გვესაუბრება ნინო ელბაქიძე, პროფესიული განათლების ექსპერტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის მენეჯერი
➡ რამდენად აღმოჩნდა მზად პროფესიული განათლების სისტემა დისტანციური სწავლებისთვის და რა გამოცდილებაა ამ მხრივ საერთაშორისო მიმართულებით?
? პანდემიისა და ე.წ. ლოქ დაუნისთვის არავინ არ იყო მზად, არა მხოლოდ განათლების სისტემაში, არამედ ზოგადად მთელ სამყაროში. შესაბამისად, შემიძლია გითხრათ, რომ ამის მზაობა არ გვქონია. ბუნებრივია, რომ პირველი, რაც დავგეგმეთ და გავაკეთეთ, პანდემიის გამოცხადებისთანავე, ე.წ. კრიზისული გეგმის შედგენა და შესაბამისად მოქმედება იყო. ყველანაირი კომუნიკაცია ვირტუალურ სამყაროში გადავიტანეთ, ასევე, მთლიანი სამუშაოც ონლაინ რეჟიმში წარიმართა. მოცემული სიტუაცია იყო გამოწვევა, თავისთავად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სიტუაციასაც შესაძლებელია, ჰქონდეს გარკვეული გამოსავლის შესაძლებლობები. კონკრეტულად რომ გითხრათ, პროფესიული განვითარების ღონისძიებები გადავიყვანეთ ონლაინ რეჟიმზე და დავიწყეთ მასწავლებელთა საჭიროებების კვლევა ონლაინ ტრენინგებში ჩართულობის შესაძლებლობებისთვის და, ასევე, დავიწყეთ ვებინარების მომზადება როგორც პროფესიული მასწავლებლებისთვის, ასევე დირექტორებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის.
მასწავლებლის სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე, აქამდე, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მოხდა ვებინარების გაშვება. მაგალითად: „პროფესიული განათლება პანდემიის დროს“ – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ თამარ ქიტიაშვილთან; „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები“ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, კახა ერაძესთან; „მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები“ – სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, მარიკა ზაქარეიშვილთან და სხვ. დაგეგმილი გვაქვს ვებინარების მომზადება სამი მიმართულებით:
- პროფესიული განათლების პოლიტიკა და რეფორმა;
- პროფესიული განათლების სწავლების მეთოდოლოგია;
- პროფესიული დარგობრივი ვორკშოპები და სემინარები.
კომუნიკაციის ეს ფორმა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის და, უბრალოდ, პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირებისთვის. ამ დასკვნის გამოტანის საფუძველს მათ მიერვე მოწოდებული უკუკავშირები გვაძლევს.
რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს უცხოელ კოლეგებთან და ბუნებრივია, დავინტერესდით მათი გამოცდილებით და იმ საკითხებით, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი ამ სიტუაციაში მუშაობას. პროფესიული განათლება განათლების ის ტიპია, სადაც ნახევარზე მეტი პრაქტიკულ სწავლებაზე მოდის და მხოლოდ თეორიული ნაწილისგან არ შედგება. შესაბამისად, ჩვენი კოლეგებიც უცხოეთში ონლაინ სწავლა-სწავლებაზე გადავიდნენ, თუმცა პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობა, სწავლების ასეთ ფორმატში, შედეგებს ნაკლებად იძლევა. ამგვარად, პანდემიის დრო ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი უფროა ამ სიტუაციის შემდგომი პროფესიული სწავლებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებისათვის, ვიდრე კლასიკური გაგებით პროფესიული განათლება.
➡ ფლობენ თუ არა პროფესიული მასწავლებლები ონლაინ სწავლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს?
? პროფესიული მასწავლებლების აკადემიური საჭიროებების დასადგენად ჩავატარეთ კვლევა-გამოკითხვა, რათა დაგვედგინა მათი საჭიროებები ორი მიმართულებით:
- აქვთ თუ არა მათ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალება სახლში (კომპიუტერი, ლეპტოპი, პლანშეტი…);
- აქვთ თუ არა მათ შესაბამისი უნარები იმისათვის, რომ ჩაერთონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ღონისძიებებში.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მასწავლებლების უმეტესობა ფლობს როგორც მოწყობილობას, ასევე შესაბამის უნარებს. მართალია, ეს მასწავლებელთა თვითშეფასებას ეფუძნება, მაგრამ არ გვაქვს მიზეზი, კვლევის შედეგებში ეჭვი შევიტანოთ და ვფიქრობთ, რეალობასთან ახლოსაა. თუმცა, სანამ მასწავლებელი უშუალოდ არ ჩაერთვება ტრენინგში, მანამდე, შესაძლებელია, მისთვისაც არ იყოს ბოლომდე ცხადი, კონკრეტულად რა უნარების ფლობაა საჭირო იმისათვის, რომ ის ონლაინ სწავლებაში ჩაერთოს. პროფესიული განვითარების ღონისძიებებისათვის და, ასევე, შეხვედრებისთვის, ძირითადად, ვიყენებთ Microsoft office 365-ის პროგრამას. იმისათვის, რომ Teams-ის პლატფორმა წარმატებით იქნეს გამოყენებული პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ჩავატარეთ ონლაინ ტრენინგი პროფესიული სასწავლებლების დირექტორებისთვის. იგივე ტრენინგი დაგეგმილია მასწავლებლებისთვისაც, ონლაინ სწავლების მეთოდოლოგიაში.
➡ თუ გადავიდა პროფესიული სასწავლებლების ადმინისტრაცია სრულად დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, დირექტორები იყვნენ ამისთვის მზად?
? პანდემიის გამოცხადების დღიდან პროფესიული სასწავლებლების დირექტორები ონლაინ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ და, ფაქტობრივად, არც ერთი დღე არ შეწყვეტილა მუშაობა ადმინისტრაციის მხრიდან. სამუშაოები, ძირითადად, მოიცავს: მასწავლებლებთან და პროფესიულ სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრებს, სასწავლო პროცესში არსებული და მოსალოდნელი სწავლის შედეგების მიღწევის შესახებ; მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს; კერძო სექტორთან და ბიზნესთან კომუნიკაციის შენარჩუნება-განახლებას, რათა მოხდეს მათი მოსალოდნელი საჭიროებების იდენტიფიცირება და შემუშავებული პროგრამების თანხვედრა მათ მოთხოვნებთან. პროფესიულმა დირექტორებმა მთელი ამ სამუშაოს კოორდინაცია, საკმაოდ მოკლე დროში, ეფექტიანად შეძლეს და ასე გრძელდება დღემდე და გაგრძელდება მანამდე, სანამ ნორმალურ სამუშაო რეჟიმს არ დავუბრუნდებით. თუმცა ვფიქრობ, პანდემიის შემდგომაც მოხდება სამუშაოს გარკვეული მოდიფიცირება და ზოგიერთი საკითხის მოსაგვარებლად, კვლავინდებურად, ონლაინ პლატფორმა იქნება გამოყენებული.
➡ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, თუ ჰქონდათ გავლილი პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებსა და დირექტორებს, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობის მიმართულებით, ტრენინგები ან ახლა რას სთავაზობს მათ მასწავლებელთა სახლი?
? როგორც მოგახსენეთ, დირექტორებს უკვე ჩაუტარდათ პირველი ტრენინგები ონლაინ სწავლებაზე და დაგეგმილია პროფესიული მასწავლებლების პროფესიული განვითარების ღონისძიებების ონლაინ რეჟიმში გადატანა. საუბარია ორ ძირითად მიმართულებაზე: ეს არის პროფესიული მასწავლებლების პედაგოგიური კურსის გაგრძელება და სამეწარმეო კომპეტენციების განვითარება პროფესიული მასწავლებლებისთვის. ეს ორივე მიმართულება ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებებია მასწავლებელთა განვითარების ხელშესაწყობად. როდესაც ცხოვრებისა და სწავლების ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდებით, სხვა მიმართულებებითაც გავაგრძელებთ მუშაობას, როგორიცაა, მაგალითად, ინკლუზიური განათლება ან სასწავლებლების ადმინისტრაციის ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით.
➡ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იქნება სექტემბრიდან სწავლის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება? თუ არსებობს, საჭიროების შემთხვევაში, სწავლების ალტერნატიული გზების კონკრეტული ხედვა?
? როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ, სექტემბრიდან სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებელი იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმაზეც, რა უნდა გავაკეთოთ, თუკი მდომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება. ჩვენ მოგვიწევს რეალობისთვის თვალის გასწორება და განსაკუთრებულ სიტუაციაშიც გამოსავლის პოვნა და გამოყენება. პროფესიული სწავლების თეორიული ნაწილი შესაძლებელია, ისწავლებოდეს ონლაინ რეჟიმში, ხოლო პრაქტიკული სწავლებისთვის გვექნება კონსულტაციები როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ექსპერტებთან, რათა ოპტიმალური გამოსავალი შევარჩიოთ. პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული როლი ენიჭება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენასა და განვითარებაში. შესაბამისად, ჩვენ გაჩერების უფლება არ გვაქვს. პროფესიული მასწავლებელი კი სწორედ ის მთავარი ფიგურაა, რომელიც ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესზეა პასუხისმგებელი და მას განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომა სჭირდება.
ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი