ნანი დალაქიშვილი
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონით განსაზღვრულია პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები, რომელიც შემდეგნაირადაა ფორმულირებული:
ა) ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) სოციალური ინკლუზიის, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;
დ) საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება და შეთავსებადობა.
ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირების ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა ჩამოყალიბდა, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებას და მათთვის საჯარო შეთავაზებას გულისხმობს. ახალი ხედვის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, კერძო სექტორთან ერთად, პროფესიული განათლების მიწოდებაში მონაწილეობაა, რაც ითვალისწინებს საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებას და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად განხორციელებას. სახელმწიფო პროფესიულ განათლებაში, კერძო სექტორთან/დამსაქმებლებთან ერთად, განახორციელებს ინვესტიციებს. აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კადრების მომზადებას, რაც დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გაზრდის. სახელმწიფოს მხრიდან, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს გახლავთ კერძო სექტორისთვის შეთავაზებული ინოვაციური მიდგომა. პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვალიფიკაციების განახლებას, სექტორული პრიორიტეტების განსაზღვრასა და პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლებას გეგმავს. ასევე დაიწყება მუშაობა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე პროფესიული განათლების მაქსიმალურად ინტეგრირების მიმართულებით. მნიშვნელოვანი სიახლეებია დაგეგმილი პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიმართულებითაც, რაც მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას და მათი კვალიფიკაციების ამაღლებას გულისხმობს.
უახლოესი 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კვალიფიკაციების განახლებას, პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნას და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე პროფესიული განათლების მაქსიმალურად ინტეგრირებას. ამ პროცესების განხორციელებისთვის აუცილებელია მოქნილი სამართლებრივი ბაზის არსებობა, რის შექმნაც არსებულ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანას საჭიროებს.
კვალიფიკაციების განახლება საკმაოდ მასშტაბური პროცესია, რომელიც ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მანდატის ქვეშ მიმდინარეობს. სააგენტოს მიერ, 2024-2025 წლის განმავლობაში, მომზადდება დარგობრივი რუკები, განახლდება პროფესიის სტანდარტები, განახლდება/შეიქმნება/დარეგისტრირდება 120-ზე მეტი კვალიფიკაციის შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები. ამ ცვლილებების შემდეგ, განახლდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანერგილი 800-ზე მეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. ამ პროცესების მასშტაბურობიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შევიდეს გარკვეული ცვლილებები „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
პროცესების ხელშესაწყობად, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, სამინისტროსთან თანამშრომლობით, მომზადდა ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 99/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და საფასურში“, კერძოდ, დაინიცირებულია და მიმდინარე წლის თებერვალში, სხვა ცვლილებებთან ერთად, შევიდა ცვლილება დებულების 50-ე მუხლში, რის მიხედვითაც, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება. თვითშეფასების ფორმასა და განხორციელების წესს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების დადგენილი წესით განუხორციელებლობა ან განხორციელებული თვითშეფასების შესწავლის შედეგები შესაძლოა გახდეს ცენტრის მიერ მონიტორინგის განხორციელების საფუძველი. დებულებას დაემატა 104-ე მუხლი, რომლის მიხედვით, „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ ამ დებულების 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყოველწლიური თვითშეფასება განახორციელონ 2025 წლის 1 იანვრის შემდგომ. ამასთან, თვითშეფასების განხორციელების კონკრეტული პერიოდი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“. ცვლილებები შეეხება სრული ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოების ვადების დაზუსტებასაც.
ამასთან, 2023 წლის 25 მაისს The United Nations Development Programme UNDP-ს და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, იგეგმება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 360 გრადუსიანი თვითშეფასების ელექტრონული სისტემის შემუშავება. შესაბამისად, სისტემის შექმნის შემდეგ დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა თვითშეფასებისთვის გამოიყენონ თანამედროვე, მოქნილი და ინფორმაციის ავტომატურად მართვადი სისტემა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებისათვის.
სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, 2023 წელს იმუშავა პროფესიული, უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების ანალიზზე და 2024 წელსაც აგრძელებს მუშაობას შესაძლო ცვლილებების პაკეტზე, რის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ერთი და იგივე ინდიკატორის მიმართ, პროფესიული, უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების/კრიტერიუმების თვალსაზრისით იკვეთება მნიშვნელოვანი განსხვავებები. „რეკომენდაციები და განმარტებები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან დაკავშირებით“ (https://eqe.ge/res/images/broshura.pdf) სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად, „თითოეულ პროგრამას უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელიც ძირითადად, ზრუნავს პროგრამის ადეკვატურ განხორციელებაზე, პრაქტიკის და თეორიის კომპონენტის შეთავსებაზე, პროგრამის შინაარსის, ასევე მის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური და ადამიანური რესურსის განვითარებაზე. ეს ადმინისტრაციული ფუნქციაა, რომელიც შესაძლებელია პროფესიული განათლების მასწავლებელმა შეითავსოს. დასაშვებია, რომ ერთი მიმართულების რამდენიმე პროგრამას ერთი და იგივე პირიც ხელმძღვანელობდეს. თუმცა ეს მის დატვირთვაში უნდა აისახოს. პროგრამის ხელმძღვანელი შესაბამისი დარგის სპეციალისტი უნდა იყოს. მისთვის გაწერილ სამუშაო აღწერილობაში უნდა ჩანდეს, როგორც პროგრამის ხელმძღვანელი თუ რა აქტივობებს ასრულებს. ეს შესაძლებელია იყოს: ჩართულობა შეფასების ინსტრუმენტების ვალიდაციაში, ჩართულობა ფორმალური განათლების აღიარების პროცესში და სხვა“.
არსებული განმარტების მიუხედავად, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში, დაწესებულებები ამ ინდიკატორის მოთხოვნებს ფორმალურად ასრულებენ და ხელმძღვანელად არა კონკრეტული საგანმანათლებლო სტანდარტის/საკვალიფიკაციო პროგრამის შესაბამისი კომპეტენციის პირს, არამედ ზოგადად დარგის კომპეტენციის მქონე პირს ნიშნავენ.
შესაბამისად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის შიდა უზრუნველყოფის კომპონენტის გაძლიერებისათვის, მიზანშეწონილია დაზუსტდეს, რა მოიაზრება დარგის ქვეშ და ამავე დროს განისაზღვროს, რომ ხელმძღვანელი არის პროფესიული მოდულების განმახორციელებელი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს არამარტო პროგრამის განხორციელების ხარისხის შეფასებას ხელმძღვანელის მიერ, არამედ, პროფესიულ სტუდენტთა შეფასების ინსტრუმენტების შემუშავებაში, ფორმალური განათლების აღიარების პროცესში ჩართულობას, პროგრამაში ცვლილებების შეტანის საჭიროების შეფასებას და სხვ.
ასევე, არსებულ ფორმულირებაში ბუნდოვანებას იწვევდა სიტყვა „დარგი“, რამეთუ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის 69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს“ მიხედვით, პროფესიული კვალიფიკაციები განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით/ ჩარჩო დოკუმენტით, ხოლო ამავე ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ განსაზღვრულია სწავლის დეტალური სფერო. შესაბამისად ამჟამინდელ ფორმულირებებში არ ფიგურირებს ტერმინი „დარგი“. ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამა ეფუძნება საგანმანათლებლო სტანდარტს, შესაბამისად პროგრამის ხელმძღვანელის კომპეტენციაც სასურველია შესაბამისი ტერმინებით განიმარტოს. შესაბამისად, მოდიფიცირდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების (დანართი 4) მე-2 სტანდარტის 2.2.1. კრიტერიუმის (პროგრამა უზრუნველყოფილია პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით) მე-4 ინდიკატორი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „პროგრამას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც იმავდროულად არის ამ პროგრამის პროფესიული მოდულის განმახორციელებელი და რომელსაც გააჩნია დადასტურებული კომპეტენცია პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიმართულებით“.