22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 20 აგვისტოს დასრულდება

spot_img

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს 20 აგვისტოს ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, შეთავაზებული 120-ზე მეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან აირჩიონ მათთვის სასურველი და დარეგისტრირდნენ. საქართველოს ყველა რეგიონში მოქმედი 70-ზე მეტი საჯარო და კერძო პროფესიული კოლეჯი აქტიურ საინფორმაციო კამპანიაშია ჩართული და სხვადასხვა ფორმით აწვდის საჭირო ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს.

ონლაინ ფორმატში გაიმართა ღია კარის დღე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში, რომელშიც მომავალი პროფესიული სტუდენტები, კერძო სექტორის, ფერმერთა და ტურიზმის ასოციაციების, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ სრული ინფორმაცია მიიღეს პროფესიული განათლებისა და გადამზადების არსებულ პროგრამებზე, კოლეჯში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე.

ღია კარის დღის მონაწილეებს მიესალმა და მომავალ სტუდენტებს წარმატებები უსურვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, რომელმაც პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, კონკრეტულად ილია წინამძღვრიშვილის სახელობის ისტორიულ კოლეჯზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საამაყოა, ისწავლო საუკუნე-ნახევრის წინ ილია წინამძღვრიშვილისა და ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაფუძნებულ სასწავლებელში, სადაც  შეძენილი უნარები სხვადასხვა სფეროში  დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს ქმნის.

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი ერთ-ერთი პირველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. მის დაარსებასა და განვითარებაში არაერთი სასიქადულო მამულიშვილი მონაწილეობდა. სასწავლებელი 6 წლის წინ აღდგა და სრულფასოვნად ფუნქციონირებას შეუდგა.

2021 წლისთვის კოლეჯი პროფესიული განათლების მიღების მსურველებს პროფესიათა მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს სამივე ლოკაციაზე – სოფ. წინამძღვრიანთკარი, თიანეთი და სტეფანწმინდა.

⇒ მცხეთაში მდებარე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში შემდეგი პროფესიების დაუფლებაა შესაძლებელი:

♦      აღმზრდელი;

♦      ბუღალტრული აღრიცხვა;

♦      ელექტრობა;

♦      თმის მომსახურება;

♦      ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა;

♦      კომპიუტერული ქსელები და სისტემები;

♦      მებოსტნეობა;

♦      მეფუტკრეობა;

♦      მეხილეობა;

♦      სამკერვალო წარმოება;

♦      სასმელების წარმოება;

♦      სასტუმრო მომსახურება;

♦      სატყეო საქმე;

♦      ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება;

♦      ხის მხატვრული დამუშავება.

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი თიანეთში, აპლიკანტებს სთავაზობს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს:

♦      ბუღალტრული აღრიცხვა;

♦      ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა;

♦      მეფუტკრეობა;

♦      სატყეო საქმე.

⇒ სტეფანწმინდაში მდებარე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში კი მიღება შემდეგ პროგრამებზეა გამოცხადებული:

♦      ელექტრობა;

♦      ბუღალტრული აღრიცხვა.

მცხეთასა და თიანეთში პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მევენახეობა-მეღვინეობისა (მცხეთა) და რძის პროდუქტების წარმოების (მცხეთა, თიანეთი) დუალურ პროგრამებზე, თეორიული სწავლების პარალელურად პრაქტიკული სწავლება გაიარონ რეგიონის უმსხვილეს დამსაქმებლებთან და მიიღონ პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება.

ამასთან, წინამძღვრიანთკარში აპლიკანტებს შეუძლიათ აირჩიოთ კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების და სასტუმრო მომსახურების ინტეგრირებული პროგრამები, პროფესიის პარალელურად დაეუფლონ სრულ ზოგად განათლებას და მიიღონ სკოლის ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები