მაკა ოქრომელიძე
„არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. წინუბნის საჯარო სკოლის დამხმარე მასწავლებელი
ძალიან კარგად მახსენდება 2011წლის ზაფხული, მაგისტრატურას ვამთავრებდი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში ფილოლოგიის ფაკულტეტს, სპეციალობით – ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერტურის კონტექსტში. მუშაობის დაწყებას ჩემი სპეციალობით ვფიქრობდი, სწორედ მაშინ გამოცხადდა კონკურსი „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“, გავეცანი პირობებს და ეს ყველაზე ახლოს იყო ჩემს პროფესიასთან. ძალიან დიდი კონკურსი იყო, გადავლახე ყველა ეტაპი. არ ვიცოდი სად, რომელ რეგიონში მომიწევდა მუშობის დაწყება… ჯავახეთში მომიწია წასვლა, არაქართულენოვან (სომხურ) სკოლაში, რაიონული ცენტრიდან საკმაოდ შორს – 25კმ-ის მოშორებით. რა თქმა უნდა, წავედი, ისე, რომ არც კი ვიცოდი სად მივდიოდი. ადგილობრივ ოჯახში დავიწყე ცხოვრება. მათ ჩემი არც ერთი სიტყვა არ ესმოდათ, მე კი – მათი, არც ჰქონდათ სურვილი სახელმწიფო ენის შესწავლის, ამ მხრივ, ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა.
ძალიან მონდომებული ვიყავი, ყველანაირად ვცდილობდი მათი კეთილგანწყობის მოპოვებას, მინდოდა სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობა დამენახვებინა, რასაც ნამდვილად მივაღწიე თვეების შემდეგ.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ახალი მეთოდებითა და მიდგომებით სწავლება. თამაშ-თამაშით, სიმღერ-სიმღერით დაიწყეს ქართული სიტყვების შესწავლა, რაც მეტ მოტივაციას მაძლევდა. ნელ-ნელა მათი სკოლის კედლებზე ქართული წარწერები გამოჩნდა, შევქმენი ქართული ენის წრე, მოსწავლეები ხალისით რჩებოდნენ გაკვეთილების შემდეგ და, არაფორმალურ განათლებაში ჩართულები, სწავლობდნენ ქართულ ენას, ვეცნობოდით ერთმანეთის კულტურას, კერძებს, ტრადიციებს. ძალიან რთული, საინტერესო, ნაყოფიერი, ემოციებით დატვირთული, წარმატებული იყო ჩემი ჯავახეთში ყოფნის პერიოდი. სულ მაინტერესებდა ჩვენი საქმიანობის — ამ უდიდესი პროექტის შედეგი, რომელიც განუზომლად დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის.
საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა, ენის არცოდნა არ უნდა ქმნიდეს ბარიერს აქ მცხოვრები არც ერთი სხვა ეროვნების ადამიანისთვის. ამისთვის ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, მათ შორის, ჩვენი „არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“ სახით, რომელში ჩართულ თითოეულ ადამიანს უდიდესი წვლილი შეაქვს დიდ ეროვნულ საქმეში.
ჯავახეთიდან წამოსვლის შემდეგ პროექტის დატოვება მომიწია, პირადი პრობლემების გამო. ჩვენი პროექტი და მასში ჩართული ყველა მონაწილე კი დიდი წარმატებითა და მონდომებოთ აგრძელებდა მოღვაწეობას სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლებში.
2 წლის შემდეგ კვლავ დავუბრუნდი პროექტს, სამცხე-ჯავახეთში მომიწია წასვლა, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. წინუბნის საჯარო სკოლაში, სადაც მკვეთრად შეცვლილი სიტუაცია და სულ სხვა გარემო დამხვდა. ძალიან თბილად, კეთილგანწყობით დამხვდნენ. სკოლის დირექტორი მელიქ პეტროსიანი აქტიურადაა ჩართული და ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს ენის შესწავლას სკოლაში, სოფელში და თემში, რაც ძალიან მახარებს. მერვე წელია, რაც ამ სკოლაში ვარ და უამრავი ერთობლივი პროექტი, კონკურსი, ექსკურსია, ღონისძიება, გამოფენა განვახორციელეთ პროექტში ჩართულმა კოლეგებმა. ჩვენი სკოლების მოსწავლეები ერთმანეთთან დავამეგობრეთ, ვაწყობთ ფესტივალებს, ექსკურსიებს, რაშიც ადგილობრივი გამგეობა ძალიან გვეხმარება, ასევე ადგილობრივი რესურსცენტრიც, ქალბატონი ხათუნა ხმალაძე, ყველას უდიდესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისათვის.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, თავდაპირველად, როდესაც არაქართულენოვან სკოლაში ქართული ენის სწავლება დავიწყე, ყველანი ერთი მიზნისათვის ვიბრძოდით – სახელმწიფო ენა საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, რომ ენობროვი ბარიერი ხელის შემშლელი ფაქტორი არ გამხდარიყო მათი ინტეგრირებისთვის.
დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დავინახე ჩვენი საქმიანობის შედეგი, შედეგი კი ის არის, რომ დღეს ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე იღებს უმაღლეს განათლებას სახელმწიფო უნივერსტეტებში, სხვადასხვა სპეციალობაზე, იღებენ სტიპენდიასაც, წარმატებული სტუდენტები არიან, მათი სახით კი, სახელმწიფოს უამრავი წარმატებული ახალგაზრდა სპეციალისტი ეყოლება. უდიდესი მადლობა სახელმწიფოს, „არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“ ყველა წარმომადგენელს, თითოეულ მონაწილეს ამ უდიდეს საქმეში შეტანილი წვლილისთვის.