5 და 6 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონფერენცია გამართა — „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა და განვითარების შესაძლებლობები“. კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. მასში მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის განვითარების სამსახურების, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME), პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშრისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრები და სხვები. ეს ის ხალხია ვინც უმაღლეს განათლებაში ევროპული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების დამკვიდრებისთვის წლებია იღვწის. იმ რეფორმის მიმდინარეობას, რომელიც ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში განხორციელდა, ჩვენი გაზეთი სისტემატურად აშუქებდა.
კონფერენციის პირველი დღის მონაწილეებმა ერთგვარი შეფასება მისცეს მიმდინარე რეფორმას, ისაუბრეს ხარისხის უზრუნველყოფის ახალ მიდგომებზე, ECTS საკრედიტო სისტემის გამოყენების უპირატესობაზე, გაკეთდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვის ანალიზი, კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ დაძმობილების პროექტს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, როგორც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას.
კონფერენციის მეორე დღე პანელის დისკუსიას დაეთმო, რომელშიც უმაღლესი სამედიცინო დაწესებულებების და, ზოგადად, სამედიცინო დარგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ — უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების ხელმძღვანელები, დეკანები, საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის საბჭოს წევრები, ექსპერტები ბევრ მწვავე საკითხს შეეხნენ. ისაუბრეს დიპლომამდელი და დიპლომის შემდგომი უწყვეტი განათლების აუცილებლობაზე, რაც სასურველია დაინერგოს ამ სფეროში, აღინიშნა, რომ ასეთი მაგალითები არსებობს ევროპულ ქვეყნებში და არც დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული.
უმაღლესი განათლების ხარისხზე საუბრისას თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიდრე სასკოლო განათლება არ უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს უმაღლეს განათლებაში ხარისხის მიღწევა, თითქმის, შეუძლებელი იქნება. „ძალიან განვითარდა მეცნიერება, განსაკუთრებით ბიოქიმია. ჩვენი პირველკურსელები სრულიად მოუმზადებელნი არიან ამ საგნის შესასწავლად. იქნებ სამინისტრომ იფიქროს ამაზე და მომავალი აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ექიმობას აპირებენ, ბოლო კლასებში პრიორიტეტული გახდეს საბუნებისმეტყველო საგნების გამორჩეულად სწავლება. მიმაჩნია, რომ მომავალი ექიმისთვის აუცილებელია კარგი საბაზისო ცოდნა ქიმიაში, ბიოლოგიაში და, ალბათ, მათემატიკაშიც“.
განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი შთაბეჭდილება გაუზიარა და დასძინა, რომ სამინისტროში შემუშავებულია მისაღები გამოცდების ახალი მოდელი, რაც ითვალისწინებს 3 ძირითადი გამოცდის — ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ჩაბარებას. „გარდა ამისა, ჩვენ დავაყენებთ საკითხს რექტორთა საბჭოზე, რომ, მაგალითად, ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლის მსურველისთვის ფიზიკის ჩაბარება იყოს აუცილებელი, ქიმიის ფაკულტეტზე — ქიმიის და ა.შ.“.
ხარისხიანი სწავლების აუცილებელ კომპონენტებად ისეთი ფაქტორებიც დასახელდა, რასაც აქამდე ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მაგალითად, ითქვა, რომ ანგარიშგასაწევია ინფორმაციის სიმრავლე, რაც სხვა ტიპის სწავლებაზე გადასვლას ითხოვს, რომ სტუდენტებს მართალია ჰყავთ მაღალი კვალიფიკაციის პროფესორები, მაგრამ აღარ ჰყავთ მენტორები, რაც აიხსნება დროის უკმარისობით, როცა ერთი პროფესორი კლინიკიდან კლინიკაში გარბის ან უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში; ითქვა, რომ ჯანდაცვაში სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს დაიჭერს მაღალი ტექნოლოგიები, რაც გააძვირებს სერვისს, მომავალი სამედიცინო კადრების დაგეგმვის აუცილებლობასაც შეეხნენ და იმასაც, რომ მომავალი ექიმისთვის ასევე აუცილებელია დამოკიდებულების შესწავლა, რაც ემპათიაზე გადის — სიცოცხლის ხალისი — ბედნიერების ფაქტორი თურმე მედიკოსის პროფესიონალიზმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია.
კონფერენციის ერთგვარი შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონაწილეთა წინადადებებსა თუ სურვილებს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით, ორი მიმართულება აქვს — განათლების სამინისტრო და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. ეს წინადადებები სწორედ ამ ორი უწყების განხილვის საგანი უნდა გახდეს. რაც შეეხება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურების გაუმჯობესებას, აქ მთავარ გამოწვევად ექსპერტთა კვალიფიკაცია დასახელდა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს შეფასების თანმიმდევრულობაზე. საპასუხოდ, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგ მოდულებს შესთავაზებს ექსპერტთა კორპუსს, რაც დაეხმარება მათ შეფასებასა და დასკვნების დასაბუთებულად ჩამოყალიბებაში.
მეორე გამოწვევად დასახელდა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შემოსული განაცხადების დიდი რაოდენობა — 250-300 პროგრამის შეფასება ერთ წელიწადში. ბუნებრივია, ეს დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული. ამიტომ გადაწყვეტილია არსებული სისტემის მოდიფიცირება, კერძოდ, შესაძლებელია, პროგრამების შეფასება განხორციელდეს მიმართულებების მიხედვით ან მოხდეს ფაკულტეტის აკრედიტაცია.
ანა ფირცხალაიშვილი