25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

რა აწუხებთ მოსწავლეთა მშობლებს სკოლაში?!

spot_img

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ სატელეფონო ხაზზე – 219 60 80 – შემოსული ზარების მიხედვით შედგენილი ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ, განათლების კოალიციის მხარდაჭერითა და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ დაფინანსებით, განახორციელა პროექტი „მშობელთა შესაძლებლობების განვითარება“. ორ კომპონენტად დაყოფილი პროექტი სასკოლო სივრცეში, შვილების ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით, ტრენინგებითა და მასტერკლასებით, მშობლების მხარდაჭერასა და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს.

განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ კოალიციამ მშობელთა ჩართულობის შესახებ კვლევა 2017 წელს ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ მშობლების სასკოლო სივრცეში ჩართვის შემთხვევები საკმაოდ ფრაგმენტული იყო, ისიც საკუთარი ინიციატივის ხარჯზე. სკოლებს მშობლებთან თანამშრომლობის რაიმე ტიპის სტრატეგია არ გააჩნდათ. „მშობელს, როგორც მოთამაშეს, არ აღიქვამენ, რაც ძალიან საგანგაშოდ მივიჩნიეთ. ამის შემდეგ გაჩნდა ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ და გადავწყვიტეთ, მისი ინსტიტუციური განვითარებისთვის ხელი შეგვეწყო, რომ ამ ორგანიზაციამ რეალურად შეძლოს შემდგომ, ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, ეფექტურად ფუნქციონირება. მათი ხმა განათლების სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია. გამოვაცხადეთ საგრანტო კონკურსი განათლების სფეროში მომუშავე ასოციაციებისთვის, ზოგადად, ხელს ვუწყობთ საგნობრივ ასოციაციებს, მაგრამ ეს განსხვავებული შემთხვევაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ორგანიზაციების ინიციატივები წახალისებულ იქნეს. რაც შეეხება უშუალოდ ამ პროექტს, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გამოიკვეთა, რეალურად ბევრი პრობლემა დავინახეთ, თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ ძალიან ცოტაა მშობლებთან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა, მაგრამ სადაც არის, იმას უნდა მოვეჭიდოთ.“

სატელეფონო ცხელი ხაზიც სწორედ მშობლების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა და, საკონსულტაციო ხაზის ამოქმედების პირველივე თვეებში, მოსწავლეთა მშობლები აქტიურად დაინტერესდნენ სასკოლო გამოწვევებიდან გამოსავლის ძიებით, ისარგებლეს კვალიფიციური სპეციალისტების რჩევებით და მიიღეს მათთვის საჭირო ინფორმაცია, კერძოდ, რისი უფლება-მოვალეობა ჰქონდათ კონკრეტულ სიტუაციაში და როგორ დაემყარებინათ სწორი კომუნიკაცია შვილის მასწავლებელთან თუ სკოლის დირექტორთან.

მაინც რა აწუხებთ მშობლებს და რა პრობლემები იკვეთება სკოლაში? ორგანიზაციის ხელმძღვანელი მეგი კავთუაშვილი ამბობს, რომ ცხელ ხაზზე შემოსულმა ზარებმა საშუალება მისცათ დაეჯგუფებინათ ის პრობლემები, რაც მოსწავლეებს სკოლაში ექმნებათ და რომელთა გამომწვევ მიზეზად, უმეტეს შემთხვევაში, მასწავლებლებში პროფესიული უნარების დეფიციტი სახელდება, ასევე, სკოლის დირექტორის მხრიდან სამსახურეობრივი ან მშობლის არასწორი სტრატეგია.

გამოწვევების ჩამონათვალი საკმაოდ მძიმე და მრავალრიცხოვანია, მოიცავს როგორც მოსწავლეთა უსაფრთხოების პრობლემებს, ასევე სწავლა-სწავლების დარღვეულ პროცესს:

√ ჩაგვრის (ბულინგის) მრავალსახეობა და გამკლავების ეფექტიანი მექანიზმების უქონლობა სკოლებში;

√  ზრდასრულთა მხრიდან ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები; მათ შორის, ბავშვთა მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა;

√ ჭარბი საშინაო დავალებების უარყოფითი გავლენა მოსწავლეთა მოტივაციაზე;

√  სკოლის თანამშრომელთა მხრიდან დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა მოსწავლეთა შეფასებისას, რაც გამოხატულია შეფასების კრიტერიუმების ბუნდოვანებითა და ქულების სადამსჯელო მიზნით გამოყენებით;

√ ანტისანიტარია საკლასო ოთახებსა და საპირფარეშოებში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა სველ წერტილებში. ჯანსაღ კვებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა სკოლებში;

√  სკოლის თანამშრობლებსა და მშობლებს შორის არასწორი კომუნიკაციით გამოწვეული დაპირისპირებები – მშობლები და სკოლის თანამშრომლები ერთმანეთს ვერ აღიქვამენ პარტნიორებად. მშობლებმა არ იციან თავიანთი უფლებები და მოხალისეობრივი ჩართულობის შესაძლებლობები. სკოლის თანამშრომლებს არ აქვთ საწინააღმდეგო აზრის მიმღებლობა და არ განიხილავენ მშობელს, როგორც მოკავშირეს;

√ შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების პრობლემები, რომელსაც ვერც სკოლა და ვერც მშობლები ვერ უმკლავდებიან;

√ კორუფცია და უთანასწორობა საჯარო სკოლაში. მასწავლებლების ერთი ნაწილი თავისივე მოსწავლეებს, სასკოლო სივრცეში ან სახლის პირობებში, დამატაბით, ფასიან გაკვეთილებს უტარებს. მშობლები ამბობენ, რომ ადგილი აქვს იძულების პირდაპირ და ირიბ გზებს, რომ მასთან მოამზადონ ბავშვი;

√ მოძველებული მეთოდებით სწავლებისა და მოსწავლეებისთვის უინტერესო გაკვეთილების პრობლემა; დიფერენცირებული სწავლების და ინდივიდუალური მიდგომის დეფიციტი; სადამრიგებლო პროგრამის გამოწვევები;

√  მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში და, საკლასო ოთახების სიმცირის გამო, სკოლის რამდენიმე ცვლაში მუშაობა;

√ მშობლებს შორის ფულის უკანონოდ შეგროვების შემთხვევები, მათ შორის, საკლასო ოთახების გარემონტებისთვის, ფარდებისთვის და სკოლის თანამშრომელთა საჩუქრებისთვის.

მეგი კავთუაშვილი ამბობს, რომ საქართველოში სიახლეა მშობელთა დახმარების სატელეფონო მომსახურება, თუმცა, პირველივე თვეებში მაღალი მომართვიანობა ადასტურებს, რომ საჭირო და აქტუალურ საქმეს ჩაუყარეს საფუძველი: „10 თვის განმავლობაში სატელეფონო კონსულტაციით 312-მა მშობელმა ისარგებლა. ამის გარდა, გააქტიურდა მშობლების მომართვიანობა სოციალური ქსელების მეშვეობით და პირისპირ მომართვიანობაც გაიზარდა ორგანიზაციაში. სულ, ამ პერიოდის განმავლობაში, რეკომენდაცია გავუწიეთ 400-ზე მეტ მშობელს, რომელსაც სკოლის ასაკის შვილი ჰყავს.

პროცესი რომ აღვწეროთ, ასეთია: მშობელი გვიკავშირდება ტელეფონის ნომერზე – 219 60 80, გვიყვება კონკრეტულ სიტუაციას და მის წინაპირობებს, ოპერატორი იწერს ამ ისტორიას, გადასცემს ორგანიზაციის განათლების სპეციალისტებს, იურისტსა და ფსიქოლოგს და შეჯერებული პასუხით, კვალიფიციური რჩევით, უმოკლეს დროში, უკუკავშირს ამყარებს ზარის ავტორთან. ამ მეთოდმა აჩვენა, რომ მშობლების „შეიარაღება“ საჭირო ცოდნით, ხშირ შემთხვევაში, საკმარისია, რომ ბავშვის პრობლემა სკოლაში მოგვარდეს. ცხადია, არის გართულებული შემთხვევებიც, განსაკუთრებით იმ სკოლებში, რომლებსაც ჯერ კიდევ ავტორიტარი დირექტორები მართავენ. ასეთ შემთხვევაში, ადგილზე ვსწავლობთ ბავშვის მდგომარეობას და ვასრულებთ მედიატორის როლს სკოლასა და მშობელს შორის. როგორც წესი, ეს პროცესი მშვიდობიანად მიდის, ზედმეტი დაძაბულობისა და ხმაურის გარეშე.“

რაც შეეხება მშობლების თანამშრომლობას, იკვეთება, რომ სულ უფრო იზრდება იმ მშობლების რაოდენობა, რომლებიც აცნობიერებენ როგორი უნდა იყოს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამკვიდრებული სასკოლო გარემო, რომელშიც უნდა იზრდებოდნენ მათი შვილები. ასეთი მშობლები მზად არიან სკოლასთან თანამშრომლობისთვის, მათთვის მისაღებია კრიტიკული აზრი და სკოლის თანამშრომლებთან პირისპირ საუბრისას არც თავად მალავენ თავიანთ მოსაზრებებს. თუმცა, პარალელურად, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება მშობლების პასიურობა და პრობლემებზე ჩუმად საუბარი. ჩვენი ანგარიში ნათლად აჩვენებს, რამდენად მძიმეა ამ მხრივ მდგომარეობა. მშობელთა 20% თავს არიდებდა საუბრის გაგრძელებას, როგორც კი ავტომოპასუხე ატყობინებდა ინფორმაციას საუბრის ჩაწერის შესახებ, – გვიყვება მეგი კავთუაშვილი, – მათი ნაწილი ჩვენთან დაკავშირებას პირად ნომრებზე ცდილობდა, იმის გამო, რომ თავი აერიდებინათ აუდიოჩაწერისთვის. მშობელთა 10%- ანონიმურად სურდა დარჩენა, რადგან შიშობდნენ, თუ სკოლაეიტყობდა მათი აქტივობის შესახებ, ბავშვს დაჩაგრავდნენ. ცხადია, ეს შიში საფუძვლიანია და არ არის რეალობას მოკლებული, რადგან ანგარიშში მოთხრობილი ისტორიების მოგვარების კვალდაკვალ, არაერთ ადამიანს გადავეყარეთ, რომელიც სკოლაში უბრალოდ არ უნდა მუშაობდეს, იმდენად განსხვავდება მისი შეხედულებები, სტერეოტიპები და ღირებულებები თანამედროვე მსოფლიოს აღიარებული დემოკრატიული ღირებულებებისგან. სირთულეების მიუხედავად, ვცდილობთ, ვიყოთ მშობლების ზურგი, გავაძლიეროთ ისინი, რათა შეძლონ საკუთარი შვილების დაცვა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვებრძვით სასკოლო საზოგადოებას. პირიქით, ეს არის დახმარება. მომზადებული მშობელი ნამდვილი ჯილდოა როგორც მასწავლებლისთვის, ისე სკოლის დირექტორისთვის. მათ შორის არიან ადამიანები, ვინც თავად გვიწვევს სკოლაში ან გვიგზავნის მშობლებს, აძლევს ცხელი ხაზის ნომერს, რომ ჩვენგან მიიღონ კონსულტაცია“.

კონსულტაციებს კი ორგანიზაცია მთელ რიგ საკითხებზე გასცემს: სკოლის, მასწავლებლისა და მშობლის უფლებები და ვალდებულებები; მშობლისა და სკოლის თანამშრომლობა; ბავშვზე ძალადობის საკითხები და მათი მოგვარების გზები; სასწავლო პროცესის შინაარსი, მეთოდები და ფორმები; მშობლის როლი სკოლის მართვის საკითხებში; გასაჩივრების შიდა და გარე მექანიზმები სკოლაში.

პროექტის ფარგლებში, მშობლებისთვის, საგანგებო ტრენინგ-მოდულები შეიქმნა და უკვე 500-ზე მეტი მშობელი გადამზადდა. პროცესი ახლაც გრძელდება და დაინტერესებულ მშობლებს ისევ ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ ტრენინგები, დაესწრონ მასტერკლასებს და იყვნენ უფრო პოზიტიურები და აქტიურები თავიანთი შვილების კეთილდღეობისთვის.

ანგარიში რეკომენდაციებსაც მოიცავს განათლების სამინისტროსთვის, სკოლის დირექტორებისთვის, მასწავლებლებისთვის და კლასის დამრიგებლებისთვის, რომელიც მათ უახლოეს პერიოდში გადაეგზავნებათ. ამის გარდა, დაგეგმილია ჯგუფური დისკუსიები მშობლებთან, დაინტერესებულ მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორებთან ერთად, რათა ანგარიშში ასახული აქტუალური პრობლემები კვლევის და განსჯის საგნად იქცეს. „მშობლები განათლებისთვის“ მზადაა, ითანამშრომლოს ყველა უწყებასთან, რომელიც პასუხისმგებელია განათლების პოლიტიკაზე საქართველოში და წარმოადგენდეს მშობლების ხმას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.“ – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი და, პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლად, გეგმავს ანგარიშის გაგზავნას განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მესვეურებსა და საჯარო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთვის.

ლალი ჯელაძე 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები