ნატო კვარაცხელია
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის კონსულტანტი მასწავლებელი
საქართველოში საჯარო სკოლის ნებისმიერი მოსწავლისთვის, მიუხედავად იმისა, დედაქალაქში სწავლობს თუ მაღალმთიანი რაიონის სოფელში, ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“, მისი უმთავრესი მისიაა მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში, კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატები მასწავლებლის სახლში მაღალკვალიფიციურ ტრენინგებს გადიან და შემდეგ, წარმოდგენილი საგნობრივი ვაკანსიებიდან, ირჩევენ მათთვის სასურველ ადგილსა და სკოლას, სადაც 10-თვიანი ხელშეკრულებით მიდიან სამუშაოდ. მასწავლებელთა სახლი, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, პროგრამაში დარჩენის მსურველ პედაგოგებთან ხელახლა აფორმებს 10-თვიან ხელშეკრულებას.
მე 2014 წლიდან შევუერთდი ამ პროგრამას. ყველაფერი ერთი ზარით დაიწყო: „გთხოვთ, მობრძანდეთ გასაუბრებაზე მასწავლებელთა სახლში“… შემდეგ იყო ელფოსტაზე მოსული შეტყობინება: „თქვენ წარმატებით გაიარეთ გასაუბრება“… და პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ – ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში…
⇒ სვანეთი
მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოში დავიბადე, სვანეთში არასოდეს ვყოფილვარ. დაუოკებელი სურვილი მქონდა მეხილა… და აი, მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელი იელი, სულ 19 კომლია.
მანამდე კი იყო ძალიან ნაყოფიერი, ეფექტური და კარგად ორგანიზებული ტრენინგი ქალბატონ ქეთი ოსიაშვილთან და შეძენილი კოლეგები, რომლებიც მეგობრები გახდნენ.
ტრაფარეტი ზუგდიდის გასასვლელში: „მესტია – 137კმ“ …შემოპარული შიში – სად მივდივარ, თუ ამხელა მანძილი უნდა გავიარო მთებში. სულ მაღლა და მაღლა ავდივართ, თავიდან ენგურს გვერდიგვერდ მივყვებოდით, ბოლოს კი ხეობაში ძაფივით მოსჩანდა. ისევ – სად მივდივარ?.. ალბათ, ღმერთთან ახლოს, ვიმშვიდებ თავს. დახვედრა და მიღება – სტუმართმოყვარეობის ეტალონი… ცნობისმოყვარე თვალები – ვინ არიან?
მერცხლის ბუდის მსგავსი სკოლა, 9 კლასი 11 მოსწავლით, სკოლაში ყველა პირობაა სწავლა-სწავლებისთვის. სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლეილა ხვიბლიანმა, პირველმა „გაბედა“ და მოითხოვა „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მასწავლებლები პირველივე, 2009 წელს.
პროგრამის მონაწილეები ოთხნი ვიყავით, განწყობა – „რას ვერ შევძლებთ“ და შევძელით, კალენდარზე წითლად მონიშნული არც ერთი დღე ყურადღების მიღმა არ დაგვრჩენია. მოტივირებული მოსწავლეები, მშობლები, თემი… სარაიონო ტურნირი ჭადრაკში (ორგანიზატორი – არჩილ ბურჯანაძე); სარაიონო კონკურსი „ინტელექტი“ (მაკა გელაშვილთან, არჩილ ბურჯანაძესთან და ია კუბლაშვილთან ერთად), რომელშიც პირველ წელს 9 სკოლა მონაწილეობდა, მომდევნო წელს კი – 23; სასწავლო წლის ძალიან პოზიტიური დასრულება – სასწავლო-შემეცნებითი პროექტი „სტუმრად დედაქალაქში“ (სპონსორი – საქართველოს ლატარიის კომპანია). იელის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამი დღე სტუმრობდნენ დედაქალაქს. მოინახულეს მთაწმინდის პარკი, ზოოპარკი, გასართობი ცენტრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი. საოცარი მასპინძლობა გაგვიწია ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა განაახლა. ლატარიის კომპანიამ ყველა მოსწავლეს პლანშეტი აჩუქა, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კი მათში ელექტრონული წიგნები ჩაუტვირთა. გახარებული ბავშვები, კმაყოფილი პედაგოგები და მშობლები… ისევ გამოგვივიდა (ია კუბლაშვილთან ერთად).
ჩვენი ყველა აქტივობა მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას და ხარისხიანი განათლების მიღებას ემსახურებოდა, დავნერგეთ თანამედროვე სწავლების ფორმები. ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილები, გამორჩეულად კარგი იყო პროექტ-გაკვეთილი „სუპერმარკეტი „იელი“, რომელიც ძალიან ჰგავდა დღევანდელ კომპლექსურ დავალებას, ასევე, გვქონდა გაკვეთილი ბუნებაში და სხვ. ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ადგილობრივ პედაგოგებსა და პროგრამის მონაწილეებს შორის, დიდი პატივისცემით მიგვიღო თემმა. სვანეთში ორი წელი გავატარე.
⇒ დმანისი
2016 წლის სექტემბერში რადიკალურად განსხვავებულ გარემოში დავიწყე მუშაობა – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში. სოფელი მთლიანად აზერბაიჯანულია, 403 მოსწავლეა და აქედან მხოლოდ 96-ია ქართულ სექტორში. ჩავიბარე პირველი კლასი 3 მოსწავლით, რომლებმაც არც ერთი სიტყვა არ იცოდნენ ქართულად. შემოპარული შიში – შევძლებ? მე ხომ მათი ენა არ ვიცი, იქნებ… ასე სჯობს, უფრო ისწავლიან ქართულს.
პატარები ძალიან ნიჭიერები აღმოჩნდნენ, ფეხდაფეხ მომყვნენ. შევქმენი თვალსაჩინოებები, რადგან ჩემი მთავარი იარაღი ჟესტები და თვალსაჩინოებები უნდა ყოფილიყო.
ყველა სიახლეს ახლავს პრობლემები, მით უმეტეს, როცა სხვა ტრადიციებია, სხვა შეხედულებები, თანამედროვეობის დეფიციტი, მყარად გამჯდარი კომუნისტური მიდგომები… ფრთხილი და დელიკატური მიდგომა იყო საჭირო. შევძელი ნდობის მოპოვება, რაც მარტივი არ იყო.
ქართველ მასწავლებლებთან ერთად, ქართულ-აზერბაიჯანულ სექტორზე, ერთობლივი საახალწლო ღონისძიება ჩავატარეთ – ქართული ლექსები, სიმღერები და ცეკვები… კითხვის პოპულარიზაციის და წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, შევქმენი მკითხველთა კლუბი „პატარა მკითხველი“. სკოლაში არ იყო ქართული მხატვრული ლიტერატურა. ქართველი მასწავლებლების თანადგომით, ჩვენი სახსრებით, შევიძინეთ პატარ-პატარა ზღაპრები, მოთხრობები და საფუძველი ჩავუყარეთ ქართულენოვან ბიბლიოთეკას. შემდეგ ვიზრუნეთ მის გამრავალფეროვნებაზე – პროექტი „ჩემი საყვარელი სივრცე“, რომლის მიზანი იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც მოსწავლეები სიამოვნებით წაიკითხავდნენ კლასგარეშე ლიტერატურას. პროექტი განხორციელდა „მომავლის თაობის“ სიქას (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) გუნდთან თანამშრომლობით, ამ გუნდმა მრავალი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა, მათ შორის საგრანტო, რომლის ფარგლებშიც, 450$-ის ოდენობის თანხა მოვიგეთ და მოსწავლეებისთვის მიმზიდველი საბიბლიოთეკო ავეჯი შევიძინეთ; დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სახსრებით გარემონტდა ოთახი, სადაც ბინა დაიდო ქართულენოვანმა ბიბლიოთეკამ – „ჩემი საყვარელი სივრცე“. მოვიგეთ, ასევე, სიქას გუნდის მიერ გამოცხადებული ტექნიკის კონკურსიც და ჩვენს ბიბლიოთეკას ლეპტოპი შევძინეთ. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური ო, ბატონი გიორგი კეკელიძის თანადგომით, შეივსო და გამრავალფეროვნდა წიგნადი ფონდი (ორჯერ გვეწვია და ორივეჯერ საჩუქრად ქართული მხატვრული ლიტერატურა ჩამოგვიტანა).
ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა პროექტ „ჩემი საყვარელი სივრცის“ დასკვნითი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლეები მთელი სკოლიდან. მათ გააკეთეს პრეზენტაციები, იმღერეს და იცეკვეს, წარმოადგინეს ნაწყვეტი ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩადან“ და მრავალი სხვა. ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ „მომავლის თაობის“ და პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ხელმძღვანელობა, ბატონი გიორგი კეკელიძე, დმანისის მერიის და რესურსცენტრის წარმომადგენლები, მშობლები, მოსწავლეები, პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები. ბევრი საჩუქარი ჩამოგვიტანეს პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მესვეურებმა, ქალბატონებმა – ლალი წიკლაურმა და თამთა ნაცვალაძემ.
ირგანჩაიში 6-წლიანი მუშაობის მანძილზე განვახორციელეთ მრავალი აქტივობა, ღონისძიება, პროექტი, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ორივე, ქართულ-აზერბაიჯანული, სექტორის მოსწავლეები და პედაგოგები, თემის ახალგაზრდობა. მშობლები „მოვიყვანეთ“ სკოლაში, დავათბეთ ურთიერთობა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებები ჩამოვაყალიბეთ მშობლებსა და სკოლას შორის.
მხოლოდ სკოლაში განხორციელებული აქტივობებით არ შემოვიფარგლე და განვახორციელე სარაიონო პროექტი „ბულინგი, ძალადობა თუ ბავშვური სიცელქე“, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული სკოლის მოსწავლეები.
2017 წლიდან, ჩვენი სკოლა „ეტალონში“ მონაწილეობს და ყოველ წელს, ჩვენი მოსწავლეები მესამე-მეოთხე ადგილებს იკავებდნენ რაიონის მასშტაბით, 2021 წელს კი ჩვენი მერვეკლასელი ემილია ბაგიროვა რაიონის ეტალონი მოსწავლე გახდა.
თანადგომას და გამოცდილების გაზიარებას არ ვაკლებ როგორც აზერბაიჯანელ, ისე ქართველ კოლეგებს. ჩემი ხელმძღვანელობით, ყოველ წელიწადს, ორ-ორი მასწავლებელი ხდება მაძიებლობიდან უფროსი. ვისწრებ და ვესწრები გაკვეთილებზე, სკოლაში, თამამად ვიტყვი, ჩემი ხელმძღვანელობით, ჩამოყალიბდა შეკრული და მეგობრული კოლექტივი.
როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენთვისაც პანდემია დიდი ხელშემშლელი ფაქტორი გახდა. თუმცა, მოკლე დროში, აქაც მოვერგეთ სიტუაციას. მართალია, მოსწავლეთა ნაწილი ონლაინ სწავლებაში ვერ ერთვებოდა, მაგრამ აქაც ვიპოვეთ გამოსავალი და ისინი ყურადღების მიღმა არ დაგვიტოვებია, ხშირად თანხასაც ვურიცხავდით ინტერნეტის შესაძენად… პანდემიის პირობებშიც კი განვახორციელეთ სხვადასხვა პროექტი, ერთ-ერთი იყო „შევინარჩუნოთ ჯანსაღი გარემო“, რომელიც ახლაც გრძელდება. პროექტში, რომელიც eTwinning-ის ფარგლებში ხორციელდება, მსოფლიოს 6 ქვეყნის სკოლებთან ერთად, საქართველოს 3 სკოლა მონაწილეობს. პროექტი მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს დასრულდება და სკოლას წარვადგენთ როგორც საქართველოში, ისე საერთაშოროსო ხარისხის ნიშანზე.
შევეცადე „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვას, „არაჩართული სკოლის“ სტატუსით. ნელ-ნელა მივდივართ წინ, გავიარე ტრენინგები და თითოეული სიტყვა მივიტანე კოლეგებთან, ვამუშავებთ კომპლექსურ დავალებებს, ვმართავ საინფორმაციო შეხვედრებს სიახლეების გაცნობის მიზნით; ამჟამად ვცდილობ კოლეგებს დავეხმარო წინსვლაში, გამოცდებისთვის მზადებასა და სათანადო აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში.
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ჩემთვის მრავლისმომცემი აღმოჩნდა – იელიდან (სვანეთი) ირგანჩაიში (დმანისი), ქართული სამყაროდან აზერბაიჯანულში – ეს მოძრაობა ითხოვდა ადაპტაციას, ნებისყოფის სიძლიერეს. სხვადასხვა დონის, შეხედულებების, ტრადიციებისა და მისწრაფებების მოსწავლეებთან და კოლეგებთან ურთიერთობამ, ვფიქრობ, პროფესიულად ძალიან გამზარდა – მომიწია მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება, ახლის გამოგონებაც კი, რომ სწავლება ეფექტური გამომსვლოდა. ზოგან იყო ხელშეწყობა, ზოგან არა… რთულია ეს ყველაფერი და შეიძლება, ზოგჯერ შეუძლებელიც, რომ არა პროგრამის ხელმძღვანელების მორალური თანადგომა, ყურადღება, მათგან წამოსული პოზიტივი, მუდმივად ინფორმირებულობა მათი მხრიდან.
პროგრამამ მასწავლა ახლობლების მონატრების გაძლება, მოთმენა, ბევრ რაღაცაზე თვალის დახუჭვა ურთიერთობების გადასარჩენად… პროგრამამ „ასწავლე საქართველოსთვის“ ჩემი თავი ხელახლა აღმომაჩენინა.
როცა სასწავლო წლის ბოლოს ჩემს პაწუკებს ვემშვიდობები, ვეუბნები: „სკოლა დამთავრდა, ფოთლები რომ გაყვითლდება, მაშინ უნდა მოხვიდეთ სკოლაში-მეთქი“. გამიდი მყავს ერთი, ყველაფრის დაზუსტება უყვარს და მეუბნება: „მასწლო (მთლიანად ვერ ამბობდა), ახლა წადი სახლში, კარტოფილი ამოიღე, მოდი სკოლაში“ – ანუ ახლა წავალ სახლში და როცა კარტოფილის ამოღება იქნება, მაშინ მოვალ სკოლაშიო. შემოდგომა კარტოფილის მოსავლის აღებას დაუკავშირა და სკოლაში მოსვლაც მას მიაბა…
აი, ასეთია ჩემი ამბავი.