21 დეკემბერი, შაბათი, 2024

რიტუალები და ტრადიციები საქართველოში

spot_img

2022 წლის 20 დეკემბერს, სსიპ თბილისის №208 საჯარო სკოლის მე-4 კლასში, დასრულდა პროექტი „რიტუალები და ტრადიციები საქართველოში“. აღნიშნული პროექტის აქტუალობა გამომდინარეობდა ჩვენივე ქვეყნის ძირძველი ისტორიიდან. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ტრადიციების და წეს-ჩვეულებების ქვეყანაა, ასევე ყველა ოჯახს, კუთხეების მიხედვით, საკუთარი ტრადიცია და რიტუალი აქვს, ეს კიდევ ერთხელ მყარ საფუძველს გვაძლევდა იმისათვის, რომ მოსწავლეებში გაჩენილიყო ინტერესი და მოტივაცია საკითხზე სამუშაოდ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიზნად დავისახე – მოსწავლეებმა შეძლონ, გაარჩიონ ტრადიციები, რომლებიც კულტურის ნაწილია და ტრადიციები, რომლებსაც ფასეულობა არ გააჩნია. პროექტის დაგეგმვის დროს ვითვალისწინებდი, რომ მოსწავლეებისთვის მეტად მნიშვნელოვანი გახდებოდა ოჯახური ტრადიციების პატივისცემა, გაეცნობოდნენ ძველ და ახალ ტრადიციებს, ისაუბრებდნენ საკუთარ ოჯახზე, ჩამოუყალიბდებოდათ სოციალურ-კულტურული, მოქალაქეობრივი და უსაფრთხოების ცნობიერება.

ერთობლივად დავამუშავეთ სპეციალური კითხვარი, რომელზეც ბავშვებმა, შემდგომ, ოჯახთან ერთად იმუშავეს.

სამუშაო პროცესი მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:

  1. ჯგუფებში მუშაობა;
  2. თითოეული ჯგუფის მიერ საქართველოს ერთ-ერთი კუთხის არჩევა და მისი ტრადიცია-რიტუალების მოძება;
  3. კვლევა, საჭირო ინფორმაციის შეგროვება და პრეზენტაცია თემაზე „ჩემი ოჯახი და ტრადიციები“;
  4. პროექტის წარდგენა: „საქართველოს ტრადიციები და რიტუალები“;
  5. კედლის გაზეთის მომზადება.

მუშაობის პროცესი საკმაოდ ნაყოფიერად და საინტერესოდ წარიმართა. რაც შეეხება პროექტის იდეას, კლასში დაიბადა, მოსწავლეებმა საქართველოში ,,ჰელოუინის“ აღნიშვნასთან დაკავშირებით გამოთქვეს უკმაყოფილება, არ მოეწონათ, რადგან, მათი აზრით, საშიშ ელემენტებს შეიცავს და არაეროვნულია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში არსებულ ტრადიციებთან მიმართებით შევადგინეთ კითხვარი, რომელიც ბავშვებს, ოჯახის წევრებთან ერთად, უნდა შეევსოთ, რაც სიხარულით გააკეთეს, მოეწონათ მშობლების მონაწილეობა.

პროექტის ფარგლებში, დავგეგმე ხელოვნების მუზეუმში ვიზიტი, სადაც იმართებოდა ღონისძიება თემაზე: ,,ახალი წლის ტრადიციები საქართველოში“. მივიჩნიე, რომ მსგავსი თემატიკის ღონისძიება დამატებით ინფორმაციას მიაწვდიდა მოსწავლეებს ტრადიციებზე, ამით გაიმდიდრებდნენ წარმოდგენასა და ცოდნას, რაც შემდგომში, პროექტზე მუშაობისას, გამოადგებოდათ. სალექციო ნაწილის მოსმენის შემდეგ, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ნაძვის ხის სათამაშოები – ,,პატარა ანგელოზები“.

პროექტში ჩართული მოსწავლეები 4 ჯგუფად დაიყვნენ და თითოეულმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე აირჩია, სურვილის მიხედვით. მოიძიეს ინფორმაცია, პირველად წარმოდგენილი ნიმუშები ჩავასწორეთ, მივეცი კონკრეტული მითითებები და საბოლოო ვარიანტი პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

კლასში იმუშავეს თემატურად გაზეთების გაფორმებაზე. პრეზენტაციის დროს, ასევე, საკუთარი ოჯახების ტრადიციებსა და რიტუალებზეც ისაუბრეს.

ვფიქრობ, მსგავსი აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების განმტკიცებასა და ისტორიული თვალსაწიერის გაფართოებას. პროექტის მიზანი ისიც არის, რომ მომავალმა თაობებმა არ დაივიწყონ ძველი, მშობელთა, წინაპართა ტრადიციული ცხოვრების წესი.

აღნიშნული პროექტი დაეხმარა პატარებს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ კვლევის, დაგეგმარების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

პროექტით განსაზღვრული ყველა მიზანი მიღწეულია. მშობლები ჩაერთვნენ სასკოლო ცხოვრებაში. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა ტრადიციების შესახებ.

ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით განხორციელდა. ეს პროექტი ჩემი მოსწავლეებისთვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო გამოდგა.

მიუხედავად იმისა, რომ მასზე მუშაობა საინტერესო და სახალისო იყო, მაინც გამოიკვეთა ხარვეზი. 21 მოსწავლიდან 17-მა მიიღო მონაწილეობა, სხვადასხვა მიზეზების გამო. გამოიკვეთა საჭიროება, რომ მოსწავლეთა სრული ჩართულობისთვის მეტი მუშაობაა საჭირო.

პროექტი ის სასწავლო საშუალებაა, რომელიც კარგად აჩვენებს ყველა იმ ხარვეზს, რომელიც ფაქტობრივ მოცემულობაში გვაქვს – რა შეიძლება შეიცვალოს და როგორ. ვფიქრობ, ზემოთ აღნიშნულმა პროექტმა კარგი შედეგები მოიტანა და კვლავ ვგეგმავ რამდენიმე გრძელვადიან პროექტზე მუშაობას.

ირმა ლომიძე
თბილისის №208 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები