პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმა ყველა ეტაპზე სიახლეს გვთავაზობს. დღეს ერთ-ერთი მათგანის შესახებ გვესაუბრება ნინო ელბაქიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და დირექტორების განვითარების სახელმწიფო პროგრამის მენეჯერი.
— ძალიან ბევრი გვესმის პროფესიული განათლების შესახებ ამ ბოლო დროს. როგორ ფიქრობთ, რატომ დაისახა სახელმწიფომ ეს მიმართულება პრიორიტეტად და რა არის მისი მთავარი ხიბლი?
— განათლება რომ ქვეყნის ნომერ პირველი პრიორიტეტია, ამის შესახებ მთავრობამ უკვე განაცხადა და, ბუნებრივია, ეს შემთხვევითი არ არის. ილია ჭავჭავაძის სიტყვა, რომელიც მან წინამძღვრიანთკარის სასწავლებლის გახსნაზე წარმოთქვა, საკმარისი იქნება იმის დასადასტურებლად, თუ რატომ არის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის ცოდნა, იგივე განათლება: „ცოდნა ისეთი რამეა, რასაც ყველგან თან წაიღებ, ვერც ვერავინ მოგპარავს ან წაგართმევს. დღევანდელ დროში ცოდნა ყველაფერია. ფულზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ხმალზე მეტად ჭრის და ზარბაზანივით უფრო ძლიერია“. ქვეყნის სიძლიერისათვის და დაცულობისათვის მთავარი იარაღი არის განათლება. ამაზე უფრო საიმედო დაცვისა და კეთილდღეობის იარაღი კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონებია.
რაც შეეხება პროფესიულ განათლებას — ეს განათლების განსაკუთრებული ფორმაა და საშუალება, რომელიც ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენოს და გამოავლინოს საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები და გახდეს კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ფაქტობრივად, პროფესიული განათლება სახელმწიფოს ორმხრივი ინტერესია: ერთი მხრივ, ახალგაზრდა პოულობს მისთვის შესაფერ სამუშაო ადგილს, რაც განაპირობებს უმუშევრობის შემცირებას და საზოგადოებრივ კეთილდღეობას; მეორე მხრივ, სამუშაო ბაზარი აღჭურვილია კვალიფიციური კადრებით, რაც დიდი ფუფუნებაა ნებისმიერი დაწესებულებისთვის თუ საწარმოსთვის. როდესაც სახელმწიფო პროფესიულ განათლებას პრიორიტეტად აცხადებს, სრულად აქვს გაცნობიერებული, რა არის ქვეყნის კეთილდღეობის მთავარი გასაღები.
— რა არის პროფესიული განათლების მთავარი თავისებურება და როგორია მისი შიდა სტრუქტურა?
— პროფესიული განათლება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთანაა პირდაპირ კავშირში, როგორც აღვნიშნე და მისი შიდა სტრუქტურა განსხვავდება განათლების სხვა საფეხურებისგან, მაგალითად, ზოგადი ან უმაღლესი განათლებისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ პროფესიული განათლების პოლიტიკის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია მისი თავისებურებები, საერთაშორისო წარმატებული მაგალითები, დაბოლოს, ქვეყნის ისტორიულ-კულტურული თავისებურებები. საკუთრივ ქართული პროფესიული განათლების პოლიტიკის არსებობა გადამწყვეტი ფაქტორია, რომელიც უნიკალურია და საერთაშორისო ტენდენციებს არ ჩამოუვარდება. პროფესიული განათლების მთავარი თავისებურება ის გახლავთ, რომ კერძო სექტორის გარეშე უბრალოდ არ არსებობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პროფესიული განათლების მნიშვნელოვანი ნაწილი საწარმოში, რეალურ სამუშაო გარემოში ხდება. ეს იგივეა, რასაც ჩვენ ადრე პრაქტიკას ვუწოდებდით. დღევანდელ სისტემაში ეს პრაქტიკა უფრო სტრუქტურირებულია და უფრო მეტად ორიენტირებული პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, ვიდრე ეს ადრე იყო შესაძლებელი.
დღეს კერძო სექტორი სხვადასხვა მიმართულებით არის ჩართული პროფესიულ განათლებაში, კერძოდ: მონაწილეობს პროფესიული სტანდარტების შემუშავებაში; საწარმოებში მიმდინარეობს სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარება; დუალური პროფესიული განათლების შემთხვევაში, სწავლების, მინიმუმ, 50% რეალურ სამუშაო გარემოში მიმდინარეობს. რომ შევაჯამოთ — კერძო სექტორი პროფესიული განათლების განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. სწორედ შრომის ბაზარი, კერძო სექტორი, უკვეთავს სახელმწიფოს, რომელი პროფესიის და როგორი კომპეტენციებით აღჭურვილი კადრი ესაჭიროება, სახელმწიფოც ამ დაკვეთის საფუძველზე ამზადებს შესაბამის კადრებს. კერძო სექტორი ჩართულია არა მხოლოდ დაკვეთის პროცესში, არამედ ის ინაწილებს პასუხისმგებლობას მომავალი კადრების მომზადებაზე, როდესაც პროფესიული სტუდენტებისთვის საწარმოს კარს აღებს. პროფესიულ განათლებას თავად განათლება გააქვს ფარგლებს გარეთ და თავს უყრის სახელმწიფოსა და ეკონომიკის მოთხოვნებსა და თანამშრომლობას.
— რა როლი აქვს პროფესიულ მასწავლებელს ამ პროცესების მართვაში?
— ერთი სიტყვით რომ ვთქვათ — გადამწყვეტი. საერთოდ, განათლების ნებისმიერ საფეხურზე, მასწავლებელს მნიშვნელოვანი როლი აქვს ხარისხიანი განათლების მიღებისას. მაგალითად, დაწყებით საფეხურზე, მასწავლებელზეა დამოკიდებული, როგორი განწყობა და დამოკიდებულებები გაუჩნდება მოსწავლეს, ზოგადად, სწავლის მიმართ. შემდგომ საფეხურებზე მასწავლებელზეა დამოკიდებული, უყვარს თუ არა მოსწავლეს რომელიმე საგანი. მასწავლებელს შეუძლია, საგანი საინტერესო და საყვარელი გახადოს მოსწავლისათვის და პირიქით. ამიტომაც არის ამხელა ყურადღება გამახვილებული მასწავლებლის კომპეტენციაზე და მის ეთიკურ ღირებულებებზე.
პროფესიულ განათლებაში, განსაკუთრებით დღესდღეობით, როდესაც კომპლექსური განათლების რეფორმა ასეთ აქტიურ ფაზაშია შესული, მასწავლებლის როლი განსაკუთრებით მიშვნელოვანია და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გადამწყვეტი. დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მასწავლებლის წინაშე დგას, ასევე დგას სახელმწიფოს წინაშე, რათა მოხდეს მასწავლებლის მხარდაჭერა და განვითარების ხელშეწყობა სისტემურად და სისტემატურად. სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები მხარს უჭერენ პროფესიულ განათლებას, ასევე, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. მუდმივად მზარდ და ცვალებად შრომის ბაზარზე მუდმივად ჩნდება ტექნიკური სიახლეები და ახალი ტენდენციები, რასაც მასწავლებელმა ფეხი უნდა აუწყოს. ამის პარალელურად, სისტემაში მიმდინარე სიახლეების შესაბამისად, მასწავლებელს ასევე უწევს ამ სიახლეების გაცნობა, გაცნობიერება და პრაქტიკაში დანერგვა. პროფესიული განათლების მასწავლებლობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე დინამიური პროფესიაა, რაც განათლებაში საერთოდ არსებობს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება დიდი გამოწვევაა სახელმწიფოსთვის, თუმცა ეს არ არის სრული სურათი და არ ფარავს პროფესიული განათლების სრულ საჭიროებას, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროფესიული განათლება მიმდინარეობს ასევე საწარმოში, რაც პროფესიულ განათლებაში მასწავლებლის ახალ ტიპს — საწარმოს ინსტრუქტორს აჩენს.
— ვინ არის კომპანიის ინსტრუქტორი და რა მოვალეობები აკისრია მას?
— კომპანიის ტრენერი პროფესიული განათლების მასწავლებლის განსხვავებული კატეგორიაა, რომელსაც აქვს, ერთი მხრივ, პროფესიის/საგნის ფუნდამენტური ცოდნა, მეორე მხრივ კი, პედაგოგიური უნარები, რათა სტუდენტს პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმაროს. კომპანიის ტრენერს ხანდახან კომპანიის ინსტრუქტორსაც უწოდებენ. ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ის მასწავლებელია, რადგან კომპანიის ინსტრუქტორის ძირითადი სამუშაო ადგილი თავად კომპანიაა, თუმცა, მეორე მხრივ, ის მუშაობს სტუდენტთან და ეხმარება მას პრაქტიკული უნარების განვითარებაში ისევე, როგორც ამას აკეთებს მასწავლებელი პროფესიულ სასწავლებელში, თეორიული სწავლების დროს. გერმანიის პროფესიული განათლების სისტემაში კომპანიის ინსტრუქტორი პრესტიჟული პროფესიაა. ის მაღალანაზღაურებადია, ამ პროფესიის ადამიანები ხელს უწყობენ როგორც ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღებას, ისე თავად ორგანიზაციის ან კომპანიის განვითარებასაც. კომპანიის ტრენერის ინსტიტუტი გერმანიაში დაიბადა და საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში, ინსტიტუტმა მრავალი სასიკეთო ცვლილება განიცადა და, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა პროფესიული განათლების განვითარებაში.
რაც შეეხება მის მოვალეობებს: გერმანიაში არსებობს ოფიციალური ნორმატიული აქტი და კანონქვემდებარე დოკუმენტი, სადაც გაწერილია კომპანიის ინსტრუქტორის უფლება-მოვალეობები. იქ პროფესიული განათლება კანონით განსხვავებულად არის რეგულირებული, ვიდრე საქართველოში. ჩვენთან, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ არის გაწერილი კომპანიის ინსტრუქტორის პასუხისმგებლობები, ამაზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს. თუმცა კომპანიის ინსტრუქტორები მუშაობენ პროფესიულ სტუდენტებთან როგორც პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში, ასევე დუალური და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმატში. კომპანიის ინსტრუქტორის ძირითადი მოვალეობებია: სტუდენტის პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის სამუშაო გარემოს მოწყობა, სწავლების ფორმების ცოდნა და გამოყენება ამ პროცესში; სტუდენტისთვის ინსტრუქციების მიცემა და სამუშაო პროცესში ეტაპობრივად ჩართვა, მისი შეფასება და სხვა. ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რომელიც კომპანიის ინსტრუქტორს აქვს, გახლავთ მისი, როგორც პროფესიონალის როლი და პროფესიული შრომითი ორიენტაციის მიცემა სტუდენტისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ინსტრუქტორმა მიიღოს პროფესიული სტუდენტი, როგორც „მომავალი თაობა“ და არა როგორც მომავალი კონკურენტი. სწორი და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია პროფესიულ სტუდენტსა და კომპანიის ინსტრუქტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის მთავარი გასაღებია.
— რამდენად საჭიროა ამ პროცესში პროფესიული მასწავლებლისა და კომპანიის ინსტრუქტორის თანამშრომლობა?
— საჭირო არა, მე ვიტყოდი, რომ ეს აუცილებელია. მასწავლებელსა და ინსტრუქტორს შორის თანამშრომლობას ერთი საერთო მიზანი აქვს: ეს არის პროფესიული სტუდენტის წარმატება. თეორიული ცოდნა, რომელსაც სტუდენტი იღებს სასწავლებელში, არასაკმარისია, თუ ის პრაქტიკული უნარებით არ იქნა გამყარებული და ასევე, მხოლოდ პრაქტიკული სწავლება, თეორიის გარეშე, ვერ ქმნის სრულ კომპეტენციას. პროფესიული მასწავლებელი და კომპანიის ინსტრუქტორი პროფესიული განათლების ორი მთავარი აქტორია, რომელთა თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სასწავლებლის ადმინისტრაციისა და კომპანიის მენეჯმენტის კეთილი ნება და ხელშეწყობა. ამჟამად, გერმანიის თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით, მიმდინარეობს პროფესიული მასწავლებლისა და კომპანიის ინსტრუქტორის თანამშრომლობის ტრენინგი. ამ თანამშრომლობაში ორივე მხარეს დახმარება სჭირდება, მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს და ასევე შეთანხმდეს, სწავლის შედეგების რა ნაწილი ისწავლება სასწავლებელში და რომელი პრაქტიკული უნარების განვითარება მოხდება საწარმოში. როდესაც მასწავლებელი და ინსტრუქტორი თანამშრომლობენ, სიმბოლურად, ეს შეიძლება დავინახოთ, როგორც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა საერთო ინტერესებისათვის. ეს ინტერესი გახლავთ სწორედ პროფესიული სტუდენტი და მისი წარმატება.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი