ნათია თავართქილაძე
სსიპ ქ.ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის №2 საჯარო სკოლის ისტორიის და მოქალაქეობის წამყვანი მასწავლებელი
ნებისმიერი ლიტერატურის და საგანმანათლებლო კვლევების გაცნობა/გაანალიზებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მას მასწავლებელი საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოიყენებს და სკოლის საჭიროებებს მოარგებს. ამ სასწავლო წელს გადავწყვიტე პრაქტიკაში დამენერგა ან უკვე დანერგილი გამეღრმავებინა ისეთი ნაშრომებიდან მიღებული ცოდნა, რომლებიც საერთაშორისო, თანამედროვე, ინოვაციური და სანდო იქნებოდა. ასეთი კი იყო მენტორ მასწავლებელთა საგამოცდო პროგრამაში მოცემული ნაშრომები.
ამ ეტაპზე პრიორიტეტად დავსახე 4 მიმართულება:
◊ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარება
◊ მდგრადი განვითარების მიზნები
◊ PIRLS-ის კვლევა.
◊ PISA-ს კვლევა
ამ მიმართულებებზე ვიმუშავე როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების კუთხით.
√ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარების მიზნით დავგეგმე და განვახორციელე ისეთი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებისაგან მოითხოვდა დემოკრატიული ღირებულებებისა და დამოკიდებულებების, მაღალი სააზროვნო უნარების, მსოფლიო ისტორიისა და კულტურის დამოუკიდებლად, თანამშრომლობითი გზით კრიტიკულ გააზრებას. მაგ: 21 თებერვლისთვის ვიმუშავეთ პროექტზე – პირველი კონსტიტუცია; 25 თებერვლისთვის პროექტზე – ომი, რომელიც წავაგეთ; 9 აპრილისთვის პროექტზე – ორი 9 აპრილი( საშუალო საფეხური); ვმუშაობთ გრძელვადიან პროექტზე-ტურისტული სააგენტოები (დაწყებითი საფეხური).თითოეულ პროექტზე მუშაობის პროცესი იძლეოდა დიფერენცირებული სწავლების, კეთებით სწავლების, გამოცდილებით სწავლების და მთელი სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საშუალებას, რაც დადებითად აისახა თითოეული პროექტის შედეგსა და შექმნილ პროდუქტებზე.
√ მდგრადი განვითარების მიზნები. 17 მიზანი მოწოდებულია მსოფლიო შეცვალოს უკეთესობისკენ 2030 წლისთვის. ამ მიზნების მიღწევის გზაზე ძირითადი ინსტრუმენტია მდგრადი განვითარებისთვის განათლება. ამ ეტაპზე აცქენტი გავაკეთე მე-4, მე-5 და მე-10 მიზნებზე.
ამ კუთხით განხორციელებული აქტივობებიდან წარმოგიდგენთ რამდენიმეს.
მე-4 მიზანი ხარისხიანი განათლება
როლური თამაში: მე ვარ განათლების მინისტრი (მე10 კლასი). მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და წარმოადგინეს მათი აზრით საუკეთესო განათლების სისტემების მოდელები. იმსჯელეს ხარისხიანი განათლების არსის, ყველასთვის ხელმისაწვდომობის და მნიშვნელობის შესახებ.
მე-5 მიზანი – გენდერული თანასწორობა. ჩვენს სკოლაში განხორციელდა გენდერული თანასწორობის კვირეული. მერვე და მეათე კლასებში ჩავატარე გაკვეთილების ციკლი, სადაც მოსწავლეებმა იმსჯელეს სტერეოტიპების და მათი მსხვრევის აუცილებლობის შესახებ, მოიყვანეს და გააანალიზეს მაგალითები მსოფლიოს და საქართველოს ისტორიიდან. აღნიშნეს, რომ პრობლემა მრავალწახნაგიანია და საჭიროა კომპლექსური მიდგომა.
მე-10 მიზანი – შემცირებული უთანასწორობა. თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოში დემოკრატიული მმართველობის საფუძველია. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია, მაგრამ სამწუხაროდ, მსოფლიოში და საქართველოში ყოველთვის ასე არ ხდება.
მეათე კლასში დავგეგმე და განვახორციელე შემაჯამებელი გაკვეთილი როლური თამაშის გამოყენებით – იმიტირებული სასამართლო პროცესი. განვიხილეთ ჟურნალისტის საქმე, რომელიც უთანასწორობის მსხვერპლად თვლიდა თავს. ადვოკატებმა, ბრალმდებლებმა და მოსამართლეებმა იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები.ამ გზით მოსწავლეებმა საკუთარი გამოცდილებით გააანალიზეს უთანასწორობის და მის წინააღმდეგ ბრძოლის გზები და მნიშვნელობა.
PIRLS-ის კვლევა
კვლევამ შეაფასა წაკითხულის გააზრების უნარი ქართველ ბავშვებში, მათ შორის გურიის რეგიონში მაცხოვრებელი ბავშვების. შედეგები არასახარბიელოა. აღმოჩნდა, რომ ქართველ ბავშვებს უფრო მაღალი შედეგები აქვთ იმ ტიპის დავალებებში, რომლებიც ტექსტის ექსპლიციტურ გაგებას და პირდაპირი დასკვნების გამოტანის პროცესს ასახავს, ხოლო როცა ინტერპრეტაცია და ინტეგრაციაა საჭირო – დაბალი შედეგები აქვთ. ჩემთვის განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა კვლევის მიგნება – ქართველი მასწავლებლები ფიქრობენ, რომ ყველაფერს მაღალ დონეზე ასწავლიან, მაგრამ რეალობაში ეს არ აისახება.
გადავწყვიტე მეფიქრა გლობალურად და მემოქმედა ლოკალურად. ანუ დავიწყო მუშაობა ჩემს კლასებში, ჩემს სკოლაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. წაკითხულის გააზრება რომ ჩემი სკოლის პრობლემაც იყო, ეს ჩემ მიერ ჩატარებულმა კვლევამაც მიჩვენა. დავგეგმე შემდეგი ინტერვენციები ისტორიული წყაროების და ტექსტების გაცნობა/გაანალიზებისთვის:
- აქტივობა – მთავარი თეზისები წყაროდან
- გადმოეცი მთავარი აზრი 3-4 წინადადებით
- რისი თქმა უნდა ავტორს? ახსენი შენი სიტყვებით
საშინაო დავალებებზე, შემაჯამებლებზე, კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესში აქცენტს ვაკეთებ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე, დივერგენტული აზროვნების განვითარებისთვის მიმართულ აქტივობებზე. პროგრესისკენ მიმავალი გზა, რა თქმა უნდა, ხანგრძლივია, თუმცა, დადებითი დინამიკა აშკარაა.
PISA-ს კვლევა
კვლევამ შეაფასა 15 წლის მოზარდების მზაობა, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნის და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს.მისი მიზანი იყო განესაზღვრა, რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისთვის. სამწუხაროდ, კვლევის შედეგები ქართველი მოსწავლეებისთვის აქაც არასახარბიელოა.
ამ შემთხვევაშიც გადავწყვიტე პრობლემის გადაჭრის გზების ძიება დამეწყო ჩემ კლასებში და სკოლაში. დავგეგმე შემდეგი ინტერვენციები:
- პროექტების, კონკურსების შემფასებლებად ვიწვევ უფროსკლასელებს. მიზანი: რეალურ სიტუაციაში გამოიყენონ და გამოამჟღავნონ უკვე მიღებული ცოდნა
- როლური თამაშები. მიზანი: თეორიული ცოდნა გამოიყენონ რეალურთან მიმსგავსებულ სიტუაციებში
- მენტორი მასწავლებლები. ეს ერთგვარი ანალოგიაა თანასწორი განმანათლებლის, ოღონდ გაზრდილი პასუხისმგებლობით და მასწავლებლის ფუნქციის შეთავსებით. მიზანი: ასწავლე, რათა ისწავლო
- ვიქტორინები. მიზანი: სტრესულ სიტუაციებში ცოდნის გამოყენება/გააზრება.
ამ შემთხვევაშიც პროგრესისკენ მიმავალი გზა, რა თქმა უნდა, ხანგრძლივია, თუმცა, დადებითი დინამიკა აშკარაა.
ზემოხსენებული პრაქტიკული საქმიანობა მიმდინარეობდა მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით. ყველა პროექტს ესწრებოდა დირექცია, ჩემი და სხვა კათედრების მასწავლებლები, კრიტიკული მეგობრები, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, ზოგ შემთხვევაში მშობლები და სხვა სკოლის მასწავლებლები, ანუ აქტიურად ხდებოდა ჩემი გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარება და დანერგვა. მათგან მიღებული უკუკავშირი ჩემთვის თვითშეფასების მნიშვნელოვანი წყარო იყო. ამასთანავე გაწეული მუშაობის მოკლე ანოტაციები ატვირთულია ჩემი და ჩემი სკოლის ფბგვერდებზე.