აბიტურიენტების შეკითხვებს ლიტერატურის გამოცდასთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წარმომადგენელი თამაზ ჯოლოგუა პასუხობს. გთავაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს
– მაინტერესებს, თემისთვის განკუთვნილი ადგილი გაიზარდა? ესე ამოღებულია და მისთვის გამოყოფილი ადგილიც დაემატა?
– დიახ, გაიზარდა. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ:
https://naec.ge/#/ge/post/1840
– ენობრივ სტილსა და თავისებურებებში კონკრეტულად რა იგულისხმება?
– მწერლის ენისა და სტილის თავისებურებებში იგულისხმება მწერლის თხრობის ინდივიდუალური მანერა და კონკრეტული ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობითი თავისებურებები.
– ტექსტის რედაქტირებაში სწორი ფორმა ასევე სწორი ფორმით რომ შევცვალოთ, ქულა დაგვაკლდება (მაგალითად, რომ ეწეროს „ეჭვის თვალით უყურებდა“ და ჩვენ რომ დავწეროთ „ეჭვით უყურებდა“)?
– თუ აზრი შინაარსობრივად არ შეიცვლება, ქულა არ დაგაკლდებათ. თქვენ მიერ დასახელებულ მაგალითშიც ქულა არ დაგაკლდებათ.
– ესე და თემა მინიმალურად რამდენსიტყვიანი უნდა იყოს? ასევე, აუცილებელია თემისა და ესეს წერის დროს სათაურიც დავწეროთ?
– 120 სიტყვაზე ნაკლები თუ იქნება, ნაშრომი ენობრივად არ გასწორდება. რაც შეეხება სათაურს, თხზულების დასათაურება აუცილებელი არ არის.
– ტექსტის ანალიზში ტექსტის მხატვრულ მხარესა და ავტორის სტილზე მსჯელობისას რა უნდა გავითვალისწინოთ? გასაგებია, რომ მხატვრულ ხერხებს ამოვიწერთ ორ-სამს და სხვა?
– საჭიროა ადრინდელზე მეტი ყურადღება მიაქციოთ მწერლის ინდივიდუალურ სტილს. მოცემულ კრიტერიუმში ქულათა რაოდენობის გაზრდა სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული.
-ესეს წერისას რას გვირჩევთ, შესავალშივე მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, თუ ნელ-ნელა მსჯელობას წავყვეთ და მივიდეთ დასკვნამდე? ასევე, მაინტერესებს, კონტრარგუმენტი აუცილებელია? და თუ ექცევა მას ყურადღება გასწორებისას?
– ყურადღებით წაიკითხეთ დავალების პირობა, რომელიც გიკარნახებთ კონტრარგუმენტის აუცილებლობას. რაც შეეხება მსჯელობის აგებას, ეს თქვენი გადასაწყვეტია (აქ წინასწარ განსაზღვრული სტანდარტი არ არსებობს).
– რამდენი პარალელის მოყვანაა საჭირო მხატვრულ ანალიზში, რომ დაიწეროს მაქსიმალური ქულა ზოგადი განათლების ნაწილში?
– პარალელთა რაოდენობა წინასწარ განსაზღვრული არ არის, შეგიძლიათ მოიყვანოთ იმდენი პარალელი, რამდენსაც თქვენი მსჯელობა მოითხოვს.
– რედაქტირებაში მითითებული იქნება ზუსტი ქულა, რომელიც შეცდომების რაოდენობას შეესაბამება?
– არა, არ იქნება მითითებული.
– ლიტერატურული ესეს ამოღება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ კითხვები გართულდება და ანალიზს მკაცრად გაასწორებენ?
– საკითხები გართულებული არ არის და ნაშრომიც ჩვეულებრივად გასწორდება.
– ესე რა შემთხვევაში არ სწორდება ქართულ ენაში?
ესე არ გასწორდება, თუ მხოლოდ სამი-ოთხი წინადადებაა ან ნაწერი არ იკითხება. ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტი დაწერს საკუთარ სახელსა და გვარს ან დასვამს ნებისმიერ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს.
– თუ, ვთქვათ, რედაქტირებაში გავასწორე „იქნა მოპოვებული“ და დავწერე „მოიპოვეს“, ქულა დამაკლდება?
– ქულა არ დაგაკლდებათ, რადგან „მოიპოვეს“ სწორი ფორმაა.
– ლიტერატურის გამოცდის კითხვები წელსაც იმავე ტიპისა და სირთულისა იქნება?
– დავალებების ტიპი და სირთულე წელს არ შეცვლილა. სიახლეებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხ. აქ:https://naec.ge/#/ge/post/1840