♦ ნათელა მაღლაკელიძე – განათლების მეცნიერების დოქტორი, ილიას უნივერსიტეტის განათლების სკოლის პროფესორი
წინამდებარე საგაზეთო წერილი გამოხმაურებაა ახალგაზრდა პედაგოგის – ირმა გრიგალაშვილის – სტატიაზე ?? „განათლების სისტემის აქტუალური პრობლემები“. ეს არის ახალგაზრდა მასწავლებლის თვალით დანახული პრობლემები ამჟამინდელი განათლების სისტემაში; პრობლემები, რომლებიც დღეს მართლა არსებობს. შევეცდები, მოგახსენოთ ჩემი აზრი მათ შესახებ:
-
მასწავლებელთა კარიერული წინსვლა და სასერტიფიკატო გამოცდები – რეფორმის შემდეგ ფაქტობრივად გაუქმდა მასწავლებლის დიპლომი და ყველა პედაგოგი, აგრეთვე ამ პროფესიაში შესვლის მსურველი, ვალდებულია ჩააბაროს სასერტიფიკატო გამოცდები, რათა დაადასტუროს თავისი პროფესიული კომპეტენცია. კარგია ეს თუ ცუდი? რა თქმა უნდა, როცა არ არსებობს პედაგოგის დიპლომი, რომელსაც დღეს არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი აღარ გასცემს, ამგვარი გამოცდის ჩაბარება აუცილებელია. უნდა ვიცოდეთ, რამდენად ფლობს საგნობრივ კომპეტენციას ის პირი, რომელსაც ამ საგნის სწავლება აქვს გადაწყვეტილი. მაგრამ ისიც მართალია, რომ ეს გამოცდა არ განსაზღვრავს ამ პიროვნების მზაობას პედაგოგობისათვის. არც თუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც პედაგოგი/პედაგოგობის მსურველი აბარებს ამ გამოცდას (ზოგჯერ წარმატებითაც), მაგრამ პედაგოგობისთვის არ გახლავთ მზად მთელი რიგი მიზეზების გამო: არ შეუძლია ცოდნის მიტანა მოსწავლემდე, არ იცნობს სწავლა/სწავლების სტრატეგიებს, არ გაუვლია სასკოლო პრაქტიკა… ასეთებისათვის არსებობს სწორედ მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამები, სადაც მათ შეუძლიათ ამ ხარვეზის შევსება და მომზადება ამ რთული პროფესიისათვის. მაგრამ ისიც ვიკითხოთ, საკმარისია ამ გამოცდებზე მინიმალური ბარიერის გადალახვა, რომ პედაგოგად მომზადდეს კადრი? დღეს ყველას, ვისაც კი აქვს ნებისმიერი საბაკალავრო განათლება მიღებული (არ აქვს მნიშვნელობა, რა მიმართულებით), შეუძლია ამ გამოცდაზე გასვლა. ბევრისთვის არც მინიმალური ბარიერის გადალახვა წარმოადგენს სირთულეს. მაგრამ დამერწმუნეთ, თუ პიროვნებას არ აქვს შესაბამისი განათლება საბაკალავრო დონეზე მაინც, მხოლოდ მინიმალური ბარიერის გადალახვა არ უშველის, რათა მასწავლებლად ვაკურთხოთ. ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნობრივი სტანდარტები საკმაოდ მაღალ პროფესიულ ცოდნას ითხოვენ პედაგოგისაგან. ნუ მოვიტყუებთ თავს, ქართულ ენასა და ლიტერატურას სასკოლო განათლების ზედა საფეხურებზე ვერანაირად ვერ ასწავლის ის პირი, ვისაც შესაბამისი ფილოლოგიური განათლება არ აქვს მიღებული. მხოლოდ სწავლების სტრატეგიების ფლობით, განათლების მეცნიერებით (და სწორედ ამას ასწავლიან მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე) ვერ მივიღებთ მაღალი დონის სპეციალისტს. აქ ამ პროგრამას ისმენენ სხვადასხვა საგნობრივი კომპეტენციების მქონე პირები, რაც, თავისთავად, დიდ სირთულეს წარმოადგენს (მაგ., ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი 60-კრედიტიან ჯგუფში, ფილოლოგთან ერთად, ისმენს განათლების მეცნიერებებს). ასე რომ, ბარიერის აწევა მართლაც საჭიროა.
რაც შეეხება კატ-ის გამოცდებს, ვეთანხმები ავტორს, რომ იგი მხოლოდ ექსპლიციტურ მასალაზე იყო ორიენტირებული და ფაქტობრივი მასალის ცოდნას აფასებდა. თუმცა, ამავე დროს, ეს ერთგვარი სტიმულიც იყო მოსწავლისათვის, რათა წლის ბოლოს მაინც გადაეხედა სასწავლო მასალისთვის. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უკვე ხმამაღლა ისმის მოსაზრებები განმსაზღვრელი შეფასებების გაუქმების შესახებ, მაშინ მალე არანაირი გამოცდის ჩატარება აღარ მოგვიწევს.
რეპეტიტორობის ინსტიტუტს კი რაც შეეხება, ეს ჩვენი რეალობაა და სინამდვილეს უნდა გავუსწოროთ თვალი — საჯარო სკოლა დღეს სწორედ რეპეტიტორზე დგას. გამოაცალეთ სკოლას რეპეტიტორი და ნახავთ, რა შედეგსაც მივიღებთ. რა არის ამის მიზეზი? ეს ცალკე საუბრის თემაა. პედაგოგს კი თავისი საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებლად რეპეტიტორი ნამდვილად არ უნდა სჭირდებოდეს, ამაში გეთანხმებით.
-
„არსებული მიდგომა ცალსახად უსამართლოა ახალბედა მასწავლებლების მიმართ და საგრძნობლად უთანასწორო კონკურენციაა ახალკურსდამთავრებულსა და ე.წ. „სტაჟიან კადრებს შორის,“ – წერს ავტორი. ეს ალბათ, პირველ რიგში, ამა თუ იმ მიმართულების საგნის მასწავლებელთა სიმრავლით გახლავთ გამოწვეული, რაც დროთა განმავლობაში თავისთავად დარეგულირდება (და ამისი დარეგულირების ცდები არის კიდეც).
-
„რა ძალა აქვს ბაკალავრის დიპლომს? მაგისტრის აკადემიურ ხარისხს? — პასუხია, თითქმის არანაირი!“ – ეს რეალობაა, სამწუხარო რეალობა, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ხარისხს. უფრო მეტიც, განათლების მაგისტრი, რომელსაც საგნის მასწავლებლის მიმართულებით აქვს ეს ხარისხი მოპოვებული და რომელმაც მოისმინა 120-კრედიტიანი პროგრამა, დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია განათლების მეცნიერებაში, ვერ შევა სკოლაში, სანამ ისევ თავიდან არ გაივლის მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამას. კანონით მას პედაგოგობის უფლება არ აქვს. კურიოზია: მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტი აძლევს მას ამის უფლებას, სამაგისტრო საფეხურზე საგნის მასწავლებლის 120 კრედიტი – არა. უფრო მეტიც, განათლების მაგისტრს უფლება აქვს, ასწავლოს განათლების ბაკალავრებს, მაგრამ მოსწავლეებს ვერ ასწავლის, დღევანდელი კანონი მას ამის უფლებას არ აძლევს. ასე მოდიან ჩვენი მაგისტრატურის კურსდამთავრებულები ისევ ჩვენთან 60-კრედიტიან პროგრამაზე. ეს ხარვეზი აუცილებლად გამოსასწორებელია.
-
რაც შეეხება მასწავლებლის მომზადების ე.წ. „მაინორ“ პროგრამას საბაკლავრო დონეზე – ეს პროგრამა, წლების განმავლობაში, კარგად მუშაობდა, ფილოლოგი სტუდენტები (ჩვენ შემთხვევაში), არჩევითი 60 კრედიტის პარალელურად, იღებდნენ კომპეტენციას განათლების მეცნიერებებში და შემდეგ აბარებდნენ გამოცდებს. რატომღაც ეს პროგრამა ჯერ გააუქმეს, ახლა ისევ აღადგინეს და სტუდენტი უკვე დაბნეულია, არა აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, ღირს თუ არა დამატებით ამ პროგრამის არჩევა, დაეხმარება თუ არა იგი მას პედაგოგად მომზადებაში.