2022 წელი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების სისტემაში, დანერგვიდან ორი წლის თავზე, პირველად, განხორციელდა პროფესიული განათლების სისტემის შეფასება ევროპული ქსელის ხარისხის უზრუნველყოფის ინდიკატორების (EQAVET) გამოყენებით. ეს გარდამტეხი ნაბიჯია, ვინაიდან განათლების ამ საფეხურზე, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დაახლოება ევროპულ მოთხოვნებთან დეკლარილებულია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით.
ევროპული ქსელი განსაზღვრავს ხარისხის უზრუნველყოფის ათ ინდიკატორს:
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების შესაბამისობა;
- მასწავლებლების და ტრენერების ტრენინგებში ინვესტირება;
- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობის მაჩვენებელი;
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა მაჩვენებელი;
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი;
- შეძენილი უნარების სამუშაო ადგილზე გამოყენება;
- უმუშევრობის დონე;
- სოციალურად დაუცველი ჯგუფების, მათ შორის სსსმ/შშმ პირების, ჩართულობა პროფესიულ განათლებაში;
- შრომის ბაზარზე ტრენინგის საჭიროებების განსაზღვრის მექანიზმები;
- პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველსაყოფად გამოყენებული სქემები.
პროფესიული განათლების ხარისხის ევროპული ქსელი ქმნის ევროპული ჩარჩოს სისტემას, რომელიც ეხმარება წევრ ქვეყნებსა და დაინტერესებულ პირებს შექმნან, განავითარონ, მონიტორინგი გაუწიონ, შეაფასონ და გააუმჯობესონ პროფესიული განათლების ეფექტურობა და ხარისხის უზრუნველყოფის პრაქტიკა.
წარმოდგენილი ჩარჩო ფოკუსირდება პროფესიული განათლების სისტემის მიერ მიღწეული შედეგების გაუმჯობესებასა და შეფასებაზე, რათა ხელი შეუწყოს ევროსაბჭოს შემდეგი პრიორიტეტული საკითხების გადაჭრას: დასაქმების გაზრდა, სწავლებაზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის უკეთესი კავშირის დამყარება და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშესაწყობად უკეთესი პირობების შექმნა (განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის). ასევე, ჩარჩო:
♦ ფასილიტაციას უწევს სტუდენტთა მობილობის პროცესს განათლების ყველა საფეხურზე;
♦ მხარს უჭერს სწავლის შედეგების აღიარებას დამატებითი გამოცდებისა და სწავლების კურსის გავლის გარეშე;
♦ ცდილობს შეამციროს უმუშევრობა, ახდენს რა შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და შრომითი ძალის კვალიფიკაციას შორის შესაბამისობის დამყარებას;
♦ გვთავაზობს უფრო მოქნილ გზას მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ძირითადი უნარების განვითარების ხელშესაწყობად;
♦ მხარს უჭერს არაფორმალური განათლების აღიარებას.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგიის დანერგვის 2022 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო პროფესიული განათლების ხარისხის შეფასება ევროპული ქსელის (EQAVET) ინდიკატორების გამოყენებით. აღნიშნული პერიოდისთვის, შეფასების განხორციელების მიზნით, EQAVET-ის ათი ინდიკატორიდან, შერჩეულ იქნა ხუთი ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც შეფასდა სისტემა:
⇒ ინდიკატორი 3. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობის მაჩვენებელი;
⇒ ინდიკატორი 4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა მაჩვენებელი;
⇒ ინდიკატორი 7. უმუშევრობის დონე;
⇒ ინდიკატორი 8. სოციალურად დაუცველი ჯგუფების, მათ შორის სსსმ/შშმ პირების, ჩართულობა პროფესიულ განათლებაში;
⇒ ინდიკატორი 10. პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველსაყოფად გამოყენებული სქემები.
აღნიშნული ინდიკატორების მიხედვით შეფასების განხორციელების მიზნით, შეირჩა ინფორმაციის ამოღების წყაროები. მესამე, მეოთხე და მერვე ინდიკატორებისთვის ინფორმაციის ამოღების წყაროდ განისაზღვრა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. მეშვიდე ინდიკატორისთვის ინფორმაციის ამოღების წყაროდ განისაზღვრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ხოლო მეათე ინდიკატორისთვის ინფორმაციის ამოღების წყაროებად განისაზღვრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები. შეფასების პერიოდად განისაზღვრა 2021-2022 წლები.
ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების შემდეგ, ჩამოყალიბდა ერთიანი ანგარიში, რომელიც, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, ისეთ რეკომენდაციებსაც მოიცავს, როგორიცაა: მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება, ცნობადობის გაზრდა დამსაქმებლებისათვის და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის, პროფესიული განათლების, როგორც ხარისხიანი განათლების პოზიციონირება, ზოგადად, პროფესიული განათლების, ასევე, კონკრეტული კვალიფიკაციების პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ზუსტად პასუხობდეს შრომის ბაზრისა და დამსაქმებლების მოთხოვნებს.
2023 წელს დაგეგმილია პროფესიული განათლების სისტემის შეფასება EQAVET-ის დამატებით ორი ახალი ინდიკატორის მიხედვით. ასევე, მიმდინარე წელს დაგეგმილია არაერთი სამუშაო შეხვედრა EQAVET-ის ინდიკატორების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებში ინტეგრირების მიზნით. აღნიშნულ პროცესს მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას უწევს ევროპის განათლების ფონდი (European Training Foundation – ETF).
ქეთევან ციხისელი
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე