ლიკა კორძაია
სსიპ ქ.ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მითების მსხვრევაზე რა აზრის ხართ? 🙂
დღეს, მე-6ა კლასთან ერთად, დავამსხვრიე მითი: „პოეტები არ ხდებიან, პოეტებად იბადებიან“!
მიზანი: დავამტკიცოთ, რომ პოეტი ყოველი ადამიანის სულში ცხოვრობს.
მასწავლებელი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას, აღმოაჩინოს მასში დამალული ტალანტი და განავითაროს.
რა არის პოეზია?
ეს კითხვა ყველა დამწყებ პოეტს უნდა დაუსვას მასწავლებელმა. ლექსი გაგებულია, როგორც თანმიმდევრული მეტყველება ჰარმონიული წესრიგითა და თანხმობით, ელეგანტური ფორმით გამოხატული აზრი, გრძნობით შეფერილი… გამოდის, რომ პოეზია აზრების გამოხატვის განსაკუთრებული ფორმაა.
როდესაც ვქმნით პოეზიას, ვამდიდრებთ ჩვენს შინაგან სამყაროს. ახალგაზრდა პოეტები უფრო ცოცხლები არიან, უფრო ნათლად შეუძლიათ პოეტური სიტყვის აღქმა. ეს განპირობებულია მათი სპონტანურობით, ირგვლივ არსებული სამყაროს განსხვავებული ფერებით დანახვისა და იმის შემჩნევის უნარით, რასაც მოზრდილები, დიდი ხანია, აღარ აქცევენ ყურადღებას. ეს ყველაფერი ნათლად არის გამოხატული ბავშვების მიერ დაწერილ ლექსებში.
ჩვენ მარტივად შეგვიძლია დავეხმაროთ მოსწავლეს ლექსის წერის სწავლაში, სხვადასხვა სავარჯიშოს დახმარებით. მაგალითად, რითმის თამაში: ვკითხულობთ ნაცნობ რითმს, ვჩერდებით სტრიქონის ბოლოს და ბავშვს ვაძლევთ შესაძლებლობას თავად დაასრულოს იგი. მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები ბავშვისთვის გასაგები იყოს, თანხმოვნები კი – მარტივი, ადვილად გამოსაცნობი. ასევე, გამოცანები პოეტური ფორმით, სადაც პასუხი გარითმულია, საოცრად შესაფერისია იმავე მიზნებისთვის.
მაგრამ მანამდე აუცილებელია ბავშვებს გავაცნოთ რითმის სახეობები, ავუხსნათ მათი მნიშვნელობები, შემდეგ კი თავად გადაწყვიტონ, უპირატესობას ჯვარედინ რითმას მიანიჭებენ, ინტერვალიანს თუ ა.შ. ვაძლევთ რომელიმე მარტივ, უცნობ ლექსს, სადაც გამოტოვებულია ბოლო სიტყვები და ვთავაზობთ, თავად ჩაამატონ, სურვილისამებრ.
თუ უცებ ვერ იპოვეს შესაფერისი სიტყვები, უნდა გადააწყონ წინადადება, შეუცვალონ სტრიქონებს ადგილები. რაც შეეხება სტროფების პოეტურ ზომასა და სტრუქტურას, აქ ბავშვებს უფლება აქვთ, აირჩიონ ის, რაც შეესაბამება მათ სურვილებს, განწყობას.
ლექსის ბუნებაზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის ეს ფორმა არის მხატვრული მეტყველება, ორგანიზებული ცალკეულ რიტმულ სეგმენტებად. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად განასხვავებს ლექსს ყველა სხვა ტიპის მეტყველებისგან.
გახსოვდეთ, რომ ლექსის მშვენიერება მის ლაკონურობაშია. მისი ხმამაღლა წაკითხვის შემდეგ, თქვენ უნდა იგრძნოთ, როგორ მიედინება ერთი სიტყვა ან ფრაზა მეორეში, თუმცა, მიუხედავად ამისა, პოეზიაზე საუბრისას, არ უნდა დავივიწყოთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესი: პოეზიაში ჩარჩოები და წესები არ არსებობს, რამეთუ „პოეტი არის ადამიანი, რომელიც თავად ქმნის იმავე პოეტურ წესებს“.
მოყვარული პოეტები წერენ ლექსებს საკუთარი თავისთვის, მათი ლექსები შორს არის ნამდვილი პოეზიისგან, მაგრამ ხშირად სწორედ სამოყვარულო პოეზიით იწყება პროფესიონალი პოეტის გზა.
ასეთი აქტივობები ახალგაზრდა პოეტს შემოქმედებისკენ უბიძგებს; დიდ გავლენას ახდენს უნიკალური პიროვნების, აზროვნების, ხელოვანი სულის ჩამოყალიბებაზე. ბავშვები ლექსებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის და სიამოვნებისთვის როდი ქმნიან, მათ უყვართ საყვარელ ადამიანებზე მიძღვნა, მათი გახარება. კლასში, ზოგმა დაიკოს ან ძამიკოს დაუწერა ლექსი, ზოგმაც – საყვარელ ძაღლ „ჩორნას“. პირველი ლექსიც ჯგუფურად მოვიფიქრეთ, ერთად ვარჩევდით შესაძლო ლამაზ ვარიანტებს, მოსაზღვრე რითმებს. უნდა გენახათ მათი სიხარული, როცა დაფაზე წამებში შეიქმნა მათ მიერ ლექსი. თავი ნამდვილი პოეტები ეგონათ. დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალებას და, უნდა ვთქვა, პირველი მცდელობის კვალობაზე, იდეალურად გაართვეს თავი. რა თქმა უნდა, იყო პლაგიატის შემთხვევებიც, ავუხსენი, რომ საყვარელი პოეტის გავლენით, მიმბაძველობით ლექსის დაწერა შეიძლება, მაგრამ „ლიტერატურული ქურდობა“ დანაშაულია. 🙂 ჰოდა, ამგვარად გადაურჩა „ტყემ მოისხა ფოთოლი“ ბარბარესაგან მისაკუთრების მცდელობას. 🙂
თავდაპირველად გაუჭირდათ, რამდენიმე მშობლის მსუბუქი პროტესტიც მოჰყვა ამას, რადგანაც მათ წარმოსახვაშიც ასეა, რომ თუ ბუნებამ არ დაგაჯილდოვა პოეტური ნიჭით, შეუძლებელია ისწავლო! თეორიულად ამის ახსნა ძნელია ადამიანისთვის, მით უმეტეს, თუ არასოდეს უცდია. საუკეთესო რჩევა, რაც შემიძლია მოგცეთ, არის ის, რომ უბრალოდ, აიღეთ კალამი და ფურცელი და შეეცადეთ შექმნათ თქვენი პირველი ლექსი. ნუ შეგეშინდებათ ემოციების გამოხატვის! მხოლოდ გულწრფელ გრძნობებს შეუძლია მკითხველის სულის სიმებს შეეხოს.
ზოგადად, ლექსის წერის წესები არ არსებობს!
ღია გაკვეთილზე,რომლის თემაც გახლდათ „წიგნი“ და რომელსაც დირექტორი და სასწავლო ნაწილი ესწრებოდნენ, გავიხსენეთ ლექსის შექმნის მეთოდები. მეტი დამაჯერებლობისთვის, სწორედ მათ ვთხოვეთ, მოეფიქრებინათ საკვანძო სიტყვები, რომლებზეც შემდეგ მოსწავლეები შექმნიდნენ პატარა ლექსს, ჯგუფურად. მათ მიერ შერჩეული საკვანძო სიტყვები იყო „ცოდნა“ და „სიყვარული“. აი, ლექსი, რომელიც ზუსტად 1 წუთში შეიქმნა ჩემი პატარების მიერ:
„ცოდნა არის სიყვარული,
სიყვარული წიგნს ანათებს,
შეიყვარე წიგნი გულით
და ცხოვრებას გაგინათებს“.
იმდენად მოგვეწონა, ჩვენც და დამსწრეებსაც, რომ შემდეგ ხუმრობით იმასაც კი ვამბობდით, ამ ლექსის სასწავლო სახელმძღვანელოებში შეტანა მოვითხოვოთო…
ჩემი მოსწავლეები იმდენად გაიტაცა ამ პროცესმა, რომ უკვე კლასში, ექსპრომტად, ქმნიან ლექსებს, დიდი გულისყურით უსმენენ ერთმანეთს და ავტორს მხურვალე ტაშით აჯილდოვებენ! ვინ იცის, იქნებ რომელიმე დიდი პოეტის დაბადებას ჩაუყარა ამ ექსპერიმენტულმა გაკვეთილმა საფუძველი?!
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს