იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა პრევენციული ღონისძიებები განვახორციელოთ ბავშვთან რთული ქცევის შესამცირებლად, მნიშვნელოვანია, ჯერ გავიგოთ რა არის რთული ქცევა. ქცევად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის ნებისმიერი მოქმედება, არავერბალური კომუნიკაცია, როგორიცაა: გამოხედვა, ჟესტები, ასევე მისი ემოციები და ფიქრებიც კი.
▶▶ რთულ ქცევას მიეკუთვნება შემდეგი სახის ქმედებები:
1) ნებისმიერი ქმედება, რომელიც ფიზიკურ, ვერბალურ და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს გარშემომყოფებს, გარემოს, ბაღის რესურსებს ან თვითონ ბავშვს — „თვითდამაზიანებელი ქცევა“;
2) ქმედებები, რომელიც ხელს უშლის აღმზრდელ-პედაგოგს, თანატოლებს და თვითონ ბავშვს აქტივობებში და ბაღის რუტინის განხორციელებაში;
3) ქმედებები, რომელიც შეუსაბამოა ბავშვის ასაკის და განვითარების მიხედვით. მაგ.: ეს შეიძლება იყოს საწოვარას გამოყენება 4-5 წლის ასაკში ან როცა 5 წლის ბავშვი ითხოვს, სხვისი დახმარებით ჭამოს, როცა ეს მას დამოუკიდებლადაც შეუძლია და არანაირი მოტორული, განვითარებასთან დაკავშირებული ან სპეციფიკური შეზღუდვა არ აქვს.
რომელი სტრატეგია უფრო ეფექტურია ბაღის პედაგოგებისთვის და აღსაზრდელებისთვის – პრევენციული თუ კორექციული? პრევენციული ღონისძიებები გულისხმობს წინასწარ განსაზღვრულ წესებს, თვალსაჩინო მოლოდინებს ბავშვის მხრიდან, მარტივ და გასაგებ ინსტრუქციებს, პოზიტიურ გარემოსა და მისაღები ქცევის ხელშემწყობ მიდგომას.
ამ დროს კი, კორექციული მიდგომა გულისხმობს უკვე მომხდარ ფაქტზე რეაგირებას, როცა რთულდება იმის დადგენა რა გაკეთდა არასწორად, რამაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი შეცდომა დაგვაშვებინოს მუშაობის პროცესში.
იმისათვის, რომ სტრუქტურირებული იყოს სტატიაში მოყვანილი რეკომენდაციები, ისინი შემდეგ ნაწილებად დავყავი: მასწავლებლის როლი პრევენციულ ღინისძიებებში, ფიზიკური გარემოს მოწყობა და მშობლების ჩართულობა.
მოდი, რეკომენდაციები დავიწყოთ აღმზრდელ-პედაგოგის როლზე საუბრით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ სწავლების და ბავშვებთან ურთიერთობის, ჯგუფის მენეჯმენტის რა სტილს და ფორმას იყენებს პედაგოგი. ასეთი ფორმა არსებობს, დაახლოებით, სამი, ეს შეიძლება იყოს: ავტორიტარული, თანამშრომლობითი (დემოკრატიული) და ბოლოს ქაოსური.
🔎ავტორიტარული აღმზრდელ-პედაგოგი წინასწარ არ აცნობს ბავშვებს ჯგუფის წესებს. ის მხოლოდ ეუბნება ბავშვს რა არ უნდა გააკეთოს, შესაბამისად, რთულია ბავშვისთვის იმის განსაზღვრა რა იქნებოდა სწორი ქცევა, ამიტომ, დიდი ალბათობით, ის გააგრძელებს არასასურველ ქცევას. ავტორიტარული მასწავლებელი არ აძლევს ბავშვებს რესურსებზე წვდომის და მრავალფეროვნების საშუალებას, არ არის ფუნქციურად დაყოფილი სათამაშო სივრცე, იგი მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ ბაღის ერთფეროვან პროგრამას მიჰყვება; არ ითვალისწინებს ბავშვების სურვილებს, ინტერესებს და არ ამყარებს მათთან ემოციურ ურთიერთობას. მათ შორის ურთიერთობა შიშს და გარეგან ჯილდოს ემყარება. დათრგუნულია ბავშვების პირადი მოსაზრებები და შემოქმედებითი ინიციატივები. ბავშვები ვერ გამოხატავენ პირად დამოკიდებულებებს და ემოციებს, რაც გროვდება და, საბოლოოდ, ერთხელაც, გამოიწვევს რთულ ქცევას.
🔎 თანამშრომლობითი მასწავლებელი ბავშვებთან ერთად შეიმუშავებს ქცევის წესებს, მათთან ერთად აფორმებს ვიზუალურად და თვალსაჩინო ადგილას განათავსებს, რათა ბავშვებს მუდმივად შეეძლოთ წესებისთვის თვალყურის დევნება. სათამაშო სივრცე დაყოფილია ფუნქციების მიხედვით და ბავშვებს აქვთ წვდომა რესურსებზე.
🔎 მასწავლებელს არ ეშინია, რომ ბავშვები რესურსებს დააზიანებენ, რადგან მათ წინასწარ იციან ბაღის წესები. მას ყოველთვის აქვს აქტივობების პროგრამა, მაგრამ ასევე ითვალისწინებს ბავშვების სურვილებს და პირად ინტერესებს, თუ რა ტიპის თამაშები მოსწონთ. მასწავლებელი ხელს უწყობს პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბებას და ხშირად მიმართავს შექებას, ბავშვების ქცევის დადებით განმტკიცებას. აქვე უნდა აღინიშნოს მასწავლებელსა და ბავშვებს შორის ემოციური კავშირისა და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება, როცა ბავშვებს უყვართ პედაგოგი და ასევე პატივს სცემენ მას.
🔎 ქაოსურია ჯგუფის მენეჯმენტის ფორმა, როცა არანაირი წესები არ არის განსაზღვრული, ბავშვებს არ აქვთ რუტინა, არ იციან თუ რას მოელიან მათგან პედაგოგები, მაგრამ, ამავე დროს, არ ხდება რაიმეს აკრძალვა და მასწავლებელსა და ბავშვებს შორის მეგობრული ურთიერთობაა. მიუხედავად ამისა, სამომავლოდ, ეს მაინც გამოიწვევს გაუთვალისწინებელ რთულ ქცევებს, რადგან როცა არ იცი რას მოელიან შენგან, შესაძლოა, არა გამიზნულად, არამედ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, შენმა ქმედებამ აქტივობების ჩაშლა ან არასწორი მიმართულებით გაგრძელება გამოიწვიოს.
🔎 როგორ მოვაწყოთ გარემო, იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ რთული ქცევა ბავშვების მხრიდან. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჯგუფის წესების შემუშავება. ასევე, მაგალითად, თუ წესების ძირითად პოსტულატს მასწავლებელი განსაზღვრავს, როცა საქმე 4 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებს ეხება, მნიშვნელოვანია, ისინი ჩავრთოთ წესების შემუშავების დროს და მიღებული წესები, სურათებთან ერთად, მათი დახმარებით გავაკრათ კედელზე. ეს შეუქმნით განწყობას, რომ წესები უბრალოდ ვინმემ კი არ დაუწესათ, არამედ თვითონ არიან ამ ყველაფრის მონაწილენი და გუნდურ განწყობას განაპირობებს ჯგუფში.
🔎 წესები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ბავშვების ასაკობრივ განვითარებასა და უნარებს, ამავდროულად, უნდა იყოს მარტივი, გასაგები და დასურათებული. წესები დავწეროთ პოზიტიური ენით, იმის მაგივრად, რომ დავწეროთ რა არ გააკეთონ ბავშვებმა, დავწეროთ რა გავაკეთოთ და როგორ მოვიქცეთ. წესები სავალდებულოა ყველასთვის, მათ შორის პედაგოგებისთვისაც. ყურადღება გავამახვილოთ ქმედებაზე და არა პიროვნებაზე. არ გადავტვირთოთ ბავშვები ბევრი წესით – მაქსიმუმ, 5-6 წესი ყველაზე ოპტიმალურია.
🔎 ყველა ჯგუფი უზრუნველყოფილი უნდა იყოს რუტინით. ბავშვებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, დღის მანძილზე, რისი გაკეთება მოუწევთ. ხშირად ზრდასრულებსაც კი გვიჩნდება შფოთვა, როცა უცნობ ადგილას მივდივართ და ბევრ კითხვას ვსვამთ ამასთან დაკავშირებით – „ვინ დაგვხვდება“, „როგორი გარემოა“, „რისი გაკეთება მოგვიწევს“, ასე არიან ბავშვებიც, მათთვისაც მნიშვნელოვანია წინასწარ განწყობის შექმნა. ეს თავიდან აგვარიდებს შფოთვას და ემოციური ხასიათის რთულ ქცევებს. ხშირად ბავშვები იმიტომ მიმართავენ რთულ ქცევას, რომ არ იციან რა გააკეთონ და დღე არასტრუქტურირებულია. რუტინა მათ უსაფრთხოებისა და ემოციური სტაბილურობის განცდას აძლევთ – „კონტროლის, მართვის შეგრძნებას“. გარდა აუცილებლად შესასრულებელი რუტინული აქტივობებისა, გამოყოფილი უნდა იყოს დრო მათი პირადი სურვილების განსახორციელებლადაც.
ბაღში აუცილებლად უნდა იყოს გარემოს შესახებ, სივრცითი და ინსტრუქციული, ვიზუალური მიმანიშნებლები, მაგალითად: მარჯვნივ რომელი ოთახია, მუსიკის ოთახში როგორ მოვიქცეთ, ხელები როგორ დავიბანოთ, გარეთ გასასვლელი რომელია და ა.შ.
🔎 მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ბაღის ყველა რგოლსა და მშობელს შორის. ბავშვებთან დაკავშირებულმა ყველა პირმა უნდა ითანამშრომლოს, რათა მშობელთან ერთად შემუშავდეს ბავშვთან დაკავშირებული საერთო „პოლიტიკა“ და შეირჩეს ერთი სტრატეგია. ეს თავიდან აგვარიდებს ბავშვის მხრიდან დაბნეულობას, როცა ოჯახის წევრი აძლევს მას არასასურველი ქცევითი კომუნიკაციის დამყარების საშუალებას, ხოლო ბაღში პედაგოგი სხვა ფორმას სთხოვს. მშობლებმა სახლში აუცილებლად იგივე სტრატეგია უნდა გამოიყენონ, ესაუბრონ ბაღის წესებსა და მისაღებ ქცევის ფორმებზე.
ერთ-ერთი ეფექტური სწავლების სტრატეგია ბავშვებისთვის მოდელირებაა. ყველაზე მეტად ბავშვი სწავლობს იმას, რასაც სხვების მაგალითზე ხედავს, ამიტომ თვითონ პედაგოგიც უნდა ასრულებდეს წესებს, იყოს ემოციურად გაწონასწორებული და თანმიმდევრული.
▶▶ პედაგოგის სწორი სწავლების ფორმა, პოზიტიური და მარტივად გასაგები ბაღის გარემო, პროცესში ჩართული მშობელი, რომელიც ბაღის სპეციალისტებთან ერთად აძლიერებს ბავშვის ბაღში ადაპტაციის პროცესს და ეფექტურად შემუშავებული წესები აუცილებლად მოგვცემს საშუალებას, რომ თავიდან ავირიდოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები და რთული ქცევის გამოვლინებები. ეს კი, განაპირობებს მშვიდ, სასიამოვნო და ბავშვისთვის განმავითარებელ საგანმანათლებლო გარემოს.