ირმა გრიგალაშვილი
ფილოლოგი, თბილისის №214 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
პოემა „განდეგილის“ შესახებ ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში ბევრი დაწერილა. პოემამ აზრთა სხვადასხვაობა გამოქვეყნებისთანავე გამოიწვია. ზოგიერთმა „განდეგილი“ უსუსტეს ნაწარმოებადაც შეაფასა. ავტორის თანამედროვენი იმასაც ამბობდნენ, რომ ილიას „კალამმა უმტყუნა“. ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით დღესაც გამოითქმის ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისები. ერთი მოსაზრებით, „განდეგილი“ რწმენის ნაკლებობის ტრაგიზმს გამოხატავს, ხოლო მეორე მოსაზრებით, იგი პროტესტია უმოქმედო და გულგრილი ცხოვრებისა. ზოგიერთ მკვლევარს პოემა საკუთრივ ასკეტიზმის გმობადაც აქვს გააზრებული. ყველაზე პოპულარული და საინტერესო ინტერპრეტაცია პოემისა აკაკი ბაქრაძეს ეკუთვნის. მისი აზრით, ალოგიკურია რეალისტს ასახვის საგნად ექცია პრობლემა, რომელიც მაშინდელ საზოგადოებაში აქტუალური არ იყო. „დასაგმობი შეიძლება გახდეს ის უარყოფითი მოვლენა, რასაც, ამა თუ იმ მიზეზით, საზოგადოებაში აქვს ფეხი მოკიდებული, ასკეტიზმი კი მაშინ არც ფეხმოკიდებული ყოფილა და არც ფესვგადგმული“ (ა. ბაქრაძე 2004). მისი თქმით, „განდეგილის“ მთავარი პრობლემა რწმენის ნაკლებობაა. მთავარმა გმირმა უღალატა არჩეულ გზას, ვერ გამოავლინა სათანადო სიმტკიცე და შეუპოვრობა, როდესაც ცხოვრებისეული არჩევნის წინაშე დადგა. გმირმა უღალატა თავის პრინციპებს. „პიროვნების სულის ხსნა არ არის იოლი საქმე. ამისათვის ჯვარცმულის რწმენა, ნებისყოფა და ენერგია უნდა ჰქონდეს კაცს… განდეგილს ეს თვისებანი არ აღმოაჩნდა და დაიღუპა კიდეც“. საინტერესოა, რამდენად მისაღები იქნებოდა ილიასთვის მწირის მიერ არჩეული „გზა ხსნისა“? ამის შესახებ წერილის ავტორი არ მსჯელობს, რის გამოც, მისეული შეფასება ნაწარმოებში დასმული პრობლემატიკისა ამომწურავად არ მიგვაჩნია.
წინამდებარე წერილში შევეცდები, ყურადღება გავამახვილო ისეთ დეტალებზე, რომელთაც შედარებით ნაკლებად იღებენ მკვლევრები მხედველობაში „განდეგილზე“ მსჯელობისას. მსურს, მკითხველს შევთავაზო ჩემეული ხედვა პოემაში დასმული პრობლემატიკისა და გამოვკვეთო ის მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც მოსწავლეს ავტორის მიზანდასახულობის წვდომაში დაეხმარება.
ვფიქრობ, პირველმა მხოლოდ კიტა აბაშიძემ შეძლო ნაწარმოების ჯეროვნად შეფასება. მისი აზრით, პოემა რეალისტური სულისკვეთებითაა დაწერილი და გვასწავლის, რომ „ყოველი კაცი, რომელიც ცხოვრებას გაურბის და ზურგს აქცევს მას, განდეგილივით დაისჯება და მის დამსჯელად ამ შემთხვევაში თვით ცხოვრება გამოვა“. კრიტიკოსის შენიშვნით, პოემაში „სრულიად მარტივად არის დაპირისპირებული საზოგადოება და ასკეტიზმი და ასევე მარტივად არის ნაჩვენები უკანასკნელის დამარცხება“. ეს აზრი შემდეგში არაერთმა მკვლევარმა გაიზიარა.
„განდეგილი“ ერთ-ერთი იმ ნაწარმოებთაგანია, რომლის სათქმელიც ზედაპირზე არ იკითხება და სათანადო ჩაღრმავებასა და განსჯას მოითხოვს. საამისოდ კი საჭიროა დიდი ყურადღებით დავუკვირდეთ პოემის მხატვრულ მხარეს, რადგან სწორედ მხატვრული დეტალები მიგვანიშნებს ავტორის ჩანაფიქრს.
ნაწარმოები იწყება მთავარი პერსონაჟის სამყოფლის ჩვენებით: „სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა, ორბნი არწივნი ვერ შესწვდენიან… სად უდაბურსა მას მყუდროებას კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია“. შეუძლებელია, ამ აღწერამ მკითხველს არ გაახსენოს „მგზავრის წერილები“, რომელშიც ილიამ მყინვარი განდგომილი ადამიანის სიმბოლოდ წარმოგვიჩინა და მის მიმართ დამოკიდებულებაც მკაფიოდ გამოხატა – საკვირველია და არა შესაყვარებელიო: „ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ ერთ ძარღვსაც არ აატოკებს… განზედ გამდგარა, მიუკარებელია. არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა“. პოემის მთავარი გმირიც განდგომილი ადამიანია. ვფიქრობთ, მეტ-ნაკლებად დასაწყისიდანვე იკვეთება პერსონაჟისადმი ავტორის დამოკიდებულება.
ახლა დავუკვირდეთ, რას წარმოადგენს მთავარი პერსონაჟისათვის წუთისოფელი – მხოლოდ „ცოდვის სადგურს“ და „სამეუფოს ბოროტისასა, სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს, განსაცდელსა მას ეშმაკისასა…“, ამიტომ მწირი ცხოვრებას ზურგს აქცევს. წუთისოფლის სამდურავი ლიტერატურაში არახალია. სოფლის სიმუხთლეს ჩივის რუსთაველი, გურამიშვილი, ბარათაშვილი… თუმცა მათი დამოკიდებულება მკვეთრად განსხვავებულია მწირის დამოკიდებულებისაგან, ისინი ებრძვიან ამ სამყაროსეულ ბოროტებასა და სისასტიკეს, „ბედის სამძღვრებს“, მწირი კი უბრალოდ გაურბის. „თუ წუთისოფელს პატარა ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“ – წერს ილია. დაუშვებელია, მისთვის სწორი იყოს განდეგილის მიერ შერჩეული ცხოვრების გზა.
სიტყვა მწირიც კი, ვფიქრობთ, სიმბოლური დატვირთვისა უნდა იყოს და უნაყოფობას უნდა განასახიერებდეს (ასკეტის აღსანიშნავად არაერთი ტერმინის გამოყენება შეიძლება: მეუდაბნოე, ბერი, განდეგილი… მართალია ილია ამ ტერმინებსაც იყენებს, მაგრამ განსაკუთრებით აქცენტირებული სიტყვა მწირია, რადგან ქართულ ენაში ეს სიტყვა უნაყოფოსაც ნიშნავს). მწირის ცხოვრება უნაყოფობაა, არაფრობაა. მას ხომ „განუდევნია გულიდამ ყველა, მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი, რათა წარუდგეს უფლისა მსჯავრსა სულით განწმენდილ და განბანილი“. ამგვარი გულგრილობა კი შეუძლებელია შესაწყნარებელი იყოს მწერლისათვის, რომელიც გვასწავლის ყოველდღე ჩვენს თავს ვკითხოთ, თუ ვის რა ვარგეთ.
ზოგნი ფიქრობენ, რომ განდეგილის მიერ არჩეული გზა სულაც არაა მცდარი და პრობლემა ნაწარმოებისა მხოლოდ ამ გზიდან გადახვევაა. ალბათ, ამის მიზეზი ისიცაა, რომ გმირის დასახასიათებლად მოხმობილი ეპითეტები ცოტა დამაბნეველია. თითქოს ზუსტად არც ჩანს, რა დამოკიდებულება აქვს ავტორს თავისი გმირის მიმართ. მწირი თითქოს ტკბილი და წყნარია, მაგრამ ამავე დროს კუშტი და მწყრალი. აქ, ალბათ, კვლავაც უნდა გაგვახსენდეს ილიას პოზიცია მყინვარისადმი: თან აქებს და აღიარებს მის დიდებულებას, თან არ მოსწონს. ალბათ, ასეთი დამოკიდებულება აქვს ავტორს ასკეტების მიმართაც. ერთი მხრივ, აფასებს მათ ღვაწლს, მათ განდგომას, „სულის სიმაღლეს“, მაგრამ მეორე მხრივ, არ ესმის ამ განდგომის არსი, რის გამოც მწირი კუშტი და მწყრალია მის თვალში და არა მადლიანი, როგორც მწყემსი ქალი!
თუკი ნაწარმოებში დასმულ პრობლემად რწმენის სიმტკიცის უქონლობას მივიჩნევთ, მაშინ უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ მწყემსის ქალის სტუმრობის ეპიზოდში არ დამდგარა. ეს პრობლემა თავიდანვე ჰქონდა გმირს:
„როს ჰლოცულობდა, იმ სხივსა თურმე
თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა,
და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი
უფლის ბრძანებით ზედ შეირჩენდა.
ეგრე ვიდოდნენ დღენი და წელნი,
ეგრე უბიწოდ იგი სცხოვრობდა…
და თვის სიწმინდეს ყოველდღე თურმე
ამ სასწაულით შეიმოწმებდა.“
სასწაულით დამოწმებული რწმენა არაა ჭეშმარიტი. სახარებაშიც კი ყოველ სასწაულს, რომელსაც იესო ჩაიდენს, ახლავს ფრაზა: „თქვენი რწმენისაებრ მოგეგოთ“, უფლის აღდგომას იხილავს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, დანარჩენებმა ის უნდა ირწმუნონ. აქვე შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს შესანიშნავი ეპიზოდი ფიოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი რომანიდან, როდესაც დიდი ინკვიზიტორი ქრისტეს მიმართავს: „შენ არ ჩამოსულხარ ჯვრიდან, როცა აბუჩად გიგდებდნენ: „იხსენი თავი შენი თუ ღვთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან“. არ ჩამოხვედი, რადგან არ გინდოდა სასწაულის ძალით დაგემონებინა ადამიანი. შენ თავისუფალი ადამიანის რწმენა გჭირდებოდა და არა სასწაულებით დამონებულის“. მართლაც ჭეშმარიტად ქრისტიანული რწმენა თავისუფალი ადამიანის არჩევანია და არაა სასწაულზე დამოკიდებული. მწირის შემთხვევაში კი, როგორც ვხედავთ, რწმენა „შემოწმებადია“, თუმცა ჩვენ მაინც არ გვგონია, რომ ეს იყოს ნაწარმოებში დასმული მთავარი პრობლემა. ჩვენი აზრით, „განდეგილში“ ილია, ისევე, როგორც სხვა ნაწარმოებებში, გმობს პასიურ ცხოვრებას, გულგრილობასა და უმოქმედობას. როგორც ლადო მინაშვილი წერს, „ილია ჭავჭავაძე „განდეგილში“ ადამიანის არსებობის აზრისა და დანიშნულების მარადიულ პრობლემას დასტრიალებს“ (ლ. მინაშვილი 2010).
ილიასთვის, როგორც აქტიური ცხოვრების მღაღადებელი ადამიანისათვის, შეუძლებელია მისაღები ყოფილიყო საზოგადოდ ასკეტიზმი. ჩვენთვის, განსხვავებით აკაკი ბაქრაძისაგან, დიდად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად აქტუალური იყო ეს მოვლენა მაშინდელ საზოგადოებაში. ფაქტი ისაა, რომ განდეგილობა ხალხს სიწმინდედ მიაჩნია: „და ის ადგილი, ის არემარე, ესოდენ წმინდად სწამს დღესაც ერსა, რომ ნასროლს ნადირს, მუნ შეფარებულს მონადირეც კი ვერ ახლებს ხელსა“. ილიას კი აინტერესებს, როგორ შეიძლება ცხოვრების ასკეტურ წესში უფალთან სიახლოვე იყოს. მწყემსის ქალის მიერ დასმული კითხვა: „როგორ თუ ღვთისა? ღმერთს რაში უნდა ამ ყინულებში ყოფნა კაცისა?’“ სიუჟეტის გასავითარებლად დასმული კითხვა კი არაა, თავად ავტორი დაეძებს მასზე პასუხს.
ასკეტის ცხოვრების წესი ყოვლად არაქრისტიანულია. როგორც მიუთითებენ, შუასაუკუნებრივი ასკეტიზმი თავის თავში შეიცავდა წინააღმდეგობას და ნასაზრდოები იყო არა ქრისტიანული მოტივებით, არამედ იმჟამინდელი პოლიტიკურ-სოციალური ნიადაგით. ილიას ნაწარმოების გმირის ცხოვრებაც ყოვლად არაქრისტიანულია. მისი ლოცვა „თვინიერ საქმისაა“. ის, ჭექა-ქუხილისას, ქვეყნის ხსნას ევედრება უფალს, მაგრამ ამ დროს მასთან მოსული ადამიანისთვის თავშესაფარი არ ემეტება. ის ჯერ თავის თავზე ფიქრობს („სჩანს ღმერთს სწადია დღეს გამომცადოსო“) და არა მოყვასზე (რომელსაც სიცივისგან ათრთოლებულს თავშესაფარი სჭირდება). საინტერესო მხატვრული დეტალია ისიც, რომ მწირის სენაკში სიბნელე და სიცივეა, სწორედ ასე ბნელა და ცივა მის სულშიც.
განდეგილს ღუპავს იმის გაცნობიერება, რომ მის მიერ არჩეული „გზა ხსნისა“ არასწორი ყოფილა, მწირმა წამიერად გაისიგრძეგანა თავისი უბედურება: „ხსნა ყველგან არის, მაგრამ გზა ხსნისა, ასეთი მერგო მე უბედურსა“. სწორედ ამის შემდეგ იწყება მის ფიქრებში ქაოსი, რომლიდანაც გმირი ვეღარ გამოაღწევს და დაიღუპება. ავტორს კი ერთი თანაგრძნობის გამომხატველი ფრაზაც არ უთქვამს გმირის აღსასრულისას (შდრ., ოთარაანთ ქვრივის აღსასრული, როცა ილია წერს, „სხვა ვინ არ არის ცოდო?!“). ჩანს, მწირი მისთვის მიუღებელი პერსონაჟია, კვდება, ისე „როგორც იხოცებიან ბევრი ჩვენგანი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ“.
ილიას სწავლებით, „ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა მუშაობდეს“. „განდეგილის“ შესწავლის მომენტში მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ ილიას მთავარი მოწოდება „დროთა შესაფერი საქმის“ კეთება და ქართველი ხალხისათვის ამგვარი სიქველისაკენ მოწოდება გახლდათ. მათთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება იწონებდეს პოემის ავტორი ასკეტიზმს, რომელიც თანამედროვე ცხოვრებისათვის ერთგვარი „ანაქრონიზმია“ და შეუფერებელია ახალი ეპოქის მოთხოვნებთან. ამდენად, გამართლებულია, „განდეგილი“ ილიას შემოქმედებითი გზის ლოგიკურ გაგრძელებად და დაგვირგვინებად მივიჩნიოთ. ავტორი გმობს ადამიანის უნაყოფო ცხოვრებას, რადიკალურ განდგომას ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში.
გამოყენებული ლიტერატურა:
აკაკი ბაქრაძე სკოლას – დამხმარე სახელმძღვანელო ქართულ ლიტერატურაში, უნივერსალი, თბილისი 2004;
ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია, ნაწილი II, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2010;
ქართველი მწერლები სკოლაში, ილია ჭავჭავაძე, ნაწილი I-II, ტომი III, საქართველოს მაცნე, თბილისი 2009.