სექტემბერ-ოქტომბერში, საჯარო სკოლების დირექტორების ნაწილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, განათლების სამინისტრომ, შესარჩევი კონკურსის ჩატარებამდე, ნაწილი მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, ნაწილი — არა. დირექტორები, რომლებსაც უფლებამოსილება არ გაუგრძელეს, დღემდე, უშედეგოდ ელიან იმის დასაბუთებას, კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ არ დაეთანხმა სამინისტრო მათი დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის მოთხოვნას.
გაურკვეველია ისიც, როდის ჩატარდება ახალი შესარჩევი კონკურსი. სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი თებერვლიდან დაიწყო, მაგრამ პანდემიის გამო კონკურსი არ ჩატარებულა. რეგისტრაციის გამოცხადების შემდეგ, 2000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, თუმცა პროცესი გადაიდო, სამინისტროში კი განმარტეს, რომ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების დასრულებისთანავე ჩატარდება. როდის დასრულდება პანდემია არავინ იცის, შესაბამისად, არავინ იცის როდის დაინიშნება ახალი კონკურსი. თუმცა, სამინისტროში ამბობენ, რომ „საჯარო სკოლის ყველა დირექტორისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კატეგორიულად გამორიცხავს ამ პროცესში პოლიტიკურ მოტივს.“
ჩვენ ვესაუბრეთ ელზა ბადაშვილს, „საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის“ ხელმძღვანელს, გვაინტერესებდა რამდენად კანონიერია პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რას უკავშირდება, მისი აზრით, ეს ყველაფერი.
„ეს დირექტორები სამეურვეო საბჭოს მიერ არიან არჩეული, ექვსი წელი გავიდა და უფლებამოსილება შეუჩერდათ. თუ იურიდიულად ვიფიქრებთ, ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდა და ეს ადამიანები სამინისტრომ მოხსნა რეესტრიდან, რაც ჩვეულებრივი იურიდიული პროცედურაა. ამაზე არც არავინ ედავება სამინისტროს. აქ მეორე მომენტია, სამართლიანობის — რამდენად სამართლიანად განხორციელდა, უკვე ამის შემდგომ, დირექტორების გადანიშვნა მოვალეობის შემსრულებლებად, რაც მინისტრის პრეროგატივაა. არავინ იცის, შერჩევის რა პრინციპით იხელმძღვანელეს, უბრალოდ, ვინც უნდოდათ, ის დირექტორები გადანიშნეს მოვალეობის შემსრულებლებად. მართლა უძლიერესი დირექტორები გაანთავისუფლეს, მაგალითად თბილისის მე-10 სკოლის, 209-ე სკოლის, ხობის რაიონის პირველი მაისის სკოლის და სხვ. ეს ის დირექტორები არიან, რომლებიც კი არ მოხსნეს, არამედ არ გადანიშნეს მოვალეობის შემსრულებლებად. როდესაც რაიონში 20 სკოლაა და 15 დირექტორს გადანიშნავ, 5-ს კი — არა, „ჰაერში დატოვებ“, ეს უსამართლობის განცდას აჩენს — რატომ, რა კრიტერიუმებით? ამ ადამიანებს ის ხომ მაინც უნდა ვუთხრათ რატომ არ გადავნიშნეთ.
იმ სკოლებში, ხშირ შემთხვევაში, სადაც სამინისტრომ დირექტორები აღარ გადანიშნა, თავისი კანდიდატი კი არ გაუშვა, უფლებამოსილება ავტომატურად გადავიდა მოადგილეებზე. ბუნებრივია, ძალიან ბევრ მოადგილეს არ შეუძლია დირექტორობა და, პრინციპში, სკოლები ხელმძღვანელების გარეშე დატოვეს.“
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოადგილეს არ აქვს დირექტორობის სურვილი? ქალბატონი ელზა ამბობს, რომ არც ეკითხებიან, ის ავტომატურად ინიშნება. როდესაც დირექტორს ირჩევენ, მან, 10 დღეში, უნდა დანიშნოს მოადგილე, რომლის უფლებამოსილება იმავე დროით განისაზღვრება, რა დროითაც დირექტორის. დირექტორის განთავისუფლება პირდაპირ ნიშნავს მოადგილეების განთავისუფლებასაც. ასევე ავტომატურად გადაინიშნენ ისინი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად. სავსებით შესაძლებელია, რომ ბევრს არ სურს ან უბრალოდ არც შეუძლია სკოლის მართვა და როგორც ქალბატონმა ელზამ გვითხრა, ბევრი ბიულეტენზეც კი გავიდა, რომ ეს ვითარება თავიდან აეშორებინა. მოკლედ, სკოლებში უმართავი პროცესები მიდის.
რა უნდა გაკეთებულიყო იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო? „როგორც პარლამენტის შემთხვევაში, ვადა რომ გაუვა, ახალი არჩევნები ინიშნება, ზუსტად ასე უნდა ყოფილიყო ჩვენ შემთხვევაშიც — სანამ ვადა გაგვივიდოდა, უნდა დანიშნულიყო დირექტორების არჩევნები. ეს პროცესები მარტში უკვე დაწყებული იყო. მართალია, პანდემია დაემთხვა, მაგრამ 10 000-იანი გამოცდები ჩაატარეს მასწავლებლებისთვის და დირექტორების გამოცდაზე 2000-ს ვერ ჩააბარებინეს?! ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო — არ დანიშნულიყო დირექტორების გამოცდები და არ ჩატარებულიყო კონკურსი. ეს სამინისტროს ვალდებულებაა და თუ არჩევნები ვერ მოასწრო, სამინისტროა პასუხისმგებელი. ახლაც ხომ პანდემიაა, მაგრამ მაინც ტარდება საპარლამენტო არჩევნები.“ — ამბობს ელზა ბადაშვილი.
ჩვენს შეკითხვაზე, თუ შეეძლო განათლების სამინისტროს, პანდემიიდან გამომდინარე, რადგან არჩევნებს ვერ ატარებდა, დირექტორებისთვის უფლებამოსილების ვადა გაეგრძელებინა, გვიპასუხა, რომ „ვადის გაგრძელება საჭირო არ იყო, უბრალოდ, უპირობოდ, ყველა უნდა გადაენიშნათ მოვალეობის შემსრულებლად. თუ ჩემი, სამინისტროს, ბრალია, რომ დროზე არ ჩავატარე კონკურსი, ეს ხალხი რატომ უნდა დავტოვო უმუშევრად. ეს აღარ გამოიწვევდა ეჭვებს და შერჩევით სამართალზე საუბარს“.
ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი კობა კვიკვინია ერთ-ერთი იმ დირექტორთაგანია, რომლებიც ელზა ბადაშვილმა, როგორც საუკეთესო დირექტორები, ისე დაახასიათა. ბატონ კობასაც 2020 წლის შემოდგომაზე ამოეწურა უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა და მისთვის სტატუსის შეჩერების ოფიციალური მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
სოფელ პირველი მაისის სკოლაში მოვლენები ასე განვითარდა: ვადის ამოწურვამდე, 9 ოქტომბერს, კობა კვიკვინიამ განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაენიშნათ, პასუხი არ მიუღია, თუმცა, რეგიონში, დირექტორთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, იმავე დროს გაგზავნილ იმავე შინაარსის მოთხოვნაზე, სამინისტროსგან დადებითი პასუხი მიიღო.
17 ოქტომბერს სკოლის დირექტორის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა, 22 ოქტომბერს კი სკოლის ბუღალტერმა მასწავლებლებს აცნობა, რომ ხელფასს ვეღარ გასცემდა, რადგან სკოლას არ ჰყავდა ოფიციალური ხელმძღვანელი, რომელიც ხელს მოაწერდა სახელფასო უწყისს.
26 ოქტომბერს სკოლის პედკოლექტივმა, ადმინისტრაციამ და ტექპერსონალმა, საკითხში გასარკვევად, სამინისტროს განცხადებით მიმართა: „მთელი სასკოლო საზოგადოება მივიჩნევთ, რომ ბატონი კობა სკოლის წარმატებაზე ორიენტირებული პირია და მას არ ჰქონია გადაცდომები. მისი საქმიანობა თანამედროვე სასკოლო მენეჯერის მოთხოვნებს სრულად პასუხობს. ბოლო წლებში სკოლა ჩართული იყო უამრავ პროექტში, სკოლის კურსდამთავრებულები უპრობლემოდ აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და, ამავე დროს, არა მხოლოდ რეგიონის დონეზე.“
პირველი მაისის სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრისგან ყოფილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნას მოითხოვენ და მზად არიან, როგორც თვითონ აცხადებენ, სამართლიანობისთვის ბოლომდე იბრძოლონ.
„სკოლის ყველა თანამშრომელი გამოხატავს აღშფოთებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და ითხოვს სასწრაფო რეაგირებას ბატონი მინისტრისგან, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დაუყოვნებლივ, უახლოეს ვადებში, სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნოს ბატონი კობა კვიკვინია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლის თანამშრომლები მიმართავენ უკიდურეს ზომებს.“
იმავე განცხადებაში ვკითხულობთ: „ამ ეტაპისთვის, კოვიდ-19 დადასტურებული აქვს სკოლის 5 თანამშრომელს და 4 მოსწავლეს. თვითიზოლაციის პირობებში მყოფ სკოლის თანამშრომლებს და მათ ოჯახებს ხელფასის მიუღებლობით მეტად მძიმე მდგომარეობაში ვაგდებთ.“
მოგვიანებით, „ფორსმაჟორის“ გათვალისწინებით, მასწავლებლებს ხელფასები, ოფიციალური პირის ხელმოწერის გარეშე, ჩაერიცხათ, მაგრამ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საკითხი ისევ გაურკვევლი დარჩა. იმ შემთხვევაში, თუ კობა კვიკვინიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცემა, სასკოლო საზოგადოება სამინისტროსგან ცხად და კონკრეტულ განმარტებას ითხოვს, რის გამო ეთქვა მას უარი საქმიანობის გაგრძელებაზე.
„არანაირი პასუხი არ მიმიღია. გაურკვეველ ვითარებაში ვარ. ერთი, რომ უცნობია როდის დაინიშნება შერჩევითი კონკურსი და მეორეა, რომ სამინისტრო სამეურვეო საბჭოს წინააღმდეგ გამოდის, როცა თვითნებურად იღებს ამ გადაწყვეტილებას. როდესაც სკოლაში არანაირი პრობლემა არ არის, პირიქით, წარმატებულია ყოველმხრივ, ამ შემთხვევაში, რატომ უნდა ერეოდეს სამინისტრო, თუნდაც დროებით ნიშნავდეს, რამდენი ხნითაც უნდა იყოს, როდესაც არც ერთ რგოლში არანაირი უკმაყოფილება არ ყოფილა. გაოცებული ვარ მეც და ყველა, ვინც ჩახედულია ჩვენი სკოლის სიტუაციაში.“ — განაცხადა კობა კვიკვინიამ ჩვენთან საუბრისას.
თბილისის მე-10 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ბელა ხუბუტია ამბობს, რომ პროცესში, რომელიც 8 სექტემბრიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება, არაკანონიერი არაფერია, უბრალოდ, ამის წინა პირობები და შემდგომი პირობები აჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს. „წინა პირობები არის ის, რომ ყველა რესურსცენტრის ხელმძღვანელს ჰქონდა მითითება, რაიონებში — სიებიც, რომელი დირექტორისთვის მიეცათ განცხადების დაწერის შესაძლებლობა, იმავე სკოლებში მოვალეობის შემსრულებლად გადანიშვნის შესახებ. იყვნენ დირექტორები, მათ შორის მეც, ვისაც ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა, არ ვიყავით სიაში და ცხადია, დირექტორობის უფლებამოსილების შეწყვეტამდე, არც გვითხრეს, რომ განცხადება უნდა დაგვეწერა. მე 8-ში შემიწყდა უფლებამოსილება და 9-ში, უკვე მოქალაქე ბელა ხუბუტიამ, მივმართე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (რესურსცენტრის გავლით არა), განცხადებით, რომ განეხილათ ჩემი კანდიდატურა მე-10 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. ცხადია, ვიცოდი, რაც იქნებოდა შედეგი, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ დამედასტურებინა, რომ სამართალი შერჩევითია და არავითარი პროფესიული არგუმენტი ამ შემთხვევაში არ არსებობდა, მხოლოდ მიკერძოებული არგუმენტი იყო, ამიტომ გავაკეთე. ერთი თვის შემდეგ მივიღე პასუხი განცხადებზე, რომელშიც ვეუბნებოდი, რომ განეხილათ ჩემი კანდიდატურა მოვალეობის შემსრულებლად, მათ კი მომწერეს პასუხი, რომ — თქვენ ამოგეწურათ ვადა 8 სექტემბერს და ამიტომ შეგიწყდათ უფლებამოსილება. კითხვა ერთია და პასუხი — მეორე. დაგზავნილი პასუხები იმდენად შაბლონურია, რომ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგს, რომელმაც საკუთარ სკოლაში მოვალეობის შემსრულებლად მისი კანდიდატურის განხილვის თაობაზე მიმართა სამინისტროს განცხადებით, მისწერეს, რომ თქვენ ვერ განიხილებით ქუთაისის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორადო. ეტყობა, შაბლონსაც არ ცვლიან და ისე აგზავნიან დაკოპირებულ პასუხებს. ასეთი დამოკიდებულებაა.“
ქალბატონი ბელა მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროში სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს პატივს არ სცემენ. ერთი მხრივ, ეროვნული ჯილდო აქვთ მასწავლებლის, საუკეთესო დირექტორის კონკურსი, ვითომ უნდათ მასწავლებლის და დირექტორის პოპულარიზაცია ქვეყანაში, მაგრამ, მეორე მხრივ, დირექტორის პროფესიული საქმიანობის იგნორირებას ახდენენ. „მე განვახორციელე სკოლის მართვა ჩვეულებრივ სიტუაციაშიც და კრიზისულ სიტუაციაშიც — სხვა სკოლის შენობაში გადაგვიყვანეს, ჩვენი შენობის ავარიულობის გამო და იქაც კი მოვახერხე, ცხადია, მთელ ჩემ გუნდთან ერთად, რომ არც ერთი მოსწავლე არ გადასულა სხვაგან სასწავლებლად, ყველა მასწავლებელს შეუნარჩუნდა შრომითი პირობები. ასე, რომ, ჩემთვის საინტერესოა, რა გახდა, მათი გადმოსახედიდან, ჩემი განთავისუფლების საფუძველი. თუ მე რაიმე პროფესიული ხარვეზი მაქვს, მაშინ არც ვადის ამოწურვას არ უნდა დაელოდონ, თუ სკოლაში სიტუაციას ვაფუჭებ, დროულად უნდა გამათავისუფლონ, მაგრამ როდესაც არაფერი ხელმოსაჭიდი არ არის, როდესაც წინ უდევთ მათივე მონიტორინგის არაერთი დადებითი დასკვნა, დადასტურებული მათი წარმომადგენლისა და ჩემი წარმომადგენლის ხელმოწერებით, რა უნდა მიპასუხონ, ცხადია, ვერაფერი.
აქედან გამომდინარე, კონტექსტი, ზოგადად, პოლიტიკური მიზეზია და საბაბი კი, ჩემ შემთხვევაში, შენობა გახდა. 2017 წლიდან ჩვენ ავარიულ შენობაში ვიმყოფებოდით. სკოლაში მშობელთა სათათბირო შევქმენი და აქტიურად ვიყავით ამ საქმეში ჩართული, სამინისტროსგან ვითხოვდი, რომ სკოლა გამაგრებულიყო, რომ ვითარება საფრთხის შემცველი იყო. 2019 წლამდე ავარიული შენობიდან არ გაგვიყვანეს და მცოცავი ბორდერიზაციასავით, გადატიხრული კედელი უფრო და უფრო აქეთ იწევდა. მე მათ მუდმივად ვაწუხებდი ამ თემასთან დაკავშირებით, ხედავდნენ, რომ კოლექტივშიც 100%-იანი მხარდაჭერა მქონდა. ჩემი არგადანიშვნის შემდეგ, პედკოლექტივმა, მშობელთა სათათბირომ სამინისტროს არაერთი წერილი მისწერა და მოსთხოვა, დაესახელებინათ განთავისუფლების მიზეზი, რა გავაფუჭე სკოლაში და ა.შ. მიწერეს, ასევე, იმ არაერთი წარმატებული პროექტის შესახებ, რომელსაც სკოლა ახორციელებდა და რაშიც, ცხადია, ყოველთვის დირექტორის და ადმინისტრაციის წილი დევს. მათაც იგივე პასუხი მიიღეს, რომ 8 სექტემბერს დირექტორს ვადა ამოეწურა. არც ერთ კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის.“
ქალბატონი ბელა პოლიტიკურ მოტივზეც საუბრობს და ამბობს, რომ ათვალიერებდნენ მის გვერდს, ხედავდნენ ვინ ჰყავდა მეგობრებში, კითხულობდნენ მის კომენტარებს: „დღეს, ამ დუხჭირ ცხოვრებაში, შეუძლებელია ადამიანს, მოქალაქეს არ ჰქონდეს პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატია. მასწავლებლების შემადგენლობა და მათი შეხედულებები, მინდა გითხრათ, მრავალგვარია, ზოგი მმართველ პარტიას უჭერს მხარს, ზოგი — ოპოზიციას, მაგრამ ამის გამო არც ერთ მასწავლებელს ჩემგან არასოდეს შეზღუდვია უფლება. არც ბავშვებთან მქონია არასოდეს საუბარი პოლიტიკურ თემაზე. პირიქით, ჩვენი მიზანია დეპოლიტიზებული სკოლა. სამინისტრომ თვითონ კარგად გაიხსენოს, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლების დეპოლიტიზება. სამწუხაროა, როდესაც სამინისტროს კონკრეტულ კითხვებზე პასუხები არ აქვს, როდესაც დისტანციურ სწავლებას ნორმალურად და სათანადო მზაობით ვერ ხვდება, როდესაც მათ მიერ დადებული შედეგები, რომ ყველა ჩართულია დისტანციურ სწავლებაში, ფარსია. მე მოქმედი მასწავლებელიც ვარ და ზუსტად ვიცი რა ხდება, ყველა სკოლის დირექტორმა იცის. მასწავლებლების გადამზადება იმ პლატფორმის მიხედვით, რომლითაც უნდა ჩატარდეს დისტანციური გაკვეთილები, ახლა მიმდინარეობს, მარტის თვიდან სექტემბრამდე არაფერი გაუკეთებიათ. როდესაც ვსვამდი ამ კითხვებს, რა თქმა უნდა, მათთვის კეთილსაიმედო და კომფორტული ადამიანი არ ვიყავი. ამიტომ ჯობია, ასეთ დირექტორს, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, არ გაუგრძელდეს ხელშეკრულება დროებით მოვალეობის შემსრულებლად.
როცა პანდემიაზე აპელირებენ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ პანდემიის პერიოდში, ჩატარდა 45 000 აბიტურიენტისთვის გამოცდები, პანდემიის დროს ჩატარდა 11 000-მდე მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდა და დირექტორების კონკურსში, სულ, 2 000-მდე აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული. 10-ჯერ და 20-ჯერ მეტი მასისთვის თუ შესაძლებელი იყო გამოცდის ჩატარება, აქ რატომ გახდა შეუძლებელი. ეს შეგნებულად არჩატარებული გამოცდა იყო იმიტომ, რომ ე.წ. გადანიშნული, მინისტრის ბრძანებით დანიშნული დირექტორისგან განსხვავებით, არჩეული დირექტორის გათავისუფლება მარტივი არ არის, რადგან მას, არჩევის შემდგომ, სამეურვეო საბჭო უფორმებს ხელშეკრულებას და სამინისტროს, ბევრი პროცედურის გავლის და დადასტურებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ, შეუძლია მხოლოდ ამის გაკეთება. ამიტომ, ცხადია, ეს წინასწარ გამიზნული, წინასაარჩევნოდ გათვლილი სიტუაცია იყო, თორემ 2 000-მდე ადამიანს გამოცდა, რა თქმა უნდა, ჩაუტარდებოდა.“
ქალბატონი ბელა ამბობს, რომ დირექტორთა ის დიდი ნაწილი, რომელიც დარჩა, მუდმივ შიშშია. ყველამ ძალიან კარგად იცის კანონმდებლობა და იციან ისიც, რომ ერთი ბრძანებით შეიძლება მათი გათავისუფლება, ამიტომ ყველა დადუმებულია. არის რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი, დირექტორი, რომელიც დიდ პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს კოლექტივზე სამთავრობო კანდიდატის სასარგებლოდ და ეს ყველაფერი იცის სამინისტრომ, მაგრამ, ცხადია, მათ ხელს არ მოკიდებენ, რადგან იმ დირექტორების პოზიცია ემთხვევა სამინისტროსას.
სამინისტროს მხრიდან მსგავსი მიდგომა სკოლის დირექტორების მიმართ, განათლების ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას აზრით 5 სერიოზულ რისკს შეიცავს:
♦ საზოგადოებაში სკოლების დირექტორების ავტორიტეტი იკლებს, რადგან მათ საზოგადოება უყურებს, როგორც პარტიულ მუშაკებს და არა როგორც მათი მომავლის განათლებით დაინტერესებულ ადამიანებს;
♦ საჯარო სკოლების ხელმძღვანელებად მუშაობით ინტერესდებიან სულ უფრო ნაკლებად პროფესიული უნარების მქონე და მეტად — პარტიული აქტივისტობის გამოცდილების მქონე ადამიანები;
♦ განათლების პოლიტიკა მიმართულია არა საზოგადოებრივი პრობლემების შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ პარტიული ინტერესების შესაბამისად;
♦ მოსწავლეებს, რომლებსაც უნდა ვუღვივებდეთ დემოკრატიულ ღირებულებებს, ამ მიზნის საპირისპიროდ — ანტიდემოკრატიული სისტემის მოქმედების მაგალითებს ვაჩვევთ;
♦ იფლანგება სკოლის დირექტორების მომზადების იმ პროგრამების ძალისხმევა, რომლებიც მათ ლიდერული უნარების გამომუშავებას და გამოყენებას ასწავლის. სამაგიეროდ, სკოლის დირექტორებს აჩვევს პარტიისა და სახელმწიფოს მიმართ მორჩილებას. ყველა ეს შედეგი ხელს უშლის საქართველოში მაღალი ხარისხის მქონე, დემოკრატიული პრინციპების გამტარებელი და განვითარებადი განათლების სისტემის შექმნას. საზოგადოებამ ამისთვის სახელმწიფოს და ნებისმიერ სახელისუფლებო პარტიას, რომელიც ამით არის დაკავებული, პასუხი უნდა აგებინოს არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ ყოველთვის!
განათლების ექსპერტს, თამარ მოსიაშვილს მიაჩნია, რომ ჩვენთან არ არსებობს მადლობის გადახდა გაწეული შრომისთვის და განათლების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ სკოლის ხელმძღვანელი რეალურად ლიდერი ვერ იქნება.
„ადამიანი მუშაობს სკოლის ხელმძღვანელად. ამოეწურა ვადა. სამინისტრო არ ნიშნავს არჩევნებს, ზოგს ათავისუფლებს, ზოგს კი უგრძელებს ხელშეკრულებას.
ახლა ვინც ამტკიცებთ, რომ სკოლის დირექტორი ლიდერია, უნდა იყოს ლიდერი, მჭერმეტყველურად ლაპარაკობთ სხვადასხვა შეხვედრებზე, მედიასა და კონფერენციებზე, იღებთ ფოტოებს, თუ ხვდებით, რომ სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ლიდერი ვერ იქნება სკოლის ხელმძღვანელი. ლიდერი კი არა, ჭანჭიკივით მოასრიალებს ბიუროკრატი, თუ დასჭირდა.
სამინისტროს უფლებამოსილება სკოლის მართვის საკითხებში უნდა შეიზღუდოს, ამის გარეშე ვერ გაძლიერდება სკოლები. მაგრამ სამინისტროს და მათთან აფილირებულებს ეს არ ანაღვლებთ. თავად დაყავთ შვილები ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ, ბრიტანულ, ესპანურ, ზანზიბარულ, მაროკოულ, მექსიკურ და სხვა სკოლებში და ქართული სკოლა რაში ანაღვლებთ.
საქართველოს მომავალი კი ძლიერ ქართულ სკოლაშია, რომელსაც ჩინოვნიკები ყმებივით ექცევიან. სოლიდარობა რომ არ არსებობს, ეს უკვე ტრადიციაა ამ გარემოში. ვის როდის გეწურებათ ვადა? არჩევნებს როდის დანიშნავენ არავინ იცის. თუ დანიშნეს, ვის და სად გადაანაწილებენ, არც ის. ვინ იქნება შემდეგი?“
დაბოლოს გთავაზობთ ამონარიდს თბილისის 28-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, გიული ხარხელის მიმართვიდან, რომელიც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა:
„ძვირფასო მშობლებო და პედაგოგებო, საყვარელო მოსწავლეებო!
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისათვის, რაც ჩემთვის მძიმე დღეებში გამოხატეთ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს სიმძიმე ჩემი მშობლების ჯანმრთელობიდან გამომდინარეობს და დირექტორად არ დამტკიცებას არანაირად არ უკავშირდება. ძალიან მიყვარხართ ყველანი.
ყველას დიდ ბოდიშს გიხდით, რომ ვერ შემოვუერთდი თქვენს პროტესტს, არა იმიტომ, რომ არ მინდა, რომ ისევ ვიყო სკოლის დირექტორი და გავაგრძელო ჩემი საყვარელი საქმე, არც იმიტომ, რომ გათავისუფლება ნორმალური ფორმით, კანონიერად ან მიზანშეწონილად მოხდა, არამედ იმიტომ, რომ მე არ შემიძლია და არც მინდა, ვინმე კონკრეტული პიროვნების დირექტორობისთვის ვიბრძოლო, თუნდაც ჩემი თავისთვის.
ახლა მთავარია, რომ ამ გათავისუფლებამ უკეთესი კანდიდატურის დანიშვნის ვალდებულება წარმოშვა ამ ქმედების ჩამდენთათვის!!! მოდით, მოვითხოვოთ უკეთესი დირექტორი, რადგან თითოეული ჩვენგანი ვიმსახურებთ საუკეთესო სკოლას! უფრო მეტიც, ვალდებულებიც ვართ მოვითხოვოთ ჩვენი, ჩვენი მეზობლების თუ ნათესავების შვილების, ჩვენი მოსწავლეების წინაშე, რადგან უკეთესი სკოლა ნიშნავს მათ უკეთეს მომავალს, უარესი კი — მათ გაწირვას წარუმატებელი ცხოვრებისათვის!“
ასეთი სურათია დღეისათვის, ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი, ჩვენი რედაქცია მიადევნებს თვალს მოვლენათა მსვლელო