როგორი იქნება კორონას ეპიდემიის შემდგომი განათლების სისტემა, აღდგება თუ არა სრულად სექტემბრიდან ჩვეული სასწავლო პროცესი, როგორ უზრუნველყოფენ სასწავლო დაწესებულებებში დაბრუნებული მოსწავლეებისა და სტუდენტების უსაფრთხოებას? ხომ არ დაემთხვევა ეს პროცესი ე.წ. მეორე ტალღას, რომელზეც სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი და ხომ არ გამოიწვევს ეს სწავლების ისევ ონლაინ რეჟიმში გადატანას? ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვაა და როგორც ჩანს, ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი არავის აქვს. მართალია, რამდენიმე ქვეყანამ აღადგინა სრულყოფილი სასწავლო პროცესი, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფრანგეთის მაგალითზე, ვნახეთ, როგორ დაბრუნდა პროცესი უკან.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ სხვა ვირუსულ დაავადებებთან დაკავშირებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სექტემბერში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, როგორც წესი, ინფექციის ოჯახში მოტანის ძირითადი წყარო ხდება როგორც საბავშვო ბაღები, ასევე სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ეს ფაქტორი, პირველ რიგში, უკავშირდება მოსწავლეებისა და სტუდენტების დაბრუნებას სასწავლო დაწესებულებებში. წინა წლებში დაგროვილი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ, ამ თვალსაზრისით, საფრთხე დიდია, შესაბამისად, ძალიან დიდი დაფიქრება და ალტერნატიული მოდელების შემუშავებაა საჭირო, მათ შორის, სასწავლო პროცესის ნაწილობრივი აღდგენაც განიხილება.
„საერთოდ, ჩვენ ვიცით, როდესაც იწყება სწავლის პერიოდი, ამ დროს, რესპირატორული, სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკი გვაქვს ხოლმე და ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არც კორონავირუსი იქნება გამონაკლისი. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი საფრთხე. რასაკვირველია, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ დროისთვის არსებულ ეპიდსიტუაციასთან როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. შესაბამისად, უნდა იყოს გარკვეული გეგმა, რადგან შესაძლოა სექტემბერიდანაც არ მოხდეს სრული გახსნა სასწავლო დაწესებულებების. არის ისეთი მიდგომაც, რომ ნაწილობრივ იყოს დასწრება საჭირო, გამოიყოს გარკვეული დღეები და ამ გზით მოხდეს სტუდენტებისა და მოსწავლეების რაოდენობის შემცირება სასწავლო დაწესებულებებში და გადანაწილება დღეების მიხედვით. ასეთი მოდელები შემუშავებულია სხვადასხვა ქვეყანაში. სრული გახსნის შემთხვევაში, როგორც ხედავთ, სხვა ქვეყნების მაგალითზე, ყველას ისევ ჩაკეტვა მოუხდა. შესაძლებელია, ძალიან კარგად წავიდეს ყველაფერი და სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით არავითარი წინააღმდეგობები არ იყოს.“ – ამბობს გიორგი კამკამიძე.
მოსწავლეების სკოლაში დაბრუნება მნიშვნელოვანი შვება იქნება მშობლებისთვის, მაგრამ კორონავირუსის მეორე ტალღის საფრთხე კვლავ რჩება. სკოლები ამ უჩვეულო სიტუაციასთან გამკლავებას ახლა სწავლობენ და, შესაბამისად, მათაც ბევრი კითხვა უჩნდებათ, რომელთა შორის უმთავრესია – როგორ უზრუნველყონ მოსწავლეთა უსაფრთხოება. ამ მხრივ, უდავოდ, სასარგებლო იქნება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტები, საიტზე OECDeduToday.com, გვთავაზობენ საინტერესო რჩევებს, როგორ უნდა გაიხსნას სკოლები კარანტინის შემდეგ.
ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ სამი სფეროს მნიშვნელობას:
? ახალი ჰიგიენური ჩვევების წახალისება;
? სკოლებში სოციალური დისტანციის ხელშეწყობა;
? ინტერნეტში სწავლების დახვეწა;
როგორც კი სკოლები ისევ გაიხსნება, ყველას მოსთხოვენ ხელების რეგულარულ დაბანას და ხველისა და ცემინების დროს ცხვირსახოცის ან იდაყვის აფარებას. სკოლებმა უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ განახორციელონ რიგი დამატებითი ზომები, კერძოდ, შემდეგი:
➡ სივრცე და მომსახურება: სკოლებს დასჭირდებათ სანიტარიულ-ჰიგიენური შენობები, რომლებიც სოციალური დისტანცირების შესაძლებლობას იძლევა. შესაძლოა საჭირო გახდეს შენობა, რომელიც უზრუნველყოფს მათ იზოლაციას,რომელთა მიმართაც ინფექციის არსებობის შესახებ ეჭვი არსებობს. საჭირო გახდება სკოლის შენობების დამატებით დალაგება და ღრმა დასუფთავება ან რეგულარული ინტერვალებით დეზინფექცია.
➡ ჰიგიენური საშუალებების შესყიდვა: სანიტარიულ-სადეზინფექციო გელები, მაგალითად, აუდიტორიაში შესვლამდე გამოსაყენებლად, ანტიბაქტერიული ხელსახოცები მაგიდებისა და სკამების გასაწმენდად, პირბადეები და/ან ხელთათმანები. ალბათ, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ დისპენსერის თხევად საპონს და არა მის მყარ ფორმებს.
➡ სპეციალური სწავლება: სკოლებში შესაძლოა საჭირო გახდეს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და პერსონალისთვის ჰიგიენური და ბარიერული წესების, ასევე კორონავირუსის სიმპტომებისა და მისი შედეგების შესახებ დამატებითი სწავლება.
სოციალური დისტანცირება სკოლებში
სკოლებში სოციალური ან ფიზიკური დისტანცია ნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეები ერთმანეთისგან და მასწავლებლისგან, არანაკლებ, ორი მეტრის დაშორებით უნდა იმყოფებოდნენ. პატარა ბავშვებისთვის ეს მარტივი არ არის. ასევე, ეს შეუძლებელია სტანდარტული ზომის – 60 მ², 30 მოსწავლისგან შემდგარ კლასში.
კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება შესაძლებელია სასწავლო განრიგის შეცვლით, მაგალითად: თითოეული კლასის დაყოფა მცირე ჯგუფებად, სასკოლო საათების შემცირება, დილის და საღამოს ცვლების შემოღება, დიდი სივრცეების, (მაგ: სასადილოს, სპორტდარბაზების, ბიბლიოთეკების და დარბაზების) გარდაქმნა. ჰიბრიდული ვარიანტი შესაძლოა იყოს, ზოგიერთი მეცადინეობის სკოლაში ჩატარება, სხვების კი ონლაინ რეჟიმში.
ძირითადი ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რაც სკოლის შენობის შიგნით ხდება, ახლა კი, რაც შეეხება გარე სივრცეს – ზომიერ კლიმატურ პირობებში, შესაძლებელია სკოლების შენობების გარშემო არსებული გარე სივრცეების გამოყენება სწავლა-სწავლებისთვის, სანამ ამინდი ამის შესაძლებლობას იძლევა.
სკოლის შენობის კარგად განიავება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ადრე. სკოლის ავეჯი შესაძლოა გამოყენებული იყოს მოსწავლეთა დასარწმუნებლად, რომ ერთმანეთს ორ მეტრზე ნაკლები მანძილით არ მიუახლოვდნენ; სხვა გადაწყვეტილებები, მინიმალური მანძილის უზრუნველსაყოფად, იატაკზე გრაფიკულ ელემენტების დატანას მოიცავს (როგორც სუპერმარკეტების რიგებში).
მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა