ნონა არევაძე-კოტორაშვილი
სსიპ მარნეულის სოფ. დაშტაფის საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი
სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებლებისთვის უმთავრესი საქმე და გამოწვევაა დაგეგმოს მთელი წლის სასწავლო პროცესი ისე, რომ არ გამორჩეს არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და თემა, რომელიც კონკრეტული კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული. მასწავლებელმა პროცესი უნდა დაგეგმოს არა მხოლოდ საკითხების გათვალისწინებით, არამედ შეფასების ისეთი სისტემების გამოყენებით, რომ საშუალება ჰქონდეს, სწავლების პარალელურად, გადაამოწმოს თითოეული მოსწავლის სწავლის შედეგი. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამ შედეგების გათვალისწინებით შეიტანოს მასწავლებელმა საჭირო ცვლილებები სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებში. მაგალითად, შეფასების შედეგებზე დაყრდნობით გამოიყენოს დიფერენცირებული ან ინდივიდუალური სწავლების ფორმატები აღმოჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად. შესაბამისად, თითოეული კლასის ე.წ. კალენდარულ გეგმაში მან დეტალურად უნდა გაწეროს სასწავლო თემები, ამ თემებისთვის დათმობილი დრო, სარეზერვო საათები, შემაჯამებელი დავალებები, განმავითარებელი და, საჭირო შემთხვევაში, განმსაზღვრელი შეფასების კონკრეტული ინსტრუმენტები.
რადგან პირველ კლასთან მუშაობა ყოველთვის ყველაზე საპასუხისმგებლო და სირთულის შემცველია, ამ სტატიაში მასწავლებლებს გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას და შევთავაზებ კონკრეტულ რეკომენდაციებს, როგორ შევძლოთ და დროულად გავუმკლავდეთ თითოეულ გამოწვევას, რომლებსაც აუცილებლად წავაწყდებით მუშაობისას.
დავიწყოთ იმით, რომ ვინაიდან თითოეული კლასისთვის სილაბუსების შექმნა სავალდებულო არ არის და არც კონკრეტული ჩარჩო არსებობს ამისთვის, მასწავლებელს შეუძლია მთელი წლის პროგრამა გაწეროს მისთვის მოსახერხებლად, გასაგებად და მარტივად ისე, რომ მის მიერ შექმნილი რესურსი არ დაემსგავსოს უფუნქციო, ფორმალურ დოკუმენტს, სადაც ის ადვილად შეიტანს ცვლილებებს და დროულად აღმოაჩენს დროის დეფიციტსა თუ მეტობას.
როგორც აღვნიშნე, ამ სტატიაში პირველ კლასზე გავაკეთებ აქცენტს და რადგან არაქართულენოვანი სკოლების პირველი კლასებისთვის მხოლოდ ერთი გრიფირებული სახელმძღვანელო არსებობს (აქვე აღვნიშნავ, რომ მე ამ სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თანაავტორი ვარ), კოლეგებს შევთავაზებ ამ კლასისთვის დაგეგმილ თემატურ-კალენდარულ რესურსს, რომლის მოდიფიცირებაც შეეძლებათ საკუთარი შეხედულებისამებრ.
დავიწყოთ პირველ კლასში სწავლების ზოგადი მიმოხილვით და შემდეგ შევეხოთ კონკრეტულ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც უფრო ეფექტურს და მამოტივირებელს გახდის სწავლას ბავშვებისთვის.
პირველი კლასი განსაკუთრებული ეტაპია სწავლაშიც და სწავლებაშიც, რადგან ეს არის ეტაპი, როდესაც მოსწავლეს, გარდა იმ თემებისა და შინაარსებისა, რაც სტანდარტის მიხედვით არის განსაზღვრული, უნდა ვასწავლოთ, უპირველესად, სწავლისადმი დამოკიდებულება, კონკრეტული ქცევები და განვუვითაროთ სწავლის შესაბამისი უნარები. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაზეც აუცილებლად ღირს დაფიქრება, არის ის, რომ ბავშვს გავუჩინოთ სკოლაში ყოფნის და სწავლის მოტივაცია. ეს მას მისცემს საშუალებას, სიამოვნება მიიღოს სწავლისგან და სკოლაში ყოფნა მისთვის სასჯელად არ გადაიქცეს.
⇒ პირველი რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინებაც მასწავლებლებს სასურველ შედეგს მისცემს, არის: მოსწავლეებისთვის კონკრეტულ მიმართულებაზე (ფონოლოგიური უნარების განვითარება, მოსმენა, ლექსიკაზე მუშაობა, ილუსტრირებული ბარათებით მუშაობა, წერა, კითხვა, ლაპარაკი, ანბანის სწავლება…) სამუშაოდ შემოთავაზებული მრავალფეროვანი მეთოდებიდან შეარჩიეთ თქვენი მოსწავლეებისთვის შესაბამისი რამდენიმე ეფექტიანი აქტივობა და კვირის განმავლობაში, ერთი და იმავე ინსტრუქციით, გაიმეორეთ. ნუ შესთავაზებთ ბავშვებს ყოველდღე ახალ-ახალ, თუნდაც დადასტურებულად ეფექტიან მეთოდს/სტრატეგიას, რადგან მეთოდის/სტრატეგიის თანმიმდევრულად შესრულებას ინსტრუქციის გააზრება, ათვისება და შესრულება სჭირდება. ყოველი ახალი სტრატეგიის შეთავაზებას კი მოჰყვება მოსწავლეების დამატებითი ძალისხმევის და ენერგიის ხარჯვა, რაც ამცირებს უშუალოდ სწავლების დროს. ამიტომ, მაგალითად, ლექსიკაზე სამუშაოდ თუ ორი-სამი სტრატეგიის გამოყენებაში ისე გავწაფავთ მოსწავლეებს, რომ ზედმეტი ინსტრუქციების გარეშე შეძლონ დავალების/სავარჯიშოს შესრულება, ეს დაზოგავს მათ დროს, ენერგიას და გაზრდის მოსწავლეების მოტივაციას.
⇒ მეორე რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინებაც ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, არის მოსწავლეების განწყობაზე დაკვირვება. რადგან ბავშვების გარკვეული ნაწილისთვის ორგანიზებულ სასწავლო გარემოში ყოფნა უცხოა (როგორც ვიცით, რეგიონების სოფლებში ყველგან არ არის სკოლამდელი დაწესებულებები, სადაც ბავშვები ამგვარ გამოცდილებას მიიღებენ) და მათ უჭირთ ხანგრძლივად ერთ მდგომარეობაში ყოფნა. სწავლებისთვის შეარჩიეთ ისეთი სტრატეგიები, რომლებიც ბავშვებს საშუალებას მისცემს ხშირად დატოვონ მერხი, გადაადგილდნენ საკლასო ოთახში, მაგრამ უზრუნველყავით, რომ ეს მოძრაობა იყოს სასწავლო მიზნის შემცველი. მაგალითად, ჩართეთ ბავშვები დაფაზე ილუსტრაციების მიმაგრებაში; ფეხზე ასადგომი ვარჯიშებით ასწავლეთ თვლა; ფერები საკლასო ოთახში განთავსებული ნივთებით ასწავლეთ, რომლებსაც შესაბამისი ფერის ამოსაცნობად დაადებენ ხელს: „მაჩვენე ვის აქვს წითელი ჩანთა“, „მაჩვენე მწვანე დაფა“, „მაჩვენე ლურჯი წიგნი“… და ა.შ.
⇒ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ თუნდაც კარგად ათვისებული და მოსწავლეების მიერ ავტომატიზმამდე გაწაფული აქტივობის მთელი გაკვეთილის განმავლობაში გამოყენება არ არის შედეგიანი. მაგალითად, თუ გადავწყვეტთ, რომ მოსწავლეები უნდა ვავარჯიშოთ ფონოლოგიური უნარის განვითარებაზე, ან დაგეგმილი გვაქვს, მათი ხელის წვრილი მოტორიკის განვითარებაზე ზრუნვა, ამ აქტივობებს არ უნდა დავუთმოთ მთელი გაკვეთილი. საკმარისია, ამ უნარებში გაივარჯიშონ 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი შევცვალოთ აქტივობა და მოსწავლეები წინა დავალების მომდევნო, ლოგიკურად შერჩეულ აქტივობაზე გადავიყვანოთ.
⇒ ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რამ – ქართული ენა ჩვენი მოსწავლეების დიდი უმრავლესობისთვის, ფაქტობრივად, უცხო ენაა, რადგან მათ არ უწევთ არასასკოლო გარემოში ამ ენასთან შეხება. შესაბამისად, ჩვენი პირველკლასელი მოსწავლეების ურთიერთობა ქართულ ენასთან შემოიფარგლება კვირაში ხუთი საათით, უფრო კონკრეტულად კი – დღეში ერთი 35-წუთიანი გაკვეთილით. ამის გათვალისწინებით, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მიერ მოსწავლეებისთვის სიტყვიერად მიცემული ინსტრუქციები არ უნდა იცვლებოდეს, რათა მათ არ გაუჭირდეთ კონკრეტული ინსტრუქციის, მითითების, თხოვნის დამახსოვრება და შესრულება. უფრო გასაგები რომ იყოს, რას ვგულისხმობ, შემოგთავაზებთ კონკრეტულ მაგალითებს. თუ მოსწავლეს ვეუბნებით: „გადაშალე წიგნი!“- ეს ინსტრუქცია ყოველთვის ამ სიტყვებით უნდა მივაწოდოთ და არ გავუმეოროთ სხვა სიტყვებით, მაგ.: „გადაფურცლე წიგნი!“. ან, თუ მოსწავლეებს ვავარჯიშებთ სიტყვებისა და ილუსტრაციების შესაბამებაში, მათ ეს ინსტრუქცია ყოველთვის ერთნაირად უნდა გავუმეოროთ და ისე, როგორც სახელმძღვანელოშია: „დააკავშირე სიტყვა და ნახატი“. უნდა გავაკონტროლოთ, რომ მათ, ზეპირი მითითების მიცემისას, ეს ინსტრუქცია უნებურად არ გავუმეოროთ ჩვენთვის გასაგები, ხოლო მათთვის სრულიად გაუგებარი, ინტერპრეტაციით – „შეაერთე…“, „ხაზი გაავლე…“ და ა.შ.
√ ახლა კი ვისაუბროთ დაპირებულ თემატურ-კალენდარულ გეგმაზე. როგორც აღვნიშნე, არაქართულენოვანი სკოლების პირველი კლასებისთვის მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო გვაქვს, ამიტომ ჩემ მიერ მოწოდებული რესურსი ყველასთვის გამოსადეგი იქნება. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სახელმძღვანელო საკმაოდ მოცულობითია და თემების გავლისას საჭიროა, მუდმივად ვაკონტროლოთ დათმობილი დრო, რათა არ გამოვტოვოთ ესოდენ მნიშვნელოვანი წინა საანბანო პერიოდი და დრო იმისთვისაც საკმარისი დავტოვოთ, რომ მოსწავლეებს, წლის ბოლოს, შეეძლოთ ანბანის ყველა ასოს ცნობა. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ კლასში მნიშვნელოვანია თითოეული დღე, რათა ჩვენ მიერ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ და წლის ბოლოს მოსწავლეთა შედეგიც დამაკმაყოფილებელი იყოს. თავად სახელმძღვანელო იძლევა საშუალებას, რომ მასწავლებელმა შესაბამისი ბალანსით იმუშაოს წინა საანბანო და საანბანო ეტაპზე, მოსწავლეებმა კი გაივარჯიშონ როგორც ფონოლოგიურ უნარებში, ასევე აითვისონ საჭირო ლექსიკური მარაგი; შეისწავლონ ანბანი მთლიანენობრივი მიდგომითაც (მთლიანი სიტყვების ცნობა ანბანის სწავლების დაწყებამდე) და ანბანური სწავლების პრინციპითაც (დეკოდირება). ასევე უნდა გვახსოვდეს, ქართულის, როგორც მეორე ენის ანბანის სწავლებისას არ არის სასურველი, რომ წერის კომპონენტს დიდი დრო დავუთმოთ. საკმარისი იქნება სახელმძღვანელოში შემოთავაზებული სავარჯიშოების შესრულება, დამატებითი საწერი დავალებები კი საჭირო არაა. რადგან ბავშვები მშობლიურ ენაშიც ამ დროს იწყებენ ანბანის შესწავლას და ასო-ბგერების გამოწერას, მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ სწორედ მშობლიურ ენაში განივითარონ წერის უნარი, ხოლო ქართულ ენაში წერის პროცესი უფრო შევამციროთ. სამაგიეროდ, დრო და ენერგია დავუთმოთ იმას, რომ წლის ბოლოს მოსწავლე ვიზუალურად ცნობდეს ქართული ანბანის ყველა ასოს, შეეძლოს სიტყვებში მათი ამოკითხვა და თითოეული ასოს ბგერითი მნიშვნელობის დასახელება. ასეთ შემთხვევაში, მათ მიერ, მეორე კლასიდან წერა უკვე ნაკლები ძალისხმევით დაიძლევა.
იმედი მაქვს, მასწავლებლებისთვის საინტერესო იქნება ჩემი გამოცდილების გაზიარება და ზემოთ აღწერილი რეკომენდაციები. ხოლო სტატიის ბოლოს მოცემულ თემატურ გეგმას გამოიყენებენ ისე, როგორც მათთვის მოსახერხებელი იქნება.
გისურვებთ წარმატებებს!