ირმა გრიგალაშვილი ფილოლოგი, თბილისის №214 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს ხელსაყრელი პირობების შექმნას ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საკანონმდებლო დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა თუ გარემომცველი საზოგადოების აქტიური მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში განაპირობებს ძირითად საგანმანათლებლო მიზანთა მიღწევას. არაერთი წარმატებული სახელმწიფოს მაგალითი გვარწმუნებს, რომ სარემედიაციო კულტურის დანერგვა განათლების სისტემის სრულყოფისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
პედაგოგიკაში ტერმინი რემედიაცია მოიაზრებს სწავლა-სწავლების პროცესში ხარვეზების აღმოფხვრაზე ორიენტირებულ პროგრამას. როგორც წესი, რემედიაცია საჭირო ხდება მაშინ, როცა მოსწავლეს გამოაჩნდება ათვისების უნარის დეფიციტი, როცა იგი ვერ ასრულებს გარკვეული ტიპის დავალებებს. რემედიაციის პროცესი გულისხმობს დამატებით მხარდაჭერას მოსწავლეებისათვის, რომლებმაც სტანდარტული საკლასო რეჟიმით მუშაობისას ვერ შეისწავლეს ძირითადი საგნობრივი ცნებები და ვერ განივითარეს სათანადო უნარ-ჩვევები დამაკმაყოფილებელ დონეზე.
სარემედიაციო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის საჭიროა:
♦ რემედიაციის პროგრამაში ჩასართავ მოსწავლეთა იდენტიფიცირება (მათივე დეფიციტური უნარების აღმოჩენით);
♦ სამუშაო ფორმატის შემუშავება (გაკვეთილში ჩაშენებით, გაკვეთილისაგან მოწყვეტით ან დამატებითი გაკვეთილის სახით);
♦ სარემედიაციო სივრცის მოწყობა, სასწავლო რესურსებისა და აქტივობების მომზადება;
♦ მეცადინეობების ჩატარება, აქტივობების განხორციელება;
♦ განმავითარებელი შეფასების ანალიზი, პროგრესის მონიტორინგი;
♦ პროცესთან დაკავშირებულ მხარეებთან (ადმინისტრაცია, ოჯახი, სხვა მასწავლებლები) კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
უნდა აღინიშნოს, რომ სარემედიაციო პროგრამით მუშაობა განსხვავდება როგორც სსსმ მოსწავლეთათვის განკუთვნილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლებისაგან, ისე დიფერენცირებული სწავლებისაგან. რემედიაციის საჭიროება შეიძლება ნებისმიერ მოსწავლეს შეექნას, მიუხედავად მისი აკადემიური მოსწრებისა, კრიტიკული აზროვნების დონისა თუ მასალის ათვისების უნარისა. სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩამორჩენის მიზეზი კი მრავალგვარი შეიძლება იყოს: ავადმყოფობა, ხანგრძლივი პერიოდით (ან ხშირად) სკოლის გაცდენა, არახელსაყრელი ოჯახური პირობები, კონკრეტული მოსწავლისთვის შეუფერებელი ფსიქოსოციალური გარემო კლასში და სხვ.
დასავლური სამყაროს საგანმანათლებლო სფეროში საკმაოდ დიდი ხანია შემუშავდა და წარმატებითაც ხორციელდება რემედიაციული პროგრამები. რა ვითარებაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში? რამდენად კვალიფიციურნი არიან პედაგოგები რემედიაციის პროცესის წარმართვისათვის? აქვთ თუ არა მათ სათანადო მხარდაჭერა სკოლის დირექციისა და ადმინისტრაციისაგან? რას გვთავაზობს სახელმწიფო სარემედიაციო კულტურის დანერგვისა და განვითარებისათვის? ჩვენი წერილის მიზანია ვუპასუხოთ მოცემულ შეკითხვებს და მეტ-ნაკლებად ნათელი წარმოდგენა შევუქმნათ მკითხველს ქართულ საჯარო სკოლაში სარემედიაციო კულტურის დონის შესახებ.
ბოლო წლებში არაერთი სკოლა იღებს გადაწყვეტილებას სარემედიაციო პროცესის ფორმალიზების მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, აქტიურად მუშაობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო — USAID. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა ემსახურება პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას და მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესისათვის აუცილებელი მიდგომებისა და მეთოდების დანერგვას, რემედიაცია კი ამ პროცესის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. საჯარო სკოლების მასწავლებლები, ეტაპობრივად, სპეციალურ სამუშაო შეხვედრებზე, სარემედიაციო პროცესის სწორად წარმართვისათვის აუცილებელ ცოდნას იძენენ, პრაქტიკულ დავალებებს ასრულებენ და შემდეგ ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას. საბაზისო განათლების პროგრამამ მოამზადა „საქართველოს დაწყებითი განათლების“ პროექტი, რომლის გზამკვლევშიც ვკითხულობთ, რომ საჯარო სკოლებში სარემედიაციო პროგრამის პილოტირებამ წარმატებული შედეგი აჩვენა: მოკლევადიანი რემედიაციის შემდეგ მოსწავლეები სწრაფად ეწევიან სასწავლო პროცესს, აღწევენ წარმატებას საგანში, რაც, თავის მხრივ, მთელი კლასის წინსვლასაც უწყობს ხელს.
მიუხედავად ამისა, ქართულ სკოლაში სარემედიაციო კულტურის დანერგვა ჯერ კიდევ პრობლემური საკითხია და კვლავ არსებობს არაერთი ხელის შემშლელი ფაქტორი.
პანდემიით გამოწვეული ცვლილებები სასწავლო პროცესში
ყველა ვთანხმდებით, რომ პანდემია და არასასურველი ეპიდვითარება მსოფლიოში განათლების სისტემაზეც მნიშვნელოვნად აისახა. იუნესკოს გლობალური მონიტორინგის ანგარიშით, 800 მილიონამდე მოსწავლეს შეექმნა პრობლემა განათლების ხელმისაწვდომობაზე, სწავლების ონლაინ რეჟიმისთვის საჭირო რესურსთა უქონლობის გამო. საქართველოს განათლების სისტემამ მეტ-ნაკლებად უპასუხა ონლაინ სწავლების გამოწვევას: დროულად აირჩია ონლაინ სასწავლო პლატფორმა; ოპერატიულად დაარეგისტრირა აღნიშნულ პლატფორმაზე როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები; შეიქმნა ელექტრონული ბიბლიოთეკები, გასაჯაროვდა სასწავლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები. ონლაინ სწავლების მეორე სემესტრში მასწავლებლებს ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგებიც, რომლებიც ციფრულ ტექნოლოგიებში მათი კომპეტენციის ამაღლებას ემსახურებოდა. მიუხედავად ამისა, პანდემიამ კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა სარემედიაციო კულტურის დანერგვის საჭიროებაც და ამ პროცესისათვის ხელის შემშლელი ფაქტორებიც.
სასწავლო ფორმატის ხშირმა ცვლილებამ ქაოსი შეიტანა სასკოლო ცხოვრებაში. მოსწავლეებს, ყოველ სასწავლო კვირას, ეძლევათ საშუალება, აირჩიონ სწავლების სასურველი ფორმატი: დისტანციური ან პირისპირ დასწრებითი. მასწავლებელი, მთელი სემესტრის განმავლობაში, უწყვეტად მუშაობს კლასთან პირისპირ, ხოლო ცალკეული მოსწავლეები ხშირად ეთიშებიან ამ პროცესს (ზოგიერთი ხანგრძლივადაც). ონლაინ ფორმატში სამუშაო საგნობრივი საათობრივი ბადე და საგაკვეთილო პროცესი დასწრებითი სწავლებისგან მკვეთრად განსხვავებულია. ამის გამო, ონლაინ სწავლებაზე გადასული და შემდეგ უკან დაბრუნებული მოსწავლეები ხშირად ჩამორჩებიან სასწავლო მასალას. ამა თუ იმ მოსწავლის მიერ სასწავლო ფორმატის ცვლილებას კი იმდენად ინტენსიური ხასიათი აქვს, რომ მასწავლებლისთვის შეუძლებელი ხდება რემედიაციის პროგრამაში ჩასართავ მოსწავლეთა დეფიციტური უნარების აღმოჩენა და სათანადო აქტივობების შემუშავება. საყურადღებოა ის მომენტიც, რომ მოსწავლეებთან პირისპირ და ონლაინ სწავლებისას, უმეტესწილად, სხვადასხვა მასწავლებელი მუშაობს, რაც სარემედიაციო პროცესისათვის ნამდვილად დამატებითი ხელშემშლელი ფაქტორია.
მასწავლებლის გადატვირთული სამუშაო გრაფიკი
სიახლე არავისთვის არაა, რომ, გარდა უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის წარმართვისა, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გაწერილი მოვალეობები და პასუხისმგებლობები უამრავია. უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს სასწავლო პროცესის ისე დაგეგმვა, რომ გათვალისწინებული იყოს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები და საჭიროებები (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კლასი მრავალრიცხოვანია). საკმაოდ შრომატევადია სასწავლო რესურსების შექმნა და გამრავალფეროვნება, მოსწავლეთა შეფასება და ეფექტური უკუკავშირი. ამას ემატება თვითგანვითარებაზე ზრუნვა, სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია, სკოლის განვითარებაზე ზრუნვა. ზემოჩამოთვლილი მოვალეობები, თავის მხრივ, სხვა არაერთი ინდიკატორით განისაზღვრება და არც იმდენად მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ბოლო დროს მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის „თვითგანვითარებაზე ზრუნვა“გაუთავებელ და მომაბეზრებელ ტრენინგებთან ასოცირდება, რომლებსაც ხშირად საერთო არაფერი აქვს მათ პროფესიულ საჭიროებებთან და რეალურ პრობლემებთან. მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სათანადო აქტივობების შემუშავება მისასალმებელია და აუცილებელიცაა, მაგრამ აქაც გარკვეული ბალანსის დაცვაა საჭირო. სასურველია, პედაგოგს, მსგავსი აქტივობების შერჩევისას, მეტი თავისუფლება ჰქონდეს, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვამ არ უნდა აიძულოს იგი, ყურადღება მოაკლოს მოსწავლეებს და მათ პრობლემებს. მასწავლებელთა პროფესიული გადაწვა ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ამ ფონზე, საკმაოდ რთულია, პედაგოგმა სრულყოფილად გაართვას თავი არა მხოლოდ სტანდარტულ საგაკვეთილო სწავლების პროცესს, არამედ სარემედიაციო პროგრამის შემუშავებასა და წარმართვას. ამ უკანასკნელს ისიც ართულებს, რომ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მეტად გადაიტვირთა მასწავლებლის სამუშაო გრაფიკი. შესაძლოა, ერთ მასწავლებელს, დასწრებითი სწავლების პარალელურად, მუშაობა ონლაინ სწავლებაზე გადასულ რამდენიმე კლასთან უწევდეს (სამწუხაროდ, კლასების რაოდენობა განუსაზღვრელია).
დაბალი ანაზღაურება
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში, პედაგოგთა ანაზღაურება, უწინდელთან შედარებით, გაიზარდა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ მასწავლებლობა ჩვენში დაფასებული და ადეკვატურად ანაზღაურებადი პროფესიაა. სიტყვას აღარ გავაგრძელებ იმის შესახებ, რაოდენ ჩამორჩება საქართველოში მასწავლებლის ანაზღაურება აღმოსავლეთ ევროპის სკოლის მასწავლებელთა ანაზღაურებასაც კი. ისიც ცნობილი ფაქტია, რომ მასწავლებელთა საშუალო ხელფასი, ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრად არ აღემატება საარსებო მინიმუმს. ამ პირობებში მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის დამატებითი შემოსავლის წყარო რეპეტიტორობაა, რეპეტიტორთან მუშაობის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა კი დღითი დღე იზრდება. ვფიქრობთ, განსაკუთრებით საყურადღებო და პრობლემურია ის მომენტი, რომ მსურველთა შორის მხოლოდ აბიტურიენტები არ არიან, კერძო პედაგოგის დახმარებას საბაზო და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებიც საჭიროებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ სკოლებში არ მუშაობს სარემედიაციო პროგრამები. როდესაც მოსწავლეს სწავლაში გარკვეული ჩამორჩენა აქვს, ის დასახმარებლად რეპეტიტორს მიმართავს. მიუხედავად ამისა, რთულია, სარემედიაციო პროგრამათა განუხორციელებლობაში, მასწავლებელს დავდოთ ბრალი. არსებული ანაზღაურების პირობებში შეუძლებელია, მასწავლებელმა უარი თქვას კერძო საქმიანობაზე (რომელიც ხშირად მისთვის თავის რჩენის ერთადერთი რეალური საშუალებაა) და სრულყოფილად წარუძღვეს სარემედიაციო მუშაობას.
სარემედიაციო სივრცის არარსებობა
როდესაც სარემედიაციო მეცადინეობა გაკვეთილში ჩაშენებით არ მიმდინარეობს და ცალკე გაკვეთილის დათმობას მოითხოვს, აუცილებელია სათანადო სივრცე. ამ მხრივაც ჩვენს სკოლებში სახარბიელო მდგომარეობა არაა, განსაკუთრებით კი მრავალრიცხოვან სკოლებში, რომლებშიც სწავლების პროცესი ორ ცვლაში მიმდინარეობს და საკლასო ოთახები, დღის განმავლობაში, სულ დაკავებულია. ბოლო დროს, ონლაინ სწავლების პირობებში, ხშირად თავისუფალ კლასებს თავად მასწავლებლები იკავებენ ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად. დღესდღეობით სარემედიაციო პროცესისათვის ცალკე სივრცის გამოყოფა იშვიათი ფუფუნებაა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პანდემიამ კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა სწავლა-სწავლების სფეროში არსებული პრობლემები და სირთულეები, მათ შორის, სარემედიაციო კულტურის დანერგვის აუცილებლობა. აღნიშნულ საკითხს ეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მიერ ჩატარებული კვლევა: „რემედიაციის პროგრამები: პასუხი ზოგად განათლებაში პანდემიით განპირობებულ გამოწვევებს“. კვლევის შედეგების ამსახველ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორები და მასწავლებლები მზად არიან, ჩაერთონ სარემედიაციო პროგრამების შემუშავებაში. გამოკითხვამ ისიც აჩვენა, რომ რემედიაციის პროგრამების განხორციელების ყველაზე ოპტიმალურ საშუალებებად რესპონდენტებს კურიკულუმის ცვლილება ესახებათ (3638 რესპონდენტი), ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საზაფხულო პროგრამები (3058 რესპონდენტი) და ექსტრაკულიკულარული აქტივობები (2328 რესპონდენტი).
მასწავლებლობა თავისთავად ალტრუისტული საქმიანობაა. პედაგოგები პროფესიული ენთუზიაზმითა და კეთილი ნებით ეხმარებიან მოსწავლეებს ამა თუ იმ სირთულის გადალახვაში. ისინი შეძლებისდაგვარად სთავაზობენ თავიანთ მოსწავლეებს სარემედიაციო მეცადინეობებსაც. თუკი გვსურს, მომავალ თაობებს უკეთესი განათლების შესაძლებლობა ჰქონდეთ, მნიშვნელოვანია, ვალდებულებად იქცეს ის, რაც დღეს მხოლოდ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ხოლო ვალდებულება აუცილებლად იყოს მასწავლებლის ანაზღაურების ადეკვატური. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იცოდა ქართველმა, რომ დიდი საქმეების საკეთებლად მხოლოდ კეთილშობილური მიზანი არ კმარა და საჭიროა ფინანსური დახმარებაც, სულიერისა და მატერიალურის შეზავება. სწორედ ამგვარი ერთიანობის ფორმულაა გაბრიელ დაფანჩულის შემდეგი სიტყვები: „აწ ჩუენ თანა არს ხორციელი კეთილი და თქუენ თანა არს სულიერი კეთილი და ესე შევზავნეთ ურთიერთს“. უკეთესი განათლებისათვის ბრძოლა კი ნამდვილად დიდი საქვეყნო საქმეა.
რესურსები ინტერნეტში
https://matsne.gov.ge/ka/document/view/11098?publication=0 — ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;
http://www.jes.org.ge/number/12/article/76/ — რემედიაციის პროგრამები პასუხი ზოგად განათლებაში პანდემიით განპირობებულ გამოწვევებს;
http://kargiskola.ge/teachers/resource_books/math/geo/math_remediacia_gzamkvlevi.pdf — საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი;
https://www.usaid.gov/ka/georgia/our-programs — USAID-ის პროგრამები;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2995627?publication=0 — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრაძანება საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4841342?publication=0 — მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი.