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა კორპორაციულ ფოსტებზე დაიგზავნა; შედგა ინდივიდუალური დროებითი ცხრილები;
e ფაკულტეტების მიხედვით შეიქმნა ონლაინ სწავლების მხარდაჭერის ჯგუფი; გადამზადდა აკადემიური პერსონალი, ვიდეოლექციები განთავსდა აწსუ ონლაინ სივრცეში, რათა სტუდენტებს მისცემოდათ მათი ნებისმიერ დროს ნახვის შესაძლებლობა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ხელი შეუწყო აკადემიური პერსონალის ციფრულ ტექნოლოგიებში დაოსტატებას დისტანციური სწავლების მხარდაჭერის ჯგუფის სპეციალისტების ხელმძღვანელობით ჩატარებული სხვადასხვა ტრენინგკურსით.
ჩვენი უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტთა შორის, რომელიც 2020 წლის მარტში გადავიდა ონლაინ სწავლებაზე. გამოვიკვლიეთ რამდენად მოხდა ტრანსფორმაცია 2019-2020 სასწავლო წელსა და 2020-2021 სასწავლო წელს შორის ტრადიციულ (პირისპირ) სწავლებასა და ონლაინ სწავლებას შორის — როგორც გამოიკვეთა, დროის ამ მონაკვეთმა საშუალება მისცა აკადემიური პერსონალის 80%-ს, გაემართა დისტანციური სწავლების სისტემა და მოერგო არსებული რეალობისთვის. ძირითადად, ჩვენმა უნივერსიტეტმა შეძლო, ორგანიზებულად წარემართა სასწავლო პროცესი, დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, რომლის შეცვლაც რამდენჯერმე მოგვიხდა, ქვეყანაში არსებული ეპიდაფეთქებების გათვალისწინებით.
ტრადიციულ სააუდიტორიო მუშაობას ონლაინ სწავლების პროცესი ვერ ჩაანაცვლებს. მიმაჩნია, რომ ტრადიციულ და ონლაინ სწავლების საგანმანათლებლო პროგრამებს ხარისხის უზრუნველყოფის განსხვავებული სტანდარტები და შეფასების განსხვავებული მიდგომები ესაჭიროება. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, ამ თვალსაზრისით, აქტიურად მუშაობენ.
გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, სწავლა/სწავლების პროცესში, გამოყენებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, სწავლების თანამედროვე მეთოდები, სტუდენტებს ელექტრონულად მიეწოდებათ სალექციო კურსები.
იმედი მაქვს, რომ 2021 წლის 4 ოქტომბრიდან, დავუბრუნდებით სააუდიტორიო სწავლებას, სადაც სტუდენტებს დახვდებათ გარემონტებული სასწავლო აუდიტორიები, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო ცხრილები და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, ახალი გაცვლითი პროგრამები და მრავალი სხვა.
კახაბერ კორძაია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე კოვიდპანდემიამ სრულად შეცვალა საზოგადოებრივი ცხოვრების სტილი. ამ რთულ პერიოდში, ჩვენმა ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებთან ერთად, სწრაფად აუღო ალღო ახალ გამოწვევებს. უნივერსიტეტში, თანამედროვე ელექტრონული პროგრამების საშუალებით, ეფექტიანად დაინერგა სწავლების დისტანციური რეჟიმი, თუმცა პრაქტიკულ საგნებზე, სადაც აუცილებელია სტუდენტთა დასწრება, უნივერსიტეტი შესაბამისი რეგულაციების დაცვით უზრუნველყოფს სასწავლო პროცესს.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი, 13 სექტემბერს, კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდა, თუმცა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ, ლაბორატორიულ და კლინიკურ საგნებს დასწრებულ რეჟიმში გადიან. ასე გაგრძელდება 4 ოქტომბრამდე, შემდეგ კი, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, გადაწყდება სასწავლო პროცესის გაგრძელების ფორმატი.
ცხადია, ცოცხალი კომუნიკაცია და პირდაპირი ინტერაქცია უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროსთვის, თუმცა არსებულმა მოცემულობამ დაგვარწმუნა, რომ ის, რაც აქამდე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, დღეს რეალობაა. ჩვენი ვალდებულება კი ისაა, რომ არსებულ ვითარებას ფეხი ავუწყოთ, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა, სრულფასოვანი განათლება მიიღონ და სასწავლო პროცესი ვაწარმოოთ შეუფერხებლად.
გასულმა სასწავლო წელმა წარმატებით ჩაიარა. ელექტრონული პლატფორმა „Google meet“-ის გამოყენებით შეუფერხებლად მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. ოპერატიულად გადაიჭრა სასწავლო ლიტერატურის პრობლემაც — სრულად გაციფრულდა. დაინერგა სწავლების ჰიბრიდული/შერეული ფორმატი. უნივერსიტეტმა ზედმიწევნით გაითვალისწინა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია და შექმნა უსაფრთხო და კომფორტული გარემო როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. დისტანციური ფორმატით გაიმართა რიგით მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ჩატარდა არაერთი ონლაინ საჯარო ლექცია და ვებინარი. წარმატებით განხორციელდა სხვადასხვა სახის პროექტები, კონფერენციები და კონკურსები. დისტანცირების მიუხედავად წარმატებას მივაღწიეთ სპორტში. გავამყარეთ საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობა, მოვიპოვეთ უფასო გაცვლითი პროგრამა კსუ-ს სტუდენტებისთვის ავსტრიაში. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და აგვისტოში, ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, იასპარეზა მონტენეგროში.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მუდმივ განახლებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მიმდინარე სასწავლო წლისთვის განახლდა უნივერსიტეტის ინტერიერი და სტუდენტებს უკვე სრულად შეცვლილი გარემო დახვდებათ მთავარი კორპუსის პირველ სართულზე, ასევე შეიქმნა ახალი სტუდენტური სივრცე. ინფრასტრუქტურის განახლება ეტაპობრივად გაგრძელდება მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით. მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა „ტელემედიცინის ცენტრი“, რომელიც წარმოადგენს იდეალურ საშუალებას და აუცილებელ სერვისს COVID-19-ის მსგავსი საგანგებო სიტუაციის პირობებში, როგორც სტუდენტზე დაკვირვების, კომუნიკაციის და მხარდაჭერის, ისე მისი კლინიკური უნარ-ჩვევების გამომუშავების მხრივ. „ტელემედიცინის ცენტრის“ მიზანია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოპულაციის შესწავლა, COVID-19-ით ინფიცირებული ჯგუფების გამოვლენა, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის გარკვევა და სამიზნე სუბიექტების გადამისამართება საჭიროებისამებრ (ცხელი ხაზი, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, კოვიდ კლინიკები). გარდა ამისა, გასცემს რეკომენდაციებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს დაემატა 2 ახალი საგანმანათლებლო პროგრამა — მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევები“, რომელიც უკვე საკმაოდ პრესტიჟულია როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებში.
ყველა სტუდენტს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და მადლობას ვუხდი, გამოცხადებული ნდობისთვის. გახდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიშნავს, დაუღალავ სწრაფვას საკუთარი მიზნების მისაღწევად, სადაც ლექტორები, სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი მუდმივად შენ გვერდით არიან და გიკვალავენ გზას წარმატებული კარიერისთვის, თქვენი არჩევანის სისწორეში კი მალე დარწმუნდებით. არ შეუშინდეთ ახალ გამოწვევებს, მუდმივად იშრომეთ და იზრუნეთ საკუთარი თავის განვითარებისთვის. ჩვენ აუცილებლად შევქმნით ყველა პირობას თქვენი წარმატებისთვის! მუდამ გახსოვდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია!
მაკა ბერიძე
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორი, პროფესორი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სწავლა 13 სექტემბრიდან, დისტანციურ რეჟიმში, განაახლა. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის კორპუსები განთავსებულია როგორც ახალციხეში, ისე ახალქალაქში და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სასწავლო წლის ადრე დაწყება გარკვეულ ტრადიციად ჩამოყალიბდა, რათა ზამთრის სეზონი საგამოცდო სესიებისა და არდადეგებისთვის გამოვიყენოთ. რაც შეეხება ფორმატს, ჩვენც ისევე, როგორც საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, 4 ოქტომბრამდე, სრულად დისტანციურ რეჟიმში განვახორციელებთ სასწავლო პროცესს, შემდეგ დაველოდებით ინფიცირების მაჩვენებლებს და გადავწყვეტთ, რა ფორმატში გავაგრძელოთ. აქვე გასათვალისწინებელია ერთი გარემოება — ვინაიდან ვფიქრობთ, რეკომენდაციების შესრულება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო გახდება, სავარაუდოდ, შერეულ ფორმატს ავირჩევთ. სტუდენტთა დიდ ჯგუფებს, თეორიული ხასიათის ლექციებისთვის, კვლავ დისტანციურ რეჟიმს შევთავაზებთ, სასემინარო ჯგუფებს კი — კონტაქტურ სწავლებას.
ჩვენც ვფიქრობთ, რომ კონტაქტური სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია და გარკვეული თვალსაზრისით, სპეციალობათა ერთი ნაწილისთვის — შეუცვლელიც. თუმცა, შარშანდელი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დისტანციურ რეჟიმსაც აქვს თავისი უპირატესობები და ცალსახად უარყოფითად შეფასება მართებული არ იქნება. ასეთია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ჩვენს უნივერსიტეტში — შარშან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო გამონაკლისი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც შეიძლებოდა სასწავლო პროცესის კონტაქტურად წარმართვა. ჩვენ ეს გარემოება გამოვიყენეთ და სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს არჩევანის შესაძლებლობა მივეცით. რეალურად გამოგვივიდა შერეული ფორმატი, რომელიც სასწავლო კურსის, სპეციალობის სპეციფიკის გათვალისწინების შესაძლებლობას იძლეოდა. მივიღეთ მოქნილი ფორმატი.
რა თქმა უნდა, არაბუნებრივია ცარიელი აუდიტორიები, დერეფნები და სტუდენტების ხმაურს მოკლებული უნივერსიტეტის ეზო. ვერაფერი შეცვლის სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის უშუალო ურთიერთობებს. კარგად გვესმის, რომ მთავარი დღეს სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა. აკადემიური პერსონალის 88% აცრილია, ასევე ადმინისტრაციის — 70%. სამწუხაროდ, დაბალია სტუდენტთა შორის აცრის მაჩვენებელი, თუმცა, მონაცემები მზარდია და ეს გვაიმედებს. რაც შეეხება პრობლემებს, უნივერსიტეტმა შეძლო და ადეკვატურად გადაწყვიტა ისინი. ყველაზე კრიზისულ პერიოდში სტუდენტებს დროებით მფლობელობაში გადავეცით კომპიუტერები, დავაფინანსეთ ინტერნეტ პაკეტები, შევთავაზეთ იზოლირებული გარემო უნივერსიტეტიდან ჩართვებისთვის, შევიტანეთ შესაბამისი ცვლილებები სილაბუსებში და შექმნილ ვითარებას მოვარგეთ შეფასების სისტემა, მოვამზადეთ ინსტრუქციები დისტანციური პლატფორმების გამოსაყენებლად და ა.შ. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. მთელი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, 24-საათიანი კომუნიკაცია გვქონდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, ეს იყო სერიოზული მხარდაჭერა და დახმარება. შეჯამების სახით, შემიძლია გითხრათ, რომ შარშანდელი სასწავლო წელი, მიუხედავად სირთულეებისა, ერთობლივი ძალისხმევით შედგა.
ახალი სასწავლო წელი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი სიახლეებით დავიწყეთ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებულ პროგრამებს დაემატა კიდევ ერთი — ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა. გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიმართ, რადგან ამ გადაწყვეტილებამ ახალი პერსპექტივები გააჩინა დარგისა და პროგრამის განვითარებისათვის. ახალი სასწავლო წლისათვის სტუდენტებს, პირველ კორპუსში, სრულად რეაბილიტირებულ გათბობის სისტემას დავახვედრებთ, პროფესურას კი საერთო საცხოვრებლის ერთ ნაწილში — თითოეულ ოთახში ინდივიდუალურად შეყვანილ სველ წერტილებს. სამუშაოები გაგრძელდება და ყველა ოთახი შეკეთდება. ამ სასწავლო წლიდან ვიმედოვნებთ ახალქალაქის მეოთხე კორპუსის რეაბილიტაციის დასრულებას. რეაკრედიტაციაზე წარდგენილია და მზადდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა. ასე რომ, პანდემიის მიუხედავად, უნივერსიტეტი აგრძელებს განვითარებას.
თითოეულ სტუდენტს, განსაკუთრებით პირველკურსელებს მინდა მივულოცო ახალი სასწავლო წელი. მათ სწორი არჩევანი გააკეთეს, როდესაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტეს. მათი არჩევანი ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას და გვაძლევს მეტ მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ.
მოამზადა მაკა ყიფიანმა