რა გამოცდილება აქვს ჩვენს განათლების სისტემას დისტანციური სწავლების კუთხით და რა ონლაინ შესაძლებლობებს სთავაზობს სკოლებს, ამის შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის პროგრამების ხელმძღვანელი ნონა პოპიაშვილი.
რატომ გაჩნდა დისტანციური სწავლების იდეა
ბოლო პერიოდში განათლების სისტემაში განხორციელებულმა რეფორმამ — პრაქტიკოსი მასწავლებლების საპენსიო ჯილდოს გაცემა და პრაქტიკოსისთვის სტატუსის ასამაღლებლად გარკვეული დროის განსაზღვრა (თუ დადგენილ დროში სტატუსს ვერ აიმაღლებს, მოუწევს სკოლის დატოვება) – გამოთავისუფლებული ადგილების კვალიფიციური კადრებით შევსების საჭიროება გააჩინა, ანუ რეალურად აუცილებელი გახდა ვაკანსიები პედაგოგებით შეგვევსო.
თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში, მცირეკონტინგენტიან სკოლებში, სადაც ფაქტობრივად, არათუ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების, არამედ ზოგადად, მასწავლებლობის მსურველებიც კი, რიგ შემთხვევაში, დეფიციტურია. განსაკუთრებით დეფიციტურია ისეთ საგნებში, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მათემატიკა. გაჩნდა იდეა, ხომ არ ვასწავლოთ ეს საგნები დისტანციურად?
გასულ წელს, წინასწარ იყო ნავარაუდევი, რომ ეს პრობლემა დადგებოდს და მოისინჯა ნიადაგი — რამდენად განხორციელებადი იყო დისტანციური სწავლება. მოგეხსენებათ, რომ პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“, რომელიც, ძირითადად, რეგიონებში დეფიციტური კადრების შევსებას ემსახურება, საკმაოდ დიდ ბიუჯეტს მოითხოვს, ამის გარდა, ამ პროგრამით აუცილებლად ადგილზე უნდა წავიდეს მასწავლებელი, ეს კი ყოველთვის არ ხერხდება. ამიტომ მცდელობად ღირდა, გაგვეგო როგორ ავამუშავებდით დისტანციურ პროგრამას. თან ამ მხრივ მცირე გამოცდილება უკვე გვქონდა, რადგან გასულ სასწავლო წელს, ხულოს რაიონის ორ სოფელში, ინგლისური ენის სწავლება დისტანციურად მიმდინარეობდა. თუმცა, ვიმეორებ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ორ სკოლაში განხორციელდა. დისტანციური პროგრამა, ასევე, მოქმედებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის, რომლებსაც მშობლიური ენის შესწავლა სურთ.
2019 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც გავაკეთეთ მოკვლევა, თუ რა ვაკანსიები შეიძლება გაჩენილიყო სკოლებში, სერიოზული ფიქრი, უფრო სწორად მზადება დავიწყეთ, რომ მოგვემზადებინა მასწავლებლების ჯგუფი ჩამოთვლილ დეფიციტურ საგნებში, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, სწავლებას დისტანციურად განახორციელებდნენ. ამასთანავე გამოვიკვლიეთ, რა სიტუაციაა მაღალმთიანი სოფლების სკოლებში. ინტენსიური შეხვედრები გვქონდა რეგიონებში რესურცენტრებთან, სკოლის დირექტორებთან, რომელთაც ვეკითხებოდით, არის თუ არა სკოლა მზად დისტანციური სწავლებისთვის, თუ სკოლაში კადრის/მასწავლებლის დეფიციტი გაჩნდება?
რას გულისხმობს სკოლის მზაობა?
სკოლას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინტერნეტი. ემისის საშუალებით გვაქვს ინფორმაცია, რომ ყველა სკოლაში არის ინტერნეტი, უბრალოდ, რამდენად სწრაფია ეს სხვა საკითხია. ზოგიერთი სკოლა გვეუბნებოდა, რომ პრობლემა არ აქვთ, სკოლების ნაწილს კი ამ კუთხით გაძლიერება და დახმარება სჭირდება. იქ, სადაც უწყვეტი ინტერნეტი არ ჰქონდათ, პრობლემა მოდემის ან მობილური ინტერნეტის საშუალებით მოვაგვარეთ. თუმცა, ამის გარდა, პირველ რიგში, აუცილებელია სკოლას ჰქონდეს კომპიუტერი, ვიდეოთვალი, მიკროფონი, ხმის გამაძლიერებელი, ან უბრალოდ, ლეპტოპი — ეს ყველაზე მოსახერხებულია ამ შემთხვევაში.
ამის გარდა, საჭიროა პროგრამული უზრუნველყოფა — ვინდოუსის უახლესი ვერსია. ჩვენ მაიკროსოფტი ამის საშუალებას გვაძლევს, სამინისტრო, ხელშეკრულების საფუძველზე, თანამშრომლობს მაიკროსოფტთან და საქართველოში აბსოლუტურად ყველა მასწავლებელს აქვს მაიკროსოფტის ექაუნთი შექმნილი, ანუ მეილზე, აუთლუქსა და ოფის 365-ზე ყველა მასწავლებელს მიუწვდება ხელი. იმ შემთხვევაში კი, რომელ სკოლაშიც არ იცოდნენ, მაგალითად, ოფის 365-ის გამოყენება, ჩვენ ვუწევდით დახმარებას.
როგორც გითხარით, თადარიგი ზაფხულში დავიჭირეთ და ყველა დეფიციტურ საგანში, დაახლოებით, 20 მასწავლებელი გადავამზადეთ. დავატრენინგეთ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურის, გეოგრაფიის, ქართულისა და რუსულის მასწავლებლები, როგორ უნდა ასწავლონ დისტანციურად — როგორ გამოიყენონ ოფისის აპლიკაციები, შექმნან ბმული, რომელსაც შემდეგ სკოლაში გააზიარებენ და რომლის საშუალებითაც წარმართავენ სწავლებას. ბმულები ხელმისაწვდომია ჩვენი ექსპერტებისთვისაც. საგნობრივ მიმართულებებზე პასუხისმგებელი ექსპერტები გარკვეულ მონიტორინგს უწევენ მასწავლებლებს. ბმულზე წვდომა აქვს ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურსაც, ანუ მათ, ვისაც ბმულზე წვდომა აქვს, ნებისმიერ დროს, შეუძლია შევიდეს 33-ვე მასწავლებლის ბმულზე და ნახოს რას აკეთებენ, რა ხარვეზები წარმოიშვა, ხომ არ არის შეფერხება. პარალელურად, მუდმივად საქმის კურსშია ემისი, რადგან თუკი ინტერნეტის მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა წარმოიშვება და ჩვენ ვერ ვაგვარებთ, სკოლის დირექტორი სასწრაფოდ რეკავს ემისის ცხელ ხაზზე. ხშირად კი, ლოკალურადაც ვაგვარებთ მოდემის ან სატელეფონო ინტერნეტის საშუალებით.
დისტანციური სწავლება არის თუ არა ინტერაქციული პროცესი
სრულიად იქნტერაქციული პროცესია. ადრე სწავლებისას სკაიპს ვიყენებდით და ამ აპლიკაციასაც ძალიან ბევრი შესაძლებობა ჰქონდა ინტერაქციისთვის — მაგალითად, გაზიარება, სავარჯიშოების გაკეთება, კითხვა-პასუხის აქტივობები და ა.შ.
აბსოლუტურად ცოცხალი ატმოსფეროა, უკუკავშირის მიღება, დიფერენცირებული მიდგომების გამოყენება (თუკი ამის საჭიროებაა), ყველაფერი ზუსტად იმგვარად ხდება, როგორც ჩვეულებრივ გაკვეთილზე. სხვა სიკეთეებთან ერთად, დისტანციურმა სწავლებამ ისიც მოიტანა, რომ იმ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, რომლებიც კარგად ვერ ფლობდნენ ონლაინინსტრუმენტებს, ახლა ეს კარგად შეუძლიათ, უბრალოდ, სხვა გამოსავალი არც აქვთ, რადგან სწორედ ონლაინინსტრუმენტები თამაშობს გადამწყვეტ როლს.
თიმსზე გადასვლით (ესეც ერთ-ერთი აპლიკაციაა მაიკროსოფტის), ტექნიკურად დისტანციური სწავლება უფრო გაიოლდა. სხვათა შორის, კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების გამო, მაიკროსოფტმა მთელ მსოფლიოს 6-თვიანი უფასო რეგისტრაცია შესთავაზა. თუმცა, როგორც გითხარით, ჩვენ ამის აუცილებლობა არ გვაქვს, რადგან სამინისტროს ისედაც გაფორმებული აქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება და ვსარგებლობთ ოფის 365-ის ქსელით. ძალიან მოქნილი და მოხერხებული პლატფორმაა. მასწავლებლები, რომლებიც თიმსს იყენებენ, ამბობენ, რომ მოხერხებულია, რადგან ყველაფერი ერთ სივრცეშია განთავსებული. ამიტომ, დისტანციური სწავლებისას, ჩვენც სკაიპი თიმსით ჩავანაცვლეთ, აქ უპირატესობა ისიცაა, რომ უფრო გამარტივებულია, თუნდაც გაკვეთილის ჩაწერის პროცესი. გაკვეთილის დაწყებამდე, ღილაკზე თითის დაჭერით, გაკვეთილი მიმდინარეობის პროცესშივე იწერება, შემდეგ ავტომატურად იტვირთება თიმსში, რადგან ყველაფერი დაარქივებული გვაქვს. დავალებების მიცემა, ფაილების მიბმა, დისკუსიის საშულება — ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია განთავსებული, სადაც მშობლებსაც კი შეუძლიათ დისტანციურად ჩაერთონ და ნახონ რას აკეთებენ მათი შვილები. უბრალოდ, ის კონტინგენტი, რომელიც ამ დროისთვის დისტანციური სწავლების პროგრამაში გვყავს ჩართული (ეს მაინც მაღალმთიანი, მცირეკონტინგენტიანი სოფლების სკოლები არიან და ასე იოლად არ ხერხდება მათი ჩართვა პროცესებში, რადგან მშობლებსაც უნდა ჰქონდეთ კომპიუტერი სახლში), ამას ვერ ახერხებს ან არ ინტერესდება. მაგრამ, ვფიქრობთ, ნელ-ნელა გაიზრდება ინტერესი როგორც მშობლების, ისე სკოლის დირექციის მხრიდან. რაც მთავარია, ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან ამ ტიპის გაკვეთილებით.
პირისპირ კონტაქტი
ალბათ მნიშვნელოვანია პირისპირ კონტაქტიც, ამიტომ ჩვენ ასეთი რამ მოვიფიქრეთ — მასწავლებლებს ჩავუდეთ კონტრაქტში, რომ სემესტრის განმავლობაში ერთხელ, ჩავიდნენ ადგილზე და გაიცნონ მოსწავლეები, თუ შესაძლებელია, ერთი გაკვეთილიც ჩაატარონ. შორს მდებარე სკოლებში ვიზიტს ჩვენ ვაფინანსებთ, ახლო სკოლებში თავად ახერხებენ ჩასვლას. მაგალითად, გასულ სემესტრში, გოგაშენის (ახალციხეში) სკოლაში, სამივე საგნის მასწავლებელი ერთდროულად ჩავიდა მოსწავლეებთან — დისტანციურად იქ რამდენიმე საგანს ვასწავლით (ინგლისური, რუსული, გეოგრაფია). ინგლისური ენის მასწავლებელმა ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული წიგნებიც კი ჩაუტანა მოსწავლეებს საჩუქრად.
7 საგანი, 33 სკოლა და 39 მასწავლებელი
ამ დროისთვის, სულ, 7 საგანი ისწავლება დისტანციურად, მათ შორის, ყველაზე დეფიციტურია ფიზიკა. რაც შეეხება რეგიონებს, პროექტში ჩართულია მაღალმთიანი აჭარა — ხულო, ქედა, შუახევი, ასევე, ახალციხე, ახალქალაქი, ბორჯომი, გურიის რამდენიმე სოფელი და დეკემბრიდან შემოგვიერთდა შატილი, ჯამში — 33 სკოლა და 39 მასწავლებელი (მათ შორის, ორი სომხურენოვანი მასწავლებელია.), რადგან ზოგიერთ სკოლაში რამდენიმე საგანი ისწავლება, მაგალითად, როგორც გითხარით, გოგაშენში, სამი საგანი, შატილშიც რამდენიმე საგანს ვასწავლით დისტანციურად. ძალიან კი გვინდოდა, შატილში გაგვეგზავნა მასწავლებლები, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, ეს ყველა საგანში ვერ მოხერხდა. რიგი საგნები „ასწავლე საქართველოსთვის“ პროექტის ფარგლებში დავფარეთ, დანარჩენები კი, დისტანციურად — ფიზიკა, ქიმია, ბოლოგია და მათემატიკა.
მასწავლებლების შერჩევისას აქცენტი ახალგაზრდებზე გავაკეთეთ. განსაკუთრებით ფიზიკაში გვიჭირს კადრები, არათუ რეგიონებში, თბილისშიც კი. სწორედ ზურა ბერიას ინიციატივა იყო, რომ ახალგაზრდა ფიზიკოსებისთვის, რომლებმაც არაჩვეულებრივად იციან საგანი, კარგად ფლობენ ტექნოლოგიებსაც და ამასთან ერთად, აქვთ მოტივაცია, მიგვეცა პროგრამაში ჩართვის შანსი. თუმცა, მათ გარდა, პროგრამაში, ჩართულები არიან წამყვანი, მენტორი და უფროსი მასწავლებლებიც, ანუ ძალიან გამოცდილი პედაგოგები, რომლებსაც მართლა დიდი მოტივაცია და განცდა აქვთ იმისა, რომ მნიშვნელოვან და ეროვნულ საქმეს აკეთებენ. ძალიან კვალიფიციური კადრები გვყავს, მაგალითად, მათემატიკის მიმართულებით — დავატრენინგეთ რამდენიმე ადამიანი, არაჩვეულებრივი გუნდი შეიკრა, რომელთაც საჭიროების მიხედვით გადავანაწილებთ სკოლებში.
ამ მინი-მოდელზე დავაკვირდებით, თუ როგორ იმუშავებს ჩვენს რეალობაში დისტანციური სწავლება. გარკვეულწილად ეს გახდება სტარტი დისტანციური სკოლის ჩამოსაყალიბებლადაც, რომლის კონცეფცია მზად გვაქვს. ძალიან გვინდა ეს იდეაც რეალობად ვაქციოთ, რადგან დარწმუნებულები ვართ, მნიშვნელოვანი საქმე იქნება ჩვენი განათლების სისტემისთვის. იდეის განსახორციელებლად კი მხარდაჭერა გვჭირდება.
როგორია დისტანციური სწავლების რეზერვი – რისთვის ვართ მზად?
კადრების დეფიციტით გამოწვეული პრობლემა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენ გამოწვევას სრულად ვერ ვუპასუხებთ, თუმცა, მზად ვართ, დავაკმაყოფილოთ 500 საათის სწავლება (კვირეული დატვირთვა), ახლა 39 მასწავლებლის საშუალებით 300-ზე მეტ საათს მოვიცავთ. მართალია, ძალიან დიდი რეზერვი არ გვაქვს, მაგრამ, გაზაფხულზე არც ველოდებით კადრების დეფიციტის მკვეთრ ზრდას, რა იქნება სექტემბრიდან, ამაზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ზაფხულშივე დავაკვირდებით პროცესს და თუკი აღმოჩნდება, რომ შესაძლოა უფრო მეტი ვაკანსია გაჩნდეს სასწავლო წლის დასაწყისისთვის, მაშინ შეიძლება ბიუჯეტის ზრდაზეც ვიფიქროთ, რათა მეტი სკოლის ჩართვა შევძლოთ პროექტში.
ნიადაგი მოსინჯულია და პროგრამა დატესტილია. დღევანდელი გადასახედიდან პროცესები კარგად მიდის, თუმცა საბოლოო შედეგებზე წლის ბოლოს ვისაუბრებთ. ანალიზის შემდეგ კი, როგორც გითხარით, შესაძლოა ჩვენი ცენტრის ბაზაზე დისტანციური სკოლაც ჩამოყალიბდეს, სადაც ყველა საგნობრივი მიმართულებით გვექნება ესგ- ზე მორგებული და ადაპტირებული კურიკულუმი. ამ ყველაფერს კი, გარკვეული თანხები და ადამიანური რესურსი დასჭირდება. თუმცა, ღირს ამაზე ფიქრი, რადგან სისტემას ექნება სრული მზაობა, საჭიროების შემთხვევაში, ობიექტური მიზეზების გამო, სასწავლო პროცესს გამოთიშულ მოსწავლეებს, ადგილზე სწორედ დისტანციური სკოლის საშუალებით მიაწოდოს ხარისხიანი განათლება ყველა საგანში.
როგორ ვუპასუხებთ გამოწვევას
ამაზე, ბუნებრივია, მიფიქრია, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუკი სწავლა ისევ გადაიდო? თუ საჭირო გახდება ქვეყანაში დისტანციური სწავლების დანერგვა, ჩვენ მზად ვართ, გამოცდილება გავუზიაროთ მასწავლებლებს იმ კონკრეტული დეტალების შესახებ, რაც ჩვენი პროგრამის განხორციელებისას დავინახეთ — რა მუშაობს ან რა არ მუშაობს; გავუზიაროთ რა გამოცდილება გვაქვს თიმსის მიმართულებით. ბუნებრივია, ეს ყველაფერი შეიძლება ვებინარების საშულებით განხორციელდეს და სწორედ ასეთი ფორმატით ჩავუტაროთ გარკვეულ ჯგუფებს ონლაინტრენინგები, ვაჩვენოთ როგორ შეუძლიათ თიმსის გამოყენებით შექმნან ჯგუფი და მოსწავლეებს, რომლებიც სახლში იქნებიან, ჩაუტარონ გაკვეთილები. მართალია, ძალიან დიდი მასშტაბია — 60 ათასი მასწავლებელი ჰყავს სისტემას და ყველასთვის ასეთი ტიპის ტრენინგის ჩატარებას ვერ შევძლებთ, მაგრამ შეიძლება შეიქმნას გაიდლაინები, ჩაიწეროს ვიდეოინსტრუქციები და ეს რესურსი მასწავლებლებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
ჩვენი ამოცანა იყო, დაგვეწყო, გვენახა რა მასშტაბს შეიძლება გავწვდეთ, რამდენად კარგად იმუშავებს მსგავსი მოდელი. როგორც ხედავთ, ეს შევძელით საცდელ რეჟიმში, თუმცა, ახლა ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება დისტანციური სწავლების შედეგები — მოსწავლეთა მიღწევები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებაში. გარდა ამისა, საინტერესოა პროექტის ტექნიკური მხარეც და, ზოგადად, ყველა ხარვეზი, რაც გამოვლინდება და რასაც გავითვალისწინებთ პროექტის დასახვეწად.
რომელი ქვეყნის გამოცდილებას ანიჭებს უპირატესობას ქართული მოდელი
ამ მიმართულებით, რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ ბალტიისპირეთს საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. ამერიკაში დიდი ხანია მუშაობს დისტანციური სწავლების პროგრამები, რადგან იქაც ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც მოსწავლეები ვერ დადიან სკოლაში. ასევე აღმოჩნდა, რომ დისტანციური სწავლების ძალიან კარგი პრაქტიკა აქვს ავსტრიას. მაგრამ არჩევანს, ესტონურ გამოცდილებაზე შევაჩერებთ.
დისტანციური სწავლება ინკლუზიურ განათლებაში
დისტანციური სკოლის კონცეფციის შემუშავებისას ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ინკლუზიური განათლების მიმართულებას ეთმობა. ინკლუზია თავის თავში ინტეგრირებას და სოციუმთან მიახლოებას გულისხმობს, მაგრამ დისტანციური სწავლება აქაც იმ გარკვეულ შემთხვევებს გულისხმობს, როცა მოსწავლე, ობიექტური მიზეზების გამო, თუნდაც რაღაც პერიოდის განმავლობაში, სკოლაში მისვლას ვერ ახერხებს.
ამიტომ, დისტანციური სკოლის ფარგლებში, აუცილებლად იქნება ერთი მიმართულება ინკლუზიური განათლება, რომელიც, სპეციალისტებთან ერთად, კარგად დამუშავდება მეთოდურად, სწორად განისაზღვრება საჭიროებები დარღვევების ტიპისა და მოთხოვნების შესაბამისად. რეალურად, ტექნოლოგიები იძლევა არაჩვეულებრივ საშუალებას, ყველა მოთხოვნასა და საჭიროებას მოვარგოთ დისტანციური სწავლება, რის აუცილებლობაში მსოფლიოში (და ჩვენს ქვეყანაში) მიმდინარე ამბებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. ძალიან კარგია, რომ ამ თემით დაინტერესდით. ეს კიდევ ერთი ბიძგი იქნება ამ მიმართულების განვითარებისთვის. რაც უფრო მეტი ადამიანი მიხვდება, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, სხვაგვარად შეუძლებელია სრულფასოვანი განვითარება, მით უფრო სწრაფად წავალთ წინ.
ჩვენ ასევე, მასწავლებლებისთვის დავიწყეთ დისტანციური ტრენინგები, რასაც მრავალმხრივი (თავისებური) დატვირთვა აქვს (პირისპირ ტრენინგებსც აქვს თავისი დადებითი მხარეები, მაგრამ ვფიქრობ, უკვე მომწიფდა სიტუაცია, რომ მასწავლებლებიც გადავიდნენ ონლაინტრენინგების რეჟიმზე). გარდა იმისა, რომ ონლაინტრენინგები რეფლექსიის უფრო მეტ საშუალებას იძლევა (ამას კვლევებიც ადასტურებს), რადგან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან ონლაინკურსში ჩართულები და კითხულობენ ერთმანეთის მიერ დაწერილ თვალთახედვას თუ სხვა აქტივობებს, ამით მეორე საქმეც გავაკეთეთ — საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენს მასწავლებლებს ტექნოლოგიებთან ურთიერთობის სერიოზული პრობლემა აქვთ, ონლაინ კურსი კი ამ უნარების განვითარებას თავისთავად უზრუნველყოფს.
ესაუბრა ლალი ჯელაძე