ბავშვები მაკრატლის გამოყენებას, უმეტესად, 4-5 წლის ასაკში იწყებენ, თუმცა შეიძლება ბევრად ადრეც დაინტერესდნენ ამ საგნით. გასათვალისწინებელია, რომ სანამ ბავშვები მაკრატლის გამოყენებას ისწავლიან, აუცილებელია წვრილი მოტორიკის სხვადასხვა აქტივობების შესრულება და უნარებზე მუშაობა, როგორიცაა: პინცეტის საშუალებით პატარა საგნების აღება, ძაფზე ფორმების/ბურთების ჩამოცმა, მოზაიკის გამოყენება, ფანქრების სწორად, სამი თითის კომბინაციით, დაჭერა და ა.შ.
დღესდღეობით ძალიან ბევრი ადაპტური მაკრატელი არსებობს ინტერნეტ სივრცეში. ადაპტური მაკრატელი ჩვეულებრივი მაკრატლისგან იმით განსხვავდება, რომ ეხმარება ბავშვს უფრო მარტივად შეძლოს ხელის პოზიციის დაკავება ჭრისას, თითები სწორად მოათავსოს, ანუ ცერა თითი ზემოთ, დანარჩენი თითები ქვემოთ, მარტივად შეძლოს ქაღალდების გაჭრა მაკრატელზე დაწოლით და ა.შ., ანუ მნიშვნელოვანია თითების მომზადება და გავარჯიშება, სანამ მაკრატლის გამოყენებას დაიწყებთ.
მინდა განვიხილო რამდენიმე ადაპტური მაკრატელი:
1. მაკრატელი გიდი
(First Cut Adaptive Scissors)
ეს ადაპტური მაკრატელი ეხმარება ბავშვს ისწავლოს ცერა თითის ზემოთ, ღრუში მოთავსება და დანარჩენი თითების ქვემოთ განლაგება. მოგვიანებით ჩვეულებრივი მაკრატლის დაჭერის დროს ბავშვი უკეთ შესძლებს თითების სწორად მოთავსებას მასში.
2. მაგიდის მაკრატელი
(mounted table top scissors)
მაკრატელი დაეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ თითების მოტორული სირთულეები, სისუსტე თითებში, აქვს სირთულეები მაჯის როტაციის დროს. ხელის მარტივი დაჭერით ბავშვებს შეუძლიათ გაჭრან ფურცელი და ნელ-ნელა გაავარჯიშონ ნატიფ მოტორული უნარები.
3. გრძელ მარყუჟიანი მაკრატელი
(Long loop scissors)
ბავშვს აძლევს საშუალებას კარგად მოეჭიდოს მაკრატელს თითებით, ცერა თითი ზემოდან მოათავსოს და დააწვეს გასაჭრელად. მაკრატელი გამოიყენება მოტორული სირთულეების მქონე ბავშვებთან.

4. უსაფრთხო მაკრატელი
(HARAC Adapted Safety Scissors)
მაკრატლის გამოყენება თითების გარეშეც შეგიძლიათ, მაგალითად, მაჯის, იდაყვის, ხელის ან მუხლის დაწოლითაც კი. მაკრატელი გამოიყენება სხვადასხვა მოტორული სირთულეების მქონე ბავშვებისთვის და მათთვის, ვინც ახლა იწყებს მაკრატლის გაცნობას. მაკრატლის დამაგრება შესაძლებელია მაგიდაზეც.
რეკომენდაციები მშობლებისთვის
- ჭრა დაიწყეთ პატარა ზომის ქაღალდებით – დასაწყისისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი ლენტები, თითის სიგანის ქაღალდები შუაზე გადაჭრათ ან უბრალოდ გაჭრათ, შემდეგ კი გადახვიდეთ მოკლე ფურცლის შუაზე გაჭრაზე.
- გამოიყენეთ მაკრატელი სამზარეულოშიც – სამზარეულოში ფუსფუსის დროს მიეცით ბავშვს მწვანილი და სთხოვეთ, მაკრატლით შუაზე გაჭრას. ასევე შეგიძლიათ მისცეთ კარტოფილის, სტაფილოს ან კიტრის ნაფცქვენები.
- გახსნას საჩუქრები – შეფუთეთ ახალი საგნები ფერადი ლენტებით, ბავშვმა კი, მაკრატლის გამოყენებით, გაჭრას ლენტები და გახსნას საჩუქარი.
- გამოიყენეთ წიგნის სანიშნები – სანიშნებს ადრეული ჭრისათვის იდეალური სიგანე აქვს და ბავშვი ადვილად გადაჭრის ფურცელს ორ ნაწილად.
- დაუხატეთ ხაზები – მსხვილი ხაზი დაუხაზეთ და გაუფერადეთ, რომელსაც ბავშვი უნდა გაჰყვეს მაკრატლით, შემდეგ ეგ ხაზი ნელ-ნელა დააწვრილეთ ბავშვის უნარების და შესაძლებლობების მიხედვით.
- ჩარევის მეთოდი – შეგიძლიათ უკნიდან დაუდგეთ ბავშვს და დაეხმაროთ მაკრატლის გამოყენების დროს. ასევე შეგიძლიათ აჩვენოთ, მაკრატლის გამოყენებით, თქვენ როგორ ასრულებთ აქტივობას.
სტატია მოამზადა ადრეული განვითარების სპეციალისტმა,
სოფიო მელაძემ