ნინო დოლენჯაშვილი
გოგიტა კიკნაძის სახ. თბილისის №182 საჯარო სკოლის
წამყვანი პედაგოგი
მწერლობა ყოველთვის გამოხატავდა ეპოქის სულისკვეთებას, სხვადასხვა სახეს ქმნიდა და აახლოებდა ცხოვრებისეულ პროტოტიპებთან, მაგრამ მთავარი მაინც ის თემები იყო, რომლებსაც არასოდეს ეკარგებოდა აქტუალობა. პოსტმოდერნიზმი — ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელსაც ახასიათებს ინტერტექსტუალობა, ენობრივი თამაში, ახერხებს ტრაგიკულისა და კომიკურის ზღვარზე ისე გაგვატაროს, რომ მკითხველიც არ დაიძაბოს.
პერსონიფიცირება, მეტაფორული აზროვნება ჯემალ ქარჩხაძის ამ ნაწარმოების გამორჩეული სტილია. როგორ აისახა თვით ნაწარმოების სათაურშივე ენობრივი თამაში, მესამე პირის ნაცვალსახელით პერსონაჟის სახელდება უკვე მიგვანიშნებს პრეისტორიულ ერაზე. რამდენად შესაძლებელია პირველყოფილ საზოგადოებაში ინდივიდის დაბადება. ცხადია, ადამიანის ევოლუციის გზა დაკავშირებულია დროსა და უდიდეს ძალისხმევასთან. იგის პიროვნებად დაბადება რთული და წინააღმდეგობრივი პროცესია. ადამიანი თავად უნდა მოიცავდეს სამყაროს, თუმცა უნდა გაიაროს თვითშეცნების გზა, სამყაროს შეცნობაც ხომ ლოგოსთან არის დაკავშირებული: „პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო იგი ღმერთი“. იგის სიტყვები გაურკვეველია, მეტყველება – დანაწევრებული, „მრავალი გაკვირვება ცოდნად უნდა იქცეს“. სამყარო აღქმულია, ახლა გაკვირვების სიღრმე უფრო რთულდება, რადგან ძველი ბელადის ქმედებამ უკვე აფიქრებინა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა და რა არის ეს ახალი? მითოლოგიიდან დაწყებული კაცობრიობა ძალაუფლებისთვის ბრძოლის უხეშ ფორმებს გვთავაზობს, რომ არასოდეს უფიქრია „ჰუბუტით“ გაკადნიერებულ კაცს, ძალაუფლება უმტკივნეულოდ დაეთმო. ალბათ, შემთხვევითი არც ის საკითხია, რომ ყველა მამას შვილი დაამხობს, მით უმეტეს, მაშინ, როცა პოსტმოდერნიზმი აქტიურად უჭერს მხარს შვილების მხრიდან მამების დამარცხებას. „ოდესმე შენც შენი შვილი დაგამხობს“ – ისმის ურანოსისგან კრონოსის მიმართ. სამწუხაროდ, მართლდება ეს ჭეშმარიტება, რადგან ძალაუფლებისკენ სწრაფვის სურვილი ყველა ურთიერთობას ანგრევს და ანადგურებს. „დიდი დაძინების ხახისთვის“ იწირებიან დამარცხებულნი და ისინი, ვისი დაბადებაც არავის ახსოვს. ვინ დაუწესა კაცობრიობას უფლის კანონზომიერებათა შეცვლა? ცხადია, ადამიანის მიერ შექმნილმა დაუწერელმა კანონებმა და სქემებმა. ასეთი წესრიგით იცხოვრა ვაჟა-ფშაველას თემმა: „რაც სწადია“, ის აღასრულოს. პირველყოფილი საზოგადოების განაჩენიც ერთსულოვანი, თუკი ბელადის სიტყვებს „ცხელი ხიფათის სუნი აუვა“. რატომ ეჩქარება „დაუშლელ გორგალს“ შურისძიების აღსრულება. „დღის თვალის“ გახელის მოლოდინით რომ შესცქერის ცას, რათა ხორცითა და ვნებით კმაყოფილება ერთხორც და ერთფერ განიცადოს მთელმა ტომმა, მსხვერპლშეწირვით კმაყოფილმა ყიჟინა დასცეს და ხტუნვა დაიწყოს. ინდივიდი წელში იმართება, მთების სიმაღლეს მადლობას სწირავს, სიტყვებიც მწყობრად ლაგდება. სიტყვაც ემორჩილება და ხელიც, რომელიც სილასა და ქვაზე ადამიანებს აცოცხლებს. იმისათვის, რომ ინდივიდად იქცე, განსხვავებულობის შიში უნდა დაძლიო. წუხილსა და ტკივილს შორის ბრძოლაში, სულისთვის სასარგებლოდ იმოქმედო. სილამაზის განცდისა და ესთეტიკური აღქმის უნარი იგიში ხელოვნების მსახურების იდეას ბადებს. საკუთარ თავში გაფაქიზებული სიყვარულისა და შემოქმედებითი ძალის აღმოჩენა იგის დაარწმუნებს, რომ არის სული და ეს სული მთელ სამყაროშია განფენილი: „იგი ყველაფერია და ყველაფერი იგიშია“. მართალია, ნაწარმოებში ღმერთი არ არის ნახსენები, მაგრამ სულის ძიების გზაზე იგი ღმერთს მიაგნებს, სწვდება ერთიან და მთლიან სულს, მთელ სამყაროს რომ იტევს. შეუძლებელია არ გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას სიტყვები: „მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა“. თავისუფალ ადამიანს, ცხადია, აქვს მისწრაფებები, ყველა მიწიერი ვნება გამოსცადოს, ხორციელი ვნება, ძალაუფლებისკენ სწრაფვის სურვილი, მაგრამ „ძე ხორციელს“, ამავდროულად, უნდა შეეძლოს მიწიერ ვნებებზე ამაღლება. დამახინჯდა ნი, წამიერად იდევნება იგის სხეულდან, არც ბელადის არსებობა მოეწონა, ქვის ბელადის შექმნა და მისი მსხვრევა კაცობრიობის სურვილს გააცხადებს, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ტირანია. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ბელადისა და თავისუფალი ადამიანის წყვილი თანაარსებობს. რის გამო აუვიდა ბელადის სიტყვებს ცხელი ხიფათის სუნი? იმიტომ, რომ იგის სიტყვები ხმამაღლა გაისმა: „იგი ბელადია, ბელადი იგიშია“. ყველა დაბადების წინაპირობა გამბედაობაა. იგის თუ „დიდი დაძინების ხახისთვის“ გაწირავს ბელადი, არ შეაშინებს, რადგან სიკვდილი არ თრგუნავს, რადგან მისია შესრულებულია. „მას დავნატრი, ვინც ცხოვრების გზას სწორად ჰკვალავს“. იგიც აცნობიერებს, რომ კვალს ტოვებს და „იგისგან დარჩება ის, რაც იგიში იგი იყო“. რას ნიშნავს ეს სიტყვები, თუ არა განსხვავებულობას, წელში გამართულობას, ზეკაცობას, მაღალსულიერებას, მთელი სამყაროს მომცველობას. იგი პირველი თავისუფალი ადამიანია დედამიწაზე, რომელთანაც თანაარსებობს ტირანიაც. გზას, რომელსაც იგი გაივლის, „სხივოსანი ტომის“ დაბადების იდეა მოჰყვება. „სხივი“ ბიბლიური პარადიგმაა ქართულ ლიტერატურაში, ამ სხივს ხედავს ქარაფისთვის განწირული იგიც, ზვარაკად განწირული პირველი მსხვერპლივით, სიკვდილით სიკვდილი დათრგუნოს. პლატონის „გამოქვაბულის“ მე-7 დიალოგს თუ გავიხსენებთ, ალბათ, დავრწმუნდებით, რას ნიშნავს სიბნელეში დაბრმავებულთა ხვედრი, რამდენად საჭიროა თითო სოკრატე საზოგადოებაში ძიების დასაწყებად, რადგან „ნებაყოფლობით მგლოვიარეთ“ უკთესი ვერ წარმოუდგენიათ, რადგან განცდაც არ ჰქონიათ უკეთესის.