ვაგრძელებთ საუბარს პროექტზე, რომელიც ახალი ელემენტია ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში. პირველ წერილში განვიხილეთ პროექტები სამოქალაქო განათლებაში, დღეს მუსიკაზე ვისაუბრებთ იმიტომ, რომ მუსიკაშიც, საშუალო საფეხურზე, პროექტი ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია. რამდენად იძლევა პროექტი, როგორც ფორმა, შესაძლებლობას, რეალიზდეს მუსიკის მიზნები, რომლებსაც კურიკულუმი ითვალისწინებს; თუ არის ამ ფორმაში რაიმე უპირატესობა, ვთქვათ, კომპლექსურ ან სხვა ტიპის დავალებებთან შედარებით – გვესაუბრებიან ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტები – ნიკო სილაგაძე და დათო ზათიაშვილი.
ნიკო სილაგაძე: თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, ძალიან მრავალმხრივია და ამიტომ, სჯობს თანმიმდევრობით დავყოთ. ყოველთვის, როცა კურიკულუმზე ვლაპარაკობთ, ჯერ მიზნებს ვახსენებთ ხოლმე. სკოლა, ზოგადად, არის მოსწავლის პიროვნული განვითარებისთვის და ამაში მუსიკას თავისი როლი აქვს როგორც დაწყებით, ისე საბაზო საფეხურზე, რომ მოსწავლეს თვითგამოხატვის საშუალება მისცეს.
დათო ზათიაშვილი: ვინაიდან ჩვენს სწავლებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია მუსიკის კვლევას, სხვადასხვა კონტექსტში, მისი ინტერპრეტირებაც ალბათ თავისებური კვლევაა იმიტომ, რომ ბავშვები გარკვეული მუსიკალური მოვლენების დაკავშირებას სწავლობენ იმ მოვლენებთან, რომელიც მათ ირგვლივ ხდება და მუსიკა ეხმარება, უხსნის ბავშვს რა ხდება მის ირგვლივ, ვინ არის თვითონ და რა ამოძრავებს სამყაროს. მუსიკას შეუძლია ძალიან დიდი ინფორმაცია მიაწოდოს მას გარე სამყაროსა და საკუთარ თავზე. ამ თვალსაზრისით, პროექტი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მისი ერთ-ერთი მახასიათებელია, რომ მუსიკის შესახებ მიღებული ცოდნა, დაუკავშიროს ცხოვრებისეულ სიტუაციებს, მოვლენებს და იმას, რაც ხდება მის შიგნით, მის შინაგან სამყაროში.
ნ.ს.: ფორმაზე რომ გავაკეთოთ აქცენტი, ვთქვათ, თუ კომპლექსური დავალება მაინც საგაკვეთილო პროცესთან ასოცირდება, პროექტის შემთხვევაში, გაკვეთილი აუცილებლად საკლასო ოთახს არ ნიშნავს, უფრო მრავალმხრივი პრაქტიკა შეიძლება იყოს იმავე მასწავლებლისა და მოსწავლის კომუნიკაციის რეჟიმში.
დ.ზ.: აქტივობების ძალიან ფართო სპექტრს გულისხმობს – ინფორმაციის მოძიება, ამ ინფორმაციის გარკვეული კუთხით დამუშავება, მისი ინტერპრეტირება, შემდეგ ინტერპრეტირებული სახითა და მუსიკალური მაგალითებით გაჯერებით ძალიან საინტერესო სხვადასხვა ფორმის პრეზენტაციები ან წარმოდგენები, ჩვენებები, ან ნებისმიერი პროდუქტის მომზადება, სწორედ ამ პროექტის შედეგად.
ნ.ს.: მასშტაბიც დიდია, მთელი სემესტრი ეძღვნება, მაშინ, როცა კომპლექსური დავალება უფრო 5-7 გაკვეთილზეა ხოლმე გათვლილი. მართალი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ გარემო უფრო ავთენტურია პროექტის შემთხვევაში და მოსწავლე უფრო მეტად დგას მკვლევრის, შემსწავლელის ამპლუაში.
დ.ზ.: ასევე, პროექტი ძალიან კარგი შესაძლებლობაა ფორმის თვალსაზრისითაც, როგორ წარმოაჩინო არა მხოლოდ კლასის წინაშე, არამედ სკოლის, სასკოლო თემის წინაშე, რომელსაც შეიძლება გააცნო შენი პროექტი.
ნ.ს.: უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ პროექტის ტიპების შესახებ, ყველა საგანს თავისი სპეციფიკა აქვს, ამ კუთხით. რა ტიპის პროექტებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი მუსიკის შემთხვევაში?
დ.ზ.: არის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ძალიან საინტერესო და სპეციფიკური, მუსიკისთვის განსაკუთრებულად კარგი და ძალიან ორგანული, ისეთი ტიპის, როგორიცაა: ლექცია-კონცერტი – აქ შეიძლება იყოს გარკვეული მომხსენებელი, რომელიც, მოხსენებასთან ერთად, წარმოაჩენს მუსიკალურ ნომრებს, შეიძლება თვითონ შეასრულოს ან ჩანაწერის თუ ვიდეოს სახით წარმოადგინოს და ა.შ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ვარიანტია; შეიძლება იყოს მონტაჟი (როგორც ლიტერატურული მონტაჟების შემთხვევაში, როლებით წარმოაჩინო რაღაც), ვთქვათ, მუსიკალური მიმდინარეობა ან რომელიმე მოღვაწის ცხოვრებიდან რაღაც ეპიზოდი წარმოადგინონ მოსწავლეებმა კითხვით, დეკლამაციით, ისევ მუსიკალური ნომრებით და ა.შ.; შეიძლება იყოს ფლეშ-მობი, თავისი პლასტიკით, ტექსტით, ცეკვით, ათასი ხერხით შეიძლება გადმოცემა, თუნდაც ვიდეოინსტალაცია, რომელიც გააშუქებს იმ პრობლემას, რომლის ირგვლივაც იყო შედგენილი კონკრეტული პროექტი.
ნ.ს.: თვითგამოხატვა ყველგან ეს არის – მკვლევარი მოქალაქე მუსიკის ენით ლაპარაკობს, მუსიკის საშუალებით გამოთქვამს თავის სათქმელს. ბუნებრივად დაისმის კითხვა გამოწვევებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ორი ფაქტორია: ჯერ ერთი, ყველა სიახლე გარკვეულ გამოწვევებს მოიცავს; მეორე – გუშინ მუსიკა საერთოდ არ ისწავლებოდა საშუალო საფეხურზე, ეხლა კი, არა თუ ისწავლება, არამედ ამბიციური და ძალიან გამოწვევებით აღსავსე რეჟიმით ვთავაზობთ მოსწავლეებს. როგორ ფიქრობთ, ჩვენ, როგორც მასწავლებლებმა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა იქნება დანერგვის პროცესში ის მთავარი, საკვანძო ელემენტები, რაზეც აუცილებელია ყურადღების გამახვილება.
დ.ზ.: ჩემი აზრით, ყველაზე დიდი გამოწვევაა, მასწავლებელმა წარმოიდგინოს თავი ფასილიტატორად, ეს არის ყველაზე რთული, რაც მასწავლებლებს უჭირთ. ძალიან ხშირად, ისინი პირდაპირ აძლევენ მითითებებს რა უნდა გააკეთოს მოსწავლემ, როგორ უნდა გააკეთოს, რა კუთხით უნდა გააკეთოს… მასწავლებელი არ უნდა იყოს ავტორიტარული, მხოლოდ მიმართულებას უნდა აძლევდეს, არ უნდა გაიტანოს მაინცდამაინც თავისი აზრი და მოახვიოს თავს, გარკვეული თავისუფლება უნდა მისცეს, წინასწარ უნდა იცოდეს რა შეცდომები შეიძლება დაუშვას ბავშვმა და რაც მთავარია, არ გადაიქცეს ეს პროექტი უბრალოდ ფორმალურ პრეზენტაციად, როგორსაც ძალიან ხშირად აკეთებენ. სინამდვილეში ეს უბრალოდ ინფორმაციის შეკრება, მერე გადამღერება და მოყოლაა, რაც არ გულისხმობს ორიგინალურ პროექტს. ეს არის უბრალოდ უკვე არსებული მასალის კიდევ ერთხელ მოყოლა, რაც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე პრაქტიკაში და ბევრი მასწავლებელი თვლის, რომ სწორედ ეს არის პროექტი და ეს არის ნამდვილი პრეზენტაცია. სინამდვილეში, ყოველ პროექტში უნდა იყოს რაღაც უნიკალური, რაც მხოლოდ ამ კლასისთვის, ამ ბავშვებისთვის იქნება დამახასიათებელი იმიტომ, რომ ეს მათი ნააზრევია, მათი მონაპოვარი, მათი აღმოჩენა.
ნ.ს.: ანუ მოსწავლის პიროვნება უნდა გამოჩნდეს აუცილებლად. როცა მასწავლებლები ძალიან ვცდილობთ ხოლმე რაღაცას, ზოგჯერ ჩვენი პერფორმანსი უფროა, ვიდრე მოსწავლის, წესით, მოსწავლის უნდა იყოს, სწორედ მის პიროვნებაში გაცოცხლებული რეალობაა საინტერესო. კიდევ რა იქნება გამოწვევა, სირთულე?
დ.ზ.: გამოწვევა იქნება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დაგეგმვა, ადმინისტრირება. ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ვადების მართვა, რომ სწორ ვადაში შეასრულო პროექტი და მოასწრო ყველაფერი, რისი მოსწრებაც საჭიროა ამ ვადებში. მნიშვნელოვანია დაგეგმვა და რა ეტაპი უნდა გაიარონ ბავშვებმა, რათა ეს პროექტი განხორციელდეს.
ნ.ს.: პრაქტიკული საჭიროება მოითხოვს, რომ რადგან ეს სიახლეა, ცოტა მეტად ჩავუღრმავდეთ, უფრო სწორად, ცოტა დავაკონკრეტოთ. დავიწყოთ იმით, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ არის არაფორმალური განათლება, მაგრამ არც საგაკვეთილო კლასიკური განათლებაა, უფრო კლუბური ფორმატია, როცა შედარებით თავისუფალი რეჟიმია მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის, ერთი სემესტრის განმავლობაში. თუ მასწავლებელს 20 მოსწავლე ჰყავს, 20 პროექტი შეიძლება გაკეთდეს, სხვადასხვა თემატიკაზე.
დ.ზ.: თუმცა, მე ვფიქრობ, რომ, პირველ ეტაპზე, როდესაც ეს პროექტები შემოდის, ალბათ, უფრო გასაგები და ადვილი იქნება მასწავლებლისთვის ჯგუფური, მთელი კლასი რომ ჩართოს ერთ პროექტში, თუმცა, პროექტის ყველა მონაწილეს თავისი სათქმელი უნდა ჰქონდეს და ეს ყველაფერი მასწავლებელმა უნდა დააფიქსიროს, რომ შემდგომში ადეკვატურად შეაფასოს თითოეული ბავშვის წვლილი ამ პროექტში.
ნ.ს.: კლუბური ფორმატი შეიძლება, ასევე, რაღაც გამოწვევებთან იყოს დაკავშირებული, მაგალითად, კითხვები ისმება ხოლმე, ზოგჯერ, ანაზღაურებასთან დაკავშირებით. აქ, პრინციპში, ჩვეულებრივი საგაკვეთილო საათი იგულისხმება (როგორც ანგარიშდება), მაგრამ რეჟიმი, შეიძლება, ონლაინ ურთიერთობა იყოს, მკაცრი შეზღუდვები ამ კუთხით არ არის.
დ.ზ.: რა თქმა უნდა, სხვათა შორის, ამ პროექტის დაგეგმვის პროცესშიც შეიძლება რაღაც ხარჯებიც იყოს დაფიქსირებული, მაგალითად, რამდენი შეიძლება დაიხარჯოს ან რამდენით შეიძლება უშველოს სკოლამ, თემმა, ფინანსურად თუ გარკვეული რესურსებით მომარაგებით და ა.შ.
ნ.ს.: რომ ავიღოთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები, ზოგადად, და 21-ე საუკუნის საკვანძო კომპეტენციები, ალბათ, ეს პროექტი მეტნაკლებად ყველას პასუხობს იმიტომ, რომ, იგივე მეწარმეობა, ვთქვათ, იდეების საქმედ ქცევა, დაგეგმვის კულტურა… პროექტის ფორმატი ისე კარგად გამოხატავს ამ ყველაფერს, როგორც არც ერთი სხვა.
ასევე კვლევა, რომელიც რაოდენობრივი წიგნიერების ნაწილია და იგივე პერსონალური კომპეტენციები, როგორ მართოს პროექტი, მთელი ავტონომია და სიმძიმის ცენტრი, ამ შემთხვევაში, მოსწავლეზე გადმოდის. თავისთავად, ეს მასწავლებლისთვის და სკოლისთვის არის გამოწვევა, პირველ რიგში.
მოდი, ცოდნის კომპონენტზეც გავაკეთოთ აქცენტი – ერთია, მასალის საინტერესო ფორმებით წარმოდგენა, მეორეა სასკოლო თემისთვის გაწეული სამსახური, თუმცა, იმ ცოდნის გაღრმავება, რაც ჩვენ გვქონდა – სამიზნე ცნებები მუსიკაში და გვაქვს საბაზო საფეხურზე, კვლავაც ხდება საშუალო საფეხურზე თუ ეს აღარ არის ისე არსებითი?
დ.ზ.: როდესაც არის საუბარი იმაზე, თუ როგორ გამოიხატება ესა თუ ის პრობლემა მუსიკაში, ძალაუნებურად, ბავშვს მუსიკალური ენის ისეთ ელემენტებზე უწევს ლაპარაკი, როგორიცაა იგივე ჩვენი ცნებები – ბგერა, რიტმი… როგორ არის ეს ცნებები გადმოცემული, რა მხატვრული ხერხებით, რა გავლენა იქონია ამ მხატვრულ ხერხებზე იმ ინტერესებმა, რაც მოაქვს დროს, იქნება ეს პრიორიტეტები საზოგადოებაში, სოციალური პრიორიტეტები თუ სხვა, თუნდაც საკუთარი ინტერესები, ესეც ხომ ამ მუსიკალური ენის ელემენტებით აიხსნება. რატომ მოსწონს, რატომ მოიყვანა, ვთქვათ, ეს მაგალითი და არა სხვა, რით არის ეს მაგალითი საინტერესო და როგორ შეიძლება საკუთარი კვლევის ილუსტრირება მუსიკით – ეს ყველაფერი აუცილებლად აიხსნება იმ მხატვრული ხერხებით, რომლებიც, ფაქტობრივად, საფუძვლად ედება ჩვენს მთავარ მიზანს – ცნებებს.
ნ.ს.: ანუ იგივე ცნებები ახალი ქვეცნებებითა და საკითხებით მდიდრდება, ცოდნათა ბმულები ყალიბდება ამა თუ იმ კუთხით მოსწავლის ბუნებაში. აუცილებელი არ არის, რომ პროექტის შექმნა დაკავშირებული იყოს მაინც და მაინც სიმღერასთან ან ცეკვასთან.
დ.ზ.: ეს ნამდვილად არ არის აუცილებელი იმიტომ, რომ პროექტი იძლევა საშუალებას, ნებისმიერი ბავშვის ნიჭი გამოვლინდეს არა მარტო ცეკვაში, არა მარტო სიმღერაში, არამედ მსჯელობაში და ა.შ.
ნ.ს.: დანერგვის პროცესში რესურსებს აქვს დიდი მნიშვნელობა. უკვე შექმნილია სახელმძღვანელო, უფრო სწორად მასწავლებლის წიგნი, თუმცა იქ მოსწავლეებისთვისაც არის რესურსები. თქვენი აზრით, რა როლი უნდა ჰქონდეს სახელმძღვანელოს დანერგვის პროცესში.
დ.ზ.: დაეხმაროს მასწავლებელს, მართოს პროცესი, დაგეგმოს, დაეხმაროს ასევე, იმაში, ესა თუ ის თემა რა კუთხით შეიძლება გაშუქდეს მათ პროექტში, ანუ პრობლემატიკის არეალი წარმოუჩინოს სხვადასხვა კუთხით, თუნდაც გარკვეული კომპოზიტორის მოღვაწეობა სხვადასხვა წახნაგით, რის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს კონკრეტული პრობლემა ან მხატვრული ამოცანა, რომელიც საფუძვლად დაედება პროექტს და კვლევას.
ნ.ს.: თქვენ ისეთი მრავალფეროვანი პროცესი აღწერეთ, ჩნდება განცდა, რომ ამ პროცესში ყველა მასწავლებელი კი არა, ყველა მოსწავლე შეიძლება გამოვიდეს ახალი რესურსის შემქმნელი, რაც კარგია და გაზიარების კულტურის შემთხვევაში, კიდევ უფრო გააადვილებს დანერგვას და გაამდიდრებს პროცესს სისტემურ დონეზე.
დ.ზ.: ზოგადად, ასეა მიღებული, პროექტი ტოვებს ბავშვში განცდას, რომ მას შეუძლია შეცვალოს სამყარო და შექმნას ახალი.
ნ.ს.: ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროცესი გველოდება წინ, გამოწვევებით აღსავსე, თუმცა საინტერესო. წელს დაიწყო მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა და თანდათან პირველი ნაბიჯები იდგმება. სამინისტროს მხრიდან, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, ამ პროცესის სიღრმისეული შესწავლა და სწრაფი რეაგირება იმ გამოწვევებზე, რაც შეიქმნება და იმ შესაძლებლობების გამოყენება, რასაც ცალკეული მასწავლებლების მიგნებები მოგვცემს. ამისთვის, პრინციპში, მხარდამჭერი მექანიზმები არსებობს კიდეც განათლების სამინისტროში.
♦♦♦
მომდევნო წერილში კვლავ გავაგრძელებთ სასკოლო პროექტებზე საუბარს, ხელოვნების კუთხით განვიხილავთ და შევეცდებით, მთლიანობაში დავინახოთ, რა სიახლე ელით საშუალო საფეხურზე ჩვენს მოსწავლეებს.