ნათელა მაღლაკელიძე
განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ილიას უნივერსიტეტის განათლების სკოლის მიწვეული პროფესორი
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ და შეიმუშავა სპეციალური სტანდარტიც. თუმცა, როგორც ჩემთვის თქვენი გაზეთიდან გახდა ცნობილი (იხ. 2022 წლის 24 თებერვლის ნომერი, ინტერვიუ ბ-ნ კ. ერაძესთან), ამდენ ხანს არავის შეუმოწმებია, როგორ მოქმედებს (ან საერთოდ მოქმედებს თუ არა) ეს სტანდარტი; არავის უკვლევია, რამდენად ეფექტურად ემსახურება იგი მომავალი თაობის აღზრდას; არც ის ვიცით, ვის ხელშია ჩვენი სკოლამდელების აღზრდა-განათლება.
ჩვენ ამჯერად სტანდარტის ავ-კარგს ვერ შევეხებით, განვიხილავთ მხოლოდ ერთ პუნქტს – ეს გახლავთ სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებისა და პედაგოგის პროფესიების ერთმანეთისაგან გამიჯვნა, მასწავლებლებისათვის პედაგოგის სტატუსის მინიჭება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ამჟამინდელმა მინისტრმა, ბატონმა გიორგი ამილახვარმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს, არსებობს რამდენიმე საბაკალავრო პროგრამა, რომლებიც მოამზადებს პედაგოგებს ამ მიმართულებითო.
ბუნებრივია, პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად დაინიშნება გამოცდები, მაგრამ არიან კი დღევანდელი სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელები და პედაგოგები ამისათვის მზად?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დამჭირდება არც თუ შორეული წარსულიდან გარკვეული ფაქტების მოხმობა. 2005 წლამდე (განათლების რეფორმამდე) ეს ორი პროფესია: სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელისა და პედაგოგისა – გამიჯნული გახლდათ. სკოლამდელი დაწესებულებებისათვის აღმზრდელებს საშუალო სპეციალური პედაგოგიური სასწავლებელი ამზადებდა, პედაგოგები კი უმაღლესი პედაგოგიური ინსტიტუტების/უნივერსიტეტების ბაზაზე იღებდნენ სათანადო კვალიფიკაციას (სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა/ფსიქოლოგია). ასე რომ, კვალიფიცირებული აღმზრდელებისა და პედაგოგიური კადრების ნაკლებობას ჩვენი სკოლამდელი დაწესებულებები მაშინ ნამდვილად არ განიცდიდნენ.
განათლების რეფორმის დაწყებისთანავე გაუქმდა ეს სპეციალობა უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებლებში. მახსენდება – რეფორმის დაწყებამდე, ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე, ჩვენი სამუშაო ჯგუფი შეხვდა განათლების დარგის იმდროინდელ ახალგაზრდა რეფორმატორებს. ჩვენს კითხვაზე – რა ბედი ელოდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს რეფორმის ფონზე, მოკლედ გვიპასუხეს: სკოლამდელ აღზრდასა და განათლებას რეფორმა საერთოდ არ განიხილავსო. ამ შეხვედრის ანგარიში მაშინ გაზეთ „სახალხო განათლების“ ფურცლებზე გამოქვეყნდა და დაინტერესების შემთხვევაში მისი მოძიებაც შეიძლება.
ბუნებრივია, დარგის მიმართ სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ გამოიწვია უმაღლეს სასწავლებლებში ამ მიმართულების გაუქმება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კი არასპეციალისტთა მომრავლება. ილიას უნივერსიტეტში, სადაც მე ვმუშაობ, რეფორმის პირველ წლებში სკოლამდელი აღზრდის მიმართულება რამდენიმე წელი კიდევ შევინარჩუნეთ ე.წ. „მაინორ“ (60-კრედიტიანი) არჩევითი პროგრამის სახით, მაგრამ დღეს უკვე აქაც აღარ გვაქვს. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, დღეს არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ მუშაობს ეს საბაკალავრო პროგრამა. ძალიან კარგია და დროული, რომ დაინტერესდნენ ამ მიმართულების აღდგენითა და სათანადო პედაგოგიური კადრების მომზადებით.
ვინმემ იკვლია, ვინ მუშაობს დღეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, განსაკუთრებით კი კერძო სექტორში? რა განათლება აქვთ მათ? აქვს ყველას ბაკალავრის ხარისხი, რომ შეძლოს მასწავლებლის გამოცდაზე გასვლა და პედაგოგის სტატუსის მოპოვება? არა მგონია, ამის შესახებ მონაცემები გვქონდეს.
კიდევ ერთი საკითხი, რაც მჭიდროდ უკავშირდება ამ დარგის პედაგოგის მომზადებას – ეს გახლავთ სკოლამდელი განათლების ელემენტების შეტანა კურიკულუმში. ამჯერად მხედველობაში მაქვს ბავშვის მეტყველების განვითარებაზე მუშაობა და მისი მომზადება სკოლისათვის. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ამ მიმართებით მუშაობა დღეს თითქმის არსად არ მიმდინარეობს და სკოლაში მოდის ბავშვი, რომელიც თავის მშობლიურ ენაზე (ჩვენს შემთხვევაში ქართულ ენაზე) ხშირად უმარტივეს სამეტყველო უნარ-ჩვევებსაც ვერ ფლობს: უჭირს ბგერათწარმოთქმა, გაბმული მეტყველება, ღარიბი აქვს ლექსიკური მარაგი… კერძო სექტორში განსაკუთრებით მომრავლდა ე.წ. ბილინგვური საბავშვო ბაღები, სადაც ერთმანეთის გვერდით თამაშობენ ქართულენოვანი და არაქართულენოვანი (უფრო ხშირად რუსულენოვანი ბავშვები). აქ ყველა ბავშვს ერთად ასწავლიან ინგლისურ ენას, ნაცვლად იმისა, რომ ამ პატარებს ქართულ ენაზე სამეტყველო უნარები განუვითარონ და მარტივი საკომუნიკაციო უნარებით შეაიარაღონ.
მოკლედ, გასაკეთებელი ამ კუთხით ძალიან ბევრია. წარმატებებს ვუსურვებ დღევანდელ რეფორმატორებს ამ დიდ საქმეში.