ირმა გრიგალაშვილი
ფილოლოგი, თბილისის №214 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
ლიტერატურათმცოდნეობაში სტილი ენობრივი საშუალებების გამოყენების ხერხთა ერთობლიობაა, რომელიც ახასიათებს ამა თუ იმ მწერალს ან ლიტერატურული ნაწარმოებს რაიმე მიმართულებას, ჟანრს. მწერლის ენისა და სტილის საუკეთესო განმარტება, ვფიქრობ, ვაჟას ეკუთვნის, ამიტომაც მოვიხმობ ციტატას მისი ერთ-ერთი წერილიდან: „ენა სახეა მწერლისა, მისი ფიზიონომიაა და, უკეთესად რომ ვსთქვათ, – მწერლის სულია. ენაში იმალება მწერლის ინდივიდუალობა, მისი „მე“, ამიტომ ნიჭიერი მწერლის ნაწარმოები თუ ერთი-ორი რამ წაგიკითხავთ წინად, შემდეგ ხელმოუწერელიც რომ შეგხვდეთ, ადვილად იცნობთ, ვის კალამსაც ეკუთვნის…“
ხელმოუწერლადაც რომ შეიძლება ვიცნოთ, სწორედ ასეთი „ნიჭიერი მწერალია“ ჯემალ ქარჩხაძე. მართალია, მის ნაწარმოებებს განსაკუთრებული სიტყვაკაზმულობა არ გამოარჩევს, მაგრამ მწერალი მაინც გვამახსოვრებს თავს სტილის საოცარი სისადავით, „სიტყვათწყობილებიდან გადახრის“ მისეული მანერით. ვაჟას სიტყვით რომ ვთქვათ, აქვს „საკუთარი ფრაზეოლოგია, საკუთარი წინადადებანი, საკუთარი სურათები“ და მის ქმნილებებს ატყვია „ბეჭედი თავისებურებისა“.
თანამედროვე სკოლაში ჯემალ ქარჩხაძე მე-12 კლასში ისწავლება. ზოგიერთ ავტორს მისი რამდენიმე ნაწარმოები აქვს შეტანილი სახელმძღვანელოში, თუმცა, უმეტესობა სახელმძღვანელოებისა მხოლოდ „იგის“ სწავლებით შემოიფარგლება. „იგი“ ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამულ ნაწარმოებთა ჩამონათვალშიცაა. ჩვენც ყურადღება სწორედ ამ ნაწარმოებზე შევაჩერეთ.
„იგის“ შესწავლის მომენტში (მე-12 კლასის ბოლო სემესტრი) მოსწავლეებს უკვე, შედარებით, კარგად აქვთ განვითარებული ნაწარმოების იდეური თუ მხატვრული ანალიზისათვის საჭირო უნარები; მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია მათი ესთეტიკური გემოვნება; აქვთ ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე მსჯელობისათვის საკმაო კომპეტენცია და ამომწურავი ცოდნა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები“, ქართული ენისა და ლიტრატურის სწავლების საბაზო და საშუალო საფეხურზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამიზნე ცნებაა. ამდენად, სასურველია, „იგის“ სწავლებისას, მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ის მომენტები, რომელიც „განსაკუთრებულ დაღს ასვამს“ ნაწარმოებს და „ხდის მას ღირსსაცნობლად“.
მწერლის ენისა და სტილის, მის მიერ გამოყენებული მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების ანალიზი უნდა დავუკავშიროთ ტექსტის დედააზრს. ამ გზით მოსწავლეები თვალნათლივ დაინახავენ, რომ ლიტერატურული ნაწარმოების ღირსებას მისი იდეურ-ესთეტიკური მხარის ერთიანობა და ავტორის მიზანთან შესაბამისობა წარმოადგენს.
ალეგორია
ალეგორია კარგად ნაცადი ხერხი იყო საბჭოთა რეჟიმის მწერლებისათვის. ამ გზით, ისინი თავს აღწევდნენ ცენზურას და ახერხებდნენ მკითხველამდე დაფარულად მიეტანათ ჭეშმარიტება, თავიანთი გულისტკივილი. საამისოდ, მე-12 კლასში, უკვე არაერთ მაგალითს დაასახელებენ თავად მოსწავლეები: „დიდოსტატის მარჯვენა“, „ჯაყოს ხიზნები“, „ალავერდობა“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. ნაწილობრივ „იგიშიც“ იკითხება საბჭოთა მანკიერებების მხილება: ბელადომანიით შეპყრობილი ადამიანები (იგის მოძმენი), რეჟიმის მიერ ხელოვანის დამორჩილების სურვილი (ბელადისა და იგის შერკინება). თუმცა „იგის“ ალეგორია ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალოდ ცენზურის გაცურების მცდელობა. „იგის“ კითხვისას დაფარული რომ რთულად, მაგრამ თანდათანობით ცნობიერდება, სწორედ ეს იწვევს ჩვენს განსაკუთრებულ ესთეტიკურ სიამოვნებას.
რისი ალეგორიაა მოთხრობა „იგი“? ამ კითხვაზე რომ ვუპასუხოთ, უკეთესი იქნებოდა ჯერ ზოგადად ალეგორიული მომენტები მიმოგვეხილა, დაგვეფიქრებინა მოსწავლეები, რას განასახიერებს თითოეული პერსონაჟი:
♦ რას განასახიერებს იგი?
იგი, პირველ რიგში, განსხავავებულობის ტკივილია – იგი არ გავს სხვებს, ამიტომ სხვები უნდობლად ეკიდებიან, იგიმ იცის ის, რაც არ იციან სხვებმა, იგი საუბრობს „სხვანაირი სიტყვებით“.
იგი შემოქმედია – შემოქმედის განსხვავებულობისა და საზოგადოების მხრიდან მისი თანაგრძნობის, გაგების პრობლემა კი, ალბათ, ყველა დროის პრობლემაა და განსაკუთრებით კი მეოცე საუკუნისა: „მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს“ (გალაქტიონ ტაბიძე, „მე მძინარე ვარ“), „მაგრამ ვინ იცის რა ცეხცხლშია გამოხვეული ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი ტვინი ვერანი“ (პაოლო იაშვილი, „პოეზია“).
იგის განსხვავებულობა მხოლოდ მისი „შემოქმედური“ ბუნებით არ იხსნება, იგი ალუდაა, ჯოყოლაა, რომელმაც ცხოვრების ახალი საზრისი აღმოაჩინა, „ცას შეხედა“, იგიში პიროვნებამ გაიღვიძა. სწორედ ეს მომენტი აცალკევებს მას ბრბოსაგან და „შემეცნების ფართო და ხიფათიან გზაზე აყენებს“ (მ. ჯალიაშვილი).
და მაინც, რა არის იგის განსხვავებულობის მიზეზი? იგიმ შემოქმედი აღმოაჩინა ამ სამყაროშიც და საკუთარ თავშიც. „იგი ბალახით, ნამით, მზის სხივით და ზღვის სუნით შეიგრძნობს თავის არსებაში სამყაროდ გამთლიანებულ შემოქმედს“ (ნ. ლომიძე). ამ თვალსაზრისით იგის ალეგორიული სახით ღვთის არსის ქრისტიანული გაგებაც ვლინდება – „ღმერთი ყველაფერშია“.
♦ რას განასახიერებს ნი?
„ნი შემოქმედის შთაგონებაა, წყაროა, რომელიც იგის სულში მოედინება“ (ნ. ლომიძე). მართლაც, სწორედ ნი აღუძრავს იგის განსხვავებულობის შეგრძნებას, ნი აწყებინებს იგის სამყაროს ხატოვან აღქმას (ნის თვალებში ჩანს ზეცა, ნის თმა აგონებს იგის ხიდან დაცვენილ ფოთლებს). მაგრამ რატომ ხდება ნი მახინჯი? ეს კითხვა ხშირად ებადებათ ჩვენს მოსწავლეებს. რას ფარავს ნის სიმახინჯის ალეგორია? ალბათ, იმ ტკივილს, შემოქმედთ რომ ემართება ხოლმე ხშირად. ისინი ზეციური შარავანდედით მოსავენ ჩვეულებრივ მოკვდავებს, თავიანთ შემოქმედებაში ცად აამაღლებენ, მაგრამ სინამდვილეში ეს მუზები ჩვეულებრივი მიწიერი (ხან კი არცთუ მაღალზნეობრივი) ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე, მაგ., გალაკტიონის მერი, ბარათაშვილის ეკატერინე… სწორედ ამიტომ ნი მშვენიერია მანამ, სანამ ის მოხდება, რაც ტბის პირას, სანამ ნის ქალური სუნი აუვა და იგისთან ერთად ისეთი გახდება, როგორებიც არიან სხვები. ნი მშვენიერია იგის წარმოსახვაში, სილაზე იგის ნახატში.
♦ რას განასახიერებს ზუ?
„ზუ შემოქმედის უკვდავებაა. ზუ მარადისობაა, შემოქმედი ადამიანის ბოლო ხვედრია. ამიტომაც მიარბენინებს ზუ იგის ნახელავს. მიაქვს უსასრულობაში, მიაქვს მარადისობაში“ (ნ. ლომიძე). ზუ ერთგვარად მომავლის იმედიცაა, იმედი იმისა, რომ „ცუდად არ ჩაივლის განწირულის სულისკვეთება“ (ნიკოლოზ ბარათაშვილი, „მერანი“), რომ იგის აღმოჩენა „ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება“ (ტიციან ტაბიძე, „ლექსი მეწყერი“) და ახალ აღმოჩენას დაუდებს სათავეს, მოძმის გზის სიძნელეს გააადვილებს.
♦ რას განასახიერებს ბელადი?
„ბელადი ცვალებადი მიწიერი ცხოვრების სასტიკი სახეა. შეიძლება წინა ბელადზე უარესი ან უკეთესიც, მაგრამ, ყველა შემთხვევაში წარმავალი. ამიტომაც იმსხვრევა იგის მიერ გამოქანდაკებული ბელადი. რჩება მხოლოდ ნის ქანდაკება, ზუსთვის მინდობილი“ (ნ. ლომიძე). ამიტომაც ვფიქრობთ, რომ მხოლოდ საბჭოთა ბელადის მოაზრება ამ ალეგორიაში, ნაწარმოების არასრულყოფილი წაკითხვა იქნებოდა.
„ადამიანის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა საიდუმლოებების მუდმივი ძიება, მათი მიგნება და სინათლეზე გამოტანა“ – წერს ერთგან ჯემალ ქარჩხაძე, „იგიც“’ ალბათ, ამ ძიების ალეგორიული გზაა.
სიმბოლური აზროვნების ნიმუშები
ალეგორიის ხერხთან ერთად, ნაწრმოების იდეის გაცხადებისას, ავტორი აქტიურად მიმართავს საყოველთაოდ ცნობილ სიმბოლოებსაც, კერძოდ:
⇓ მთა – მთის სიმბოლიკა ბიბლიიდან მომდინარეობს, მას საკრალური მნიშვნელობა აქვს (მთაზე ეჩვენა მოსეს უფალი და მისცა წმინდა მცნებები, მთაზე აცვეს ჯვარს მაცხოვარი და აშ.). ლიტერატურაშიც მთა ხშირად გააზრებულია, როგორც უფალთან სიახლოვის, ზნეობრივი ამაღლებულობის გამოხატულება.
იგიც ზუსტად მთაზე მიუყვება დიდი დაძინების ქარაფს.
⇓ სინათლე – ნათლის სიმბოლიკაც ქართულ ლიტერატურაში ბიბლიიდან მომდინარეობს. უფალი ხშირად ცხადდება მანათობელი საგნის სახით (მაგ., მოსესთან გამოცხადებული ცეცხლმოკიდებული ბუჩქი), სახარებაში „ნათელი დაუღამებელი“ ღმერთია.
ნაწარმოებშიც „როდესაც ქარაფის წვერს ახლად გახელილი დღის თვალი დაჰნათოდა, მკაფიოდ ჩანდა ყოველი ბუჩქი, ყოველი ბალახი, მიწის ყოველი ნამცეცი. ქარაფის წვერზე დიდი სინათლე იყო“. ზუსტად სინათლისადმი იგის ინტერესი პერსონაჟის გამორჩეულობას უსვამს ხაზს.
⇓ მოთხრობაში იხატებიან პირველყოფილი, მაიმუნის მსგავსი ადამიანები.
„წელში მოხრილნი და უმეტყველონი – ეს ყოველივე მწერლისთვის სწორედ გარკვეული სულიერი მდგომარეობის გამომხატველი სიმბოლოებია“ (მ. ჯალიაშვილი). საზოგადოებისაგან პიროვნების გარიყვა, განსხვავებულობის გამო, პირველყოფილური ცხოვრების წესს გვაგონებს. ეს კიდევ უფრო აკნინებს ამგვარ მიდგომას, ალბათ, ავტორის მიზანდასახულობაც ესაა.
მეტაფორული აზროვნება
სწორედ მეტაფორის საშუალებით ახერხებს მწერალი „ჩაძვრეს პირველყოფილი ადამიანის ტყავში“ და მისი თვალით დაგვანახვოს სამყარო: ამიტომაც აქვს ცას დღისა და ღამის თვალები, ამიტომაც მოკიაფე კენჭებითაა ცა ავსებული. პირველყოფილმა ადამიანმა ჯერ არ იცის ცა, მზე, ვარკვლავები, როგორც მისგან დამოუკიდებელი ციური სხეულები, ამიტომ მათაც უკვე ნანახით, განცდილით აფასებს.
განსაკუთრებით უცხო და შთამბეჭდავ მეტაფორებს ვხვდებით მაშინ, როდესაც, აბსტრაქტული შეგრძნებების გამოსახატავად, ავტორი სუნს იშველიებს, მაგალითად, „ცხელი ხიფათის სუნი“, „სიმშვიდისა და სითბოს სუნი“… (მ. ჯალიაშვილი). ამას დავამატებდით გემოს მოხმობით შეთხზულ მეტაფორებსაც: „მკლავებში და მუხლებში სიძაბუნის გემო ჩაუდგა“, „რაღაც გაურკვეველი გემო ჰქონდა სხეულში. რისი გემო იყო, ვერ გაეგო“…
უკვე ნანახითა და განცდილის საშუალებით მსჯელობს იგი ტკივილისა და წუხილის შესახებაც. ამ „მსჯელობაში“, რასაკვირველია, თავად მწერლის უმაღლეს საფეხურზე ასული მეტაფორული ხედვა ჩანს სამყაროსი: „იგის მაინც ტკივილი ურჩევნია წუხილს… ტკივილი ისაა, ბრძოლის დროს რომ ნადირი კბილს გაჰკრავს და ფეხიდან წითელი სისხლი გამოუვა. ტკივილი ავია, მაგრამ დიდხანს არ ჩერდება სხეულში. ნაკბენი ადგილი კარგად უნდა გაილოკოს და დანერწყვოს. ტკივილს შეეშინდება და გაეცლება. წუხილი კი ვერაფრით ვერ შეაშინა იგიმ.“ სწორედ მეტაფორის საშუალებით გამოხატა ავტორმა ის აზრი, რომ ადამიანს ფიზიკური ტკივილის ატანა უფრო შეუძლია, ვიდრე სულიერისა. სულიერი ტკივილის, მწუხარების წინაშე უძლურები ვართ.
გაპიროვნება
ლიტერატურათმცოდნეობაში არაერთგზის შენიშნულა, რომ ყოველგვარი ტროპის საფუძველი თავად მეფატორაა (რ. ცანავა, 2012). ეს განსაკუთრებულად საგრძნობია მეტაფორისა და გაპიროვნების შედარებისას. არის შემთხვევები, როდესაც ამ ორს შორის მკვეთრი ზღვრის გავლება ჭირს. მოსწავლეები მიჩვეულნი არიან, უსულო საგნის, მოვლენის სულიერი საგნისათვის დამახასიათებელი თვისებით წარმოჩენას გაპიროვნება უწოდონ. სწორედ ამიტომ, ჩვენც გაპიროვნების ნიმუშებად განვიხილავთ ნაწარმოებში მწუხარების, ტკივილის, შიმშილის გასულიერებას.
„გამოქვაბულში ჩუმად იწვა სიბნელე და ეძინა“, „წუხილი შმაგი ნადირივით წამოვიდა, მომავალ ძილს გადაასწრო, ფაფუკი ბურანი გაარღვია და იგის სხეულში შეუძვრა“, „იგის სხეულში გაკვირვება შეკრთა“, „სტომაქში შიმშილი დაფუსფუსებდა“ – იგის შეგრძნებათა ამგვარად წარმოჩენა, პირველ რიგში, თხრობას სარწმუნო ელფერს სძენს, ამასთანავე, მათი ამეტყველება და გასულიერება თითქოს მკითხველსაც აღწერილის თანაგანმცდელად ხდის.
მხატვრული შედარება
შედარებები განსაკუთრებული მხატვრული ოსტატობითაა შერჩეული, თითოეული მათგანი საფუძველს იღებს პირველყოფილური სამყაროდან და როგორც სხვა ტროპული საშუალებები, ემსახურება მიზანს – მკითხველმაც იგის თვალით დაინახოს სამყარო, იგის მსგავსად განიცადოს განცდილი.
„ნის სიტყვები ავი ნადირის კბილებივით ჩაესო იგის“, „წუხილი შმაგი ნადირივით წამოვიდა“, „წუხილი არხეინად იჯდა სხეულში და ნადირივით ღრღნიდა ძვლებს“, „ზურგში ავი ნადირივით ჩააფრინდა ტკივილი“, „თავში სიტყვები ისე მიედინებოდა, როგორც ნადირთა ჯოგი მიდის წყაროზე“ – შემთხვევითი არაა, რომ იგის ყველაზე საზარელი ემოციები ნადირთანაა დაკავშირებული. პირველყოფილურ სამყაროში, ალბათ, რაც ყველაზე დიდი შიშის ზარს სცემდა ადამიანს, ეს ველური მხეცი იყო.
„კაცების დაწინაურებული ჯგუფი უცნაურად შემჭიდროვებულიყო, შეკრულიყო და ერთიანი გორგალივით მიგორავდა თავდაღმართში“. ამ მხატვრული შედარებით ხაზი ესმება იმას, რომ იგის თანამოძმეები არ წარმოადგენენ ინდივიდებს, ისინი გორგალად ქცეული მთლიანობა არიან, ბრბო.
ჯემალ ქარჩხაძის სტილს, საანალიზო ტექსტში, ახასიათებს ერთი საინტერესო თავისებურება, ერთი შეხედვით, „აბსურდული შესიტყვებები“, მაგ., „უხმოდ იკითხა თავის სხეულში“, „იგიმ თავის სხეულში თქვა, ახლა შეჩერდება და მოიხედავსო“, „ხოლო იგი თავის სხეულში კიდევ დიდხანს ხედავდა მისკენ მობრუნებულ სახეებს“, „ხანდახან სხეულში ბელადი გაჩნდებოდა და მკაფიოდ ესმოდა მისი ხმადაბალი ღრენა“.
დამოწმებულ კონტექსტებში სიტყვა „სხეულის“ გამოყენება ლოგიკურ-აზრობრივი შეცდომაა, მაგრამ მკითხველისათვის მიანც გასაგებია. სხეულის ნაცვლად რომ სიტყვა „გული“, „გონება“, „წარმოსახვა“ ან სხვა უფრო ლოგიკური შესატყვისი ყოფილიყო, ტექსტი დაკარგავდა ემოციურ ელფერს – იგი პირველყოფილი ადამიანის ფსიქოტიპს განასახიერებს, ამიტომ მოსალოდნელი არაა, მის ფიქრებსა და წარმოსახვაში ყველაფერს მწყობრი ადგილი ჰქონდეს მიჩენილი. პირველყოფილი ადამიანისათვის შეგრძნებათა აღქმა ჯერ მხოლოდ სხეულებრივ დონეზე ხდება, ალბათ, ამის მინიშნება სურს ავტორს.
მწერლის იდეურ მიზანდასახულებასთან შესაბამისია მის მიერ გამოყენებული ენობრივი საშუალებებიც: გრამატიკული ფორმები თუ წინადადებათა თავისებური სინტაქსი.
იგი საკუთარ თავზეც კი ზმნის მესამე პირის ფორმით საუბრობს: „რა მოსდის იგის – იკითხა იგიმ“, „თავი დაანებოს წუხილმა იგის!“, „არ მოვა ძილი, სანამ იგი წუხილს არ მოიშორებს – უხმოდ თქვა იგიმ“;
ასეა ნიც: „ნუ უყურებს იგი ნის, – ჩურჩულით თქვა უცებ ნიმ. – ნის ეშინია“.
♦ იგისა და თანამოძმეების მეტყველებაში არ არსებობს არც პირის ნაცვალსახელი და არც ზმნის მეორე პირის ფორმა, ამ უკანასკნელთა ფუნქციასაც ზმნის მესამე პირის ფორმა ან თავად სახელი ითავსებს: „რა უნდა წუხილს იგისაგან? – უზმოდ ჰკითხა იგიმ წუხილს…“ (შდრ., ნაცვალსახელური ფორმა – რა უნდა წუხილს ჩემგან?); „აღარ უნდა იგის ნისთან?“ (შდრ., ნაცვალსახელური და ზმნის მეორე პირის ფორმები — აღარ გინდა ჩემთან?).
♦ ზოგადად, ტექსტს ახასიათებს პირის ნაცვალსახელთა სიმწირე. კონკრეტული სიტყვა უფრო ხშირად გამეორებულია, ვიდრე შენაცვლებული ნაცვალსახელით: „ზუ უყურებდა იგის. ზუ სადღაც უკან იდგა“ (შდრ., ზუ უყურებდა იგის, ის სადღაც უკან იდგა); „ნი გაჩნდა და გაქრა. ნი ძალიან კარგი იყო“ (შდრ., ნი გაჩნდა… ის ძალიან კარგი იყო).
♦ „იგის“ ავტორს არ ახასიათებს რთულ ქვეწყობილ წინადადებათა სიმრავლე. წინადადებათა უმრავლესობა მარტივი ან შერწყმულია.
ჯემალ ქარჩხაძე დამაჯერებლად ქმნის პირველყოფილ ადამიანთა მეტყველების ილუზიას. სრულიად ორიგინალურია ტექსტის ორგანიზების ფორმაც: შესამჩნევია მოკლე აბზაცთა სიმრავლე, ხშირად დასმულია მრავალწერტილი, ამ ხერხს ავტორი მიმართავს მაშინ, როდესაც იგის პერსონაჟი ფიქრობს, სიტყვებს ეჭიდავება, აზრებს ალაგებს. მრავალწერტილი გვხვდება იქაც, სადაც ავტორი მკითხველის ჩაფიქრებას და ტექსტის მიღმა წვდომას მოელის.
ვფიქრობთ, ჩვენ მიერ აღნუსხული მომენტების გათვალისწინება „იგის“ სწავლების პროცესში აუცილებელია ნაწარმოების საზრისის შესაცნობად, მისი ესთეტიკურობის გასაანალიზებლად. ყურადღების მიღმა არ დაგვრჩენია ის მასალა, რომელიც უკვე არსებობს და დიდ დახმარებას უწევს მასწავლებელს აღნიშნული ნაწარმოების სწავლების პროცესში. მეორე მხრივ კი, შევეცადეთ, შემოგვეთავაზებინა მწერლის ენისა და სტილის ჩვენეული ხედვა, ახლებური თვალსაზრისები და შეფასებები.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ჯემალ ქარჩხაძე, „იგი“
http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/igi.htm
2. ვაჟა-ფშაველა, „ნიჭიერი მწერალი“ http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/niWieri_mwerali.htm
3. მაია ჯალიაშვილი, „პიროვნების დაბადება არარაობის ქაოსიდან“, ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ – edulive.ge
4. ნანა ლომიძე, ქარჩხაძის „იგის“ სწავლებისას – http://mastsavlebeli.ge/?p=4181
5. რ. ცანავა, „პოეტური სემანტიკა ტროპები“, ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი, 2012.