ინტერვიუ წიგნის „Authenticity and Action“ თანაავტორთან, ანა აბესაძესთან
აპრილის დასაწყისში, ლონდონში, ანა აბესაძის თანაავტორობით, გამოიცა წიგნი „Authenticity and Action“, რომლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა მოხმარდება გოგონებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
ეს ანას თანაავტორობით გამოცემული მეორე წიგნია, პირველი კი, 2024 წლის ოქტომბერში, ნიუ-იორკში გამოიცა. წიგნთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გავესაუბრეთ ანას.
☑️ ანა, მოგვიყევით ახალ წიგნზე და რა იყო მისი თანაავტორობის ინსპირაციის წყარო
▪️ მოგესალმებით და პირველ რიგში, მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
2024 წლის ოქტომბერში, „Women Changing the World“ დაჯილდოებაზე „წლის ლიდერი ქალის“ ნომინაციაში გავიმარჯვე, რის შედეგადაც მივიღე შეთავაზება, გავმხდარიყავი მეორე წიგნის „Authenticity and Action“ თანაავტორი.
წიგნი აპრილის დასაწყისში გამოიცა ლონდონში და მოიცავს ინსპირაციულ ისტორიებს ლიდერი ქალების შესახებ, რომლებიც თავიანთ ღირებულ გამოცდილებებსა და ცხოვრებისეულ თუ კარიერულ რჩევებს გვიზიარებენ.
☑️ რას ეძღვნება თქვენი ნაწილი წიგნში და რატომ აირჩიეთ სწორედ ეს თემა?
▪️ ამჯერად, გადავწყვიტე ისეთი თემის არჩევა, რასაც კარიერის დასაწყისში თავადაც ვისურვებდი წამეკითხა. ჩემს ნაწილში, ვაზიარებ დაგროვილ გამოცდილებას იმაზე, თუ როგორ გავხდეთ საერთაშორისო პროფესიონალები.
ვფიქრობ, ამ გზამკვლევის დახმარებით, დამწყებ პროფესიონალებს ექნებათ შესაძლებლობა, დაზოგონ ბევრი დრო და ენერგია. მინდა, ეს წიგნი დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც საერთაშორისო კარიერის შექმნა სურთ, თუმცა არ იციან საიდან დაიწყონ და რა ნაბიჯები გადადგან.
☑️ თუ შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ თქვენი მთავარი მესიჯი, რომელიც განსაკუთრებით დააინტერესებს ჩვენს ახალგაზრდა მკითხველს?
▪️ რა თქმა უნდა. განსაკუთრებით სამ მნიშვნელოვან რჩევაზე გავაკეთებ აქცენტს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზზე სურთ გასვლა.
პირველ რიგში, აუცილებელია გქონდეთ მკაფიო ხედვა. განსაზღვრეთ, რა გინდათ და რატომ გინდათ ეს. ლოგიკურია, რომ თუ კონკრეტულად არ იცით სად მიდიხართ, ვერ განსაზღვრავთ ამ მიზნამდე მისასვლელ გზას. სამწუხაროდ, შრომა ყოველთვის არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რომ მუშაობდეთ მიზანმიმართულად და სელექციურად.
მნიშვნელოვანია, იცოდეთ რატომ გინდათ ეს, რადგან თუ ეს გადაწყვეტილება ზედაპირულია, ყოველთვის გექნებათ მოტივაციის სიცარიელე. ვიყოთ ავთენტურები ამ პროცესში, გვინდოდეს რაღაც არა იმიტომ რომ სხვას აქვს, არამედ ვკითხოთ საკუთარ თავს, ჩვენ თუ გულწრფელად ვიქნებოდით ბედნიერი ამის კეთებით. მაგალითად, მე ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციაში მინდოდა მუშაობა, რადგან თავად ვიყავი მათი პროექტების ბენეფიციარი და ვხედავდი, რამხელა ცვლილების მოხდენა შეეძლო ამ საქმის კეთებას ინდივიდებისა და თემისთვის.
მეორე გადამწყვეტი ასპექტი გლობალური კომპეტენციის გამომუშავებაა. განსაზღვრეთ, რა პროფესიაში ხედავთ თავს მომავალში და დაიწყეთ იმ ადამიანების გამოცდილების შესწავლა, ვინც უკვე მიაღწია იმ ადგილს, რომლის დამკვიდრებასაც თქვენ ცდილობთ. საჭიროა არა მხოლოდ სპეციალიზირებული ცოდნა, არამედ საერთაშორისო ენის ცოდნა და კულტურული ინტელექტის გამომუშავება. საზღვარგარეთ სწავლა და საერთაშორისო პროექტები დაგეხმარებათ ამ მიმართულებით. და, არ დაგავიწყდეთ ნეთვორქინგიც – კონტაქტები, რომლებიც კარიერისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუ სწორად გამოიყენებთ.
მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ე.წ. „GRIT“ – მტკიცე ხასიათი, ენთუზიაზმისა და გამძლეობის ნაზავი. ამ პროცესში მნიშვნელოვანია არ დანებდე და განაგრძო წინსვლა, თუმცა ეს გამძლეობა არა მხოლოდ კვირებისა თუ თვეების, არამედ წლების განმავლობაში უნდა შეინარჩუნო. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კვლევების მიხედვით, „GRIT“ აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი წარმატების მისაღწევად. ჩემი პირადი გამოცდილებით, წარმატება არ მოდის სწრაფად; იგი მოითხოვს მუდმივ მზადყოფნას, ერთგულებას და შეუპოვრობას. წიგნში ასევე ვსაუბრობ ათწლიან გეგმაზე, რომელიც დავისახე იმისთვის, რომ საერთაშორისო პროფესიონალი გავმხდარიყავი. გეგმას, დროდადრო, ვაახლებდი და ამ პროცესში მუდმივად ვმუშაობდი ჩემს მიზნებთან დაახლოებასა და პროფესიულ ზრდაზე. კარგი ამბავი ის არის, რომ თუ ეს თვისება ბუნებრივად არ გვაქვს, მისი გამომუშავება შეიძლება ყოველდღიური ჩვევების ჩამოყალიბებით.
შესაძლოა ეს კლიშედ მოგეჩვენოთ, თუმცა მოთმინებას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. გაიხსენეთ თომას ედისონი, რომელმაც 1,093 გამოგონების პატენტი შექმნა, თუმცა მხოლოდ ოთხი მათგანია ფართოდ ცნობილი. ედისონი მარცხს არასდროს აღიქვამდა, როგორც წარუმატებლობას, არამედ როგორც წარმატებისკენ მიმავალ ნაბიჯებს. როგორც თავად თქვა: „მე მარცხი არ განმიცდია. უბრალოდ, ვიპოვე 10,000 გზა, რომელიც არ მუშაობს.“
☑️ წარმატება ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, რას მოაქვს წარმატება?
▪️ ძნელია კონკრეტული ფორმულის ჩამოყალიბება, რადგან ეს ინდივიდუალური გამოცდილებაა ყველასთვის. თუმცა, ვფიქრობ, მთავარ როლს მაინც ისეთი ფაქტორების კომბინაცია თამაშობს, როგორიცაა: შრომისმოყვარეობა, მკაფიო მიზნებისა და ხედვის ქონა, „ჯიუტი“ მიზანსწრაფულობა, თვითდისციპლინა, დროის ეფექტურად მართვა და პოზიტიური განწყობა. ეს ყველაფერი ეხმარება ადამიანს სირთულეების გადალახვაში, მოტივაციის შენარჩუნებასა და შესაძლებლობის სწორად გამოყენებაში.
☑️ რა ბენეფიტს აძლევს საერთაშორისო კარიერის განვითარება ახალგაზრდებს?
▪️ ჩემი გამოცდილებით, საერთაშორისო კარიერის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საქართველოს ფარგლებს გარეთ მუშაობის შესაძლებლობაა, მაშინაც კი, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ცხოვრობ. დღევანდელი გლობალიზაციის, განსაკუთრებით კოვიდის შემდეგ არსებული რეალობის ფონზე, გაიზარდა დისტანციური სამსახურების რაოდენობა. ასეთი შესაძლებლობების პოპულარიზაცია საქართველოში მნიშვნელოვანია, რადგან ეს, შესაძლოა, ტვინების გადინების შემცირებაში დაეხმაროს ქვეყანას.
გარდა ამისა, საერთაშორისო კარიერა ახალგაზრდებს აძლევს პროფესიული თავისუფლების და კრეატიულობის ფართო სივრცეს. ბევრ პატარა ქალაქში ან ქვეყანაში, შეიძლება არ გქონდეს ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისთვის და, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური, სოციალური ან სისტემური შეზღუდვები ჩარჩოში აქცევს შენს ხედვას. საერთაშორისო ასპარეზი კი წარმოადგენს სივრცეს, სადაც კრეატიულობა და პროფესიონალიზმი უფრო მეტად ფასდება. ამასთანავე, საერთაშორისო გამოცდილება საშუალებას გაძლევს, ეს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარო საკუთარ ქვეყანას და გახდე პოზიტიური ცვლილებების აგენტი.
☑️ გეგმავთ თუ არა ახალ წიგნზე მუშაობას?
▪️ ჩემთვის ორივე წიგნის თანაავტორობის შესაძლებლობა იყო გამოცდილების გაზიარებისა და ცვლილების მოხდენის საშუალება. არ მინდა წერის მიზანი გამოცემა იყოს, არამედ – მკითხველის დახმარება.
ამჟამად, აღარ ვფიქრობ ახალ წიგნზე მუშაობას, უფრო მეტად, დროის სიმცირისა და სხვა პრიორიტეტების გამო.
ესაუბრა მაკა ყიფიანი