გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოებული საკომუნიკაციო კამპანიის „დაინახე ყველაფერი“ ფარგლებში, ნორვეგიის საელჩოსა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარეობს 3-წლიანი პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“, რომელიც ტრენინგების ციკლსა და ვებინარებს მოიაზრებს. ჩვენი სტატია სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ვებინარის მასალაზე დაყრდნობით მომზადდა, რომელიც ბულინგის თემას ეთმობოდა.
როგორ ამოვიცნოთ ბულინგი; რა რისკები არსებობს, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხრიდან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სტიგმატიზაციის; რა გავლენას ახდენს ბულინგი მოსწავლის თვითშეფასებაზე, აკადემიურ მოსწრებასა თუ სოციალიზაციის უნარ-ჩვევებზე; რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მინიმუმამდე შევამციროთ ბულინგის შემთხვევები — გვესაუბრება ფსიქოლოგი მაია ცირამუა.
ბულინგი – რეალური დატვირთვა
ბულინგი ძალიან ღრმა კვალს ტოვებს ფსიქიკაზე და ერთ-ერთი პრედიქტორია ისეთი სერიოზული ფსიქიკური პრობლემების, როგორიცაა დეპრესია, სოციალური შფოთვის სხვადასხვა ფორმა და სხვა. ძალიან მაღალია როგორც სუიციდური ფიქრების მაჩვენებელი, ასევე სუიციდის შემთხვევებიც. ასე რომ, ეს ის საკითხია, რომელიც ნამდვილად მოითხოვს მის არსში კარგად გარკვევას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ ეს ტერმინი, მაინც არ არის სწორად გაგებული და ხშირად არასწორად ხმარობენ ხოლმე. მაგალითად, არ შეიძლება ვიხმაროთ ტერმინი ბულინგი, როდესაც ვსაუბრობთ მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე ძალადობაზე, ასევე, როდესაც ხელმძღვანელი ძალადობს თანამშრომელზე. ბულინგი ჰორიზონტალურ დონეზე ძალადობის ფორმაა, ანუ ერთი სოციალური სტატუსის, ერთი მდგომარეობის ადამიანებს, მაგალითად, მოსწავლეებს შორის (არ აქვს მნიშვნელობა მოსწავლეთა ასაკს, უფროსკლასელია თუ უმცროსკლასელი). ბულინგთან დაკავშირებულ მითებში ერთგვარი მინიმიზირება ხდება ამ პრობლემის, რომ ეს ბავშვური ხუმრობაა და არანაირ კვალს არ ტოვებს, რაც მცდარი შეხედულებაა.
ბავშვური ხუმრობა თუ ბულინგი
ბულინგის საკითხში კარგად გარკვევისას, უნდა ვიცოდეთ მისი მახასიათებლები, რომ ეს პროცესი არის მიზანმიმართული – ერთ პირს განზრახული აქვს მეორე პირის დაჩაგვრა სხვადასხვა ფორმით. ჩაგვრას განმეორებადი ხასიათი აქვს და სახეზეა ძალთა ასიმეტრია, ანუ მხარე, რომელიც ბულინგს მიმართავს, გარკვეულ „უპირატესობას“ გრძნობს და ეს უპირატესობის განცდა სრულიად სუბიექტურია, ძალიან ღრმა კავშირშია ბავშვის, ზოგადად პიროვნების, თვითაღქმასთან.
როგორ განვასხვავოთ ბულინგი ბავშვური ხუმრობისგან, რა არის ბულინგის არსი? თუ შემთხვევა არის ხუმრობა, აქ არ იკითხება მოვლენის განმეორებადობა. თუ ბავშვს, ყოველდღიურად ან რაღაც პერიოდულობით, სასკოლო ნივთებს უმალავენ, ეს ტენდენციასავით არის, ეს ერთი ნიშანია. ხუმრობის დროსაც შეიძლება ბავშვი დაზიანდეს, მაგრამ ეს მოვლენა ერთჯერადია, შემთხვევითი. როდესაც ბულინგია, მოქმედი პირები მეორდებიან, პერმანენტულად ერთი და იგივე ფიგურები იკვეთებიან – ვისაც ჩაგრავენ და ვინც ჩაგრავს. ეს არის ის, რითაც ჩვენ უნდა ამოვიცნოთ, ხუმრობაა ეს თუ მიზანმიმართული ჩაგვრა ერთი ბავშვის მიერ მეორესი. გარდა ამისა, როდესაც ხდება ინციდენტი, ძალიან საინტერესოა თვითონ ბავშვების ემოციური მდგომარეობა. როდესაც ხუმრობაა და შემთხვევით ხდება მოვლენა, ორივე მხარე ერთნაირად ნაწყენი, გაბრაზებული და გაღიზიანებულია. როდესაც მიზანმიმართულია, ერთი მხარე, რომელიც ჩაგრავს, შედარებით „მშვიდად“ გამოიყურება (ასე უჭირავს თავი), მეორე მხარე კი განაწყენებულია, გაბრაზებული, შეიძლება ტიროდეს კიდეც. აი, აქ ჩანს ასიმეტრია.
თვითონ ქცევას თუ დავაკვირდებით, ეს არ არის უწყინარი ქცევა. ბულინგის დროს ქცევას აქვს ამოცანა, რაღაც დაამტკიცოს, ძალაუფლება აჩვენოს დ აეს გარკვეული მიზნით ხდება, მაგალითად, კლასის წინაშე საჯაროდ დაამციროს თანატოლი, რომ ყველას გაეცინოს. ხუმრობის დროს ასეთი განზრახვა არ ჩანს. ძალიან საინტერესოა დაკვირვება ბავშვების რეაქციებზე, პასუხისმგებლობის მიმართულებით – თვითონ მონაწილეები როგორ უყურებენ ამ მოვლენას, რაც მოხდა. როდესაც შემთხვევით, ხუმრობის დროს დაზიანდა პირი, ის, ვინც დააზიანა, ძალიან წუხს, გრძნობს პასუხისმგებლობას და მზადაა, ბოდიში მოიხადოს. ბულინგის დროს, ყველაზე თვალსაჩინო და დამაფიქრებელია ის, რომ მჩაგვრელი ბავშვი არ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, აკნინებს და მნიშვნელობას უკარგავს ზიანს, რომელიც თანატოლს მიაყენა. „ერთი წამოვარტყი, მას“ — დაახლოებით მსგავს დამოკიდებულებას გამოხატავს, ეძებს ვის გადააბრალოს და ყოველთვის პოულობს, აქვს ამის უნარი.
სწორი სტრატეგია მასწავლებლის მხრიდან
ყველაზე სწორი სტრატეგიაა, ალბათ, როდესაც სკოლას, ზოგადად, განათლების სისტემას შემუშავებული აქვს გარკვეული ალგორითმი, როგორ იმოქმედოს მსგავს სიტუაციებში.
პირველი – უნდა განიმუხტოს სიტუაცია, ანუ მხარეები უნდა დაშორდნენ ერთმანეთს და კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს იმიტომ, რომ ზოგჯერ საქმე შეიძლება ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი იყოს მისული და მათი დაშორება ძალიან მნიშვნელოვანია.
მეორე – ორივე ბავშვი აუცილებლად თანაბრად უნდა გახდეს ზრუნვის ობიექტი, ორივე შემთხვევაში უნდა გაგვიჩნდეს კითხვები: ერთი მხრივ – ბავშვს, რომელიც სხვას ჩაგრავს, რაში სჭირდება ჩაგვრა? რას კვებავს ეს ქცევა? რასთან არის დაკავშირებული და რა უნდა შეიცვალოს მის ცხოვრებაში, მის უნარებში იმისათვის, რომ აღარ დასჭირდეს სხვისი ჩაგვრა თვითრეპრეზენტაციისათვის, თვითდამკვიდრებისათვის? და მეორე მხრივ – რა ზიანი მიადგა ბულინგის მსხვერპლს და როგორ შეიძლება ეს გამოსწორდეს? როგორც გითხარით, ბულინგი ძალიან მძიმე, ღრმა კვალს ტოვებს ბავშვის ფსიქიკაზე, რაც იწყება ჩაკეტვით, იზოლაციით და ხშირად ძალიან მძიმედ აისახება თვითშეფასებაზე. ხდება ხოლმე, რომ ბავშვი უარს ამბობს სკოლაში სიარულზე, ზოგადად, ინტერესს კარგავს, ანუ სერიოზული პრობლემები უჩნდება სოციალიზაციის კუთხით.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ რეაგირებენ მშობლები (ორივე მხარეს ვგულისხმობ), რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ორ დაპირისპირებულ მხარედ გადაიქცევიან ხოლმე და თითქოს ბულინგი გრძელდება, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს წონასწორობა და დაჩაგრული ბავშვის მშობელმა თავად დაჩაგროს მჩაგვრელი ბავშვის მშობელი. ბევრი ასეთი მაგალითი არსებობს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, დაპირისპირებულ მხარეებს შორის სკოლამ ითამაშოს კარგი მედიატორის როლი და არ მისცეს მშობლებს დაპირისპირების შესაძლებლობა, რომ კონფლიქტის ესკალაცია კი არ მოხდეს, რაღაცნაირად ეს ცეცხლი ჩააქროს.
ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ყურადღება მართებს მჩაგვრელი ბავშვის მშობელს. არაერთი კვლევითაა დადგენილი, რომ ბავშვი, რომელიც სკოლაში მჩაგვრელის როლში გვევლინება, ძალიან ხშირად, მოზარდობის ან ზრდასრულ ასაკში, კანონსაწინააღმდეგო ან ანტისოციალური ქცევის მაღალი რისკების წინაშე დგება. როდესაც მშობელი ხედავს, რომ მის შვილს არ აქვს პასუხისმგებლობა, არ აქვს ემპათია მეორე მხარის მიმართ, ანუ ვერ ხვდება რა ზიანი მიაყენა, ეს ძალიან სერიოზული მარკერი უნდა გახდეს, რომ საჭიროა ბავშვთან მუშაობა. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, მშობელი „წყალს უსხამს“ ბავშვის ამგვარ დამოკიდებულებას, რაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს ხოლმე. ამიტომ, ორივე მხარეს თანაბრად უნდა მივხედოთ.
კიდევ ერთი საკითხია, რომელსაც აუცილებლად უნდა შევეხო – როგორც წესი, ბულინგის შემთხვევების განხილვა სასამართლოს ან გამოძიების პროცესს ემსგავსება ხოლმე და ხდება, ფაქტობრივად, მჩაგვრელის დემონიზება, მისთვის იარლიყის მიწებება, რომ მჩაგვრელია და ეს ხშირად ძალიან დიდი ტვირთია ბავშვისთვის ან ზედმეტად ვიქტიმიზირება ხდება იმ ბავშვის, რომელიც მსხვერპლის როლში აღმოჩნდა. თქვენ იცით, როგორ ხდება ვიქტიმის და მოძალადის როლების ცვალებადობა – ვიქტიმიზირებული ბავშვი შეიძლება თავისზე პატარასთან, სუსტთან ისეთივე მჩაგვრელის როლში მოგვევლინოს, მოკლედ, ირთვება ძალადობის პერპეტუმ მობილე და ეს სადღაც უნდა გაწყდეს. ყველა სკოლას, როგორც უკვე ვთქვი, გარკვეული ალგორითმი უნდა ჰქონდეს შემუშავებული, როგორ მართოს ასეთი შემთხვევები. სკოლის ყველა თანამშრომელი თანაბრად უნდა იყოს ინფორმირებული ბულინგის იდენტიფიცირებისა და ბულინგზე რეაგირების საკითხებში, ბავშვს ყველგან ერთი და იგივე რეაქცია უნდა ხვდებოდეს.
ზოგადად, სკოლის პასუხისმგებლობაა როგორ დაარეგულირებს მხარეებს შორის ურთიერთობას. არსებობს მედიაციის კომპონენტი (რომელიც ძალიან დიდი ფუფუნებაა და ჩვენს რეალობაში უფრო ფანტასტიკის სფეროდან შეიძლება იყოს), როდესაც სკოლა მხარეებთან მუშაობს, ამზადებს მათ შეხვედრას და ორივე მხარეს აძლევს შესაძლებლობას, დაინახოს რა ხდება ამ ორ ბავშვს შორის. ზოგჯერ პროცესი იმდენად ღრმადაა წასული, რომ მედიაციას უკუჩვენება აქვს და შეიძლება ვითარება უფრო მეტად დაამძიმოს. უმნიშვნელოვანესია სკოლის პასუხისმგებლობა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც მშობელი იღებს გადაწყვეტილებას რა გააკეთოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელთა განათლებას, ინფორმირებას ბულინგის თემის ირგვლივ. ამ საკითხის ყურადღების მიღმა დატოვება არ შეიძლება.
ვის შეიძლება მიმართოს მშობელმა დასახმარებლად, როდესაც სკოლის რესურსი აღარ ჰყოფნის
ამ საკითხებში, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, საკმაოდ კარგად არის ორგანიზებული მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, ჰყავს კვალიფიციური ფსიქოლოგები, რომლებმაც ნამდვილად იციან როგორ უნდა იმართოს ბულინგის შემთხვევები. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის რესურსი აღარ ჰყოფნის საკითხის მოგვარებას, რა თქმა უნდა, რეკომენდაცია შეიძლება გაიარო კვალიფიციურ ფსიქოლოგთან როგორც მშობელმა, ასევე მოსწავლემ, მასწავლებელმა, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თუ სხვ. თუ სკოლას არ ჰყავს ფსიქოლოგი, შეუძლია მობილური ჯგუფი გამოიძახოს, რომელიც ადგილზე შეისწავლის ვითარებას და გასცემს რეკომენდაციებს, როგორ იმართოს შექმნილი ვითარება ისე, რომ არც ერთი ბავშვი არ დაზიანდეს – არც მჩაგვრელი და არც დაჩაგრული.
როგორ გავაძლიეროთ ბავშვი ფსიქოლოგიურად, რომ ბულინგის მსხვერპლი არ გახდეს
ის, რის გამოც ბავშვი ჩაგრავს ან იჩაგრება, ძალიან დიდ კავშირშია მის თვითაღქმასთან და სოციალურ-ემოციურ უნარებთან. თუკი ბავშვი ფსიქოლოგთან მიგყავთ, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს მასთან. შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელიც როგორც დისციპლინა, არჩევითი საგანი, შედის სკოლებში – „სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება“. ეს ანტიბულინგური პროგრამის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. სკოლაში მისვლის მომენტიდანვე, სკოლამ და მშობელმა, ერთად, ხელიხელჩაკიდებულებმა სწორედ ამ სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება უნდა დაიწყონ. ლაპარაკია ძალიან მნიშვნელოვან უნარებზე, რომლის დეფიციტსაც ზრდასრულებიც განვიცდით ხოლმე. რა არის ეს? ეს არის ის, რომ მე ვიცნობდე საკუთარ თავს; ვიცოდე რა შემიძლია ან არ შემიძლია; მქონდეს გარკვეული თვითცნობიერება…
მჩაგვრელი და დაჩაგრული ბავშვები, თავიანთი პრობლემებით, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ორივე შემთხვევაში, სახეზეა ხოლმე დაბალი თვითშეფასება, რის გამოც, რიგ შემთხვევაში, ერთი ამის ჰიპერკომპენსირებას ძალადობრივი ქცევით ახდენს, მეორე კი, რჩება განიარაღებულ, უმწეო მდგომარეობაში. ორივე შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური უნარის დეფიციტთან გვაქვს საქმე. ეს არის ემპათიის უნარი – შეაფასო-ამოიცნო საკუთარი ემოცია, შეაფასო-ამოიცნო სხვისი ემოცია; კონგრუენტულად და სწორად უპასუხო. ბრაზის მართვის პრობლემაც სერიოზული სოციალური უნარების დეფიციტია, რომელიც ძალიან ბევრ სხვა პრობლემასთანაა კავშირში. ბავშვს უნდა ასწავლო, როგორ დაიტიოს თავისი ემოცია. ჩვენ რას ვასწავლით? რომ უნდა შეაკავონ ემოციები, არ გამოხატონ შიში, ბრაზი და ა.შ. ამ დროს, ყველა ემოცია ლეგიტიმურია, ყველა ემოცია უნდა გამოხატო. პრობლემა იმაში არ არის, რომ ბრაზდები, პრობლემა იმაშია, როგორ იტევ ამ ბრაზს, ანუ როგორ მართავ, როგორ გამოხატავ და აქ საჭიროა ბრაზის კონსტრუქციულად გამოხატვის სწავლება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რაც სჭირდება ბავშვს, რომ გაძლიერდეს, ასერტულობაა. რა არის ასერტულობა? ასერტული ქცევა, ფაქტობრივად, არის ქცევა, რომლითაც შენ შეგიძლია ისეთი პოზიციის შენარჩუნება, რომლითაც არც საკუთარ თავს იზიანებ და არც სხვას. მაგალითად, როგორ ვთქვა არა ჩემი კლასელების შემოთავაზებაზე (ეს ძალიან სერიოზული საკითხია), რომ არას თქმის შემდეგ არ გავირიყო, არ გავხე თეთრი ყვავი. არას თქმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია — როგორ ამბობ ამ არას, რამდენად თავდაჯერებული ხარ, ამ დროს სხეულის ენასაც აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურები, თავი როგორ გიჭირავს და რა არგუმენტები მოგყავს. ეს ის უნარია, რომელიც ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში უნდა ასწავლო ბავშვს, როდესაც ბაღში დადის. ზოგადად, ადამიანებს ასეთი დამოკიდებულება გვაქვს, რომ არას თქმა ცუდი ტონია, მით უმეტეს, თუ უფროს ადამიანს ეუბნები, უზრდელი ხარ. ხშირად სწორედ ამ არას თქმის ცოდნას შეუძლია ბავშვი სერიოზული მოძალადისგან დაიცვას, თუნდაც როდესაც სექსუალურ ძალადობაზეა ლაპარაკი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია უფროს ადამიანს უთხრას არა. ხშირად მას ჰგონია, რომ ამის უფლება არ აქვს.
ვინ შეიძლება იყოს მედიატორი
სხვადასხვა მოდელი არსებობს. მაგალითად, სკოლაში, სადაც მედიაციის კომპონენტი არსებობს, ხშირად მედიატორები არიან უფროსკლასელები, რომლებსაც ნასწავლი აქვთ მედიაციის უნარები. ბავშვებთან უფროსკლასელების მუშაობა, შეიძლება, უფრო ეფექტურიც კი იყოს. სხვა შემთხვევაში, მედიატორი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი თანამშრომელი, ვისაც შესაბამისი უნარი აქვს. არ არის აუცილებელი, ეს იყოს მანდატური, შეიძლება სპეციალობით მათემატიკოსი იყოს და მედიაციის მიმართულებით გაიაროს გადამზადება. გადამზადება აუცილებელია. მთავარია, სკოლაში არსებობდეს ამის ნება და მერე – ადამიანი, რომელსაც შეუძლია აწარმოოს მედიაცია. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ რეკომენდაციები მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრთან თანამშრომლობით შეგვიძლია მივიღოთ ან თუ ფსიქოლოგი გვყავს სკოლაში, მასთან თანამშრომლობით.
ანტიბულინგური პროგრამები და მიდგომები ყველა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. შეიძლება სკოლაში არსებობდეს გარკვეული ჯგუფი, რომელიც ასეთ შემთხვევებზე მუშაობს და ერთვება პროცესში. მათი საქმეა, შეისწავლონ სიტუაცია, ოღონდ კი არ გამოიძიონ, არამედ შეისწავლონ – როდის ხდება შემთხვევა, ვინ არის ჩართული, რა იკვეთება, რა ტიპის ჩაგვრაა – სიტყვიერი, ფიზიკური, ნივთების გადამალვა თუ სხვ., რას ემსახურება და ა.შ. აქ შეიძლება ძალიან კარგი როლი ითამაშოს ფსიქოლოგმა. მნიშვნელოვანია, ასევე, ვინ არიან ამ ბავშვების გარშემო, ე.წ. ბაისტენდერები. ზოგადად ანტიბულინგურ პროგრამებში ბაისტენდერი ყველაზე მთავარი ფიგურაა, ანუ ვინ დგას მჩაგვრელის უკან, ვინ არის ის, ვინც არაფერს ამბობს, მაგრამ გულში მჩაგვრელს ეთანხმება, ვინ არის ის, ვინც ამ დროს იცინის ან იძულებულია, რომ გაიცინოს — ეს ძალიან საინტერესო პროცესია და ხელის გულზე ჩანს ყველაფერი. როდესაც არსებობს შესწავლისა და დაკვირვების ნება, სავსებით შესაძლებელია, ნებისმიერმა მასწავლებელმა, რომელიც კლასთან მუშაობს, ეს პროცესი გაკვეთილზე დაინახოს.
როდესაც ბულინგის მსხვერპლი სპეციალური საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია
სამწუხაროდ, სტატისტიკურად, ყველაზე დიდი პროცენტი, ვინც სასკოლო სივრცეში ბულინგის მსხვერპლი ხდება, განსხვავებული, განსაკუთრებული, სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები არიან. ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო თავიდანვე. პირველი და უმთავრესი, როდესაც ჩვენ ინკლუზიურ განათლებას ვემხრობით, ერთ სივრცეში ინტეგრირებას, მასწავლებელს (სპეცმასწავლებელს არ ვგულისხმობ) თანაბარი მიდგომა უნდა ჰქონდეს სპეციალური საჭიროების მქონე თუ არმქონე ბავშვების მიმართ. ერთ-ერთ სკოლაში (ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე, როდესაც ინკლუზიური განათლება ახალი შემოსული იყო), შშმ ბავშვს მერხი ცალკე დაუდგეს, ჩათვალეს, რომ ეს განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატვა იყო. ძალიან ხშირად, ბეწვის ხიდზე გავდივართ ხოლმე, რომ ასეთი ტიპის ბავშვებთან პოზიტიურ დისკრიმინაციაში არ გადავიდეთ. მოგეხსენებათ, ხშირად, მათი იზოლირება მშობლებისგანაა ნაკარნახევი – მე არ მინდა, რომ ჩემი შვილის გვერდზე ასეთი ქცევის ბავშვი სწავლობდეს. მუშაობა გვჭირდება ძალიან ბევრ სივრცეში, ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულებაზეც ძალიან ბევრია სამუშაო. ამ ბავშვებისთვის დამცავი ფაქტორი მასწავლებლისა და მშობლების დამოკიდებულება უნდა გახდეს იმიტომ, რომ როგორი დამოკიდებულებაც აქვს პედაგოგსა და მშობელს, იგივე დამოკიდებულება აქვს ბავშვს და ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ჩვენ ბევრი ცუდი, მტკივნეული მაგალითი გვაქვს.
რა უნდა გაკეთდეს, ცუდი შედეგი რომ არ დადგეს
ძალიან ხშირად, ჩვენ არ ვიცით როგორ ვირეაგიროთ, როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. საჭიროა სპეციალისტებთან კონსულტაციები, შეხვედრები. რაც შეეხება თვითონ ბავშვების დამოკიდებულებას, ისევ და ისევ, სოციალურ უნარებს დავუბრუნდები, რაც უმნიშვნელოვანესია და ამაზე მუშაობა ნებისმიერ გაკვეთილზე შეიძლება. თუნდაც ლიტერატურის გაკვეთილი ავიღოთ, სადაც მასწავლებელი ბავშვებს წასაკითხად აძლევს, მაგალითად, „თევზი ხეზე“, ძალიან საინტერესო ნაწარმოებს, რომლის მთავარ გმირს დისლექსია აქვს. ამ ნაწარმოების წაკითხვისა და შემდეგ განხილვის დროს, ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩნდება იმისა, რომ მოსწავლეებში გაჩნდეს ემპათიის უნარი, გაჩნდეს განცდა, რომ ის, ვინც ჩემგან განსხვავებულია და უცხო, მე არ მაშინებს.
რა იწვევს დისკრიმინაციულ ქცევას? ამ ქცევის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია წინასწარი განწყობები, სტერეოტიპები და შიშები. ცნობილია, რომ ნეირობიოლოგიურ დონეზე ჩვენი ტვინი სამყაროს, ადამიანებს ასე ყოფს – ჩვენ და ისინი. როგორც ერთი დიდი მეცნიერი ამბობს, ოქსიტოცინი (პროსოციალური ქცევის მასტიმულირებელი ნივთიერება) გამოიყოფა, როდესაც ვინმეს ვეხუტებით, როდესაც ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს ვინმესთან ურთიერთობაში. ეს ნივთიერება, როდესაც ჩვენ კომუნიკაციაში ვართ იმ ადამიანთან, ვისაც „ჩვენს ჯგუფში“ მოვიაზრებთ, ასტიმულირებს პროსოციალურ ქცევას, მაგრამ იგივე ოქსიტოცინი იქ, სადაც ჩვენგან განსხვავებული ადამიანია, ასტიმულირებს აგრესიას, ანუ ამას ჩვენი ტვინი აკეთებს, ეს დევს ჩვენში. ამის მართვის ერთადერთი და მთავარი იარაღია, მქონდეს შესაძლებლობა, ვიყო ურთიერთობაში იმასთან, ვინც ჩემგან განსხვავებულია, ვინც „ჩვენს ჯგუფში“ არ შემოდის და განსხვავებულია ნებისმიერი ნიშნით (რელიგიური, ეთნიკური თუ სხვ.).
ბულინგის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი და აქ არ აქვს მნიშვნელობა, მე რა ნიშნით განვსხვავდები, შეიძლება ძალიან კარგი მოსწავლე ვიყო, ერთადერთი კლასში და ამიტომ გავხდე ბულინგის მსხვერპლი. ბულინგის ობიექტი ყოველთვის ხდება კონტექსტიდან ამოვარდნილი, განსხვავებული თმის ფერით, სიმაღლით, წონით, შეიძლება ძალიან მოხდენილიც კი იყოს და სწორედ ის გახდეს ბულინგის მსხვერპლი. წლების წინ ვმუშაობდი ერთ გოგონასთან, რომელიც უცხო ქვეყნიდან იყო საქართველოში ჩამოსული, სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი იყო. ქართულ სკოლაში სწავლობდა და არასდროს დამავიწყდება, რაც ამ ბავშვმა მითხრა: „ისტორიის გაკვეთილზე, როდესაც საუბარი იყო იმ ზიანზე, რაც ჩემმა ქვეყანამ, ისტორიულად, თქვენს ქვეყანას მიაყენა, მასწავლებელმა ისე წაიყვანა გაკვეთილი, რომ ყველა ბავშვი ჩემკენ იხედებოდა. იმ დღიდან, მე გავხდი მტერი იმიტომ, რომ მასწავლებელმა თქვა, რომ მე ვარ ამ ეთნიკური ჯგუფის, ამ რელიგიის წარმომადგენელი“. მისი ცხოვრება, ფაქტობრივად, ჯოჯოხეთად გადაიქცა ამ ამბის შემდეგ. მასწავლებელმა მაგალითად მოიყვანა და მთელი აგრესია ამ ბავშვისკენ მიმართა, რომელსაც ამის შემდეგ ძალიან მძიმე და რთული პრობლემები ჩამოუყალიბდა, სწორედ ამ დამოკიდებულების გამო. ბევრ რაღაცაზე უნდა დაფიქრდეს მასწავლებელი, ეს ძალიან ფაქიზი საკითხია. ხშირად ბულინგის მასტიმულირებელი ვხდებით ჩვენ, უფროსი ადამიანები, ჩვენი არასწორი პოზიციით, მასწავლებელია ეს, მშობელი თუ სხვა.
შეიძლება თუ არა ბულინგის შერბილება
ასეთი მზა ტექნიკა არ არსებობს, ეს მთელი პროცესია – პრობლემის იდენტიფიცირებიდან დაწყებული, სიტუაციის შესწავლით გაგრძელებული – რა იწვევს, რაში სჭირდება ბავშვს, რომ სხვა დაჩაგროს, რა დგას ამ ქცევის უკან. ზოგადად, ბავშვის ნებისმიერი ქცევა, რომელიც პრობლემურად გვეჩვენება, მის რაღაც მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, გარკვეულ საჭიროებაზე მიუთითებს, შეიძლება, ეს ყურადღების მიპყრობის სურვილი იყოს. როდესაც ბავშვს სჭირდება, რომ კლოუნად, ჯამბაზად გადაიქცეს, კლასი აცინოს და ასე მიიქციოს ყურადღება, ან სხვა დაჩაგროს, ე.ი. მას საკუთარ თავში სხვა რესურსი ვერ უპოვია და ამაში სჭირდება დახმარება. ზოგჯერ ეს ქმედება შეძლება დაკავშირებული იყოს არა ყურადღების მიპყრობასთან, არამედ გარკვეული ძალაუფლების მოპოვებასთან. რატომ სჭირდება ამ ძალაუფლების მოპოვება, ხშირად ეს თვითშეფასებასთანაა კავშირში, მას აქვს განცდა, რომ სუსტია, უსუსურია და მუდმივად სჭირდება, ვიღაცას რაღაც უმტკიცოს და ამაში უნდა დავეხმაროთ. ერთი რაიმე კონკრეტული ტექნიკა არ არსებობს, მაგრამ როცა ჩაგვრასთან გვაქვს საქმე, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რაში სჭირდება ბავშვს დაჩაგროს სხვა ადამიანი, რატომ ცდილობს ამ გზით თვითდამკვიდრებას, რატომ არ აქვს მას სხვა რესურსი, რომლითაც შეძლებს თავის დამკვიდრებას, რასაც ხშირად გარემოც უწყობს ხელს.
ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ბაისტენდერებზე – ბულინგის შემთხვევის შემყურე, შემსწრე ბავშვებზე. როდესაც ანტიბულინგური ქცევის ალგორითმზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მთავარი როლი აქ ბაისტენდერს აქვს – როდესაც თქვენ გჩაგრავთ, ჩემ გარშემო, აუცილებლად, უნდა დავინახო სათანადო რეაქცია, რომ ჩემი ქცევა მიუღებელი არ არის. მე ხომ ამ ადამიანებისთვის მჭირდება ეს ქცევა, მათში უნდა გავხდე პოპულარული, ამ მაყურებელზეა გათვლილი და თუკი ბაისტენდერი გაზრდილია იმ იდეებითა და უნარებით, რომ ასეთ შემთხვევაში შეუძლია თქვას, „სტოპ, მე არ მომწონს ასეთი საქციელი“ (ზოგჯერ უსიტყვოდაც შეიძლება ადგე და იმის უკან დადგე, ვისაც ჩაგრავენ, მის მხარეს გადახვიდე), ვითარებას შეცვლის. ბავშვებს ამას სკოლაში უნდა ვასწავლიდეთ და იმ ანტიბულინგურ პროგრამაში, რომელიც ჩემ მიერ არის მომზადებული, ზუსტად ეს სამსაფეხურიანი მიდგომაა: ერთი – ეუბნები გაჩერდი; მეორე – არ აჰყვები და ამით აჩვენებ, რომ შენ მისი ქცევა არ მოგწონს და არ არის პოპულარული; მესამე – თუ ეს არ ჭრის, ატყობინებ შენთვის საიმედო უფროს ადამიანს. ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, როგორ მოიქცნენ სწორად და ეს გარკვეულწილად დაიცავს კიდეც მათ.
როგორ გავარჩიოთ მჩაგვრელი ლიდერისგან
პირადად მე, არასოდეს მდომებია, ვყოფილიყავი ან ჩემი შვილი ყოფილიყო ლიდერი. ამ ტვირთის აკიდება ბავშვზე, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული ემოციური წნეხია მისთვის, თითქოს დავალებას ვაძლევთ, იყავი პირველი, წამყვანი და ა.შ. ხშირად ის, ვინც ჩვენ ლიდერი გვგონია, მჩაგვრელია. ეს არის ბავშვი, რომელიც მჭევრმეტყველია, ფიზიკურად ძლიერი, შეიძლება ჰქონდეს სხვისი დარწმუნების სოციალური უნარი და ამ უნარებს იყენებდეს ნეგატიურად. ამას ნეგატიურ ლიდერს ვეძახით და არ უნდა აგვერიოს კარგი სოციალური უნარების მქონე ბავშვში, რომელმაც იცის რა შეუძლია და რა არ შეუძლია; ადეკვატურად რეაგირებს; თუ პროტესტის გამოხატვა უნდა, ამას კონსტრუქციულად აკეთებს; სადაც უკან დასახევია, უკან დაიხევს; სადაც საჭიროა წინააღმდეგობის გაწევა, გასწევს; სადაც საჭიროა არას თქმა, იტყვის არას. ჩვენ ის კი არ უნდა გვინდოდეს, რომ ჩვენი შვილები იყვნენ ლიდერები, არამედ უნდა გვინდოდეს, რომ ისინი იყვნენ ბედნიერები, ჰქონდეთ კეთილდღეობის განცდა, ობიექტური თვითშეფასება, იცოდნენ ვინ არიან და უხაროდეთ ცხოვრება. ლიდერობაში არ არის ბედნიერება.
რაც მთავარია, ჩვენ, უფროსები უნდა შევიცვალოთ, გავხდეთ კარგი როლური მოდელები ჩვენი შვილებისთვის. თუკი ჩემი შვილი ხედავს, რომ მე ვლანძღავ, ვაგინებ, ვჩაგრავ და ა.შ., და ეს „მოსულა“, მაშინ მისთვისაც „მოსულა“ მსგავსი ქცევა. გამოდის, რომ ორმაგი სტანდარტით ვმოქმედებთ, როდესაც ვასწავლით, რომ არ შეიძლება იმის კეთება, რასაც სინამდვილეში თვითონ ვაკეთებთ.
იხილეთ სრული ვერსია
გვერდის პარტნიორია
არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“