თუ გინახავთ ბავშვი, რომელიც სახლში ძალიან ბევრს საუბრობს, ხოლო ბაღსა ან სკოლაში ხმას არ იღებს, ალბათ გიფიქრიათ, რომ საქმე მეტყველების შეფერხებასთან გაქვთ. სინამდვილეში კი ამას „შერჩევითი (სელექციური) მუტიზმი“ ჰქვია, რომელიც შფოთვით აშლილობას მიეკუთვნება და F 94.0 კოდით არის ცნობილი.
სელექციური მუტიზმის დროს ბავშვი ვერ საუბრობს გარკვეულ სიტუაციებში, გარკვეულ ადგილას ან ადამიანებთან, ხოლო მშობლებთან ან სხვა ახლო ადამიანებთან შეუძლია ვერბალური უნარების გამოყენება. სელექციური მუტიზმის დროს ბავშვს ერთგვარი შიშის, შფოთვის ან უხერხულობის განცდა აქვს საუბრისას. შფოთვას კი თან ახლავს ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა: გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა ან სუნთქვის რიტმის დარღვევა (სუნთქვის გაძნელება ან გახშირებული სუნთქვა).
სელექციური მუტიზმის მდგომარეობის დროს ყველა ბავშვი ერთნაირად არ რეაგირებს გარშემომყოფების მცდელობაზე დაამყაროს მასთან კომუნიკაცია. მუტიზმის დროს შესაძლებელია ბავშვი იყენებდეს:
- მოკლე პასუხებს, როგორიცაა „კი“ ან „არა“ – შემოკლებული წინადადებები.
- ჩურჩულს.
- მხოლოდ ჟესტებს და მიმიკებს კომუნიკაციის დასამყარებლად.
- მხოლოდ დუმილს.
სელექციური მუტიზმის ისტორიას რომ გადავხედოთ, გერმანელმა ექიმმა, ადოლფ კუსმაულმა, 1877 წელს, მუტიზმის აღსაწერად, გამოიყენა ადრეული ტერმინი – „აფაზია ვოლუნტარია“, რაც ნიშნავს „ლაპარაკის ნებაყოფლობით ნაკლებობას“.
ტერმინი „არჩევითი მუტიზმი“, პირველად, შემოიტანა შვეიცარიელმა ბავშვთა ფსიქიატრმა, მორიც ტრამერმა, 1934 წელს. ბოლოს კი ამ მდგომარეობას „შერჩევითი მუტიზმი“ დაერქვა. როგორც ხედავთ, ამ მდგომარეობას ნებაყოფლობით მდგომარეობას ადარებდნენ, მოგვიანებით კი დადგინდა, რომ ვერბალური უნარების გამოყენების დეფიციტი, კონკრეტულ სიტუაციაში, ბავშვის სურვილზე არაა დამოკიდებული.
იმისათვის, რომ გონივრული ეჭვი მივიტანოთ „სელექციური მუტიზმის“ არსებობაზე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:
- ბავშვის მიერ მეტყველების შემცირება, კონკრეტულ გარემოში, მინიმუმ, ერთი თვე უნდა მიმდინარეობდეს.
- სხვა სიტუაციაში მას არ უნდა ჰქონდეს მეტყველების სირთულეები.
- ბავშვის მდგომარეობა არ არის გამოწვეული ენის ცოდნის დეფიციტით.
- უნდა გაიმიჯნოს ბავშვის სხვა მდგომარეობებისგან, მაგალითად, როგორიცაა აუტიზმი, რომელსაც ასევე ახასიათებთს სოციალური უნარების დეფიციტი.
ვის უნდა მივმართოთ? მნიშვნელოვანია, დიაგნოსტირებისთვის მივმართოთ ფსიქიატრს/პედიატრს, ხოლო შემდეგ გადამისამართდეს ფსიქოთერაპევტთან.
მუტიზმი ხშირად თანაარსებობს სხვა მდგომარეობებთან ერთად, როგორიცაა: სოციალური შფოთვითი აშლილობა, ფობიები, არასანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, პოსტტრავმული აშლილობა და ა.შ
მნიშვნელოვანია, ოჯახის ინფორმირება შესაბამისი თერაპიული სერვისების შესახებ, როგორიცაა: CTB-კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპია, ქცევითი თერაპია, ფლორთაიმის თერაპია, არტთერაპია.
რეკომენდაციები
- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ბავშვს სხვა გარემოშიც არ დააძალოთ საუბარი, არ მისცეთ შენიშვნები და უფრო მეტად არ გაუძლიეროთ შფოთვა.
- შექმენით ბავშვისთვის უსაფრთხო, მშვიდი და პოზიტიური გარემო.
3. დაიწყეთ ბავშვთან არავერბალური კომუნიკაციის გაძლიერებით. დაამყარეთ მასთან მზერითი კონტაქტი, გამოიყენეთ ჟესტები, მიმიკა, გაუზიარეთ ემოციები, გააცინეთ, უბრალოდ ეთამაშეთ და მიიღეთ ურთიერთობის ის ფორმა, რომელსაც ბავშვი ამ ეტაპზე გიწილადებთ.
- შესთავაზეთ ისეთი აქტივობები, რომელიც ბავშვს რელაქსაციის საშუალებას მისცემს და შეუმცირებს შფოთვას, როგორიცაა: ხატვა, ძერწვა, სენსორული „ჭუჭყიანი თამაშები“ – ქვიშა, ქაფი, წყალი, საღებავები, ბურღულეული და ა.შ.
- მიეცით ბავშვს საშუალება ითამაშოს მუსიკალური ინსტრუმენტებით, რადგან გაგიკვირდებათ და მუტიზმის მქონე ბავშვები, გარდა იმისა, რომ საუბარი ეუხერხულებათ, ასევე, თავს იკავებენ ხმების გამოცემისგან. ამიტომ დოლზე დარტყმა, ფორტეპიანოზე დაკვრა ან ჩასაბერი ინსტრუმენტით ხმების გამოცემა ის პირველი ნაბიჯია, რომელიც შეგიძლიათ მუტიზმთან გასამკლავებლად გადადგათ.
- გადაუღეთ ბავშვს ვიდეოები იმ გარემოში, სადაც თავისუფლად საუბრობს, შემდეგ კი ეს ვიდეოები აჩვენეთ იქ, სადაც საუბარი უჭირს, აღნიშნეთ როგორ კარგად და რა საინტერესო საკითხზე საუბრობს ვიდეოში. დასვით კითხვები, თუნდაც პასუხები არ მიიღოთ მისგან და ვიდეოში ბავშვის საუბარს პოზიტიურად გამოეხმაურეთ.
7. ჩართეთ ბავშვი ფიზიკურ აქტივობებში, როგორიცაა სირბილი, ვარჯიში, ცეკვა და ა.შ ფიზიკური დატვირთვა ამცირებს სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის გამოყოფას და, შესაბამისად, მის შფოთვასაც ამცირებს.
8. მიმართეთ ჯგუფურ თერაპიას. ეს დაეხმარება ბავშვს დაინახოს, როგორ იქცევიან სხვა ბავშვები თამაშის დროს და ნელ-ნელა გადალახონ შფოთვა, რომ დალაპარაკების შემთხვევაში, რაიმე ემუქრებათ.