22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

როგორ დავეხმაროთ მოზარდს მოზღვავებული ემოციების მართვაში

spot_img

მოზარდობის ასაკს ბევრი დაუძლეველი ემოცია ახასიათებს და მათი მართვა ყოველთვის მარტივი არ არის. ჩვენ ვესაუბრეთ მოზარდთა ფსიქოლოგს, მრავალი პოპულარული ნაშრომის ავტორს, ჟურნალ „New York Times“-ის რეგულარულ ავტორსა და ორი შვილის დედას, დოქტორ ლიზა დამურს, იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ შვილებს რთულ ან ძლიერ გრძნობებთან გამკლავებაში.

⇑⇓ შენიშვნა: ქვემოთ მოცემული ზოგადი რეკომენდაციები დაეხმარება მშობელთა უმეტესობას რთული სიტუაციების მართვაში, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ისტერიის შეტევები ან ემოციური აშლილობები განვითარების ისეთ დარღვევებს უკავშირდება, როგორიცაა ენობრივი და მეტყველების უნარების შეფერხება, სმენის ან მხედველობის დარღვევები ან ქცევითი აშლილობები, რომელთა მოგვარებაც შესაძლოა საჭიროებდეს ბავშვთა ან მოზარდთა სპეციალისტის ჩართვას. თუ ამჩნევთ, რომ თქვენი შვილის ძლიერი ემოციები სერიოზულ დარღვევაზე მიუთითებს, დაუკავშირდით შესაბამის სპეციალისტს.

⇔ რას ნიშნავს ემოციების მოზღვავება?

ემოციების მოზღვავებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც მცირეწლოვან, ასევე შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვებში. ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვს ძლიერი ემოცია ეუფლება და მთლიანად მოიცავს მას. ამგვარ ემოციებს განეკუთვნება შიში, რისხვა, იმედგაცრუება და ა.შ.

⇔ როგორ მიმდინარეობს ემოციების მოზღვავება შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვებში?

როდესაც ბავშვები, რომლებსაც აქვთ უნარი აღწერონ ის, რასაც გრძნობენ, ემოციების მოზღვავებას განიცდიან, მათ შეიძლება დაეწყოთ ქვითინი, სუნთქვის გახშირება ან მოუსვენრობა. მოზრდილი ასაკის ბავშვებს ნაკლებად ემართებათ ემოციების მოზღვავება საჯარო ადგილებში, რადგან მათ სიმორცხვე და თავშეკავება ახასიათებთ. ემოციების მოზღვავების ალბათობა გაცილებით მაღალია შინ ყოფნის დროს. მაგალითად, მოზარდმა შეიძლება მთელი დღე სკოლაში გაატაროს და მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ განიცადოს ემოციების მოზღვავება.

⇔ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც ჩვენს მოზარდ შვილს ემოციების მოზღვავება აღენიშნება?

ქვემოთ მოცემულია დოქტორ დამურის რეკომენდაციები, ცხრა პრაქტიკული ქმედების სახით, რომლებითაც შეუძლიათ ისარგებლონ მშობლებს, მოზღვავებული ემოციების მართვაში მოზარდების დახმარების მიზნით. თითოეული რეკომენდებული ქმედების შემდეგ გააკეთეთ მცირე პაუზა, რათა დარწმუნდეთ, იმოქმედა თუ არა მან. იმ შემთხვევაში, თუ იგი არ მოქმედებს, გადადით შემდეგ ქმედებაზე.

1. მოუსმინეთ მას ისე, რომ არ შეაწყვეტინოთ

მოზრდილი ასაკის ბავშვები შეიძლება განიცდიდნენ ემოციების მოზღვავებას, რასაც თან ახლავს ძალიან ემოციური საუბარი იმის შესახებ, რამაც მათი წყრომა გამოიწვია. ამ დროს, მთავარია მისცეთ მას საშუალება, უბრალოდ თქვას ყველაფერი. ხშირად, კეთილმოსურნე მოზრდილები ჩქარობენ დასკვნების გაკეთებას და გამოსავლის ძიებას და ავიწყდებათ, რომ ემოციების გამოხატვა თავისთავად შვებას გვრის ადამიანს.

2. გულწრფელად გამოხატეთ ემპათია/თანაგრძნობა

უმეტეს შემთხვევაში, ემოციების სიტყვებით გამოხატვა მოზარდს შვებას გვრის. ყურადღებით მოსმენის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მოზარდს, მხოლოდ თანაგრძნობის გამოხატვით. უფროსებს შეუძლიათ მიმართონ მოზარდებს და თქვან ისეთი რამ, როგორიცაა „რა საშინელებაა“ ან „ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ასე მოხდა“.

3. ადეკვატურობის დადასტურება

ადეკვატურობის დადასტურება ეფექტურია, განსაკუთრებით მოზარდებთან ურთიერთობისას. მოზარდებს ხანდახან აწუხებთ განცდა იმისა, რომ მათი გრძნობები არაადეკვატურია, მათი ემოციების სიმძაფრის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობაში მოზარდები ებრძვიან ემოციებს, მათში ხშირად იღვიძებს გაკვირვება ემოციების სიმძაფრის გამო.

მოზარდებისთვის დიდი ნუგეშია, როცა უფროსებისგან შემდეგი სიტყვები ესმით: „შენი გრძნობები ადეკვატურია და მე მესმის, რატომ გაქვს ასეთი რეაქცია“. თუ უფროსები მათ ეუბნებიან: „რატომ ნერვიულობ ამაზე? არიან ადამიანები, რომლებსაც შენზე ბევრად მეტი განსაცდელი აქვთ, არა?“, მოზარდებზე ამგვარი სიტყვები შემდეგნაირად ზემოქმედებს: ისინი თავს კვლავ ცუდად გრძნობენ, მაგრამ ამას ახლა დანაშაულის განცდაც ემატება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოზარდის ხედვის შეცვლის მცდელობა ყოველთვის არ იძლევა იმ შედეგს, რომელსაც მშობლები მოელიან.

4. ემოციების მართვაში დახმარება

უმეტეს შემთხვევაში, პირველი სამი ქმედება საკმარისია მოზარდის დასახმარებლად. მაგრამ თუ ამ ეტაპების გავლის შემდგომ იგი შვებას არ გრძნობს, შეგვიძლია შევწყვიტოთ მოზარდის დახმარება საკუთარი გრძნობების გამოხატვაში და დავეხმაროთ საკუთარ ემოციებზე კონტროლის მოპოვებაში. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზა არის მოზარდების დახმარება დამშვიდებაში. ესაუბრეთ მას პრაქტიკულ გამოსავალზე – რა შეუძლია გააკეთოს, რათა თავი უკეთ იგრძნოს, მაგალითად, ისუნთქოს ღრმად და ნელა.

მუცლისმიერ სუნთქვას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და გვეხმარება ფილტვების ჟანგბადით შევსებაში. ეს არის მარტივი სამსაფეხურიანი პროცესი:

  • დაიდეთ ხელი მუცელზე.
  • შეასრულეთ 5 ღრმა სუნთქვა; ამასთან, ჩასუნთქვას მოანდომეთ 5 წამი და ამოსუნთქვასაც 5 წამი, ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით.
  • აუხსენით მოზარდს, რომ ჩასუნთქვისას მუცელი მსუბუქად, ბუშტივით გამობეროს, ხოლო ამოსუნთქვისას ასევე ნელა უნდა ამოუშვას ჰაერი.

5. გამოუცხადეთ უპირობო ნდობა

ეცადეთ, თქვენი მხარდაჭერა გამოხატოთ ისეთი მიმართვით, როგორიცაა: „ვიცი ძნელია, მაგრამ ეს ძლიერი გრძნობა დიდხანს არ გრძელდება“ ან „რაც არ უნდა ძნელი ჩანდეს ახლა, მჯერა, რომ შეძლებ ამის მართვას და ჩვენ შეგვიძლია ეს ერთმანეთს გავუზიაროთ და ამის შესახებ ერთმანეთს ვესაუბროთ“.

6. შესთავაზეთ პრობლემის მოგვარებაში დახმარება

თუ უკვე სცადეთ მოგესმინათ მოზარდისთვის, დაგედასტურებინათ მისი განცდების ადეკვატურობა, გენუგეშებინათ, თუმცა იგი ჯერ კიდევ ცუდ განწყობაზეა, შეგიძლიათ მიმართოთ მას შემდეგი სიტყვებით: „ხომ არ გსურს პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარო?“. მხარდაჭერის აღმოსაჩენად მოზარდისთვის ნებართვის თხოვნით მიმართვა, მხოლოდ რჩევის შეთავაზებისგან განსხვავებით, დაგეხმარებათ მასთან საუბრის გაგრძელებაში. არცთუ იშვიათად მოზარდების პასუხი შემდეგნაირად ჟღერს: „არა, მხოლოდ ემოციებისგან მინდა დავიცალო“, ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მოზარდის მოსმენა იქნება ის მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება. და თუ იგი ნებას დაგრთავთ, პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროთ, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს რჩევებს ზედმიწევნით გაითვალისწინებს.

7. პრობლემის დახარისხება

თუ მოზარდი დათანხმდა პრობლემის მოგვარებაში თქვენი დახმარების შეთავაზებას, პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოთ, არის იმ გამოწვევების ორ კატეგორიად დახარისხება, რომლის წინაშეც მოზარდი დგას: ის, რისი შეცვლაც შესაძლებელია, და ის, რისი შეცვლაც შეუძლებელია.

8. გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენება იმ გამოწვევების მოსაგვარებლად, რომელთა შეცვლაც შესაძლებელია

დაეხმარეთ მათ ყურადღება გაამახვილონ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია ძალისხმევითა და ცვლილების შეტანით.

9. მხარდაჭერა იმ სიტუაციებთან შეგუებაში, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია

დაეხმარეთ თქვენს მოზარდს, შეცვალოს ის, რისი შეცვლაც შეუძლია, და მიიღოს ის, რისი შეცვლაც არ შეუძლია. იმ პრობლემების მიღებაში, რომლებიც მარტივად მოგვარებას არ ექვემდებარება, ახალგაზრდების დახმარების ერთ-ერთი გზაა ესაუბროთ საკუთარი შესაძლებლობებისა და ენერგიის ზღვრის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ უთხრათ მათ: „შენი ენერგია ამოუწურავი არ არის, ამიტომ დაზოგე იგი ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ნამდვილად ექვემდებარება მოგვარებას. ნუ გაფლანგავ მას ისეთ გამოწვევებზე, რომელთა კონტროლის ბერკეტებსაც არ ფლობ“.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები