24 ნოემბერი, კვირა, 2024

რას ამოწმებს ახალი ტესტი და პირდაპირ მიენიჭებათ თუ არა მისი ჩაბარების შემდეგ მასწავლებლებს სტატუსი

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2022 წლის მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისათვის, ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელიც სპეციალური მასწავლებლისა და პროფესიული უნარების გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო.

კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე და ცენტრის მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის უფროსი ირინე ჟვანია პასუხობდნენ.

გთავაზობთ პაუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე

 

✔️ რამდენი საკითხი იქნება წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებელ ტესტში?

საგამოცდო ტესტში სულ 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა გამოყენებული, მათგან:

22 – არჩევითპასუხებიანი დავალება;

2 – შესაბამისობის დავალება;

8 – ღია დავალება (მათ შორისაა რეკომენდაციების შემუშავება, ფუნქციური წერა, სიტუაციის ანალიზი და სხვ.).

✔️ რას გვეტყვით შესაბამისობის დავალებაზე პროფესიული უნარების ტესტში?

შესაბამისობის დავალება 1 ქულით ფასდება. დავალება ცხრილის სახითაა მოცემული, რომელიც ორი სვეტისგან შედგება: ერთ სვეტში მოცემულია პირობა (მოვლენა, ფრაზა), მეორე სვეტში – სავარუდო პასუხები (ტერმინები, ცნებები). გამოსაცდელმა სვეტებში მოცემული ინფორმაცია ერთმანეთს უნდა შეუსაბამოს. იმისათვის, რომ დავალება 1 ქულით შეფასდეს, ყველა შესაბამისობა სწორად უნდა იყოს შესრულებული.

✔️ რატომ არის მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად ზღვარი ასეთი მაღალი?

ზღვარი განისაზღვრა შეფასების დადგენის პროცედურის შედეგად. ეს არის თანმიმდევრულად გაწერილი პროცედურა, რომელშიც მონაწილეობენ სფეროს ექსპერტები. აღნიშნული გამოცდისთვისაც ჩატარდა შეფასების სტანდარტების დადგენის პროცედურა, ექსპერტების მონაწილეობით (სულ მონაწილეობდა 15 ექსპერტი) და შედეგად განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი როგორც წამყვანობის, ისე მენტორობის მსურველთათვის, რომელიც დაამტკიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

✔️ რას ამოწმებს ახალი ტესტი და მისი ჩაბარების შემდეგ, პირდაპირ მოგვენიჭება სტატუსი?

ტესტი ორიენტირებულია პროფესიული უნარების შეფასებაზე, იმ უნარების, რომლებიც ყველა მასწავლებელს სჭირდება სასწავლო პროცესის წარმართვის დროს. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში გაწერილია წამყვანი და მენტორი მასწავლებლის დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები, რასაც ეყრდნობა საგამოცდო ტესტი. რაც შეეხება სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს, უნდა მიმართოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

✔️ არასწორად გაცემულ პასუხზე ქულა თუ დაგვაკლდება?

გამოსაცდელი, არასწორად შემოხაზული პასუხის შემთხვევაშ, მიიღებს ნულ ქულას.

✔️ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებელ ტესტზე მუშაობის დროს?

ტესტზე მუშაობის დროს მნიშვნელოვანია, კარგად გავაანალიზოთ მოცემული პირობა და მასთან დაკავშირებული შეკითხვები. შეკითხვა ყოველთვის კონკრეტულია და, შესაბამისად, კონკრეტულ პასუხს მოითხოვს. არ უნდა გასცდეთ დავალების პირობას ან კითხვაში მოცემულ პასუხს. ქულა იწერება კონკრეტულ პასუხებში და არა ზოგად მსჯელობაში.

გამოქვეყნებულია შეფასების კრიტერიუმები, რეკომენდებული ლიტერატურა, ტესტის ნიმუში, რასაც სასურველია გაეცნოთ, რათა კარგად გაიაზროთ გამოცდის თავისებურება და წარმატებით დაძლიოთ ის.

✔️ ზოგადი განათლების სისტემასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა დაგვჭირდება?

საგამოცდო ტესტში შეიძლება იყოს მოცემული დავალება კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს შეეხება მხოლოდ ზოგად განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და არ გასცდება მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებს. პროგრამა – თუ რისი ცოდნა მოეთხოვება გამოსაცდელს, გამოქვეყნებულია ცენტრის ვებგვერდზე.

✔️ ფუნქციურ წერაზე რას გვეტყვით?

ფუნქციური წერა ამოწმებს, რამდენად შეუძლია გამოსაცდელს არგუმენტირებულად დაასაბუთოს მოთხოვნა, იყოს დამაჯერებელი და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს აზრი. მნიშვნელოვანია, ნაწერი იყოს გამართული, სიტყვათა რაოდენობა არ იყოს 140-ზე ნაკლები.

✔️ აქვს თუ არა შიდა ზღვრები პროფესიული უნარების ტესტს?

ტესტს შიდა ზღვრები არ აქვს. გამოსაცდელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი (წამყვანობის მსურველმა – 60%-ზე მეტი და მენტორობის მსურველმა – 75%-ზე მეტი).

✔️ გამოცდაზე ტესტი ნაბეჭდი სახით მოგვეწოდება?

გამოცდა ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება, ტესტის ბუკლეტი ელექტრონულია, ხოლო პასუხების ფურცლები დაგირიგდებათ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები