განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს — თამარ მახარაშვილი. ახლა იგი ამ სტატუსითაა, თორემ ებრაული ენის სპეციალისტი წლებია განათლების სისტემაში მუშაობს და კარგად იცნობს მისი ყველა რგოლის სპეციფიკას, მათ შორის ხარისხის განვითარების მიმართულებით, სადაც 2014 წლიდან სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, ხოლო ბოლო 4 წელი ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე იმუშავა.
ჩვენ არაერთი პუბლიკაცია მივუძღვენით ცენტრში მიმდინარე რეფორმას, ამიტომ ქალბატონ თამარს უწყების სამომავლო გეგმებზე საუბარი ვთხოვეთ, თუმცა მან საჭიროდ ჩათვალა და ლოგიკურიც არის, ის წარმატებები (და გამოწვევებიც) შეგვახსენოს, რასაც ცენტრმა, მართალია, მისი მონაწილეობით, მაგრამ სხვა ხელმძღვანელების პირობებში მიაღწია.
წარმატებული 2019
(ასე შეაფასა თამარ მახარაშვილმა შარშანდელი წელი)
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უმაღლესი განათლების მიმართულებით, მართლაც მნიშვნელოვანი წელი იყო — განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი გახდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი; მივიღეთ კვალიფიკაციების ახალი ეროვნული ჩარჩო, რომელიც სრულ თანხვედრაშია შესაბამის ევროპულ დოკუმენტთან; გავხდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. კიდევ ერთხელ შევახსენებ თქვენი გაზეთის მკითხველს, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის ENQA-ს წევრობას — ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, როგორც სააგენტო, შეყვანილია ევროპის ასოცირებული სააგენტოების რეესტრში (EQAR), რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომების მიმართ და სისტემის მიმართ სანდოობა გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების აღიარების პროცესის გამარტივებას. დიახ, ENQA-ს წევრობა ხარისხის განვითარების ცენტრმა მიიღო, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს გარკვევით ითქვას, ეს მხოლოდ მისი კონტრიბუცია არ არის. რომ არა წინარე სამუშაოები, რომლებიც ერთობლივად ჩაატარა მთელმა სისტემამ, ვგულისხმობ ექსპერტთა კორპუსს, ავტორიზაციის საბჭოებს, განათლების სამინისტროსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ეს შედეგი ვერ დადგებოდა. ENQA-მ სწორედ ის პროცედურები და სტანდარტები შეამოწმა და მოიწონა, რომლითაც თითოეულმა ამ რგოლმა იმუშავა. გადაწყვეტილებაც წევრობის შესახებ ამის შემდეგ მიიღო, თუმცა დაგვიწესა მონიტორინგიც. ერთია, აკმაყოფილებდე წევრობის მოთხოვნებს გარკვეულ ეტაპზე, მაგრამ მეორეა და მთავარი, როგორ ვითარდები, ასრულებ თუ არა რეკომენდაციებს, რომელიც საერთაშორისო ასოციაციამ მოგცა თავის დროზე. ამ მიზნით, მომავალ წელს, გვესტუმრებიან ასოციაციის წარმომადგენლები, რათა ნახონ, როგორ ვითარდება ცენტრი. ბუნებრივია, ჩვენ უკვე ვემზადებით ამისთვის.
მეტი ბიზნესი პროფესიულ განათლებაში
როცა მიღწევებზე ვსაუბრობ, პირველ რიგში, პროფესიული განათლების რეფორმა უნდა აღინიშნოს, რომელიც 2013 წლიდან დაიწყო და ძალიან ხელშესახები შედეგებიც გვაქვს. ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების მიუხედავად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული რეფორმაა სისტემაში, რაც თავიდანვე მისი სწორი მიმართულებით სვლამ განაპირობა. ვგულისხმობ დამსაქმებელთა დარწმუნებას იმაში, რომ სწორედ მათი ბიზნესის განვითარებისთვის არის აუცილებელი ამ სისტემასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომ სწორედ ისინი უნდა იყვნენ პროფესიული კადრების დამკვეთები (მათი საჭიროებებიდან გამომდინარე). ეს გზა გაიარა პროფესიულმა განათლებამ, ბიზნესი აქტიურად ჩაერთო მის საქმიანობაში, მხოლოდ პროფესიულ სტუდენტებს კი არ იღებს პრაქტიკის გასავლელად, არამედ საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაშია ჩართული, თავად გვკარნახობს რა ვასწავლოთ სტუდენტს დასაქმების მაღალი გარანტიით. აქამდე, ძირითადად, ტრენინგ-ცენტრებს მიმართავდნენ საჭირო კვალიფიკაციის ადამიანების მოსამზადებლად, ახლა კი თავად, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, მონაწილეობენ ამ საქმეში. ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა კიდევ უფრო გაფართოვდება სავაჭრო პალატასთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ. თქვენ იცით, როგორი ინტენსივობით ინერგება დუალური პროგრამები და 2020 წლისთვისაც ეს ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა პროფესიულ განათლებაში. სწორედ ამ კუთხით დაგვეხმარება სავაჭრო პალატა, რომელიც სხვადასხვა ბიზნესს აერთიანებს და შეუძლია განსაზღვროს, დუალური პროგრამების როგორი საჭიროებაა ამა თუ იმ სექტორის სხვადასხვა რგოლში.
პროფესიულ განათლებაზე ამ მოკლე ექსკურსს დავასრულებ იმით, რომ მალე შევთავაზებთ ჩვენს ბენეფიციარებს კვალიფიკაციათა ახალ ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც შედგენილია შრომის ბაზრის და ბიზნესის მოთხოვნების გათვალისწინებით და შევეცდებით კიდევ უფრო მეტი ბიზნესმენი დავარწმუნოთ იმაში, რომ პროფესიული განათლება, უპირველეს ყოვლისა, მათი ინტერესის სფეროა და მხოლოდ მათი მეტი ჩართულობითაა შესაძლებელი ბიზნესისა და დარგის განვითარება ერთდროულად.
თვითშეფასება — თანამშრომლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის აუცილებელი პირობა
მოგეხსენებათ, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა 6 წელია, მაგრამ ჩვენ შუალედური შემოწმებებიც გვაქვს, გეგმიური მონიტორინგების სახით, ამისათვის არსებობს ხარისხის განვითარების ცენტრი. მაგრამ ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი სისტემა, როცა სასწავლო დაწესებულებას გააზრებული აქვს რა პასუხისმგებლობა საკუთარი სტუდენტების წინაშე, კი არ მალავს რაიმე პრობლემას ან კი არ ელოდება შემმოწმებელს, არამედ თავად ახდენს საკუთარი ხარვეზების იდენტიფიცირებას და ხარისხის ცენტრთან თანამშრომლობით ცდილობს მის გამოსწორებას. ამას ჩვენ თვითშეფასებას ვეძახით. მისი დანერგვა, განათლების სამივე საფეხურზე, იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა 2020 წლისათვის. პროცედურა ასეთია: ავტორიზებული სასწავლო დაწესებულება, 3 წლის თავზე, წარმოადგენს თვითშეფასებას, სადაც მითითებული იქნება ყველა ტიპის სუსტი მხარე თანდართული გეგმით, როგორ აპირებს მათ გამოსწორებას. ჩვენი პასუხი კი მხოლოდ მხარდაჭერა იქნება იმის მიხედვით, რა საჭიროებები აქვს დაწესებულებას, შესაძლოა ეს იყოს ტრენინგები, ვორქშოპები. ჩვენ ვართ გახსნილი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის. დაწესებულებას აქვს არჩევანი ან თავად, დაუფარავად და ობიექტურად აფასებს საკუთარ თავს, ან მალავს პრობლემას, რაც საბოლოო ჯამში მაინც იჩენს თავს. გვინდა დავამკვიდროთ ურთიერთობის ისეთი კულტურა, როცა ერთად ვსვამთ დიაგნოზს და ერთად ვცდილობთ გაუმჯობესებას, რადგან საქმე ახალგაზრდობის ხარისხიან განათლებას ეხება, რაც ერთი რომელიმე უწყების კი არა, მთელი განათლების სისტემის საზრუნავია.
ავტორიზაციის დროს შეფასების სისტემის მოქნილობა
დასაწყისში აღვნიშნე, რომ ENQA-ს წევრობა ჩვენი პროცედურების ევროსტანდარტებთან შესაბამისობამ განაპირობა. მაგრამ, ეს ხომ ყოველთვის ასე არ იყო. ადრე შეფასების გაცილებით ხისტი სისტემა გვქონდა — ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას განიხილავდა ავტორიზაციის საბჭო და სასწავლებელს ან ანიჭებდა, ან არ ანიჭებდა ავტორიზაციას. ბუნებრივია, ადრესატს შესაძლოა ჰქონოდა უსამართლობის განცდა, იმიტომ რომ, განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, აუცილებლად იქნებოდა ისეთი ხარვეზი, რომლის გამოსწორებისთვის დროის მიცემით შესაძლოა უარყოფითი შედეგი არ დამდგარიყო. ახლანდელი ოთხშკალიანი შეფასების სისტემა სწორედ ამ შესაძლებლობას სთავაზობს უნივერსიტეტებს, ის გაცილებით მოქნილია და მხარდაჭერაზე ორიენტირებული. ექსპერტთა დასკვნაში გარკვევით იწერება, რომელ სტანდარტს ან ქვესტანდარტს აკმაყოფილებს, მეტწილ შესაბამისობაშია, ნაწილობრივ, თუ მთლიანად შეუსაბამოა. სასწავლო დაწესებულებას 10 დღე აქვს დასკვნის გასაცნობად და აზრის გამოსახატავად. სწორედ ამის შემდეგ ეგზავნება შემოწმების სრული, დაწესებულების მიერ გაცნობილი დოკუმენტი ავტორიზაციის საბჭოს, რომელიც სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლის/წარმომადგენლების თანდასწრებით განიხილავს დოკუმენტს (1 დასკვნის განხილვა 3-4 საათის განმავლობაში). საბოლოო შედეგი, ოთხშკალიანი განხილვის მეთოდით შეიძლება ასეთი დადგეს: დაწესებულებამ მიიღოს ავტორიზაცია ანგარიშის წარმოდგენით, ან მონიტორინგით, მიიღოს სრული უპირობო ავტორიზაცია, ან უარი ეთქვას ავტორიზაციაზე. მოქნილი შეფასების სისტემა იძლევა შესაძლებლობას ხარვეზის გამოსწორებისა და განვითარებისათვის, მაგრამ თუ შედეგი მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა (შეიძლება, ასეც მოხდეს), მას აქვს მექანიზმი, აპელაციის გზით, დაამტკიცოს საწინააღმდეგო, ან გაასაჩივროს გადაწყვეტილება სასამართლოში.
აქვე დავამატებ, როცა საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, ის ითვალისწინებს სტუდენტების ინტერესს და გადაწყვეტილება ამოქმედების დროდ მიუთითებს ვადას ისე, რომ სტუდენტებმა სემესტრის დასრულება და კრედიტების დაგროვება შეძლონ. ამავე დროს, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ამ დაწესებულების სტუდენტებისთვის გამოაცხადოს რიგგარეშე მობილობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.
მიმაჩნია, რომ აკრედიტაციისა და ავტორიზაციის შეფასების ახალი სისტემის ამუშავება იყო რეფორმის მთავარი არსი, რაც უსათუოდ შეუწყობს ხელს სასწავლო დაწესებულებებში ხარისხის განვითარებას.
ხარისხის ცენტრის სახე დაწესებულებაში
ხარისხის ცენტრის სახე არიან ექსპერტები, ისინი ჩვენი ელჩები არიან როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე ავტორიზაციის საბჭოსთვის. ადამიანები, რომლებიც შეირჩევიან არა მარტო პროფესიული კომპეტენციების, არამედ სხვა ბევრი უნარის მიხედვით. სწორედ მათი პროფესიონალიზმი განსაზღვრავს რამდენად ხარისხიანად და ობიექტურად შეასრულებს ცენტრი საკუთარ მისიას. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტთა კორპუსი ცენტრის მუშაობის ძირითადი რგოლია, გადავწყვიტეთ, სამივე საფეხურზე, უზრუნველვყოთ ექსპერტთა ატესტაცია. წელს ეს ჩვენი ცენტრისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა.
სისტემაში 1700 აკრედიტებული პროგრამა გვაქვს, რაც რამდენიმე სფეროსა და სხვადასხვა დარგს მოიცავს. თითოეული ექსპერტის შერჩევა სწორედ ამ მრავალფეროვნების გათვალისწინებით ხდება, 2021 წლიდან კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლას ვგეგმავთ, წელს 450-დან 500-მდე პროგრამამ უნდა გაიაროს აკრედიტაცია. ამ მოცულობის სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას კი სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტები სჭირდება.
აქვე მინდა ორიოდ სიტყვით ავტორიზაციის საბჭოს მნიშვნელობასაც შევეხო და აღვნიშნო, რომ საბჭოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, განათლების მინისტრის წარდგინებით. წლევანდელი სიახლე ისაა, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს წევრთა ნომინირება და დაკომპლექტება კომისიური წესით მოხდა, აპლიკანტებთან გასაუბრება ფსიქოლოგის ჩართულობით მიმდინარეობდა. ამ მექანიზმით სუბიექტივიზმი მთლიანად გამოირიცხა. ასე დაკომპლექტდა ავტორიზაციის საბჭოები სამივე საფეხურისთვის.
საჯარო სკოლები და ხარისხის განვითარების ცენტრი
აქაც აუცილებელი კომპონენტი იქნება თვითშეფასების სისტემის ამუშავება. შეფერადების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, ახლა ვიწყებთ საჯარო სკოლებიდან რეალური ინფორმაციის ამოღებას თუ რა ტიპის პრობლემები გვაქვს. შესაბამისი კონცეფცია მუშავდება და სამინისტროსთან ერთად ხარისხის ცენტრიც აქტიურადააა ჩართული. თანმიმდევრულად და სწორი მეთოდოლოგიით ვაპირებთ მუშაობას, ჩვენი მიდგომაა მუდმივად ვიზრუნოთ საჯარო სკოლების განვითარებაზე, რომელიც ხარისხის ამაღლების აუცილებელი კომპონენტია. დიდი მოცულობის სამუშაო გვექნება შესასრულებელი ამ მიმართულებით სამინისტროსთან ერთად.
2020 წლის ძირითადი მესიჯები
♦ პირველ რიგში, ეს იქნება სანდოობასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული თანამშრომლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
♦ 2021 წლიდან კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლა იგეგმება და შესაბამისად 2020 წელს მოგვიწევს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა. კლასტერული აკრედიტაცია ნიშნავს კონკრეტულ წელს კონკრეტული მიმართულების აკრედიტაციას, რაც მნიშვნელოვანია დაწესებულებებისთვის, რათა მათ საკუთარი რესურსის გაძლიერება შეძლონ კონკრეტული მიმართულებით, ხარისხის ცენტრმაც კონკრეტული მიმართულების ექსპერტების პროფესიული განვითარება განახორციელოს და ასევე აკრედიტაციის საბჭოს დაკომპლექტების დროსაც მოხდეს კლასტერის გათვალისწინება;
♦ ეტაპობრივად მოხდება კვალიფიკაციების ჩარჩოსთან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობაში მოყვანა. მაგალითად, მიმდინარე წელს საბუნებისმეტყველო და მედიცინის დარგი მოვა შესაბამისობაში კვალიფიკაციების ჩარჩოსთან და მთელი რესურსი ამ მიმართულებით ამოქმედდება;
♦ სადოქტორო და კვლევითი კომპონენტი დიდი გამოწვევაა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისთვის. ამ მიმართულებით განსაკუთრებით გაძლიერდება ცენტრის ძალისხმევა;
♦ განათლების სამივე საფეხურზე თვითშეფასების სისტემის დანერგვა.
ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რომელთა დაძლევამაც უნდა უზრუნველყოს წინსვლა განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.
ანა ფირცხალაიშვილი