თანამედროვე ქართველი მწერლები და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
პროექტის მიზანი: თანამედროვე ქართული მწერლობის გაცნობა, არაფორმალური სწავლება და მისი დაკავშირება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან;
პროექტის ავტორები და სპონსორები:
♦ ბელა პაპავა – სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის მასწავლებელი;
♦ ზაზა შულაია – სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის მასწავლებელი.
პროექტის კონსულტანტი: როლანდ ხოჯანაშვილი
მხარდამჭერი: „ახალი განათლება“
პროექტის პირველი ნაწილის მიხედვით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, სკოლაში ჩატარდება ხუთი ქართველი თანამედროვე პოეტის ნაწარმოების გაცნობის აქტივობა და დაიწერება ესე სათაურით: როგორ აისახება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ლექსში (შერჩეული ლექსის მიხედვით).
ნაშრომში:
⇒ უნდა ჩანდეს ესეს სამნაწილიანი სტრუქტურა;
⇒ პირველ ნაწილში თეზისი ნათლად უნდა გადმოსცემდეს ზგემთან/ზგემის სეგმენტთან ნაწარმოების ზოგად კავშირს;
⇒ მეორე ნაწილში უნდა გადმოიცეს ფაქტობრივი მტკიცებულებები;
⇒ მესამე ნაწილში უნდა შეჯერდეს შესავალი და ძირითადი ნაწილი;
⇒ დაცული უნდა იქნეს ენობრივი ნორმები.
პროექტის მეორე ნაწილის მიხედვით, მოსწავლეთა საუკეთესო ნაშრომები უნდა გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე
konkursiganatleba@gmail.com
⇒ ავტორი, 48 საათის განმავლობაში, მიიღებს პასუხს სიტყვით: მიღებულია.
⇒ ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ორ ნაბეჭდ ვორდულ გვერდს, შრიფტის ზომა – 11.
⇒ შეირჩევა 5 საუკეთესო ნაშრომი და ავტორები დაჯილდოვდებიან 100-100 ლარით. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება ვებგვერდსა და გაზეთ „ახალ განათლებაში“.
ნაშრომების გადმოგზავნის დრო: 2025 წლის 31 დეკემბრამდე
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებია:
ა) ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მცოდნე მოქალაქის აღზრდა;
ბ) სახელმწიფო ენის, კულტურის, საქართველოს ისტორიის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა;
გ) ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, უნივერსალური ეთიკური პრინციპების მქონე და დამცველი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდა;
დ) მშვიდობიანი, ჰარმონიული და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის ხელშემწყობი მოქალაქის აღზრდა;
ე) დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მცოდნე და დამცველი, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა, რომელიც ამ ღირებულებებს აკავშირებს პატრიოტიზმთან, სახელმწიფოებრიობასა და საკაცობრიო იდეალებთან;
ვ) ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარითა და აკადემიური ცოდნით აღჭურვილი, წიგნიერი, პროგრესულ სიახლეთა მიმღები მოქალაქის აღზრდა, რომელიც არა მხოლოდ იცნობს და აღიარებს სხვათა მიღწევებს, არამედ თავადაც ქმნის ახალ ინტელექტუალურ თუ მატერიალურ ღირებულებებს საზოგადოების საკეთილდღეოდ;
ზ) დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებული, გაცნობიერებული პერსონალური გადაწყვეტილებების მიმღები, მოაზროვნე, მაძიებელი, შემოქმედი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის მქონე, მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტად განმავითარებელი, ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი, შრომისმოყვარე მოქალაქის აღზრდა;
თ) ფიზიკური, ინტელექტუალური, ზნეობრივი და ესთეტიკური განვითარების ხელშეწყობით კომუნიკაციის მაღალი კულტურის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება;
ი) თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში „ციფრული მოქალაქეობის“ უნარის მქონე პიროვნების ჩამოყალიბება;
კ) გარემოსდაცვითი ცნობიერების მქონე მოქალაქის აღზრდა, რომელსაც შეუძლია კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე სათანადო რეაგირება და მოქმედება დაუკავშიროს პიროვნული, ეროვნული, რეგიონული და გლობალური განვითარების მიზნებს.
საყრდენი ტექსტები:
♦ მანანა ფრუიძე: „მთებში წამიყვანა ნეტავ“
♦ მარიამ კოზმანიშვილი: „წერილი დედას“
♦ ვასილ ბესელია: „სუნი გალეული საპნის“
♦ გიორგი ლობჟანიძე: „თეთრი თავშალი“
♦ ციური ასპანიძე: „თქვი, აპრილო“.