მარიანა ბეგლარაშვილი
სსიპ ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის №4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი
USAID-ის მიერ ლიდერი მასწავლებლებისათვის ორგანიზებული ერთ-ერთი ქოუჩინგი პოსტერებით სწავლების შესახებ იყო. სწავლების ეს მეთოდი ძალიან მომეწონა, რადგან მოსწავლეებში მრვალ უნარს ერთდროულად ავითარებს: აღწერის, თხრობის, დაკვირვების, ფანტაზიისა და სხვ.
ინტერნეტში მოვიძიე პოსტერები და ჩემი მოსწავლეების ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით შევარჩიე ზღაპარ „ლომი და კურდღლის“ სიუჟეტებად დაყოფილი ილუსტრაცია/პოსტერი.
მოსწავლეებს ვთხოვე, კარგად დაკვირვებოდნენ პოსტერის ეპიზოდებს. თითოეული ეპიზოდი დაესათაურებინათ და შემდეგ მთლიანი ამბისათვისაც მოეფიქრებინათ სათაური.
შემდეგი აქტივობა იყო კლასში მსჯელობა. მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვებს: რას ხედავთ ილუსტრაციაზე? (ჩამოთვალეთ); როგორ ფიქრობთ, რის შესახებ საუბრობენ პოსტერების გმირები? თქვენი აზრით, რა და რატომ მოხდა? დააკვირდით პოსტერზე გამოსახულ პერსონაჟებს, აღწერეთ, როგორ გამოიყურებიან და რას შეიძლება გრძნობდნენ/ფიქრობდნენ?
მოსწავლეებმა დეტალურად აღწერეს პოსტერზე გამოსახული გმირები და მათი მოქმედებები. ივარაუდეს პოსტერზე გამოსახული პერსონაჟების ქმედებების მიზეზები და შედეგები. ბოლოს გავაერთიანეთ კლასში გამოთქმული ვარაუდები და მივიღეთ ერთი მთლიანი ამბავი.
ეს აქტივობები მოსწავლეებისათვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა – ბავშვები აქტიურობდნენ და თამამად გამოთქვამდნენ თავიანთ აზრებს. როდესაც შევაჯამეთ ყველა მოსაზრება და პოსტერის მიხედვით შევადგინეთ ერთი მთლიანი ამბავი, მოსწავლეებს ვაყურებინე ზღაპარ „ლომის და კურდღლის“ ვიდეო-ანიმაცია და ვთხოვე, დაკვირვებოდნენ თუ დაემთხვეოდა ჩვენ მიერ შედგენილი ამბისა და ანიმაცის შინაარსი ერთმანეთს. მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ და უყურებდნენ ვიდეოს და ძალზე გაიხარეს, როდესაც მათ მიერ პოსტერის მიხედვით შედგენილი ამბისა და ანიმაციის შინაარსი იდენტური აღმოჩნდა.
ბოლოს წავიკითხეთ ზღაპარი „ლომი და კურდღელი“. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ პოსტერების მიხედვით შედგენილი ამბის, ანიმაციური ფილმისა და ზღაპრის შინაარსი იდენტური იყო.
პოსტერების გამოყენებამ მოსწავლეებში გაზარდა სწავლის მოტივაცია, გაკვეთილზე ჩართულობა, უბიძგა მათ ფიქრისაკენ – ისინი აქტიურობდნენ საგაკვეთილო პროცესში, გამოთქვამდნენ ვარაუდებს, ისმენდნენ ერთმანეთის მოსაზრებას, აკვირდებოდნენ ილუსტრაციას და ცდილობდნენ მსჯელობას, პოსტერების მონაკვეთების ლოგიკურად გადაბმას.
როგორც მშობლებმა აღნიშნეს, ბავშვებმა სიხარულით შეასრულეს საშინაო დავალებები, რომლებიც პოსტერთან მუშაობას მოითხოვდა.
პირადი დაკვირვებითაც შევამჩნიე, რომ პოსტერებით მუშაობა უფრო ეფექტიანია, ვიდრე მხოლოდ ტექსტით. ვფიქრობ, ხშირად გამოვიყენებ პოსტერებს, რომელთა მოძიება საკმაოდ მარტივია სტატიის ბოლოს მოცემული ლინკების გამოყენებით და არა მარტო. ამავდროულად, პოსტერებით სწავლება სწავლების დიფერენცირების შესაძლებლობასაც გვაძლევს, რადგან მოსწავლეებს შეგვიძლია სხვადასხვა სირთულის დავალება შევთავაზოთ.
ვიდეო: