გულნაზი პაპუნაშვილი
სსიპ ქ.თელავის №6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ერთი გაკვეთილის გამოცდილება
სასკოლო ცხოვრებაში ასეთი სიტუაცია ნებისმიერი მასწავლებლისთვის ნაცნობი და ხშირია: შევდივართ ახალ კლასში და გვხვდება კითხვის უნარის დარღვევის მქონე რამდენიმე ბავშვი. დგება საკითხი – რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომ მათ მოტივაცია არ დაეკარგოთ? როგორი აქტივობები გამოიყენოს, რომ ერთი მხრივ, გაუმჯობესდეს კლასში კითხვის დონე და, მეორე მხრივ, თავი განსხვავებულად არ იგრძნონ – ბულინგის მსხვერპლნი არ გახდნენ, არ დაუქვეითდეთ თვითშეფასება.
გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებასა და ამ მიზნით შექმნილ რესურსს, რომელმაც კარგი შედეგი მაჩვენა მეექვსე კლასში.
გაკვეთილის თემა – ბულინგი სასკოლო სივრცეში.
მიზნები:
Δ მოსწავლემ უნდა შეძლოს სამეტყველო ქცევის მართვა საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით (სიტყვა, წინადადება, ტექსტი) (ქართ. დაწყ, II, მე-6);
Δ გააანალიზოს, რა გავლენა მოახდინა მის მოქალაქეობრივ ცნობიერებაზე მიღებულმა ცოდნამ (სამოქალაქო კომპეტენცია);
Δ კრიტიკული, შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარება;
Δ ზეპირმეტყველების განვითარება კითხვის უნარების დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის.
მოვამზადე რესურსი – PPT-ში შექმნილი პრეზენტაცია, რომელიც სხვადასხვა ენის მასწავლებლებსაც გამოადგება.
პირველ ორ სლაიდზე დავამაგრე ფოტოები, რომლებიც ბულინგის ამსახველი იყო (პირველი – ღია და მეორე – ფარული ბულინგის შემთხვევა).
დავსვი შეკითხვები: რას ხედავთ ფოტოებზე? რით განსხვავდება და ჰგავს მათზე აღბეჭდილი ამბავი. ყველა ბავშვი ინტერესით ჩაება დისკუსიაში. განსხვავებასაც მიაგნეს.
მივაწოდე ინფორმაცია, რომ „ბულინგის მსხვერპლნი უფრო მეტად ხდებიან რაიმე ნიშნით განსხვავებული ბავშვები, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, ეთნიკური, რელიგიური და ა.შ. ბულინგის მოტივაცია კი სხვადასხვაგვარია – შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა და სხვ.“ აგრეთვე, რომ ბულინგი ოთხი სახის შეძლება იყოს: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფარული და კიბერ ბულინგი.
შემდეგ კლასი დავყავი ორ ჯგუფად, რომლებშიც დისლექსიის მქონე მოსწავლეებიც განაწილდნენ, მათ უნდა მოეფიქრებინათ ამბავი, რომელიც ჩანდა ფოტოებზე, ეს დავალება ძალიან მოეწონათ. წარმოადგინეს სახალისო ამბები.
კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა შემდეგი დავალება: ჯერ ნახეს ანიმაცია
გახმოვანების გარეშე, რომელიც ასახავდა ბიჭისა და გოგონას კამათს, მათ აღადგინეს დიალოგი – რას ეტყოდა ერთი მეორეს, რადგან კარგად ჩანდა, რომ გოგონამ დაჩაგრა ბიჭი — მას ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან.
გამოიყენეს ppt-ს შესაძლებლობა და გაახმოვანეს ანიმაცია. შემდეგ ნახეს პირვანდელი ვარიანტი, დიალოგი ნაწილობრივ დაემთხვა; მეორე ნაწილში კი, ისევ უხმოდ ვაჩვენე ანიმაციის მეორე ნაწილი, როგორ უნდა ესაუბრა ბიჭს, რომ გოგონას ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარიყო. გაახმოვანეს, მაგრამ აქ დახმარება დასჭირდათ, რადგან მათი გახმოვანებული განსხვავდებოდა სინამდვილისგან.
შეჯამებისას მოსწავლეები დავაფიქრე, ჩავახედე საკუთარ თავში – რა იყო თითოეული მათგანის ძლიერი მხარე, რითაც უნდა იამაყონ და დავამშვიდე, რომ ძალადობის მსხვერპლს არ უნდა შერცხვეს და ამაზე უნდა ისაუბროს, სჯეროდეს საკუთარი თავის და არ აჰყვეს მოძალადეს, ამით ის უფრო ძლიერი აღმოჩნდება.
თქვენ მარტონი არ ხართ! – ეს იყო ამ გაკვეთილის გზავნილი.
ხანდახან თავის დაცვა ყველას სჭირდება და ვერ ახერხებს. ამაში სამარცხვინო არაფერია, ასეთი რამ შეიძლება დიდებსაც დაემართოთ. ღიად ისაუბრეთ ამაზე, ნუ შეგრცხვებათ! მერე რა, რომ კარგად ვერ თამაშობ ფეხბურთს, მერე რა, რომ კარგად ვერ კითხულობ, მერე რა, რომ ლექსს ვერ იმახსოვრებ, მერე რა… და ასე შემდეგ.
სამაგიეროდ, გაქვს უნარი, რომელიც განგასხვავებს სხვისგან; დაფიქრდით და დაასახელეთ თქვენი ძლიერი მხარე.
შეავსეს გასასვლელი ბილეთი:
Δ 1. მე ძლიერი ვარ: ____________________________________
Δ 2. ამ გაკვეთილმა დამანახა, რომ _______________________
Δ 3. რა საკითხზე ისურვებდი საუბარს ___________________
ყველა ბავშვი აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში და, რაც ყველაზე მთავარია, კითხვის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეები გამოირჩეოდნენ ჩართულობით. ისინი დარწმუნდნენ, რომ მიუხედავად მათი პრობლემისა, კლასში საჭირონი არიან!
გამოყენებული წყაროები:
https://intermedia.ge ბულინგი სკოლაში. ავტორი – ანა ქოჩიაშვილი